ბერტრან რასელი – თავისუფალი აზროვნება და ეკონომიკური ზეწოლა

0
244

მე უკვე შევეხე აზრის თავისუფლბზე ეკონომიკური ზეწოლის რამდენიმე ასპექტს, ახლა ამ პრობლემას უფრო დაწვრილებით განვიხილავ, რადგან ადგილი აქვს მისი ზრდის სახიფათო ტენდენციებს და აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება მისი ნეიტრალიზაციისათვის.

აზრის თავისუფლების წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ყველაზე ნათელი მაგალითია საბჭოთა რუსეთი, სადაც, ნეპის პერიოდამდე ხელისუფლება გაუსაძლის მატერიალურ პირობებში ამყოფებდა იმ ადამიანებს, რომელთა შეხედულებებიც არ მოსწონდა, მაგალითად კროპოტკინს.

აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ, რუსეთი მხოლოდ ოდნავაა წინ წასული სხვა ქვეყნებთან შედარებით. საფრანგეთში, დრეიფუსის საქმესთან  დაკავშირებით, ნებისმიერი მასწავლებელი შეიძლებოდა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ, თუ ის იქნებოდა საქმის დასაწყისში დრეიფუსის მომხრე, ხოლო საქმის ბოლო პერიოდში მისი მოწინააღმდეგე.

ვეჭვობ, დღეს, ამერიკაში, უნივერსიტეტის პროფესორმა, თუნდაც გამოჩენილმა სწავლულმა, თანამდებობა შეინარჩუნოს, თუ ის გააკრიტიკებს სტანდარტ ოილ კომპანიას , რადგან ყველა კოლეჯის პრეზიდენტები იღებენ ან იმედი აქვთ ბატონი როკფელერისგან შესაწირის მიღებისა. ამერიკელი სოციალისტებისთვის, გამოჩენილი ადამიანებისთვის, საკმაოდ რთულია სამსახურის შოვნა, თუკი განსაკუთრებულად ნიჭიერები არ არიან.

ყველგან, სადაც ინდუსტრიალიზაცია კარგადაა განვითარებული, მონოპოლიები და ტრესტები აკონტროლებენ მთელ მრეწველობას, რაც შესაძლო დამსაქმებელთა რიცხვის შემცირებას იწვევს. ასე რომ უფრო და უფრო ადვილი ხდება საიდუმლო შავი სიების შედგენა, რომლებითაც უსამსახუროდ და მშიერს ტოვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ემორჩილებიან დიდ კორპორაციებს.

ამერიკაში მონოპოლიების ზრდა იწვევს არანაკლებ ბოროტებას, ვიდრე სახელმწიფო სოციალიზმი რუსეთში. თავისუფლების თვალსაზრისით, ადამიანისთვის მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინ არის მისი დამსაქმებელი კერძო ტრესტი, თუ სახელმწიფო. ინდუსტრიულად ყველაზე განვითარებულ ამერიკაში და აგრეთვე სხვა ქვეყნებში, რიგითი მოქალაქე იძულებულია დამალოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მაღალიჩინოსნების მიმართ, თუ არ უნდა, რომ უხელფასოდ დარჩეს და მისმა ოჯახმა იშიმშილოს.

ეს მაღალჩინოსნები მოითხოვენ, რომ ქვეშევრდომებმა გაიზიარონ მათი შეხედულებები რელიგიაზე, პოლიტიკაზე, მორალზე, თუნდაც გარეგნულად მაინც. ქრისტიანული სარწმუნოების საჯაროდ უარმყოფელი, ან ქორწინების შესახებ კანონის ლიბერალიზაციის მომხრე ან დიდი კორპორაციების ძალაუფლებათა მოწინააღმდეგე ადამიანი, თუ თუ მას არ აქვს ბედნიერება, რომ ცნობილი მწერალი იყოს, ამერიკაში თავს მყუდროდ ვერ იგრძნობს.

თავისუფალი აზრის ამგვარ შეზღუდვას ადგილი აქვს ყველა ქვეყანაში, სადაც ეკონომიკურმა ორგანიზაციამ მიაღწია პრაქტიკული მონოპოლიის დონეს. ამიტომ სწრაფად განვითარებად მსოფლიოში თავისუფლების უზრუნველყოფა უფრო რთული საქმეა, ვიდრე ეს XIX საუკუნეში იყო, როდესაც თავისუფალი კონკურენცია რეალობას წარმოადგენდა.

მან, ვისაც თავისუფლად აზროვნება მნიშვნელოვნად მიაჩნია, უნდა მიიღოს ეს სიტუაცია მთლიანად, აცნობიერებდეს, რომ იმ მეთოდებმა, რომლებიც კარგად მოქმედებნენ კაპიტალიზმის ჩასახვის დროს, დღეს ამოწურეს თავისი თავი.

არსებობს ორი მარტივი პრინციპი, რომელთა მიღების შემთხვევაში, პრაქტიკულად, გადაწყდებოდა ყველა სოციალური პრობლემა. პირველი არის ის, რომ განათლების სისტემა უნდა ასწავლიდეს ადამიანებს მიიღონ რაიმე მტკიცებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მისი ჭეშმარიტების წარმომჩენელი გარკვეული საფუძველი. მეორე პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სამუშაო უნდა მიეცეს ადამიანებს იმის მიხედვით, შეძლებს თუ არა ის მის შესრულებას.

ჯერ განვიხილოთ მეორე პუნქტი. რაიმე თანამდებობაზე დანიშვნამდე ადამიანის არა პროფესიონალიზმის, არამედ მისი რელიგიური, მორალური და პოლიტიკური შეხედულებების გათვალიწინება, წარმოადგენს თანამედროვე ფორმის დევნას, რომელიც ისეთივე ეფექტურია, როგორც თავის დროზე ინკვიზიცია იყო. ძველი თავისუფლებები შეიძლება დაკანონდეს, მაგრამ პრაქტიკულად ეს არაფერს ნიშნავს. თუკი რეალურად ადამიანს აიძულებენ იშიმშილოს თავისი შეხედულებების გამო, მისთვის დიდი ნუგეში არ იქნება იმის ცოდნა, რომ კანონის მიხედვით ამგვარი შეხედულებების ქონა არ ისჯება.

არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი განწყობა მოშიმშილე ადამიანებს წინააღმდეგ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ანგლიკანურ ეკლესიას ან გააჩნიათ საკმაოდ განსხვავებული შეხედულებანი პოლიტიკაზე. ათეისტებს, მორმონებს, რადიკალურ კომუნისტებსა და თავისუფალი სიყვარულის მომხრეებს მიაკუთვნებენ უზნეო ადამიანთა რიცხვს და მათთვის სამსახურის მიცემაზე უარის თქმა, სრულიად ბუნებრივად ითვლება. ადამიანები თითქმის ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ინდუსტრიულად მაღალგანვითარებულ სახელმწიფოში იგივეა, რაც დევნის ყველაზე მკაცრი ფორმა.

თუკი ასეთი საშიშროება საკმარისად იქნება გაცნობიერებული, შესაძლებელი გახდება საზოგადოებრივი აზრის გაღვიძება და იმის მიღწევა, რომ სამსახურში მიღების კრიტერიუმი გახდეს ადამიანის პროფესიონალიზმი და არა მისი რელიგიურ-პოლიტიკური შეხედულებები.

სასიცოცხლო მნიშვნელობისაა უმცირესობათა დაცვა, რადგანაც ყველაზე ორთოდოქსულნიც კი, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ უმრავლესობის ტირანიის შეზღუდვით. მხოლოდ საზოგადოებრივმა აზრმა შეიძლება გადაჭრას ეს პრობლემა. სოციალიზმმა გარკვეულწილად გაამწვავა ის, რადგან მან უკიდურესად შეზღუდა ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა კეძო სექტორი. ბრძოლა უნდა წარმოებდეს ისევე, როგორც მიმდინარეობდა რელიგიური შემწყნარებლობისათვის. ორივე შემთხვევაში, სარწმუნოების პოლიტიკური გავლენის შესუსტება წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს.

როდესაც ადამიანებს სჯეროდათ კათოლიციზმის ან პროტესტანტიზმის აბსოლუტური ჭეშმარიტების, მაშინ ისინი თანახმა იყვნენ დევნა განეცადათ მათთვის. აქ იგულისხმება ის, რომ როდესაც ადამიანები აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან რომელიმე ჭეშმარიტებაში, მაგალითად რელიგიურში, თუნდაც მცირე ეჭვის შეტანაც კი მასში, აიძულებს მათ თვითონ ჩათვალონ თავისი თავი მწვალებლებად და უაზრო თვითგვემას მიეცნენ. როდესაც ადამიანებს, პრაქტიკულად, ეჭვი არ ეპარება თავიანთ თანამედროვე შეხედულებებში, სწორედ ამ შეხედულებების სახელით იქნებიან ისინი დევნილნი. ასე, რომ ეჭვის გარკვეული ელემენტი აუცილებელია შემწყნარებლობის პრაქტიკისთვის, მაგრამ არა თეორიისთვის.

მივადექით შემდეგ პუნქტს, რომელიც ეხება განათლების მიზნებს. თუკი მსოფლიოში იარსებებდა შემწყნარებლობა, მაშინ სკოლებში ასწავლიდნენ ფაქტების ანალიზს და იმას, რომ დასაბუთების გარეშე არც ერთი მტკიცება არ უნდა იქნეს მიჩნეული ჭეშმარიტებად.

მაგალითად, აუცილებელია გაზეთების კითხვის ხელოვნების სწავლება. სკოლის მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ზოგიერთი შემთხვევა, რომელიც მრავალი წლის წინ მოხდა და თავის დროზე დიდი პოლიტიკური მღელვარება გამოიწვია. შემდეგ მან უნდა აჩვენოს მოსწავლეებს, როგორ სხვასასხვაგვარად და ურთიერთ გამომრიცხადად აშუქებდნენ გაზეთები მოცემულ მოვლენას, შემდეგ კი მიაწოდოს ისტორიულად ობიექტური ინფორმაცია. მან უნდა ასწავლოს როგორ უნდა მიხვდეს გამოცდილი მკითხველი დაპირისპირებული მხარეების ტენდენციური შეფასებებიდან, თუ რა მოხდა სინამდვილეში და აგრთვე ისიც, რომ რაც გაზეთებში იწერება, მეტნაკლებად ტყუილია. ცინიკური სკეპტიციზმი, რომელიც ასეთი განათლების შედეგი გახდებოდა, მთელი ცხოვრების მანძილზე დაიცავდა ბავშვებს იმ იდეალისტური  მოწოდებებისაგან, რომლებითაც არამზადები და ნაძირლები თავის მხარეზე გადაიბირებენ წესიერ ადამიანებს.

ისტორიაც ასეთნაირად უნდა ისწავლებოდეს. მაგალითად ისტორია, რომელიც ასახავს ნაპოლეონის 1813-14 წლების საომარ ქმედებებს შეიძლება ისწავლებოდეს გაზეთ მონიტორის  (Moniteur) მიხედვით. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რაოდენ გასაკვირი იქნებოდა პარიზელებისთვის, როდესაც დაინახეს, თუ როგორ შემოდიოდნენ მოწინააღმდეგეთა ჯარები პარიზში მას შემდეგ, რაც (ოფიციალური ბიულეტენების თანახმად) ნაპოლეონი ყოველ ბრძოლაში ამარცხებდა მტერს.

უფრო მაღალ კლასებში მოსწავლეებს უნდა შესთავაზონ ტროცკის მიერ ლენინზე განხორციელებული თავდასხმების რაოდენობის დათვლა იმისთვის, რომ სიკვდილის აღარ ეშინოდეთ. ბოლოს, ისინი უნდა გაეცნონ ისტორიას, რომელიც მოწონებულია ხელისუფლების მიერ და ვთხოვოთ მათ დასკვნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რას ამბობს ფრანგული სასკოლო ისტორია საფრანგეთთან ჩვენი ომების შესახებ. ჯანსაღ მოქალაქედ აღზრდა სწორედ ასეა შესაძლებელი და არა გაცვეთილი მორალური ლოზუნგების ფრქვევით, რომლის საშუალებითაც, ზოგიერთის აზრით ხდება სამოქალაქო საზოგადოების შენება.

ვფიქრობ, აუცილებელია იმის აღიარება, რომ ქვეყანაზე უბედურებები ხდება არა მარტო ამორალურობის, არამედ უგუნურების გამოც. თუმცა დღემდე კაცობრიობამ ვერ შეიმუშავა რაიმე მეთოდი ამორალურობის აღმოსაფხვრელად; სხვადასხვა ქადაგებები და მოწოდებები უკვე არსებულ უზნეობათა რიცხვს ფარისევლობასაც უმატებენ. პირიქით, გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადვილად შეიძლება იმ მეთოდებით, რომლებიც ცნობილია ნებისმიერი კარგი პედაგოგისათვის.

შესაბამისად, სანამ აღმოჩენილი არ იქნება ზნეობრიობის გაუმჯობესების ქმედითი საშუალებები, იძულებულნი ვართ, პროგრესი უფრო მეტად ვეძიოთ გონებრივ შესაძლებლობათა სრულყოფაში, ვიდრე მორალში.

ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა გულუბრყვილობა, ის კი შეიძლება მნიშვნელოვანწილად შემცირდეს სიცრუის გავრცელების შეზღუდვით. გულუბრყვილობა დღეს უფრო მეტ ბორტებას წარმოადგენს, ვიდრე წინათ, რადგან ერუდიციის დონის ამაღლების გამო უფრო ადვილი გახდა მთავრობის ხელში მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშულებებით სიცრუის გავრცელება. აქედან გამომდინარე, გაზეთების ტირაჟიც იზრდება.

შეკითხვაზე, თუ როგორ დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ მიიღოს ორი პრინციპი, კერძოდ:

ა) სამსახურში ადამიანებს უნდა იღებდნენ, მხოლოდ მათი პროფესიონალური უნარების გათვალიწინებით;

ბ) განათლების მიზანია განკურნოს ადამიანები იმ ჩვევისაგან, რომ უსაფუძვლი მტკიცებები ჩათვალონ ჭეშმარიტებად.

ვუპასუხებდი, რომ ეს შეუძლია მხოლოდ ჯანსაღ საზოგადოებრივ აზრს. ასეთი საზოგადოებრივი აზრი კი შეიქმნება, მხოლოდ მათი ძალისხმევით, ვისაც სურს მისი არსებობა. არ მჯერა, რომ ეკონომიკური ცვლილებები, რომლის შესახებ საუბრობენ სოციალისტები, გვაახლოებენ იმ ზემოაღნიშნულ ნაკლთა აღმოფხვრასთან, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, როგორც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური წყობილება, ეკონომიკური განვითარების მიმართულება უფრო გაართულებს აზრის თავისუფლების შენარჩუნებას, თუკი საზოგადოებრივი აზრი არ მოითხოვს იმას, რომ ხელმძღვანელობა უნდა აკონტროლებდეს თანამშრომლის მარტოოდენ მუშაობის ხარისხს და არა მის მსოფლმხედველობას.

განათლების სისტემაში თავისუფლების შენარჩუნება ადვილია, თუ შეიზღუდება სახელმწიფოს ფუნქციები მასწავლებლების კონტროლისა და დაფინანსების სფეროებში და აგრეთვე სასწავლო დაწესებულების ინსპექტირება მოხდება მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, როგორც ისტორია გვიჩვენებს, განათლების სისტემა შეიძლება ეკლესიის ხელში გადავიდეს რამდენადაც, სამწუხაროდ, ის უფრო მეტად ზრუნავს თავისი სარწმუნოების საფუძვლების სწავლებაზე, ვიდრე თავისუფლად მოაზროვნეები თავისი ეჭვების სწავლებაზე.

ყოველ შემთხვევაში ეს უზრუნველყოფდა განათლების სისტემაში თავისუფალი სივრცის არსებობას, სადაც, შესაძლებელი იქნებიდა ლიბერალური განათლების ორგანიზება, თუკი ამის სურვილი ნამდვილად არსებობს.

მთელი ჩემი მოხსენების განმავლობაში მოვუწოდებდი, მეცნიერული მიდგომის გავრცელებისაკენ, რომელიც სრულიად განსხვავდება მეცნიერული შედეგების ცოდნისგან. მეცნიერულ მიდგომას შეუძლია გარდაქმნას კაცობრიობა და უზრუნველყოს მთელი ჩვენი პრობლემების გადაჭრა.

მეცნიერული შედეგებს კი სხვადასხვა მექანიზმით, მაგალითად მომწამლავი გაზითა და ყვითელი პრესით, შეუძლიათ მიგვიყვანონ ჩვენი ცივილიზაციის დაღუპვამდე. კურიოზული ანტითეზაა, რომელსაც ალბათ უცხოპლანეტელები ირონიული მიუკერძოებლობით დააკვირდებიან. ჩვენთვის კი ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული იცხოვრებენ ჩვენი შთამომავლები უფრო ბედნიერ მსოფლიოში თუ ერთმანეთს გაანადგურებენ მეცნიერული მეთოდების გამოყენებით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი