მერაბ მამარდაშვილი – შინაგანი აზრი, შინაგანი ლოგიკა

0
495

ბოლოს დავადგინეთ, რომ თითოეულ მოვლენას, ყოველ რაიმეს გარკვეული აზრი უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის „ცარიელი ბგერაა“ – არ აღიქმება.

ახლა, მართალია, უფრო რთულად გამოვთქვამ საკუთარ აზრს, მაგრამ უფრო ეფექტურად, ამიტომაც უფრო გასაგები იქნება. წარმოიდგინეთ, რომ განვიხილავთ ორ სივრცეს: სივრცე 1-ს და სივრცე 2-ს.

სივრცე 1 – ეს ის სივრცეა, რომელშიც შესაძლებელია ადამიანური მოვლენების არსებობა. სივრცე 2 – ის სივრცეა, რომელშიც ადამიანური მოვლენების არსებობა შეუძლებელია და არც ხდება.

მეორე სივრცეს ვუწოდოთ განურჩეველი.

ვთქვათ, სენ-ლუ თეატრში (ადგილი, სადაც ის პირველად ნახავს რახილს) უყურებს რახილს. რახილი – ფიზიკური მოვლენაა, ანუ ადამიანური არსებაა, რომელსაც გარკვეული ფიზიკური თვისებები აქვს და ამ თვისებების დანახვა შესაძლებელია. მაგრამ სენლუს მზერა მიპყრობილია არა ფიზიკურ საგანზე, არამედ სახეზე, რომელიც სავსეა ამაღლებული ოცნებების ანარეკლით. ოცნებებით მშვენიერზე, რომელსაც ვუკავშირებთ თეატრს და ა.შ.

მაშასადამე, ეს არის სივრცე, სადაც შესაძლებელია მოვლენა, მოცემულ შემთხვევაში – სენ-ლუს აღელვება: იგი რახილის მიმართ გულგრილი არ არის. მაგრამ „გულგრილი არ არის“, „ცარიელი ბგერა არ არის“ – იმიტომ, რომ მან ის თეატრის სივრცეში დაინახა. და ამ სივრცეში მოხდა სენ-ლუს ემოციური ცხოვრების მოვლენა.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ტერმინ „მოვლენას“ შემთხვევით არ ვიყენებ. ყველაფერი, რასაც განვიცდით, მოვლენებია; ისინი მიბმულია თავიანთ პატარა ძაფებზე, რომელთა მიხედვითაც ისინი ხდება ან არ ხდება. ჩვენი ღელვაც ხომ მოვლენათა კანონზომიერებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ხომ ყოველთვის არ ვღელავთ და, მართლაც, აღელვება ადამიანისთვის ხომ საკმაოდ დიდი ფასეულობაა?! ხშირად ვითარებებში, როცა ფორმალური ან საგნობრივი კრიტერიუმების მიხედვით უნდა გვეღელვა, ქვასავით ცივები ვართ. გულგრილები ვართ. ამის მიღმა რაღაც კანონზომიერებაა. ამის უბრალო უგულებელყოფა შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ მასზეა დამოკიდებული.

ისევ გთავაზობთ პრუსტისეულ ტელესკოპს. უმნიშვნელოს მიღმა შეიძლება დავინახოთ ის, რაც უფრო უმნიშვნელოა, ვიდრე ის, თუ როგორ, განვიცდით, როცა განვიცდით და ა.შ., ხოლო იმ ფაქტის მიღმა, რომ გრძნობამორეული არ ვარ, შეიძლება, ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი კანონზომიერება დავინახოთ.

ვუბრუნდები იმას, რაც ვთქვი: სენ-ლუ – მოვლენათა სივრცეშია, პრუსტი კი – მოვლენათა სივრცეში არ არის. ანუ მოცემულ შემთხვევაში, მარსელია რომანის გმირი (მთავარია არა მწერალი, არამედ რომანის გმირი, რომელიც ნაწილობრივ მწერალსაც ემთხვევა, ახლა ეს არ არის არსებითი, ვუწოდოთ მას მარსელი; მას, ფაქტობრივად, სახელიც კი არ აქვს რომანში.) პრუსტისთვის ის ხედავს რახილს – არავითარი მოვლენა არ ხდება. და თუკი ხდება რამე მოვლენა, სულ სხვაგვარი ტიპისაა, რაც უკავშირდება იმას, რომ ის იწყებს ფიქრს, თუ რატომ ღელავს სენ-ლუ და ამ მოვლენიდან გამომდინარე ხედავს რახილს. მაგრამ თვითონ ის რახილის მიმართ გულგრილია იმ სივრცეში, რომელსაც განურჩეველი ვუწოდეთ. ანუ რახილს მასში მნიშვნელობა აქვს, როგორც პრუსტი ამბობს, მხოლოდ „საერთო მნიშვნელობების“ გაგებით.

ამ განურჩეველ სივრცეში ის ხომ აბსოლუტურად განურჩეველი არ არის, ის განურჩეველია მხოლოდ ჩვენი პრობლემის თვალსაზრისით – ჩვენ ყველას გვაქვს საერთო მნიშვნელობები. არსებობს სახის გამომეტყველება (ზოგადადამიანურ ცხოვრებაში), თვალების მიმიკა, სილამაზე ან სიმახინჯე – რაღაც, ასე ვთქვათ, რასაც აქვს აზრი, ოღონდ ზოგადი აქტების გაგებით. სილამაზე შეიძლება ჰქონდეს A-საც B-საც და C-საც.

სახის ესა თუ ის გამომეტყველება შეიძლება ჰქონდეს ერთ ადამიანსაც, მესამესაც, მეოთხესაც და მემილიონესაც – ყველაფერს, რასაც აქვს მნიშვნელობა ზოგადი აქტების გაგებით, რომლებიც მოცემულია სიტყვებით, ანუ აღწერის სახით. წინ რომ გავუსწრო, მცირე მინიშნებას მოგცემთ, რომლის ახსნაც ახლა არ შემიძლია.

ყველა ეს მოვლენა განურჩეველია, ვინაიდან ისინი არაინდივიდუალიზებულია. მათ მნიშვნელობა აქვს ზოგადი კანონზომიერების ან ზოგადი აქტების გაგებით. მათ მიღმა ინდივიდები არ დგანან. სენ-ლუს-თვის კი რახილი უნიკალურია. მისი სახე გარკვეული ზოგადი მოვლენების მატარებელი კი არ არის, მნიშვნელობის მქონე, ზოგადი აქტების გაგებით, არამედ გარკვეული სრულიად უნიკალური აქტების მატარებელია, რომლებსაც, სხვათა შორის, სიტყვა „შარმს“ ვუწოდებთ.

შარმი არის ისეთი რამ, რაც მხოლოდ ინდივიდისთვისაა დამახასიათებელი და მისი გამოხატვა შეუძლებელია. ის, რისი გადმოცემაც ზოგადი სიტყვების ან ზოგადი მნიშვნელობების შეხამებით შეუძლებელია. როგორც არ უნდა აღწეროთ, აღწერა ყოველთვის ზოგადი სიტყვებით ხდება და ვერასდროს შეძლებთ შარმის გადმოცემას. შარმი უნდა იგრძნო. მაშასადამე, დავადგინეთ, რომ არის რაღაც, რასაც მნიშვნელობა არ გააჩნია თავისთავად და შემდეგი გაგებით: „ზოგადი მნიშვნელობა“ არ არსებობს მოვლენების სივრცეში. ეს ისევეა, როგორც – ამ მეტაფორას პრუსტიც მოიხმობს – „ცარიელი სახე“ კუბისტურ ფერწერაში.

შემთხვევითი ხომ არ არის, რომ კუბისტურ ფერწერაში უცბად ჩნდება მყარი ხატი, რომელიც მე-20 საუკუნის ძალიან ბევრ ნაწარმოებს გასდევს, ადამიანის სახის ოვალი, რომელსაც არავითარი ნაკვთები არ ავსებს. დავუშვათ, მარსელ პრუსტისთვის რახილი კუბისტური ოვალია, რომელსაც არავითარი ნაკვთები არ ავსებს. ეს, რასაკვირველია, უკვე აბსტრაქციაა. თუკი ქალის სახის ყურებისას მარსელი მხოლოდ ზოგად მნიშვნელობებს ხედავს, მაშინ ის ვერ ხედავს სახეს.

კუბიზმისთვის სახე არ არის ზოგადი მნიშვნელობა. მგონი, რთულად გამოვთქვი. ვიმეორებ ამ აზრს: მხატვარს სურს გვითხრას, რომ, თუკი ვხედავთ სახეს სიტყვის ზოგადი მნიშვნელობით (მართალია, ყველა ცხვირი განსხვავდება, მაგრამ ისინი ხომ მაინც ცხვირებია და ყველა თვალი – თვალია), ეს იმას ნიშნავს, რომ ვერაფერს ვხედავთ. თუკი ამას ვხედავთ, ესე იგი ვერ ვხედავთ სახეს. ანუ ფერწერა არის იმ რაღაცის ნიშანი, რომელსაც ვერ ვხედავთ…

მაშასადამე, მე ვახსენე: მოვლენის სივრცე და გულგრილი სივრცე. ერთშია სენ-ლუ, მეორეში – მარსელი. ამ სივრცეთა შეხების წერტილშია რახილის სახე. ის სენ-ლუს სივრცეს ავსებს, მაგრამ (სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ბოლოს), რომ ჩვენც და სენ-ლუსაც, ანუ იმას, ვინც არაგულგრილობის სივრცეშია, უნდა აინტერესებდეს, რა ხდება სინამდვილეში. იმიტომ, რომ სენ-ლუს ბედი უხილავი გზებით და ძაფებით წამოედება სინამდვილის მექანიზმის ბორბალს და არა საკუთარი წარმოდგენების მექანიზმის ბორბალს. სინამდვილეს ხომ ის შედეგები მოყვება, რომ რახილი სწორედ ასეთია. არა ისეთი, როგორსაც სენ-ლუ ხედავს.

უკვე აღვნიშნე: დასადგენია, რა ხდება სინამდვილეში. საქმე ისაა, რომ აზრის გამოტანას, იმის დადგენას, რაც სინამდვილეშია, შევძლებთ, თუკი ამისთვის ავაგებთ ტექსტს. ლიტერატურა კი, როგორც ტექსტის კერძო შემთხვევა, ჩვენი ცხოვრების ნაწილია; იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის სინამდვილეში, ამისთვის რამე უნდა გავაკეთოთ. მოცემულ შემთხვევაში: უნდა ავაგოთ ტექსტი, რომელიც შობს ჭეშმარიტებას. რას ნიშნავს ჭეშმარიტების შობა? მივანიჭოთ მნიშვნელობა ინფორმაციის ან მოვლენის განცალკევებულ ნაწილებს.

ვთქვათ, სენ-ლუს არ შეუძლია რახილის შესახებ სიმართლის გაგება, იმიტომ, რომ მას არ ძალუძს რახილის მარსელის თვალით ყურება. ან სხვაგვარად ვთქვათ: ამის გაკეთება არ შეუძლია, ანუ არ ძალუძს გაგება, ვინაიდან სივრცის ამ წერტილშია და არა სხვაში. უბედურება ისაა, რომ – ამიტომ ვსაუბრობთ ტექსტზე, რომელიც ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს, – ეს სივრცე გაყოფილია.

შეუძლებელია, ერთმანეთს დაემთხვეს წერტილი, რომლიდანაც მარსელი იყურება და წერტილი, რომლიდანაც ვიყურები მე, თუკი მე – სენ-ლუ ვარ. ისინი გამიჯნულია. აი, აქ თავმოყრილია იმის საგნობრივი ხედვები, რასაც ყველა ხედავს, ვინაიდან სენ-ლუ ხომ იმავე ნაკვთებს ჭვრეტს (ამ სიტყვის ფიზიკური გაგებით), რომელსაც მარსელი, უბრალოდ, მისთვის შინაარსი სხვაა, მარსელისთვის კი – სხვა. საქმე ისაა, რომ ისინი გამიჯნულია და მათი გაერთიანება შეუძლებელია. ტექსტი კი არის ის, რაც მათ აერთიანებს, – სინამდვილეში ლიტერატურული ტექსტის დაწერა ცხოვრებისგან გამიჯნული საქმიანობა არ არის;

ნაბოკოვის მაგალითზე მოგახსენეთ: თავისთავად გარკვეული პირობითი, წარმოსახვითი კონსტრუქციის აგება პირველად ანიჭებს ლოგიკას იმას, რასაც დანაწევრებულად ხედავდით საკუთარ ცხოვრებაში და ამ ლოგიკით შეიტყობთ, რომ სინამდვილეში თქვენი მეგობარი თქვენი ცოლის საყვარელია. ეს ფაქტი იმის კერძო მაგალითის სახით მოვიხმე, რაც განაპირობა ტექსტის დაწერამ. ან ასეთი კონსტრუქცია – შეიძლება, ტექსტი არ დაწეროთ, შეიძლება, თავში გქონდეთ. მაგრამ ტექსტის ხსენებისას, ამ შემთხვევაში ლიტერატურული ტექსტის ხსენებისას, მხედველობაში მქონდა გარკვეული მოვლენა, ხდომილება, რომელიც იმისთვის იგება, რომ რაღაცამ პირველად მიიღოს გააზრებული სახე. რომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდეს.

ვთქვათ, ჩემი ცოლის სახის რაღაც გამომეტყველება დავინახე, დავინახე ან უფრო სწორად გავიგონე ჩემი მეგობრის ხმაში გარკვეული ინტონაცია, ან მათ ერთად შევხვდი ქუჩაში – შემეძლო ეს ყველაფერი სრულიად სხვადასხვა მიზეზისთვის მიმეწერა, რასაც სინამდვილესთან არავითარი საერთო არ ექნებოდა. ისევე, როგორც ოიდიპოსი თავის საქციელს, რაც მამამისის მკვლელობაში გამოიხატა, შემთხვევით გადაყრილი მგზავრის ცუდ ხასიათს მიაწერს. გარკვეული შეურაცხმყოფელი (ან ოიდიპოსის წარმოსახვაში შეურაცხმყოფელი) სიტყვები, რომელიც მამამისმა თქვა, – გარკვეული მოვლენებია.

არსებობს რაღაც სხვა მოვლენებიც, ისინი განცალკევებულია, მხოლოდ გარკვეული შინაგანი კავშირი გააჩნიათ, რაც სწორედაც რომ არ ვიცი. ამიტომაც პრუსტი ძალიან ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ზოგიერთები წარმოიდგენენ, წარმოისახავენ ისეთ ფსიქოლოგიას (ან ისეთ ლიტერატურას; ამ შემთხვევაში ეს საგნები ურთიერთჩანაცვლებადია), რომელიც ემოციის ლოგიკის შესახებ ერთგვარი „მეცნიერება“ იქნებოდა, ან ემოციური ლოგიკა, სენტიმენტების ლოგიკა.

ამ შემთხვევაში „ლოგიკა“ – არა სილოგიზმების და დასკვნის გამოტანის წესების გაგებით, რასაც, ჩვეულებისამებრ, უწოდებენ ლოგიკას, არამედ იმ გაგებით, რომ ცალკეულ ნაწილს აზრი გააჩნია და არ იფანტება. აი, ამ ნაწილებს შეგვიძლია ვუწოდოთ შეკრება. „შეკრებას“ შემთხვევით არ ვუწოდებ, ვინაიდან ეს სიტყვა ბერძნული „ლოგოსის“ რუსული ეკვივალენტია. ყველაფერს, რაც საქმესთანაა დაკავშირებული, აქვს ლოგოსი, რომელიც, როგორც ძველი ბერძნები (ამ შემთხვევაში, ჰერაკლიტე) ამბობდნენ, შეგვიძლია გავიგონოთ ან არ გავიგონოთ.

აი, ვთქვათ, გვესმის 2 და 2, მაგრამ არ გამოგვყავს 4; გეუბნებოდით, რომ ადამიანის ძირითადი მდგომარეობა არის ის, როცა ის უკვე არსებულ ჭეშმარიტებას ეხება, მათ შორის თვით საკუთარი თავის შესახებ, მაგრამ ვერ ხედავს მას. ანუ ის ხედავს 2-ს და 2-ს, ხოლო ადამიანურ შესაძლებლობებს მიღმაა ოპერაცია 2X2=4-ს. არ ხორციელდება ეს ოპერაცია. ამ ოპერაციის შესასრულებლად საჭიროა გარკვეული ორგანო.

ასე რომ, როცა ვამბობ „ტექსტი“, ფაქტობრივად, ვგულისხმობ არა ლიტერატურულ ტექსტს, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, არამედ ორგანოს, ანუ რაღაცას, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვხედავთ. ბუნებრივია, ორგანო იმით გამოირჩევა, რომ ის ბუნებრივად, ჩვენი ძალისხმევის გარეშე, ხედავს იმას, რასაც ხედავს.

ორგანო ბუნებრივად ქმნის მას, რისი ორგანოც არის. ვთქვათ, თვალი ქმნის მხედველობას – და აი, წარმოიდგინეთ ისეთი აზრები ან მდგომარეობები, რომლებსაც წარმოქმნიან ტექსტები, როგორც ორგანოები. რაღაც, რომლის საშუალებითაც ვხედავთ. ვთქვათ, სეზანის ვაშლები. თუკი კარგად დავფიქრდებით, ხომ ცხადია, რომ სეზანის ფერწერა სულაც არ ასახავს ვაშლებს. თუკი ვხედავთ იმას, რაც დახატა სეზანმა, ეს ნიშნავს, რომ ვხედავთ ამ ვაშლების საშუალებით. ანუ ისინი ჩვენს ორგანოებად იქცევა, რომელთა საშუალებითაც ვხედავთ იმას, რასაც საკუთარი თვალით ვერ ვხედავთ. იქ ვაშლები კი არ არის გამოსახული, არამედ აგებულია კონსტრუქცია, რომლის საშუალებითაც ვხედავთ ისეთ რამეს, რასაც ხეზე ჩამოკიდებული ვაშლების ყურებისას საერთოდ ვერ ვხედავთ.

მაშასადამე, როცა ვამბობ „ტექსტი“, მის გამოსახულებით მხარეს კი არ ვგულისხმობ, არამედ – სხვას. და, მოდით, ახლა გავარკვიოთ ეს სხვა მხარე.

ჩვენ ვამბობთ: ტექსტი არის ის, რასაც ვკითხულობთ. მე კი სხვა რამეს გთავაზობთ. ტექსტი არის ისეთი რამ, რისი საშუალებითაც რაღაც სხვას ვკითხულობთ. ტექსტი არის ისეთი რამ, რომლის საშუალებითაც მოვლენას ვკითხულობთ. სეზანის „ვაშლები“ არის ვაშლები, რომელთა საშუალებითაც ვხედავთ იმას, რასაც ამ კონსტრუქციის გარეშე ვერ დავინახავდით. მოცემულ შემთხვევაში რომანის კონსტრუქცია საშუალებას მაძლევს დავინახო (როგორც ნაბოკოვის შემთხვევაში), რომ ყველა მოვლენას აქვს ლოგიკა.

თუკი დავუშვებ, რომ ჩემი მეგობარი ჩემი ცოლის საყვარელია ყველაფერი საკუთარ ადგილას დადგება. მორჩა – გავიგონე ლოგოსი, ანუ ის, რასაც ამბობს შეკრება. „ორი“ და „ორი“ ამბობს, „ოთხიო“. ხომ ვამბობდი, რომ შეიძლება ვერც გავიგონოთ ეს. იმ მარტივ მიზეზს, რაც მაიძულებს ვთქვა „ოთხი“, დავარქვათ შინაგანი აზრი, შინაგანი ლოგიკა, – ასე ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

აი, მაგალითად, რაღაც, რაც მაიძულებს, რომ ვთქვა: ეს მართლაც ასეა, – არის ლოგოსი, რომელიც მე გავიგონე. მაგრამ ლოგოსის მატერიალურ ნაწილში არაფერია ისეთი, რაც თავისთავად გვეტყოდა, რომ „ორი“ და „ორი“, თითოეული მათგანი ცალ-ცალკეა, – რომ მათი ჯამი არის „ოთხი“.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი