თავისუფლება

0
388

თავისუფლება ადამიანის სულს სჭირდება; თუმცა, არა მხოლოდ სული, სხეულიც, თავისუფლებას ითხოვს. 

რას ვგულისხმობთ თავისუფლებაში? 

როცა რესტორანს გვერდით ჩავუვლით და ძვირფასი საკვების არომატს შევიგრძნობთ, მაშინ, ჩვენს კუთვნილ პურის ნაჭერს შეურაცხყოფად აღვიქვამთ, და თავისუფლების დაუოკებელი სურვილი გვიჩნდება. 

რისგან გვინდა განთავისუფლება? 

იმ უხარისხო, იაფფასიანი პურის ნაჭრისგან?

მაშ გადააგდე პურის ნაჭერი და გახდი თავისუფალი. 

როცა მათი სასახლეების შემხედვარეს ჩვენი უსინათლო, გაყინული, არაკომფორტული, უბადრუკი, ბინა გვახსენდება, როცა მათ ძვირფას ტანსაცმელს ჩვენსას ვადარებთ, შენიღბული სისასტიკე გვეუფლება. 

მაშ რად არ ვთავისუფლდებით მისგან? რად არ მოვისვრით ტანსაცმელსაც, პურის ნაჭერივით? მაგრამ, თუ მოვისვრით, მივხვდებით, რომ თურმე ამ ნივთებისგან გათავისუფლება კი არა, ფეშენებელურ რესტორანში, ნახევრადგადაწოლილ მდგომარეობაში, უზრუნველად განცხრომას ვესწრაფით; და ეს სურვილი ისე ძლიერია, რომ გვიჩდება “ბუნებრივი მოთხოვნა” – სახელმწიფომ, საზოგადოებამ, ხალხმა, კეთილი ინებოს, და ეს ყველაფერი, ჩემს საკუთრებად აქციოს, აბა სხვანაირად როგორ?

საზოგადოების ფილანტროპიის უკვე არავის სჯერა, რადგან ადამიანი ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ყველა ასე ფიქრობს და ამგვარ თავისუფლებას ელოდება; თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენ თავისუფლება კი არ გვინდა, არამედ გვინდა ყოველივე სიკეთეს თავისუფლად ვფლობდეთ; რადგან მხოლოდ თავისუფლება ჩვენ არაფერს გვაძლევს. ფაქტიურად, ჩვენ გვინდა “სიკეთის” ერთპიროვნული მფლობელნი, მესაკუთრენი, ვიყოთ. ჩვენთვის თავისუფლება შინაარსს მოკლებულია, ალბათ, არც ვიცით, რა თავში ვიხალოთ უშინაარსო თავისუფლება, როგორ გამოვიყენოთ ის.

ცხადია, ვიღაც ახერხებს ამ “თავისუფლების” მოპოვებას. გამოდის, რომ თავისუფლების გამოყენება დამოკიდებულია “მეს” განსაკუთრებულობაზე.

ვიყოთ თავისუფალი – ვისგან ან რისგან? 

რა თქმა უნდა, ბევრია ისეთი რამ, რაც საჭიროა გადავაგდოთ, ჩამოვიბერტყოთ, თუნდაც მონური ლოდინი, ალოგიკურობა, სიზარმაცე და ა.შ. და თუ ამ ჩამობერტყვას დავიწყებთ, მივხვდებით, რომ ჩვენს გარშემო ძალადობის ღრუბლები უფრო იქუფრება. ჩამოვიბერტყოთ შიში და მოვიპაროთ, ან შევიძინოთ “მაკაროვის” სისტემის იარაღი. ახლა რა ვქნა? გავიდე ქუჩაში? მაგრამ, ვაი თუ, “იმას” “უზის” სისტემის ავტომატური იარაღი აღმოაჩნდეს. . . და ეს იქნება შენი პირველი აღმოჩენა, თუ მიხვდები, რომ რაც უფრო მეტ ფოლადს ჩაიდებ ჯიბეში, ან ჩამოიკიდებ, მით უფრო დაუცველად და უსუსურ სამიზნედ იგრძნობ თავს. 

არა, ეს არ არის თავისუფლება. 

განუვითარებელი ადამიანი ვერ გრძნობს იმ ჩარჩოებს, რომელსაც ინტელექტუალური პიროვნება ნათლად ხედავს და შეიგრძნობს; ამიტომაა, რომ პირველი უფრო “თავისუფლად” გრძნობს თავს, ამ ჩარჩოებიდან გადის და უსუსური, უბადრუკი, მონა, მათხოვარი, ან უბრალოდ, სისხლიანი გვამი ხდება. 

რაც მეტ “თავისუფლებას” მოიპოვებს ადამიანი, მით უფრო მძიმე, რთული ამოცანა დგება მის წინაშე; ჩვენ ქოლერის, შავი ჭირისა და მორალისგან გავთავისუფლდით და შიდსიც გამოჩნდა. ცხადია, რაღაცისგან გათავისუფლება, რაღაცის მოცილებას ნიშნავს. თუ ვინმე თავის ტკივილისგან გათავისუფლდა, ალბათ, მან ან თავი მოიცილა, ან არასდროს ჰქონია. შეყვარებულს მუდამ გული აწუხებს, გინდა გათავისუფლდე ამ ტკივილისგან, ნუ შეიყვარებ.
ამრიგად, ”მე” არ შემიძლია ვიყო “თავისუფალი”, რადგან უკვე აღარ მინდა, ასეთი “თავისუფლება”, ის შიშს ბადებს; რჩება მხოლოდ სურვილი, ოცნება თავისუფლებაზე. “მე” მომწონს ოცნება, მხოლოდ ოცნება მინდა, ანუ ილუზორული “სიზმრის თავისუფლება”, რომელიც დილით, მზის სხივებთან ერთად, ნისლივით ქრება. 

“რეფორმატორებს” რევოლუციაც მხოლოდ ილუზორული თავისუფლების შეგრძნებას აძლევს. რეალურად კი, მათი ბრძოლის შედეგი, თავისუფლება კი არა, ახალი, ხშირად უფრო სასტიკი, მბრძანებელია, ვიდრე ჰყავდათ.

თუ უინტელექტო სუბიექტი ამას გაიაზრებს, მაშინ, თავისუფლების “მცირე დოზით” მოთხოვნა უჩნდება – ბევრი არა, მაგრამ ცოტა თავისუფლება კი მინდა. ეს უკვე ვაჭრობაა. მას არ ესმის, რომ თავისუფლების ნაგლეჯი, ნაწილი, თავისუფლებას აღარ წარმოადგენს; თუკი ის, ამასაც მიხვდა, მაშინ ამ მძიმე ტვირთს – “თავისუფლებას” იშორებს, მიწაზე ანარცხებს, რათა შემსუბუქდეს, და იწყება “ფეხმსუბუქობა”. 

თავისუფლება, ეს უნიკალური სიტყვათა შერწყმა, საკუთარ არსზე, ადამიანის პირველსაწყისზე, უფლებამოსილებას გამოხატავს. 

იაქციეთ ყურადღება იმას, რომ “მე”, ეს არაა “ჩვენის” წარმოებული. “მე”, როგორც არსება, პირად ცხოვრებას, საკუთარ ყოფას ქმნის, და მთელი მისი არსი ჭეშმარიტ თავისუფლებაში, მის სპონტანურ თვითმყოფადობაში გამოისახება; ამაშია მისი ორიგინალობა და სილამაზე. შესაბამისად, “მე”-ს სულის თავისუფლების “ხარისხი”, საზოგადოების განვითარების დონის, ყოფის, განმაპირობებელ ძირითად საფუძველს წარმოადგენს. 

საზოგადოებრივი წესრიგის უზარმაზარი, მძიმე, ურთულესი მექანიკა, მხოლოდ ზედნაშენია, მხოლოდ კავშირის მექანიზმი, რომელიც სულიერი ცხოვრების ძალით, ადამიანითა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძით – თავისუფლებით, მოდის მოძრაობაში; 

ამრიგად, საზოგადოებრივ ყოფას, მისი განვითარების ეფექტურობას, საზოგადოების პირველსაწყისის – “მე”-ს თავისუფლების “ხარისხი” და თვით “მეს” მიერ, თავისუფლების ცნების გააზრების სიღრმე განსაზღვრავს.

თუ შევთანხმდით, რომ ადამიანი თვითმპყრობადი კი არა, ღვაწლის გამღებია, ცხადი გახდება, რომ 

თავისუფლება – ღვაწლის გაღების უფლება და ადამიანის ცხოვრების აზრი, საფუძველია. 
თავისუფლება – ადამიანის უპირველესი მოვალეობაა და არა რაღაც “თანდაყოლილი”, აბსოლუტური უფლება.

თავისუფლება ემპირიულსა და ტრანსცედენტულ ყოფას, ანუ ცდისეულ შეგრძნებასა და თანდაყოლილ გონიერებას, შორის შემაერთებელი კვანძი, სახსარია.

ადამიანი თავისუფალია, როცა მისი ჟინი, ვნება ინსტიქტი გონებას ემორჩილება, გონება – სიმართლეს. 

შეუძლებელია თავისუფლება ეგოისტურ ყველაფრის უფლებად აღიქვათ, სიმულაციაც გამორიცხულია; 

თავისუფლება – ეს ადამიანის საკუთარი თავის განკარგვის უფლებაა და ამავე დროს, სხვისი თავისუფლების აღიარებასაც მოიცავს; ანუ ერთი ადამიანის თავისუფლება თავდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის თავისუფლება. 

თავისუფლების არარსებობა, სულის შეხუთვას ნიშნავს; და ამ “ჰაერის” გარეშე ადამიანი, როგორც ადამიანი, არ არსებობს.

შესაბამისად, ესაა ზოგადი და უმაღლესი აუცილებელი პირობა, რათა ადამიანმა ყველა დანარჩენი მოვალეობის აღსრულება შეძლოს. 

ამრიგად, ჩვენი მტკიცე რწმენით, თავისუფლება უწმიდესი მოვალეობაა. 

თავისუფლებისგან განდგომა სულიერი თვითმკვლელობაა; 

სხვის თავისუფლებაზე ყოველგვარი თავდასხმა, მკვლელობის მცდელობის ტოლფასია. 
სამყაროს მამოძრავებელი ძალის ქვაკუთხედი თავისუფალ ადამიანთა საზოგადოებაა, რომელიც შემოქმედებით იმპულსს ფლობს. 

თავისუფალი ადამიანი შეიძლება ფიზიკურად გაანადგუროთ, მაგრამ მისი მონად გადაქცევა შეუძლებელია!

როგორი ხარისხისაც უნდა იყოს იძულების მომენტი, ადამიანის ნებაზე გარეგანი ზეწოლა, არაფერი გამოვა, ამ ზეწოლის შედეგად, მხოლოდ მკვდარ სოციალურ ფენას მიიღებთ. და პირიქით, თუ საზოგადოებრივი ცხოვრება ჩამკვდარია, მაშინ შესაძლოა თამამად განვაცხადოთ, რომ ამ საზოგადოებაში მონათა, არათავისუფალთა რიცხვი დიდია. 

კრიმინალური დიქტატურა იმდენადაა ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი, რამდენადაც, ან აქტიური ადამიანების გმირობის წყურვილის, ან სპეციალურად შექმნილი თავისუფლების ოაზისების ხარჯზე კვების საშუალება გააჩნია.

ამრიგად, ცხადია, რომ ადამიანის სიღრმიდან მომავალ ამ უსაზღვრო ძალაზე დისციპლინის, ან მკაცრი უხეში ზეწოლის გამოყენება, დადებით შედეგს არ მოიტანს.
ყველაზე მკაცრ სამხედრო, ან პოლიტიკურ-კრიმინალურ ტერორს, მხოლოდ არსებული საზოგადოების დროებითი მართვა შეუძლია და არა საზოგადოების შექმნა.
საზოგადოებას თავისუფალთა ნება ქმნის. 

აზრსმოკლებულია თავისუფლებაწართმეულ ადამიანს – მონას, ჭანჭიკს – ეკონომიკური აღმავლობა და მეურნეობის განვითარება მოსთხოვო.

საზოგადოება თავისუფლების წართმევით მხოლოდ აღვირახსნილ თვითგამოთაყვანებამდე – უმოქმედო პასიურობამდე, ან მხეცურ ბუნტამდე, რევოლუციამდე – შეიძლება დაეშვას.
ამრიგად, სახედაკარგული ადამიანი საზოგადოების წევრი, ან საზოგადოებრივი ცხოვრების მონაწილე, არ შეიძლება იყოს. ასეთი შეიძლება მხოლოდ გარეული ან შინაური მოთვინიერებული ცხოველი გახდეს; და დამყარდება სისხლისმსმელ, მტაცებელ მხეცთა მოუხეშავ, მცოხნავ ცხოველებზე ბატონობა; კრიმინალურ ელიტას ავიწყდება ის რეალობა, რომ მოთვინიერება მაინც ფარდობითია, და ცხოველს, ნებისმიერ მომენტში, აგრესიის მთელი სისასტიკით გამომჟღავნება შეუძლია. 

ასეთ საფუძველზე შექმნილი საზოგადოება განწირულია, რადგან ის ძირითადად ტლანქი, გამათხოვრებული სუბიექტებისგან შედგება; ამგვარ საზოგადოებაში შენიღბული ქაოსი, არაკონტროლირებადი ანარქიაა გამეფებული; შესაბამისად, პოლიტიკურ-კრიმინალური პატარა ჯგუფი, საზოგადოების უმეტეს ნაწილს მკვდარ იარაღად იყენებს; შედეგად ვიღებთ საზოგადოებრივი ცხოვრების სწრაფ დაქვეითებას, სოციალურ აპათიას, შინაგანი ორგანოების, კუნთების ტონუსის დაცემას; მედიცინაში ეს დიაგნოზი სიტყვა “ატონიით” აღინიშნება. ამ დროს დაგროვილი შინაგანი პოტენციალის გამოთავისუფლება მხოლოდ არსებული საზოგადოებრივი წყობის ნგრევასა და ანარქიის მომძლავრებას იწვევს.
ამრიგად, ადამიანში თავისუფლების შეზღუდვა მძვინვარე თვითდამკვიდრებას განავითარებს.

ისტორიაში სოციალურ ნიადაგზე წარმოქმნილი ყველა დაპირისპირება, რა პოლიტიკური ლოზუნგიც უნდა სდებოდა საფუძვლად, ფაქტიურად, თავისუფალი შემოქმედის მონად ქცევის მცდელობა იყო. 

დამანგრეველია ყოველგვარი რევოლუცია. 

ამრიგად, რათა სამებამდე – ენა, მამული, სარწმუნოება – ამაღლება შევძლოთ, აუცილებლობას წარმოადგენს – ღვაწლის, ერთობის, თავისუფლების – ცნებებში გარკვევა.

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი