აგრესიის წყაროები

0
266

დგება საკითხი, რატომაა ადამიანი აგრესიული? რატომ შეუძლია ადამიანს იყოს ასეთი სასტიკი თავისივე მოდგმის მიმართ? ეს საკითხი ყოველთვის იყო ადამიანების განსჯის საგანი. გამოითქვა მრავალი მოსაზრება, ხშირად ურთიერთ საწინააღმდეგოც. ამ აზრთა სხვადასხვაობაში მაინც მოხერხდა ამხსნელი თეორიების კლასიფიკაცია და გამოიყო აგრესიულობის სამი ბაზისური წყარო: 1. შინაგანი დეტერმინანტები; 2. გარეგანი პირობებით აღძრული მითხოვნილება; და 3. არსებული სოციალური პირობა, მიმატებული ადრინდელი შეძენილი გამოცდილება.

აგრესია როგორც შინაგანი ტენდეცია
ფსიქოლოგები, ფიზიოლოგები, ეთოლოგები, ფილოსოფოსები დიდი ხანია დაობენ იმაზე აგრესიულობა არის თანდაყოლილი ფენომენი თუ შეძენილია გამოცდილებით. კამათი დღესაც გრძელდება. საკითხი ეხება იმას ადამიანი თავისი ბუნებით არის კეთილი თუ ბოროტი.

ჯერ კიდევ ჟან ჟაკ რუსო თვლიდა, რომ ადამიანები თავიანთი ბუნებრივი მდგომარეობოთ არიან კეთილები, მაგრამ საზოგადოება თავისი აკრძალვებით თავს ახვევს მათ აგრესიას და ცოდვებს. ამის საწინააღმდეგოდ, ჩამოყალიბდა თეორიები, სადაც უხეშობა და აგრესიულობა ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობადაა მიჩნეული, ხოლო საზოგადოება თავისი კანონებით და წესებით ახდენს ადამიანის ინსტინქტური აგრესიულობის მოთოკვას, მის სუბლიმირებას.

ასეთ ცნობილ ინსტინქტ თეორიას წარმოადგენს ფროიდის ფსიქოანალიზური თეორია, ლორენცის თეორია და მაკდაუგოლის ფსიქოლოგიური თეორია.

ზ. ფროიდის აზრით ადამიანის საფუძვლებში დევს ორი ბაზისური ინსტინქტი ეროსი და თანატოსი – სიცოცხლის და სიკვდილის ინსტინქტი. მისი აზრით აგრესიულობის საფუძვლები სიკვდილის ინსტინქტში უნდა ვეძებოთ. როცა სიკვდილის ინსტინქტი მიმართულია შიგნით, ის ვლინდება თვით-დასჯის, თვით-დარღვევის ფორმით, რომლის უკიდურესი გამოხატულება თვითმკვლელობაა. როცა ეროსის გავლენით სიკვდილის ინსტინქტი მიმართულია გარეთ, ის ვლინდება სხვებისადმი მტრობის, სხვათა მკვლელობის ფორმით.

ფროიდს მიაჩნია, რომ აგრესიის ენერგია რაღაც ფორმით უნდა გამოვლინდეს, ანუ უნდა მოხდეს მისი განტვირთვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი დაგროვება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ფსიქიკური დარღვევები. ამიტომ მის თეორიას უწოდებენ აგრესიის “ჰიდრავლიკურ თეორიას”, რომელიც დახურულ ქვაბში დუღილის მსგავსად მოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ აგრესიას არ მიეცა გამოვლენის საშუალება, ადრე თუ გვიან “აფეთქდება.” შესაბამისად, ფროიდის აზრით საზოგადოების მნიშვნელოვანი ფუნქცია მდგომარეობს იმაში რომ მოახდინოა ამ ენერგიის რეგულირება, დაეხმაროს ადამიანს მოახდინოს ამ ენერგიის სუბლიმირება, დამანგრეველი ენერგია მიმართოს საზოგადოებისათვის სასარგებლო ქცევის განხორციელებისაკენ.

ზოგიერთი მეცნიერი უფრო შორს მიდის და აგრესიის ე.წ. ინსტინქტ თეორიას უფრო უკიდურესი ფორმით გვთავაზობს. ისინი უშვებენ, რომ ადამიანი არა მარტო მკვლელია, არამედ მისთვის დამახასიათებელია უაზრო დამარღვეველი ლტოლვა და ამაში ის უნიკალურია, რადგან ამის ანალოგი ცხოველთა სამყაროში არ არსებობს.

ლაპარაკია იმაზე, რომ მხოლოდ ადამიანი კლავს თავისივე მოდგმის არსებას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიდგომას არა აქვს მყარი ექსპერიმენტული საფუძვლები.

საერთოდ ძნელია, თუ არა შეუძლებელი, შევაფასოთ მოვლენის ინსტინქტის ტერმინებით ახსნა. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე რომ ინსტინქტით გავლენის ახსნა ტავტოლოგიადაა ჩათვლილი, შეუძლებელია მისი მართებულობის ექსპერიმენტული შემოწმება. ადამიანში აგრესიულობის იმპულსების თანდაყოლილობა რომ ექპერიმენტულად დავასაბუთოთ საჭიროა ადამიანის სრულ იზოლაციაში ყოფნა, ადამიანი დაბადებიდან ზრდასრულობამდე ვამყოფოთ სრულ იზოლაციაში, ისე რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი გარე სტიმული.

ამის გაკეთება კი შეუძლებელია როგორც ტექნიკური ისე ეთიკური თვალსაზრისით. რომც მოხერხდეს ადამიანის ასეთი სრული იზოლაცია, ეს იმდენად ხელოვნური სიტუაცია იქნება, რომ შედეგებიდან რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება შეუძლებელი იქნება.

გასაგებია, რომ აგრესიის ფენომენის შესწავლისას, ფაქტების უმრავლესობა მიღებულია ცხოველებზე ჩატარებული დაკვირვებებიდან და ექსპერიმენტებიდან. ცხოველები ბევრს ჩხუბობენ საკვებისთვის, ტერიტორიისთვის. დაიცვან თავიანთი პატარები და ა.შ. მაგრამ ცხოველების ასეთი ქცევების შეფასებისას სიძნელე მდგომარეობს იმაში, რომ აგრესიის ჩვენს მიერ მიღებული დეფინიცია, მრავალი ქცევისათვის არ აღმოჩნდება ადექვატური.

მაგ: როცა ლომი თავს ესხმის ზებრას, რა იმპულსი ამოძრავებს მას? ის თავს ესხმის ზებრას იმიტომ რომ გაბრაზებულია თუ იმიტომ რომ შია? აღმძრავი იმპულსია აგრესიულობის იმპულსია თუ შიმშილი? იგივე პრობლემა დგება როცა საკითხი ეხება ცხოველის მიერ თავისივე სახეობის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებული აგრესიული ქცევის ახსნას.

ერთიდაიგივე სახეობის ცხოველები ერთმანეთში ჩხუბობენ ტერიტორიისთვის, მდედრისთვის. მდედრისთვის ბრძოლა მოტივირებულია სექსუალური მოთხოვნილებით და არა აგრესიულობით. შედარებით რთულია დომინირებისთვის ბრძოლის ფენომენი. მასში შეიძლება ჩართული იყოს როგორც სქესის ისე შიმშილის მოთხოვნილება, რადგან

1. დომინირებული მამრი ჩვეულებრივ ირჩევს როგორც მდედრს ისე საკვების სასურველ წილს.

2. დომინანტობის დემონსტრირება მათ ააცილებს მომავალში ბრძოლის აუცილებლობას. ცხოველები დომინანტობისათვის იბრძვიან მხოლოდ ერთხელ,რათა ჩამოაყალიბონ პოზიციები და შემდგომისთვის განახორციელონ მშვიდობიანი თანაარსებობა.

3. დომინანტობის ჩამიყალიბება ხელს უწყობს აგრეთვე ჯგუფის დაცვას, რადგან ის გსნსაზღრავს თუ რომელმა ცხოველმა რა როლი უნდა ითამეშოს თავდაცვისას. ამდენად დომინანტობისთვის ბრძოლა ემსახურება მრავალ მიზანს და არ შეიძლება მისი ახსნა აგრესიულობის ინსტინქტით.

უამრავი კვლევა მიეძღვნა საკითხს არსებობს თუ არა აგრესიულობის იმპულსი. უნდა აღინიშნოს, რომ შედეგები ერთმნიშვნელოვანი პასუხის შესაძლებლობას არ იძლევა. მაგ: ერთერთ ექსპერიმენტში კატა და თაგვი გაზარდეს ერთად, ერთ გალიაში. გარდა იმისა რომ ასეთ სიტუაციაში კატა და თაგვი საკმაოდ კარგად თამაშობდნენ ერთმანეთთან და კატა არავითარ აგრესიას არ ამჟღავნებდა ამ თაგვის მიმართ, კატა არავითარ აგრესიას არ ამჟღავნებდა სხვა თაგვების მიმართაც.

აღინიშნა, რომ ეს ექსპერიმენტი უბრალოდ აჩვენებდა, რომ გარკვეულ პირობებში შეიძლება ჩავაქროთ აგრესიულობის იმპულსი. მაგრამ ასევე ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ თაგვი რომელიც აბსოლუტურ იზოლაციაში გაზარდეს, ისე რომ არ ჰქონია თავისივე სახეობის სხვა წარმომადგენელთან ურთიერთობის ან ჩხუბის გამოცდილება, ამჟღავნებდა გამოკვეთილ აგრესიულ რეაქციას გალიაში უცხო თაგვის გამოჩენისას, ისე როგორც ამას აკეთებენ თაგვები ჩვეულებრივ სიტუაციაში.

ამრიგად ჩვენს მიერ განხილული პირველი ექსპერიმენტი აჩვენებდა, რომ გარკვეული პირობების შექმნით შეიძლება აგრესიული ქცევის მოდიფიცირება. ხოლო მეორე ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ აგრესიულობა დასწავლას არ საჭიროებს.

როგორც მკვლევარები მიუთითებენ, ამ საკითხთან დაკვშირებული კვლევის შედეგებიდან არ გამომდინერეობს, რომ აგრესიულობა აუცილებლად ინსტიქტურია. აგრესიულობის ინსტინქტურობა რომ დადასტურდეს საჭირო დადასტურდეს ფიზიოლოგიური იმპულსების არსებობა, რომლებიც იწვევენ აგრესიას. გამომდინარე აქედან ასკვნიან, რომ არ არსებობს მოჩხუბარობის (აგრესიის) თანდაყოლილი მოთხოვნილება. ეს დასკვნა ეწინააღმდეგება ინსტინქტის ფროიდისეულ გაგებას, რომელიც უშვებს აგრესიულობის ინსტინქტის (თანატოსი) არსებობას.

ამ დავაში ჩაერთო კონდრატ ლორენცი (ეთოლოგიის ფუძემდებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი). ლორენცი აკვარიუმში აკვირდებოდა ტროპიკული თევზების ერთერთი სახეობის ქცევას, რომელიც გამოირჩევა აგრესიულიბით. თევზების ამ სახეობისათვის დამახასიათებელია ის, რომ მამრი თავს ესხმის თავისივე სახეობის მამრებს. ცნობილია, რომ სადაც ეს თევზები ბუნებრივ სიტუაციაში ცხოვრობენ სხვა სახეობის თევზები არ არიან. ამასთან მდედრები არ ესხმიან მდედრებს.

ლორენცი აწარმოებდა დაკვირვებას ამ თევზების ქცევაზე როცა აკვარიუმში დატოვა მხოლოდ ერთი მამრი და დედალი თევზები. ინსტინქტის ჰიდრავლიკური თეორიის თანახმად, ასეთ სიტუაციაში, სადაც არ არსებობდა მამრისთვის ე.წ. სპარინგ-პარტნიორი, აგრესიულობის მოთხოვნილება თანდათანობით უნდა გაიზარდოს იმ დონემდე, რომ შეუტიოს მდედრს. სწორედ ასე მოხდა. მამრმა იერიში მიიტანა მდედრებზე, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ წარმოადგენს მისი თავდასხმის ობიექტს. მეტიც როცა აკვარიუმიდან ამოიყვანა მდედრებიც და მხოლოდ ერთი წყვილი მამრი და მდედრი დატოვა მამრმა იერიში მიიტანა მდედრზე.

ლეონარდ ბერკოვიცს, ადამიანური აგრესიის ერთერთ წამყვან სპეციალისტს, მიაჩნია,რომ ადამიანი არსებითად იმით განსხვავდება არაადამიანური არსებისაგან, რომ ადამიანის აგრესიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასწავლა. მისი აზრით, ადამიანურ დონეზე აგრესია წარმოადგენს თანდაყოლილი მიდრეკილებების და დასწავლილი რეაქციების ურთიერთქმედების რთულ ფუნქციას.

განვითარების ევოლუციური თეორიის მიმდევრებმა ჩამოაყალიბეს ახალი მეცნიერება ე.წ.სოციობიოლოგია, რითაც საფუძველი ჩაუყარეს ლორენცის ინსტინქტ თეორიას და განსხვავებულ ბიოლოგიურ იდეებს. სოციობიოლოგები ამტკიცებენ, რომ სოციალური ქცევის ყველა ასპექტი, მათ შორის აგრესია, შეიძლება აიხსნას ევოლუციური თეორიის პოზიციებიდან. რომ რადგან აგრესია მამრებს ეხმარება სასურველი მიზნის მიღწევაში, დაეუფლოს მდედრს და ასევე მდედრებს ეხმარება დაიცვან თავიანთი ნაშიერები, აგრესიის ამ ფორმებზე სრულად ვრცელდება ცნობილი ბუნებრივი შერჩევის პრინციპი.

სოციალური ფსიქოლოგიის მრაველი წარმომადგენელი ეთანხმება სოციობიოლოგიის აქ წარმოდგენილ მოსაზრებას, მაგრამ ზოგიერთი მაინც ვარაუდობს, რომ ასეთი მიდგომა ვერ მოგვცემს სრულ სურათს ადქმიანური აგრესიის მიზეზების შესახებ. მიაჩნიათ, რომ ადამიანური აგრესია ბევრად უფრო რთული ფენომენია, და ხშირად განსხვავებული სოციალური კონტექსტის გავლენას განეცდის. ამიტომ ასკვნიან, რომ სოციობიოლოგიური მიდგომა ვერ მოგვცემს ადამიანური აგრესიის სრულ გაგებას.

რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგია უმნიშვნელო როლს თამაშობს ადამიანური აგრესიის გაგებაში. დადასტურებულად ითვლება, რომ ფიზიკურ აგრესიაზე გავლენას ახდენს მამაკაცის სექსუალური ჰორმონი ტესტოსტერონი. გავლენას ახდენს აგრეთვე სისხლში შაქრის რაოდენობა და ა.შ. მტკიცდება აგრეთვე გენეტიკური ფაქტორეგბის მნიშვნელობა.

იუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს აგრესიის გენეტიკური და ბიოქიმიური წანამძღვრები, აშკარაა, რომ ადამიანების აგრესიის გამოვლენის ფორმებზე, პირველ რიგში, გავლენას ახდენს სოციალური ფაქტორები.

ავტორი:თენგიზ ვერულავა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი