ფრიდრიხ ნიცშე – ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

0
355

პირველი ნაწილი

სადღაც, უთვალავ მზის სისტემათა მოციმციმედ გადმოღვრილი კოსმოსის ერთ შორეულ კუთხეში, იყო და არა იყო რა, იყო ერთი ვარსკვლავი, რომელზეც გონიერმა ცხოველებმა შემეცნება გამოიგონეს. ეს იყო „სამყაროს ისტორიის“ ყველაზე ამპარტავანი და სიცრუით სავსე წუთი, რომელიც მხოლოდ ერთ წუთად დარჩა.

ბუნებამ ორიოდეჯერ თუ მოასწრო ამოსუნთქვა, სანამ ვარსკვლავი გაშეშდებოდა და გონიერმა ცხოველებმაც სული დალიეს. – ვინმეს ასეთი იგავი რომ შეეთხზა, ბოლომდე მაინც ვერ შეძლებდა იმის ასახვას, როგორ საბრალოდ, ბუნდოვნად და ზედაპირულად, როგორ უაზროდ და არაფრით გამორჩეულად გამოიყურება ბუნების ფარგლებში ადამიანის ინტელექტი; საუკუნეებმა ჩაიარა მის გარეშე და თუკი ერთიც ვნახოთ და იგი არსებობას შეწყვეტს, ამით არაფერი დაშავდება; რამდენადაც ნებისმიერი სახის ინტელექტისათვის არ არსებობს ისეთი მისია, რომელიც მას ადამიანთა ყოფა-ცხოვრებისაგან განასხვავებდა. ის სწორედაც რომ ადამიანურია და მხოლოდ მისი მფლობელი და შემქმნელი ეპყრობა მას ისეთი პათეტიკურობით, თითქოს სამყაროს ღერძი მასში ბრუნავდეს.

კოღოსთან საუბარი რომ შეგვეძლოს, მაშინ იმასაც გავიგონებდით, რომ ჰაერში ისიც ასეთივე პათოსით დაცურავს და სამყაროს მფრინავ ცენტრს შეიგრძნობს. არაფერია ბუნებაში იმაზე უბადრუკი და უმნიშვნელო, რაც შემეცნების ამ ძალის მცირედი სულის შებერვითაც კი ასე ბუშტივით არ იბერება; და როგორც ყოველ კურტნის მუშას სურს ჰყავდეს საკუთარი თაყვანისმცემელი, ასევე უნდა თავად ყველაზე ამაყ ადამიანს – ფილოსოფოსს, რომ სამყაროს თვალი ყოველი მხრიდან ტელესკოპივით მისი ქმედებისა და აზროვნებისაკენ იყოს მიმართული.

უცნაური ისაა, რომ ეს სწორედ ინტელექტის მეშვეობითაა შესაძლებელი, იმ ინტელექტისა, რომელიც მხოლოდ დამხმარე საშუალებად აქვთ მიცემული უუბედურეს, უდელიკატურეს, წარმავალ არსებებს, რათა ისინი ერთი წუთით მაინც შეაჩეროს ყოფიერებაში, საიდანაც მათ ამგვარი დანამატის გარეშე, ლესინგის ვაჟივით სწრაფად გაქცევის ყოველგვარი საფუძველი ექნებოდათ.

ქედმაღლობა, რომელიც შემეცნებასა და შეგრძნებას უკავშირდება, დამაბრმავებელი ბურუსივით აფენია ადამიანის თვალებსა და რეცეპტორებს, ამიტომაც ცდება ყოფიერების შეფასებაში, როცა შემეცნებით თავად ყველაზე მეტად საამურ ფასეულობას საკუთარ თავში მოიცავს. მისი ძირითადი ზემოქმედება შეცდენაა, თუმცა ცალკეული ქმედებებიც იმავე ხასიათისაა.

ინტელექტი, როგორც ინდივიდის შენარჩუნების საშუალება, თავის ძირითად უნარებს თვალთმაქცობაში ასახავს. ეს სწორედ ის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც უფრო სუსტი, ნაკლებად გამძლე ინდივიდები, თავს ინარჩუნებენ, როდესაც უფრო ძლიერებთან არსებობისათვის ბრძოლის უნარს არიან მოკლებულნი ან ამ ბრძოლას მტაცებელი ცხოველის სიშლეგით ვერ წარმართავენ, რამდენადაც ადამიანში თვალთმაქცობის უნარი მწვერვალს აღწევს: ესაა თავგზის აბნევა, მაამებლობა, სიცრუე, შეცდომაში შეყვანა, ზურგს უკან ლაპარაკი, რეპრეზენტულობა, ნასესხებ ბრწყინვალებაში ცხოვრება, შენიღბულობა, შეფარულობა, მსახიობობა – როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის წინაშე, მოკლედ, ამაოების ალის ირგვლივ გაუთავებელი წრიალი იმდენადაა წესად და კანონად ქცეული, რომ თითქმის გაუგებარიც კია, როგორ იყო შესაძლებელი ადამიანებს შორის გაჩენილიყო გულწრფელი და წმინდა სწრაფვა ჭეშმარიტებისადმი.

მათ იმდენად ღრმად აქვთ შეტოპილი ილუზიებსა და ზმანებებში, რომ მათი თვალი მხოლოდ ნივთების ზედაპირზე ბორძიკობს და „ფორმებს“ ხედავს; მათი შეგრძნება ჭეშმარიტებისაკენ კი არ მიიწევს, არამედ გახალისებითა და ნივთების ზედაპირზე ერთგვარი თითების ფათურით კმაყოფილდება. ამისათვის, მთელი ცხოვრების მანძილზე, ადამიანი ღამღამობით საკუთარ თავს სიზმრებით იტყუებს ისე, რომ მის მორალურ გრძნობას ამის თავიდან აცილება არასდროს უცდია, მაშინ, როდესაც ისეთ ადამიანებსაც უარსებიათ, რომლებსაც თავიანთი ძლიერი ნებით ხვრინვა აულაგმავთ.

რა იცის ადამიანმა საკუთარი თავის შესახებ?! ხელეწიფებოდა კი მას, ერთადერთხელ მაინც განათებულ კოლბაში მოთავსებით საკუთარი თავის სრულყოფილი აღქმა? ხომ არ უმალავს მას ბუნება ყველაზე მთავარს თვით მისი სხეულის შესახებ, რათა დახვეული ნაწლავების, სისხლის ნაკადების სწრაფი დინებისა თუ დახლართული ნერვული ქსოვილისგან მოშორებული, ამაყ და ოინბაზურ ცნობიერებაში შეიტყუოს და გამოამწყვდიოს?!

ბუნებამ მოისროლა გასაღები და ვაი იმ ბედისწერასატანილ ცნობისმოყვარეს, ვისაც ცნობიერების საკნის ბზარიდან გამოჭვრეტის უნარი აქვს და შეიძლება ახლა კი ხვდებოდეს, რომ ადამიანისთვის თავისი უმეცრების გამო სულ ერთია და არაფერს ამბობს დაუნდობლებზე, ხარბებზე, გაუმაძღრებზე, მკვლელებზე, ამავე დროს კი თავის ზმანებებში ვეფხვზეა ამხედრებული. ასეთ კონსტელაციაში სად ჯანდაბიდან უნდა მოდიოდეს ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა?!

როგორც კი ინდივიდს სხვა ინდივიდებთან მიმართებაში საკუთარი თავის შენარჩუნების სურვილი უჩნდება, საგანთა ბუნებრივ წესრიგში, იგი ინტელექტს, როგორც წესი, მხოლოდ თვალთმაცქობისთვის იყენებს: ვინაიდან ადამიანს, ერთდროულად, გასაჭირისა და მოწყენილობის გამოც, საზოგადოებრივად და ჯოგურად არსებობა სურს, მას სამშვიდობო შეთანხმება ესაჭიროება, რომლის თანახმადაც ჰგონია, რომ ამით სულ ცოტა, ყველაზე სასტიკი – bellum omnium contra omnes  – მისი სამყაროდან გამქრალიყოს. მაგრამ ამ სამშვიდობო შეთანხმებას თან მოჰყვება ისეთი რამ, რაც ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვის მოსაპოვებლად გადადგმულ პირველ ნაბიჯს წააგავს.

ახლა დაფიქსირდება კერძოდ ის, რასაც დღეიდან “ჭეშმარიტება” უნდა ეწოდოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნივთებს თანაბრად მისადაგებულ და ხელმისაწვდომ განსაზღვრებებს გამოუგონებენ და ენის კანონმდებლობაც ჭეშმარიტების პირველ კანონს გამოსცემს: აქვე პირველად ჩნდება ჭეშმარიტებისა და სიცრუის პირველი კონტრასტი: მატყუარა მისადაგებულ განსაზღვრებებსა და სიტყვებს იყენებს, რათა არანამდვილი ნამდვილად გაასაღოს;

მაგალითად, ის აცხადებს, რომ მდიდარია, მაშინ, როდესაც მისი მდგომარეობის სწორი განსაზღვრება „ღარიბი“ უფრო იქნებოდა. სახელების თვითნებური გადანაცვლებით ან გაუკუღმართებით იგი ბოროტად იყენებს მყარ კონვენციებს. თუკი იგი ამას ანგარებით ან სხვათა საზიანოდ აკეთებს, მაშინ საზოგადოება აღარ დაუჯერებს და გარიყავს.

ამასთანავე ადამიანები არა იმდენად მოტყუებას გაურბიან, რამდენადაც მოტყუების შედეგად დაზარალებას. ამ საფეხურზე მათ არა თვით შეცდენა სძულთ, არამედ შეცდენის გარკვეულ სახეობათა ავი, მტრული შედეგები. ასეთივე შეზღუდული აზრით ნებავს ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტება; იგი ჭეშმარიტების მხოლოდ სასიამოვნო, ცხოვრებისათვის სასარგებლო შედეგებს ესწრაფვის; წმინდა, არასახეირო შემეცნების მიმართ იგი გულგრილია, ხოლო ისეთ ჭეშმარიტებას, რომელიც საზიანო და დამანგრეველიც შეიძლება იყოს, ემტერება კიდევაც.

გარდა ამისა, რას წარმოადგენს ენის კონვენციები? არიან კი ისინი შემეცნებისა და ჭეშმარიტების საზრისის ნაყოფი, რომლებიც განსაზღვრებებსა და საგნებს შეესატყვისებიან? არის კი ენა რეალობის ადექვატური გამოხატულება?

მხოლოდ გულმავიწყობის მადლით შეუძლია ადამიანს იმის აკვიატება, თითქოს იგი ამ ხარისხის ჭეშმარიტებას ფლობდეს. თუ ის ჭეშმარიტების ტავტოლოგიური ფორმით ანუ ცარიელი მასრით არ კმაყოფილდება, მაშინ ილუზიების საფასურად ჭეშმარიტებათა შეძენა მოუწევს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი