ნონა ხიდეშელი სიტყვების მიღმა გამოსვლა

0
1195

ძალიან ცოტას თუ ესმის, რომ სულიერი გადარჩენა, ხსნა, აბსოლუტურად ცნობიერი პროცესია, შეუძლებელია ნეტარება  მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, ეს ადამიანმა აქვე, დედამიწაზე უნდა განიცადოს.

თუ სული მუდმივად იტანჯება, დათრგუნულია და ვერ ახერხებს სიმშვიდისა და სიხარულის განცდას, როგორ უნდა დავიჯერო, რომ სხეულიდან გასვლის შემდგომ, მისი მდგომარეობა შეიცვლება, ეს თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. ამიტომაც, დღესვე, ამ წუთიდან უნდა დავიწყოთ გაცნობიერება საკუთარი რეალური სახის, არ უნდა გავექცეთ არანაირ არასრულფასოვნებას, უნდა გვესმოდეს, რომ, როგორც მთლიანი  კაცობრიობა, ასევე ადამიანის ცნობიერებაც , ინდივიდუალურად გადის განვითარების ყველა საფეხურს, უმდაბლესიდან უმაღლესამდე, რა საჭიროა ტრაგედიის შექმნა სხვადასხვა არასასიამოვნო მიდრეკილებების გამო, მთავარია ნათლად და გარკვევით გავაცნობიეროთ, რა ხდება ჩვენს ფსიქეში, რა პროცესები მიდის, რა გვიქმნის პრობლემებს, რას მოაქვს ტკივილი ან უიმედობა და რას სიმშვიდე და სიხარული.

თუ თითოეული ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს გაცნობითა და გააზრებით იქნება დაინტერესებული, საეჭვოა, რომ სხვისი განსჯის სურვილი ოდესმე გაუჩნდეს.

სანამ შეზღუდული ცნობიერების ფარგლებში ვმოქმედებთ და ვაზროვნებთ, ყველანი ერთნაირები ვართ, წარმოვადგენთ მასას და ზედმეტი ქედმაღლობა აქ უადგილოა. ჩვენ ისე ვართ დაჰიპნოზებული  იდეებით, სტერეოტოპებით, ტრადიციებითა და საზოგადოებრივი აზრით, რომ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი დაკარგული გვაქვს, მოვლენის ვერბალური აღქმით შემოვიფარგლებით, არადა ნამდვილი, ჭეშმარიტი არსი მხოლოდ სიტყვებს მიღმაა.

მთელი ეს თეორიები, ადამიანის ზნეობრივი განვითარებისა და აღზრდის შესახებ, ძალზედ მცირედ ღირებულია, რადგანაც მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი მუდამ კონფლიქტშია, ვიღაცას უპირისპირდება, თავის სიმართელს ამტკიცებს, დაძაბული და აგზნებული სიმშვიდეს ვერსად პოულობს, ცდილობს ტრანკვილიზატორებში, სასმელსა თუ ნარკოტიკში იპოვოს შვება.

სხვა, ვინც ამ მხრივ თავის დაცვას ახერხებს, გაქცევას ეკლესიაში ცდილობს, ან უერთდება რომელიმე ფილოსოფიურ მიმდინარეობას, სულაც პოლიტიკურ პარტიას ქმნის და მიაჩნია, რომ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს პოლიტიკური მეთოდებით მოაგვარებს.

ასე ფიქრობდნენ ალბათ კომუნისტებიც, დედამიწაზე სამოთხის შექმნასა და ყველასათვის ბედნიერი ქვეყნის აშენებას რომ გვპირდებოდნენ.. სამწუხაროდ ყველა მცდელობამ, სრულყოფილი იდეებისა და თეორიების საფუძველზე, ადამიანური ტრაგედია დაესრულებინა, კრახი განიცადა და ასე იქნება მუდამ, სანამ ადამიანი არ შეიგნებს, რომ მისი ხსნისა და სულიერი აღორძინების გასაღები, მხოლოდ და მხოლოდ მის ხელშია.

უნდა მოვახერხოთ და სიტყვებს მიღმა გავიდეთ, გავცდეთ მხოლოდ ვერბალურ მნიშვნელობას და საგნისა თუ მოვლენის არსს ჩავწვდეთ. ჭეშმარიტი არსი მხოლოდ სიტყვებისა და ტერმინების მიღმაა. არსებობს სიტყვები, რომლებიც რაღაც მდგომარეობას ან განცდას გამოხატავს. მაგალითად, წუხილი, ტანჯვა, შიში, შფოთი, სიყვარული, სიძულვილი და ა.შ. ყური იმდენად შეეჩვია მათ, რომ ინტერესით აღარც კი ვეკიდებით რა იმალება მათ მიღმა.

წუხილი ან ტანჯვა, ასოცირდება ნეგატიურ განცდებთან, სიყვარული და სიხარული პოზიტიურთან, მაგრამ რას მოიცავს თითოეული მათგანი, რა არის მათი წარმოშობის ნამდვილი მიზეზი, რას გულისხმობს მწუხარება თავისთავად, რატომ წუხდება ადამიანი, რატომ ივსება ასეთი ნეგატიური შეგრძნებებით, ან რას ნიშნავს ცუდი ან შემაწუხებელი, ამის გარკვევა და გააზრებაა მნიშვნელოვანი და არა სიტყვები, რომლებიც რაღაც ზედაპირულ ასოციაციებს იწვევს და მეტი არაფერი.

როდესაც ვამბობ რომ ვიტანჯები, რას ნიშნავს ეს,  რამ გამოიწვია ეს არც თუ ისე სასიამოვნო გრძნობა.  დავაკვირდეთ თავად განცდას, ჩავიდეთ მის სიღრმეში, რა არის მიზეზი, რის გამოც გუშინ კარგად ვიყავი და დღეს კი თავს უკიდურესად ცუდად ვგრძნობ. გარემო პირობები იწვევს ამ ცვალებადობას, თუ  გაუცნობიერებელი სურვილები და მისწრაფებები.

ამის გააზრება არსებითად მნიშვნელოვანია, ის რაც ცვლილებას მოიტანს და გაგვათავისუფლებს არასასიამოვნო განცდებისგან, არის ყოველი კონკრეტული შეგრძნების დანახვა და გამოკვლევა თავიდან ბოლომდე, არა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური წიგნების კითხვა, არამედ სიღრმისეული დაკვირვება თითოეულ ნეგატიურ თუ პოზიტიურ განცდაზე. 

ნებისმიერ ასეთ განცდას თავისი სათავე და წარმოშობოს მიზეზი გააჩნია,  ეს არის ჩვენი ეგო,  ანუ ცენტრი, საიდანაც ვმოქმედებთ, რომელიც აღძრავს უამრავ, სრულიად უაზრო და არაფრისმომცემ სურვილს, ნაკვებს ჩვენი ამბიციითა და თვითშეფასებით. რაც უკვე ცნობიერში აზრისა და ფიქრის სახით იჭრება, სწორედ მისი ღირსეული პირმშოა, ეგოცენტრული და ეგოიზმით აღსავსე „ეგო“-სი.

იგი სათავეა დაუსრულებელი ტანჯვის,  მშობელი ილუზიისა და სიყალბის, ნამდვილი მტერი ადამიანის. ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარი მენტალური არსის, მთელი შინაგანი სტრუქტურის შესწავლა და გამოკვლევა, რათა ასეთი დაუცველი და  სუსტი აღარ ვიყოთ გარეფაქტორების ცვალებადობის მიმართ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი