კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა კონრად ლორენცის მიხედვით

0
460

კონრად ლორენცი გახლდათ, მეოცე საუკუნის მოაზროვნე და გამოჩენილი ბუნებისმეტყველი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. ლორენცი, სწავლობდა ცხოველთა ქცევას. იგი ცდილობდა ინსტინქტების და აგრესიის ბუნების ახსნას.

მეცნიერი თვლიდა, რომ აგრესიული ტენდენციები არა მარტო ცხოველის, არამედ ადამიანის ქცევის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ მათი შესწავლა და ანალიზი აუცილებელია. უამრავი ისტორიული პიროვნების არსებობა ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ადამიანები ცხოველებზე  არანაკლები, თუ მეტი  აგრესიით ხასიათდებიან. ამის არგუმენტად, მხოლოდ ჰიტლერი და სტალინიც კი საკმარისია.   

კონრად ლორენცმა საფუძველი ჩაუყარა ეთოლოგიას, მეცნიერებას ცხოველთა და ადამიანის, როგორც ბიოლოგიური არსების, ქცევის შესახებ. იგი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და წინააღმდეგობრივი მოაზროვნე იყო, რომელიც მიიჩნევდა , რომ: “ადამიანის ბუნების შემეცნებისკენ მიმავალი გზა გადის ცხოველების ბუნების შესწავლაზე, რადგან ადამიანიც ბუნების ნაწილია და მის კანონებს ემორჩილება.“

ლორენცის ერთ-ერთი ნაშრომია „ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“, რომელსაც თვითონ უწოდებს „მთელი კაცობრიობისადმი მიმართულ მოწოდებას მონანიებისა და შემობრუნებისაკენ“.   

ყველამ ვიცით, რომ ბუნებრივი გადარჩევის პრინციპით მრავლდებიან სახეობები და გადარჩებიან. (ეს დიდი მემკვიდრეობა ცოდნის სახით ჩარლზ დარვინმა დაგვიტოვა, რომელიც ჩემი აზრით, უკვდავი ჭეშმარიტებაა).  ზემოხსენებული სამართლიანია დედამიწაზე მობინადრე ცოცხალ ორგანიზმებთან მიმართებაში.

საინტერესოა, რატო ალაპარკდა ლორენცი მომაკვდინებელ ცოდვებსა და საფრთხეებზე?  ის მსჯელობდა, რომ როცა გვსურს ავხსნათ ცივილიზებული კაცობრიობის ქცევის ფორმათა მიზეზები, „რისთვის?“ , „რატომ?“ ,ლოგიკური პასუხი ხშირად არ არსებობს. რისთვის სჭირდება კაცობრიობას რიცხოვნობის უსასრულო მატება, სულ უფრო მზარდი კონკურენცია, შეიარაღების ზრდა და ათასგვარი სასიკვდილო იარაღის შექმნა?

ჩამოთვლილ მოვლენებს იგი ქცევის ბუნებრივი მექანიზმების მოშლად განიხილავს. ლორენცის აზრით, შეიძლება გამოიყოს რამდენიმე განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიზეზი, რომლებიც ემუქრება არა მარტო ჩვენს კულტურას, არამედ ადამიანს, როგორც სახეობას. თუმცა, აღსანიშნავია , რომ კონრად ლორენცი არ გვისახავს ამ საფრთხეებისგან თავის დაღწევის გზებს, რადგან ის იმდენად გლობალურად მიიჩნევს ამას, რომ ფიქრობს, ეს კაცობრიობის ერთობლივი გადასაჭრელი ამოცანააა.

ზოგადად მინდა მიმოვიხილო ლორენცის მიერ წარმოდგენილი რვა  მომაკვდინებელი ცოდვა, რამდენიმე მათგანს კი ჩავუღრმავდე.

კაცობრიობის პირველ ძირეულ ცოდვად მიიჩნევს ჭარბ მოსახლეობას. ადამიანებს შეუძლიათ გამრავლდნენ უსასრულოდ.  მისი აზრით, ეს ბალანსისა და სამართლიანობის დარღვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან სხვა სახეობებს ამის საშუალება არ აქვთ. ვინაიდან, ისინი ებრძვიან სხვადასხვა გარეგან ფაქტორებს, რომელთან ხშირად მარცხდებიან.

ადამიანებმა კი განავითარეს მეცნიერების სხვადასხვა დარგები, რომელთა ხარჯზეც უპირატესობით სარგებლობენ და რაოდენობრივი მატება შეუძლიათ უსაზღვროდ. თუმცა, ამაში მე პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ, ვფიქრობ ადამიანი განსაკუთრებული ქმნილებაა, ამას შევხედავთ რელიგიური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ასეა . ადამიანი იმსახურებს ამ უპირატესობას, თუმცა, დღესდღეობით ადამიანმა გადამეტებული უფლებები აიღო თავის თავზე და ხშირად ავიწყდება საკუთარი მოვალეობები ბუნების წინაშე. რის გამოც ხდება სხვადასხვა გლობალური კატასტროფები .

ცივილიზებული კაცობრიობის მეორე უმნიშველოვანეს ცოდვად ლორენცი სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგებას მიიჩნევს. ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ბუნებრივი რესურსები ამოუწურავია. მისი აზრით,  ამგვარი მიდგომა საზიანოა, რადგან ბუნების გაჩანაგებისკენ არის მიმართული. ლორენცი აფრთხილებს ცივილიზებულ კაცობრიობას – ცოცხალი ბუნების ბარბაროსული განადგურება, რომელიც საცხოვრებელს აძლევს და აჭმევს მას, ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებას უქმნის მათ.

„შეჯიბრი საკუთარ თავთან“ – მესამე მომაკვდინებელი ცოდვაა ლორენცის მიხედვით  და საკმაოდ აქტუალური . ალბათ , ხშირად გვსმენია ისეთი მოტივაციური  ფრაზები , როგორიცაა :„აჯობე საკუთარ თავს’’ , „შეადარე დღევანდელ მე-ს  გუშინდელი მე , რათა ხვალინდელი მე იყოს უფრო უკეთესი’’.

ლორენცი,  გვახსენებს, რომ ველურ ბუნებაში ცოცხალ ინდივიდებზე მოქმედებს შიდასახეობრივი და სახეობათშორისი გადარჩევა, არა- ცოცხალი გარემოს ფაქტორები , როგორიცაა კლიმატი.  

ტექნიკურმა პროგრესმა საშუალება მისცა ადამიანს, დაემორჩილებინა გარეგანი , ბუნებრივი ფაქტორები ,  ხოლო გადარჩევის ერთადერთი ძალა, რომელიც მასზე მოქმედებს – შიდასახეობრივი გადარჩევაა, ანუ თავად ადამიანი. მზარდი კონკურენციის პირობებში თანამედროვე ადამიანისთვის ღირებული ხდება მხოლოდ ის, რაც სხვაზე გადასწრების საშუალებას აძლევს მას.  

მაღალი სიმჭიდროვის დროს სასტიკი კონკურენციის პირობებში ადამიანებს შორის ურთიერთობის აღწერისთვის ლორენცი ლათინურ გამოთქმას – “Homo homini lupus est” – იყენებს, რაც ნიშნავს: „ადამიანი ადამინისთვის მგელია“. კონკურენტების თავიდან მოცილების პროცესში ადამიანი ცდილობს, საკუთარ თავსაც გაასწროს. თანამედროვე ადამიანი ფაქტობრივად არ იტოვებს დროს ჭეშმარიტად ადამიანური საქმიანობისთვის – აზროვნებისთვის, ესაა ლორენცისთვის მთავარი საფრთხე.

ცივილიზებული ადამიანის გასათუთების შედეგად მასში ძლიერი გრძნობების და ემოციების გაქრობა მეოთხე ცოდვაა, რომელსაც ლორენცი „გრძნობის გაცივებას“ იგივე გრძნობების სითბურ კვდომას უწოდებს. თანამედროვე ადამიანი ცდილობს გაექცეს უარყოფით შეგრძნებებს, ამის შესაძლებლობას მას ფარმაკოლოგიის და ტექნიკის საშუალებები აძლევენ. ადამიანი თანდათანობით კარგავს უნარს, მძაფრად განიცადოს ის სიხარული, რომელიც მრავალი წინააღმდეგობის გადალახვის შედეგად დგება.

სიხარულისა და ტანჯვის მონაცვლეობა ბუნებრივზე ბუნებრივია, რაც სამყაროში არსებობს და ეს ნელ-ნელა ქრება, რაც იწვევს სიხარულის შეგრძნების უნარის დაქვეითებას. სწორედ ესაა უდიდესი საფრთხე ლორენცის მიხედვით.

უკვე შორეულ წარსულში შეიცნეს, რომ ადამიანისათვის სულაც არ არის კარგი, თუ იგი დიდ წარმატებას მიაღწევს თავის ინსტინქტურ სწრაფვაში, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება შეიხვედროს, ხოლო უსიამოვნება თავიდან აიცილოს.

ძველ დროში, კულტურის მაღალ საფეხურზე მდგომმა ადამიანებმა იცოდნენ, როგორ აერიდებინათ თავი უსიამოვნების მომტანი სიტუაციისათვის, რამაც შეიძლება მეტად საშიში, ზოგჯერ კულტურის დამღუპველი გასათუთება მოიტანოს.  თანამედროვე ტექნოლოგიის, უპირველესად კი, ფარმაკოლოგიის განვითარებამ შესძინა ადამიანს  სწრაფვა, უსიამოვნება თავიდან აიცილოს. თვითონაც ვეღარ ვხვდებით თუ როგორ ვართ თანამედროვე „კომფორტზე“ დამოკიდებული, რადგან ეს უკვე ბუნებრივია.

„თანამედროვე ადამიანმა გარემოს სულ უფრო მეტად დამორჩილების მეშვეობით თავისი სიამოვნება-უსიამოვნების – ეკონომიის „ბალანსი“ გადასწია ყოველგვარი უსიამოვნების გამომწვევი გამაღიზიანებელი სიტუაციების მიმართ სულ უფრო ჭარბი მგრძნობელობის, ხოლო ყოველგვარი სიამოვნების მომნიჭებელი სიტუაციების მიმართ გრძნობის დაჩლუნგების მიმართულებით.“ ამას ძალიან სავალალო შედეგები მოაქვს, რადგან  ადამიანები ხალისს კარგავენ შავი სამუშაო შეასრულონ, თუ ის თავისი შედეგებით მხოლოდ მოგვიანებით მოგვანიჭებს სიხარულს.

აქედან მოდის სულსწრაფი მოთხოვნილება, მათ სურთ  ყოველი გაჩენილი სურვილი მაშინვე დაიკმაყოფილონ. ადვილად მისახვედრ მიზეზთა გამო სურვილის სწრაფი დაკმაყოფილების მოთხოვნილებას განსაკუთრებით სავალალო შედეგები სექსუალური ქცევის სფეროში მოაქვს.

უფრო შორი მიზნისაკენ სწრაფვის უნარის დაკარგვასთან ერთად ქრება როგორც ინსტინქტით, ასევე კულტურით დაპროგრამებული მოხიბვლისა თუ დაწყვილების ყველა უფრო ფაქიზად დიფერენცირებული ქცევის სახეობები.

მაშასადამე, ზიანდება არა მხოლოდ ქცევის ის სახეობები, რომლებიც თავიანთი მოდგმის ისტორიის მანძილზე დაწყვილებისათვის წარმოიქმნენ, არამედ ქცევის სპეციფიკურად ადამიანური ნორმებიც, რომლებიც კულტურული ცხოვრების ჩარჩოში ანალოგიურ ფუნქციებს ემსახურება.

ნამდვილად ვეთანხმები , ადამიანი კომფორტის შვილი გახდა, როგორც ფსიქოლოგიაში ამბობენ, ყველამ საკუთარი კომფორტის ზონა ნახა, შემოისაზღვრა . მაგრამ სწორედ ეს ზონა იწვევს უამრავ ფსიქო-სოციალურ პრობლემებს და დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ ზონაში შესულ ადამიანს, რომ დააღწიოს თავი მას .

რა არის გენეტიკური გადაგვარება? რატომ მოიაზრებს მას ლორენცი მომაკვდინებელ ცოდვად? ცხოველთა და ადამიანთა სოციუმებში არსებობს საზოგადოებრივი ქცევის ნაკრები, რომელიც მიმართულია საზოგადოების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. ამაში შესაძლოა ვიგულისხმოთ სხვადასხვა სოციალური ნორმები, საზოგადოებაში ქცევის წესები , კანონები და ა.შ.

სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია სოციალური ფსიქოლოგიის ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბება, ადამიანი და სოციუმი, მასთან ადაპტირების მექანიზმი ერთ-ერთი საინტერესო და რთული საკითხია . საინტერესოა, როგორ აინტერპრეტირებს ამას ლორენცი.

როგორც მისი ნაშრომიდან ვხვდებით, ლორენცი თვლის, რომ ადამიანებს გენეტიკურად აქვთ ეს თანდაყოლილი სამართლის შეგრძნება. ანუ ადამიანებს ეს გენეტიკური კოდი აერთიანებთ. თუმცა , სოციუმში არსებობისას ვხვდებით, რომ ზოგიერთს არ გააჩნია ეს.

არიან ადამიანები , რომელთა ქცევაშიც ჭარბობს, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი, უპასუხისმგებლობა, ასეთი ქცევები მიანიშნებს ინფანტილიზმის განვითარებაზე. ხშირად, ასეთი ინფანტილიზმი სამართლებრივი დანაშაულის მიზეზი ხდება, რადგან ადამიანი ვერ აცნობიერებს მისი ქმედებებით გამოწვეულ ზიანს.

ლორენცი, ამ ინფანტილურ საზოგადოებაში მოიაზრებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მშობლებსა და საზოგადოებრივ ჩარჩოებს უპირისიპირდებიან, თან ისე, რომ მშობლების მატერიალური კალთიდან გამოსვლას ვერ ბედავენ..

ასეთ შემთხვევაში რთულია გამოასწორო, ან შეცვალო რაიმე. სწორედ, ამ ფენომენს უწოდებს გენეტიკურ გადაგვარებას, მისი აზრით, ეს საკმაოდ დიდი საფრთხეა . მართალია , სოციალური ფსიქოლოგია ამ ფენომენს სხვანაირად ხსნის, რომ სოციალურობას, მასში ადაპტურობას  უფრო შეძენილ თვისებად აღიქვამს, მეც ამას ვემხრობი. მიუხედავად ამისა, საკმაოდ საინტეერესოდ მეჩვენება ლორენცის ნააზრევიც.

ტრადიციებისგან მოწყვეტაა, ერთ-ერთი ცოდვაა ლორენცისთვის, რაც გულისხმობს იმ მოვლენის დასათაურებას, რასაც ჰქვია თაობათა ბრძოლა. ამ დროს ხდება შვილების დაპირისპირება მშობლებთან, ისინი უარყოფენ იმ კულტურასა და ტრადიციებს, რომლებსაც იზიარებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები.

ლორენცის აზრით, ეს ერთი მხრივ, კარგია, რადგან ხელს უწყობს ახალი ინფორმაციის შესრუტვას, თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში, მათ უნდა აღიარონ ის ჩვეულებები, რომლებიც სასარგებლოა კულტურისთვის, ხოლო სხვები უკუაგდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კულტურა დაიღუპება, თუ მთლიანად უარყოფს ახალი თაობა მას.

ჩემი აზრით, საკმაოდ ზომიერად, თანამედროვედ და ჯანსაღად უდგება ამ საკითხს, ყველანაირი ძველის უარყოფა არ ნიშნავს კარგს, რადგან სიძველე თავისთავად ცუდს არ ნიშნავს .

კაცობრიობის ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად ლორენცი ინდოქტრინაციას ასახელებს. ინდოქტრინაცია ნიშნავს, შთაგონებას, წვრთნას.  იგი შემეცნების პროცესსა და დოქტრინის წარმოშობის შესაძლებლობას განიხილავს. შემეცნების ორ მნიშვნელოვან საფეხურს გამოჰყოფს:ჰიპოთეზის აგებას და მის შემოწმებას.

ლორენცი აღნიშნავს, რომ ყველაზე ღირებულია ის ჰიპოთეზა, რომელიც სხვადასხვა გზებით გამოიცდება. თუ შეუმოწმებელ ჰიპოთეზაზე აგებული სწავლება მიეწოდება ხალხთა  მასებს, როგორც ჭეშმარიტება და საზოგადოებრივი აზრი, ამ დროს საქმე გვაქვს  ინდოქტრინაციასთან.  მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხშირად ხელს უწყობენ დოქტრინის გავრცელებას. მასები უარყოფენ, არ იღებენ იმ ფაქტებს, რომლებიც დოქტრინას არ ადასტურებს. ვინც დოქტრინას ეწინააღმდეგება, “MOBBING”-ის მსხვერპლი ხდება (ეს ტერმინი ნიშნავს დევნას, ზიზღს  ბრბოსგან).

ინდოქტრინაცია პირველი მტერია ინდივიდუალიზმის. ინდივიდუალური აზრის კვდომისკენაა მიმართული.  ადამიანების რიცხოვნობის ზრდა, ტექნიკური საშუალებების განვითარება, მათ შორის საზოგადოებრივ აზრზე მოქმედების ხერხების დახვეწა, იწვევს აზროვნების უნიფიცირებას. რაც ნიშნავს იმას , რომ ყველა ინდივიდი ერთნაირად აზროვნებს. ქრება აზრთა სხვადასხვაობა, შესაბამისად ჭეშმარიტების მინიმალიზაცია ხდება, ვინაიდან , კამათში იბადება ჭეშმარიტება, თუ არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა, ვერ მივალთ ჭეშმარიტ დასკვნამდე.  

ერთგვაროვანი მასა კი ადვილად სამართავია, მას შეიძლება მარტივად ვუბიძგოთ ბოროტული, უზნეო, ქმედებებისკენ, რაც თავის მხრივ ახალ-ახალი საფრთხეების წარმოშობას შუწყობს ხელს.

დღესდღეობით არსებული სარეკლამო კამპანიები, მასობრივი საშუალებები, მათ მიჰყავთ კაცობრიობა დეინდივიდუალიზაციისკენ . რაც საზოგადოებას ერთ დიდ ზომბად აქცევს, აზროვნების პროცესი სრულიად უსარგებლო გახდება, აღარ იარსებებს ახალი იდეები. შეიძლება ითქვას , რომ ინდოქტრინაცია ერთ-ერთი ყველაზე რთული ცოდვაა, ამ რვიდან , ვინაიდან, მას შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა ზემოხსენებული საფრთხეები, რომელიც აბსოლუტურ დანგრევას უქადის კაცობრიობას .

ლორენცის აზრით, ყველა ზემოხსნეებულმა ცოდვამ ადამიანი შეიძლება იმ დონეზე გააბოროტოს, რომ მიიყვანოს ბირთვული იარაღის შექმნამდე, რომელიც საბოლოო მომაკვდინებელ წერტილამდე მიიყვანს ადამიანს. მაგრამ აქ ჩნდება ჰუმანურობის დონის მნიშვნელობა, ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს გამოიყენებს თუ არა ამ იარაღს. ეს საფრთხე მანამდე იქნება შორს, სანამ ადამიანი არ დაკარგავს ადამიანობას .

საბოლოოდ, განვიხილეთ სათითაოდ რვა მომაკვდინებელი ცოდვა, ლორენცის მიხედვით , რამდენიმე მათგანი უფრო დეტალურად.

ჩემი აზრით, აქედან ყველაზე მომაკვდინებელია ინდოქტრინაცია, რომელიც დეინდივიდუალიზაციას მოიცავს, ეს ადამიანის როგორც ყველაზე მოაზროვნე ინდივიდის კვდომას გულისხმობს. ასევე, გრძნობათა გაციება, ადამიანში შლის ყველაზე ძლიერ ფსიქოლოგიურ ფენომენს, რასაც ემოცია ჰქვია და არღვევს ტანჯვა-სიხარულის ბალანსს.

ავტორი:თამარ მაისურაძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი