დიმიტრი უზნაძე – განწყობის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი

0
316

განწყობის სუბიექტური ფაქტორი

განწყობის აღმოცენებისთვის არა მარტო ობიექტური ვითარებაა საჭირო, არამედ თავისთავად იგულისხმება, სუბიექტიც, რომელზეც ეს ობიექტური ვითარება მოქმედობს. ამისდა მიხედვით, უეჭველია. განწყობა ორ ფაქტორს გულისხმობს, ობიექტურს და სუბიექტურს. საჭიროა შევჩერდეთ ამ ორივე ფაქტორის განხილვაზე!

სუბიექტური ფაქტორის გასათვალისწინებლად ძირითადი მნიშვნელობა მოთხოვნილების ცნებას აქვს. ყოველი ცოცხალი არსება – მაშასადამე, ადამიანიც – უთუოდ რაიმე მოთხოვნილების ნიადაგზე ამყარებს ურთიერთობას გარემოსთან, და ამ ურთიერთობის მთელი აზრი ისაა, რომ მან სუბიექტს ქვემდებარე მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

ამიტომ გასაგებია, რომ მოთხოვნილების რაგვარობას ყოველთვის გადამწყვეტი გავლენა აქვს ქცევაზე. თვითონ გარემო თავისთავად არასდროს არავითარი მოქმედების სტიმულს არ აძლევს სუბიექტს, თუ რომ ეს უკანასკნელი სრულიად მოკლებულია მოთხოვნილებას, რომლის დაკმაყოფილებაც ამ გარემოს პირობებში იქნებოდა შესაძლებელი.

გარემო ჩვენი მოქმედების ასეთ თუ ისეთ სიტუაციად მხოლოდ იმის მიხედვით იქცევა, თუ რა მოთხოვნილება გვაქვს, როდესაც მასთან ურთიერთობას ვამყარებთ.

აქედან ცხადია, რომ გარეშე ამა თუ იმ გარკვეული მოთხოვნილების მონაწილეობისა, მარტო გარემოს ზემოქმედების პირობებში, ადამიანს არასდროს არავითარი ქცევის განწყობა არ გაუჩნდებოდა. ჩვენ ქვემოთ დავინახავთ, რომ იმისთვის, რომ რაიმე გარკვეულ ქცევის განწყობა გაჩნდეს, სრულიად აუცილებელია ჩვენზე გარკვეული ობიექტური გარემო მოქმედებდეს – ამ პირობების გარეშე განწყობა ვერასდროს თავის გარკვეულ, თავის კონკრეტულ სახეს ვერ მიიღებდა.

მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ განწყობის რაგვარობის გარკვეულობაზე მოთხოვნილებასაც გადამწყვეტი გავლენა აქვს.

უბრალო მაგალითიც საკმარისი იქნება, რათა ეს დებულება სრულიად ნათელი გახდეს. ვთქვათ, ბუხარში ცეცხლია დანთებული და ოთახში შევდივართ. თუ გვცივა (ესე იგი, სითბოს მოთხოვნილება გვაქვს) ეს სიტუაცია – ბუხარი, ცეცხლი ჩვენზე ისე იმოქმედებს, რომ ჩვენში ბუხართან ახლო დაჯდომისა და შეიძლება ცეცხლის შემატების განწყობას გამოიწვევს.

ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საწინააღმდეგო მოთხოვნილება გვიჩნდება _ ვთქვათ, დაგვცხა და სიგრილე მოგვინდა – იგივე სიტუაცია სრულიად საწინააღმდეგო მოქმედების განწყობას აღძრავს, სახელდობრ, ბუხრიდან მოშორებისა და შეიძლება ცეცხლის ჩაქრობისასაც.

ამრიგად, უდაოა, რომ განწყობა სუბიექტურ ფაქტორსაც გულისხმობს და რომ ასეთ ფაქტორად უთუოდ მოთხოვნილება უნდა ჩაითვალოს – ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით.

განწყობის ობიექტური ფაქტორი

როდესაც ცოცხალი არსება რაიმე მოთხოვნილებას განიცდის, იგი მის დასაკმაყოფილებლად გარემოს მიმართავს; და საგულისხმოა, რომ აქ მხოლოდ ის სიტუაცია იწვევს მის ძალებს სამოქმედოდ, რომელიც ქვემდებარე მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავს. თუ რომ ასეთი სიტუაცია არსად ჩანს, ცოცხალი არსების აქტივობის ტენდენცია კვლავ ინაქტურ მდგომარეობაში განაგრძობს არსებობას: ხოლო თუ ასეთი სიტუაცია გაჩნდა, მაშინ ეს უკანასკნელი ერთბაშად აქტუალური ხდება: იგი სუბიექტს გარკვეული მიმართულებით სამოქმედოდ იზიდავს.

რა ხდება აქ? რატომაა რომ სუბიექტი ერთბაშად აქტივობას იწყებს? უეჭველია, ერთის მხრივ, ჩვენ აქ საქმე გვაქვს გარემოსთან, რომელიც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავს, ხოლო მეორეს მხრივ, სუბიექტთან, რომელიც სწორედ ამ გარემოს შესატყვის მოთხოვნილებას გრძნობს.

მოკლედ: ხდება მოთხოვნილებისა და მისი შესატყვისი ობიექტური სიტუაციის შეხვედრა. შედეგი ისაა, რომ სუბიექტს სრულიად გარკვეული აქტივობის, სრულიად გარკვეული ქცევის განწყობა უჩნდება, იმ აქტივობისა, რომელიც სწორედ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზანს ემსახურება.

მაშასადამე, განწყობის აღმოსაცენებლად მოთხოვნილების შესატყვისი ობიექტური სიტუაციაა აუცილებელი, და სწორედ ეს უკანასკნელია, რომ განწყობის ობიექტურ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს.

ამრიგად, განწყობას არც მარტო მოთხოვნილების მდგომარეობა ქმნის თავისთავად და არც მარტო ობიექტური სიტუაცია. იმისთვის, რომ განწყობა გაჩნდეს, მოთხოვნილება თავისი დაკმაყოფილების პირობების შვმცვლვლს ობიექტურ სიტუაციას უნდა შეხვდეს.

კურტ ლევინმა ერთი უეჭველი ფაქტი აღნიშნა, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: როდესაც ადამიანს რაიმე მოთხოვნილება უჩნდება, ამ მოთხოვნილების შესატყვისი საგნები და მოვლენები მის მიმართ განსაკუთრებული ძალით აღიჭურვებიან; ისინი მას განსაზღვრული მიმართულებით მოქმედებას აძალებენ, გარკვეული ქცევისკენ იწვევენ: პური მშიერს ჭამისკენ მოუწოდებს, ლოგინი დაღლილს წამოსაწოლად იზიდავს. მაგრამ საგანთა ეს იძულებითი, ეს გამოწვევითი ძალა მყის ისპობა, რაწამს შესაფერი მოთხოვნილება კმაყოფილდება.

– ლევინის ეს სწორი დაკვირვება, რომელიც ყოველ წუთს შეგვიძლია შევამოწმოთ და დავადასტუროთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება გასაგები, თუ ლევინის მიერ ნაგულისხმევს უშუალობის თეორიაზე ხელს ავიღებთ და მხედველობაში განწყობის ცნებას ვიქონიებთ. როგორც ვიცით, მოთხოვნილების მატარებელ სუბიექტს, შესატყვის საგნებთან თუ მოვლენებთან, შესატყვის სიტუაციასთან შეხვედრის შემთხვევაში, სრულიად გარკვეული მოქმედების განწყობა უჩნდება; და ეს განწყობაა, რომ თავის ფსიქოლოგიურ გამოხატულებას ლევინის მიერ აღწერილ ფაქტში პოულობს: პური მშიერში დაუფლებისა და შეჭმის განწყობას იწვევს და ამიტომაა, რომ იგი ერთგვარი მიმზიდველობის ძალის მქონედ განიცდება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი