ადამიანის ადამიანურობის ხარისხი, ანუ მარადისობის კანონი

0
275

ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობა, უკეთეს შემთხვევაში, თვლის, რომ ეს მარადისობის კანონი მას არ ეხება. მათი აზრთა წყობა, თითქოს, რაღაც ლოგიკას ექვემდებარება, რაც შემდეგში მდგომარეობს: “მე ერთადერთი ვარ, შესაბამისად, ჩემთვის, ჩემზე ამაღლებული არაფერია, ყველაფერი მე მეწინააღმდეგება, ამ წინააღმდეგობაში ან ვიმარჯვებ, ან ვმარცხდები; მინდა ვიყო გამარჯვებული და სხვა არაფერი მაინტერესებს; დაბადებიდანვე ვცდილობ ჩემი ადგილი ვიპოვო იმ მორევში, სადაც სხვებთან ერთად ვტრიალებ; ყველაფერი, რასაც ვეხები, ცდილობს თავისი არსებობა, მნიშვნელოვნება მაგრძნობინოს.“

ყველა მზადაა, საკუთარი თავის დასაცავად, გარე სამყაროსთან წინააღმდეგობაში შევიდეს; სამყაროში, თვითდამკვიდრების მიზნით, გაუთავებელი ბრძოლა მიმდინარეობს: გამარჯვებული მბრძანებელი ხდება, დამარცხებული – ხელქვეითი; ამიტომ მინდა ვიყო გამარჯვებული. ჩნდება ბეტონივით გამყარებული აზრი: ფეხებზე მკიდია სხვა, მინდა ვიყო ჩემი ცხოვრების უმაღლესი განმკარგველი”. 

ასეთი ინდივიდების ერთობაში, საზოგადოებაში, გამეფებულია აზრი: “ადამიანის ცხოვრება მისივე საკუთრებაა, მას უფლება აქვს სხვისი ნება-სურვილი უგულებელყოს და ისე იცხოვროს, როგორც სურს”; 

ეს აზრი, საბოლოო ჯამში, ყალიბდება ლოზუნგად:მე თუ არ ვიქენი გამარჯვებული, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო”. 

ეს ლოზუნგი მისთვის მისაღები და ბუნებრივია; მას ნებისმიერი განსხვავებული იდეალი სიგიჟედ, აზრობრივ სიმახინჯედ, ანაქრონიზმად, გაუნათლებლობად, რელიგიურ სიბნელედაც კი, ეჩვენება.  ის ვერ ხვდება, რომ ამაღლებული საწყისის უარყოფით ავტომატურად, სტიქიური ვნებების მონად იქცა. 

მისი აზრით, მან მშვენიერი ლოზუნგი შეარჩია, მაგრამ შედეგი მისთვის პარადოქსულია. 
მართლაც, მისი ცხოვრება ამ “იდეალის” შესაბამისად წარიმართება და გამარჯვების ნაცვლად, გონების ჩათვლით, ყველაფერს კარგავს და ბოლოს, სხვისი ძალადობის მსხვერპლიც კი ხდება. 

მისი ცხოვრების თანმდევია მუდმივი კითხვა: რატომ მოხდა ასე?

საჭიროა მას გავაგებინოთ, რომ ადამიანი საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ისეთივე განმკარგველია, როგორც თავისი ბიოლოგიური სიცოცხლისა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა, მაგრამ საკუთარი ცხოვრების შენარჩუნებისა და დამკვიდრებისთვის, ის უნდა დაექვემდებაროს იმ ხელშეუხებელ კანონზომიერებას, რომელიც მის ბუნებას მართავს და განსაზღვრავს. 

მაგ. ის მორჩილად უნდა დაექვემდებაროს მისი ნებისგან დამოუკიდებულ კანონებს, თუნდაც ჰიგიენის წესს, რომელიც მისი ფიზიოლოგიური ბუნების კანონზომიერებიდან

გამომდინარეობს. მან შეიძლება ”გაიგიჟოს თავი”, აღიაროს საკუთარი ნების უზენაესობა და კბილები არ გაიხეხოს, ან უსუფთაო საკვები მიიღოს, მეტი თავის მტვრევა არ დასჭირდება, რათა, უკეთეს შემთხვევაში, კბილის ტკივილით ან მუცლის ტიფით, უარეს შემთხვევაში კი, შიდსით იტანჯოს, ანუ დაკარგოს ყველაფერი, სიცოცხლის ჩათვლით. 

საოცრება ისაა, რომ მეორე მიდგომა გაოცებას და ირონიას არ იწვევს; პირველი კი, მისთვის მიუღებელი, ცინიზმის ობიექტია. 

ამიტომ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა რეზერვის გამოყენებით, მათ უნდა გავაგებინოთ, რომ, რათა ყოფა და სიკეთე შევინარჩუნოთ, საკუთარი ნება უნდა დავუმორჩილოთ იმ უზენაეს კანონს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას განკარგავს. 

ჩვენ შევეცდებით, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, მოგვიანებით, უფრო ღრმად გავაანალიზოთ, ახლა კი, შემოვიფარგლოთ მოკლე განმარტებით, რომელიც, ჩვენი აზრით, დისკუსიას არ ექვემდებარება.

იმისთვის, რომ სამართლიან საზოგადოებაში ვიცხოვროთ, ჩვენი ბედი და ცხოვრება ვმართოთ, აუცილებელია საკუთარ თავზე, საკუთარ ნებაზე, სტიქიურ, ბუნებრივ ინსტიქტებზე ვბატონობდეთ.

ვიმეორებთ, საზოგადოების მეტ-ნაკლებად განათლებულმა ნაწილმა უნდა შეძლოს გააზრება, რომ:ადამიანის ადამიანურობის ”ხარისხი” საკუთარი ნების შეზღუდვასა და ღვაწლის გაღებაში გამოიხატება, ანუ იმ ჭეშმარიტების სამსახურში, რასაც კაცობრიობამ მარადისობის კანონი უწოდა.

აქედან დასკვნა: ღვაწლის გაღება მოვალეობაა, ესაა საზოგადოებრივი ცხოვრების, ადამიანის ზნეობის უმაღლესი, ჭეშმარიტად პირველი კატეგორია და არა ადამიანის უფლებამოსილების დამკვიდრება, ანუ ძალადობის საწყისი. ადამიანის პირადი უფლებები, მხოლოდ მეორადი რეფლექსი, მოვალეობის წარმოებული, ანარეკლია.

აქედან გამომდინარე, ადამიანს უფლება არა აქვს, კონკრეტულ პიროვნებას უბრძანოს, ან საზოგადოებას საკუთარი ნება ძალით მოახვიოს თავს, ეს ერთის მხრივ; მეორეს მხრივ კი, არც საზოგადოებას აქვს პიროვნებაზე ძალადობის უფლება. 

თუ საზოგადოება პიროვნებისგან კაცობრიობის მიერ ჭეშმარიტებად აღიარებულ ღირებულებათა სამსახურს ითხოვს, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა იყოს ამ მოთხოვნის შესრულება კონკრეტული ადამიანის მოვალეობა. 

განსაკუთრებით იმაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ საზოგადოების, “ხალხის ნება” შეიძლება ისეთივე უსაფუძვლო, უაზრო და დანაშაულებრივი აღმოჩნდეს, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის ნება. 

გაუაზრებლად, არც კონკრეტული ადამიანის ნებას, არც საზოგადოების ნებას, არ უნდა მივანიჭოთ ტიტული – “წმინდა”, “უმაღლესი”, “განუმეორებელი”.

აცობრიობის მიერ აღიარებული ადამიანის უფლებები, საბოლოო ჯამში, პირდაპირ და ირიბად, მოვალეობის შესრულების, ანუ ღვაწლის გაღების, ერთადერთი, “თანდაყოლილი უფლებისგან” გამომდინარეობს.

დასკვნა: მთავარია უმაღლესი პრინციპისადმი სამსახური _ ღვაწლის გაღება. 
ასევე უმნიშვნელოვანესია დიდი ყურადღება მიექცეს საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობას, ანუ “მე” და “ჩვენის”, როგორც შეკრული სისტემის – ერთობას. 

საზოგადოება – “ჩვენ”, და კონკრეტული პიროვნება – “მე”, როგორც მოწინააღმდეგენი, ერთმანეთს საზოგადოებრივი ყოფის “რინგზე” ხვდებიან; და ორივეს საკუთარ აბსოლუტურ პირველადობაზე, აბსოლუტურ საწყისზე, აქვს პრეტენზია. ეს იმ დროს, როცა მათი ერთობის დამკვიდრება, როგორც თვითგადარჩენის აუცილებელი ელემენტი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს. 
“მე”-ში გაიაზრება აბსოლუტური ყოფა, სიცოცხლე და ეს გააზრება მის თვითრწმენამდე დადის. “მე” საზოგადოებას და სამყაროს აღიქვამს როგორც თვითდამკვიდრების საშუალებას, ამიტომ ის საზოგადოებას საკუთარი სურვილების განხორციელების საშუალებად მიიჩნევს. 

ასეთი მიდგომა თითქოს ბუნებრივია, ამიტომ ძნელია ასეთი გააზრება უხეშ ეგოიზმთან გავაიგივოთ. “მე” თავისი არსის სიღრმეში გრძნობს, რომ ის ერთადერთი, განუმეორებელი, უმაღლესი ფასეულობაა და მას ამის უარყოფა არ შეუძლია, და ალბათ, არცაა საჭირო. აქ იწყება საბედისწერო კონფლიქტი საზოგადოებას _ “ჩვენს” და პიროვნებას _ “მეს” შორის, ანუ კონკრეტულ პიროვნებისა და “ხალხის” ნებას შორის. 

საზოგადოების და პიროვნების დაპირისპირება დაძაბულობას ქმნის, ეს კი, ძალადობამდე პირდაპირი გზაა. შესაბამისად, ამ ორ სურვილს შორის ჰარმონიის დამყარება აუცილებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი საზოგადოება განწირულია იმ მუდმივად არასტაბილურ მდგომარეობაში ყოფნისთვის, რასაც ამ ორ ნება-სურვილს შორის მერყეობისას აქვს ადგილი; ხან “ხალხის” ნება იმარჯვებს, ხან _ “მეს” ნება; პირველ შემთხვევაში, ანუ ამ რხევის ერთ უკიდურეს წერტილში, ვიღებთ “ხალხის”, “საზოგადოების” ნების მაქსიმალურ გაბატონებას, ანუ დესპოტურ (ფაშისტურ, ბოლშევიკურ) სახელმწიფოს. მეორე უკიდურეს მდგომარეობას, ანუ “მეს” ნების გაბატონებას კი, ანარქიულ ქაოსურ საზოგადოებამდე (საქართველო) მივყავართ.

პრობლემას ის ართულებს, რომ ერთ საწყისს არ შეუძლია გამოეყოს მეორეს; ამ შემთხვევაში ყველაფერი აზრს კარგავს; შეუძლებელია ერთმა, მეორეს დაჩაგვრით გამარჯვება იზეიმოს; ნებისმიერ, ექსტრემალურ თუ არაექსტრემალურ პირობებში, ეს ორი საწყისი ერთმანეთსაა მიჯაჭვული; ერთის უფსკრულში გადაჩეხვას, მეორეს ავტომატური დაღუპვა მოჰყვება.

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი