აგრესიის დეფინიცია

0
390

საღი აზრის დონეზე თითქოსდა ნათელია თუ რა იგულისხმება აგრესიის ცნებაში, მაგრამ ცნების დონეზე მისი დეფინიცია არც თუ ისეთი იოლი აღმოჩნდა. სიძნელეს ქმნის ის მდგომარეობა, რომ ტერმინი აგრესია მრავალ განსხვავებულ მნიშვნელობას აერთიანებს.

აგრესიად ითვლება მანიაკის მიერ განხორცელებული მკვლელობებიც და კალათბურთელის მიერ განხორციელებული თამაშის სტილიც. მეუღლის უყურადღებობით გაბუტული ქმრის ჩუმი პროტესტიც – პასიურ აგრესიად ითვლება და ა.შ.

არსებობს ე.წ. უწყინარი ქცევები, რომლებიც ასევე აგრესიის კატეგორიაში მოიაზრებიან. შესაბამსად, რომ ნათელი იყოს აგრესიის გაგება, აგრესიის ცნებამ უნდა მოიცვას ყველა ეს განსხვავებული მნიშვნელობა, ამასთან საჭირო გახდა, ამ ყოველდღიურ ტერმინოლოგიურ სირთულეში გარკვევა და პირველ რიგში კალათბურთელის თამაშის აგრესიული სტილის განსხვავება დესტრუქციული აქტიობისაგან.

ერთი სიტყვით, საჭირო გახდა სხვისთვის ზიანის მომტანი აქტიობის გამიჯვნა აქტიობისაგან, რომელსაც სხვისთვის ზიანი არ მოაქვს. ამ მიზნით ბიჰევიორისტული ორიენტაციის ფსიქოლოგიურმა თეორიებმა შემოგვთავაზეს შემდეგი დეფინიცია –აგრესიულია ქცევა რომელიც ვნებას აყენებს ან მიაყენებს სხვას. ამ დეფინიციის უპირატესობაა ის, რომ ქცევა თვითონ განსაზღრავს გარკვეული აქტიობა არის თუ არა აგრესიული.

საჭიროა უბრალოდ დადგენა იყო თუ არა აქტიობა ვნების მომტანი. თუ აქტიობა იწვევს ან გამოიწვევს ტკივილს ან რაიმე სახის ზიანს, ის აგრესიულია. მაგრამ, მხოლოდ ასეთი გამიჯვნა არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან მხოლოდ ქცევის შედეგებზე მითითება არაფერს ამბობს ქცევის განზრახვაზე, რაც მნიშვნელოვანია აგრესიის ბუნების გასაგებად.

თუ ინდივიდი არ ცდილობს ვნება მიაყენოს სხვას და უნებლიედ ზიანი მიაყენა, ის არ განიხილება როგორც აგრესია. განსაზღვრა იმისა არის თუ არა აქტიობა აგრესიული, არ არის დამოკიდებული მხოლოდ დაკვირვებად ქცევაზე. ამიტომ უფრო მიღებულია აგრესიის დეფინიცია როგორც ქცევა ან განზრახვა ქცევისა რომელიც ვნებას მიაყენებს სხვას.

გარდა ამისა, მკვლევარები ერთმანეთისგან განასხვავებენ თანდაყოლილ და ინსტრუმენტალურ აგრესიას. ე.ი. აგრესიას სადაც აგრესია თვითმიზანს წარმოადგენს განასხვავებენ აგრესიისაგან, რომელიც ინსტრუმენტს წარმოადგენს გარკვეული მიზნის მისაღწევად. მაგ. როცა კალათბურთელი თავისი აგრესიულისტლით აღწევს გარკვეულ მიზანს, მისი აგრესიულობა განიხილება როგორც ინსტრუმენტალური. მაგრამ, თუ მისი აგრესია მიმართულია იქითკენ, რომ ამით შური იძიოს მოწინააღმდეგის კარგი ტექნიკური ილეთით მისი მოტყუებისათვის, ეს უკვე მტრული აგრესიაა. აგრესია ამშემთხვევაში თვითმიზანი ხდება.

არჩევენ აგრეთვე ანტისოციალურ და პროსოციალურ აგრესიას. საქმე ისაა,რომ აგრესია ყოველთვის არ განიხილება როგორც მიუღებელი, ცუდი. მაგ. პოლიციელი, რომელიც თავისი აგრესიული ქცევით უვნებელყუფს ტერორისტს ან ხულიგანს, ამით იცავს სოციალურ ნორმებს. მისი აგრესიულობა განიხილება როგორც პროსოციალური. მაშინ როცა, ტერორისტი, რომელსაც მძევლები ყავს აყვანილი, ან ხულიგანი, რომელიც ქუჩაში დებოშს აწყობს, არღვევს სოციაკურ ნორმებს და მათი ქცევა განიხილება როგორც ანტისოციალური.

ავტორი:თენგიზ ვერულავა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი