ლია ლიქოკელი – აღარ შემიძლია

0
1503

აღარ შემიძლია ეს მარტო დარჩენილი გოგოების ამბები.
ეს მარტოგოგოები, ეს ლოდინის გოგოები.
სულ წამსვლელ ზურგებს მიჩერებულები, სულ სათადარიგოები.
ეს გოგოები, ღამეების საბნის ქვეშ ტირილით გამთენებლები
და ისინიც, ვისაც ცრემლი უკვე აღარ გადმოვარდება,
დაიფარებენ ბალიშს სახეზე და ისე მიათრევენ ერთმანეთზე მიბმულ ღამეებს, გაუთენებლად.
ეს შემოდგომის გოგოები.
შარფებში ცხვირებჩაყოფილები, ჯემპრის სახელოებში თითებშემალულები,
მარტოები რომ ბრუნდებიან საღამოობით ბევრადამიანიანი ქუჩებიდან.
ცარიელ სახლებში დაბრუნებული გოგოები.
ფანჯრებს აკრულები ქოთნის ყვავილებივით.
არც მიწა უსკდებათ ფეხქვეშ და არც გულები უსკდებათ.
არც თმას დაიწეწავენ, არც იყვირებენ. ეს სიჩუმის გოგოები.
ლამაზები მაინც არ იყვნენ.
მოთმენა მაინც არ შეეძლოთ, პატიება მაინც არ შეეძლოთ.
გაძლება მაინც არ შეეძლოთ.
რამდენი ასეთი. სულ სხვადასხვანაირები და სულ ერთნაირად მარტოგოგოები.
ახლა, როცა შემოდგომაა და ჩვენ, ყველანი ქუჩებს ყვითლად მოვეფინეთ,
მე, სათადარიგო გოგო, და ლოდინის გოგო და პატიების გოგო, ვამბობ, რომ ასე არ შეიძლება.
აღარ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი