აგრესია

0
279

სამყარო ჯერ კიდევ გაჯერებულია ომებით, ტეროროზმით, მკვლელობებით, ადამიანების გატაცებებით, ბავშვების დასჯით და ა.შ.

ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დაგვრჩეს, რომ აგრესია სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუნდაც, რომ ავიცილოთ აგრესიის ზემოთ ჩამოთვლილი ფორმები, აგრესიას მაინც განვიცდით სხვა კონტექსტში, რომელიც მართლაც ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს.

იშვიათია ადამიანი,რომელსაც არ განუცდია კრიტიკა, დაცინვა, არ მიუღია შენიშვნა, ან არ დაუკარგავს მოთმინება სხვისგან გაღიზიანებულს.

სტატისტიკა შემაშფოთებელ მონაცემებს იძლევა მსოფლიოში ძალადობის მსხვერპლის რაოდენობის შესახებ. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ამ მხრივ მდგომარეობა შეერთებულ შტატებში. სტატისტიკური მონაცემებით, მძიმე დანაშაულის რაოდენობის მიხედვით (მკვლელობები, გაუპატიურება და ა.შ.) შეერთებული შტატები პირველ ადგილზე აღმოჩნდა მსოფლიოში.

სოციალური მეცნიერების წარმომადგენლები გვთავაზობენ იმის ახსნას თუ რამ განსაზღვრა აგრესიის ასეთი მაღალი დონე შეერთებულ შტატებში. მიუთითებენ, რომ: შეერთებული შტატებისთვის, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დამახასიათებელია ეკონომიკური რესურსების არათანაბარი განაწილება. ვარაუდობენ, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური განსხვავებები მკვლელობების სტატისტიკა იზრდება; რომ, თავისი სპეციფიკის გამო, შეერთებული შტატები გამოირჩევა სოციალური ინტეგრაციის დაბალი დონით.

ლაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობს მრავალი ეთნიკური და ენობრივი ჯგუფები, რაც მიაჩნიათ, რომ ქმნის სოციალურ არა მდგრადობას; რომ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მოსახლეობის ასაკობრივი განაწილება.

ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში, სადაც მაღალია 15 დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, დიდი იქნება ძალადობის და მკვლელობების რაოდენობა. შეერთებული შტატები სწორედ ასეთ ქვეყანას წარმოადგენს; მიაჩნიათ აგრეთვე, რომ ქვეყანაში სადაც არსებობს ოფიციალურად სანქცირებული ძალადობა, მკვლელობების სტატისტიკა მაღალი იქნება.

სანქცირებულ ძალადობაში გულისხმობენ ომებში მონაწილეობას და დაშვებულია თუ არა კანონით სიკვდილით დასჯა. შეერთებულ შტატებში ორივე ეს ფაქტორი არსებობს; და ბოლოს, არ გამორიცხავენ ცეცხლსასროლი იარაღის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას რაც შეერებულ შტატებში დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს.

რომ გადავხედოთ კაცობრიობის ისტორიას, რაც ამავე დროს ცივილიზაციის განვითარების ისტორას წარმოადგენს, დავინახავთ, რომ ის წარმოადგენს მუდმივი ომებისა და წინააღმდეგობების ისტორიას, სადაც ადამიანთა ერთი ჯგუფი დაუნდობლად ანადგურებდა ადამიანთა მეორე ჯგუფს. მართალია ომებს შორის იყო მშვიდობიანი ცხოვრების წლები, იქმნებოდა ცივილიზაციის შედევრები.

მიუხედავად ასეთი ბედნიერი წუთებისა, საერთო ჯამში ადამიანები საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებიან. მიუთითებენ, რომ ცხოველთა სამყაროში ადამიანები –განვითარების უმაღლეს დონეზე მყოფი ცხოველები – განსაკუთრებით გამოირჩევიან თავიანთი აგრესიულობით. თითქმის არც ერთი სახეობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ასე თანმიმდევრულად არ ხოცავს თავისივე მოდგმის არსებას, როგორც ამას აკეთებს ადამიანი. ყოველივე ამის გამო, გასაგებია ის დიდი ინტერესი რომელსაც იჩენენ მეცნიერები აგრესიის ფენომენის მიმართ. განსაკუთრებულია ამ საკითხისადმი სოციალური ფსიქოლოგიის ინტერესი.

დეფინიციით, სოციალური ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის სოციალურ აქტიობას, რაც ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მეორე ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე გავლენას გულისხმობს. აგრესიის უკიდურესი ფორმა – თავისივე მოდგმის ინდივიდის ფიზიკური განადგურება – შეიძლება განვიხილოთ როგორც სოციალური გავლენა მაქსიმალური ხარისხით.

ამდენად, აგრესიის მეცნიერული შესწავლა სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს. სოციალური ფსიქოლოგია მიზნად ისახავს გაიგოს აგრესიის ბუნება, არის თუ არა ის ადამიანისთვის თანდაყოლილი თავისებურება ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილი, შეიძლება თუ არა აგრესიის მოდიფიცირება და როგორია ის სოციალური და სიტუაციური ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ან ამცირებენ აგრესიის გამოვლენის ალბათობას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი