სოციალიზაციის პროცესი და მისი სამი ძირითადი აქტორი

0
306

ადამიანის საზოგადოების წევრად ქცევის პროცესს, რომელსაც მშობლებლები, სკოლა, მედია და სხვა სოციალური ინსტიტუტები ახორციელებენ – სოციალიზაცია ეწოდება. სოციალიზაცია საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რადან მისი წარმატებით დასრულების შემდეგ ადმაიანი ხდება საზოადოების ისეთ წევრად, რომელიც ადვილად ახდენს ადაპტაციას, როგორც არსებულ საზოადოებრივ ნორმებთან მიმართებით, ისე შემდგომ ცვლილებებთან დაკავშირებით.

საზოგადოება საერთო ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული, სოციალურად აქტიური ადამიანთა ერთობაა, რომლის მიზანიც ადამიანთა წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა – ფასილიტაციაა. თუმცა საზოგადოებრივი ცოდნა და გამოცდილება საკმაოდ დიდადაა დროში გავნრცობილი და მოიცავს როგორც წარმატებულ, ისე წარუმატებელ მაგალითებს წარსულსა და აწმყოში.

თავის მხრივ, საზოგადოება პრევენციული ტიპის ერთობაცაა: იგი თავის თავში წინასწარვე ხელს უშლის დევიაციურ, გადახრილ ქცევას, რომლის შედეგიც ზოგჯერ კრიმინალური ქცევაც შეიძლება იყოს. ამიტომაა რომ ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის მიღმა სწორედ წარუმატებელი სოციალიზაციის ნიშნები იკვეთება ხოლმე. აღნიშნული შესაძლოა განიმარტოს შემდეგნაირადაც: ან საზოგადოებრივი აქტორები – მედია, სკოლა, ოჯახი – ვერ უზრუნველყოფენ თავის მოვალებას და ვერ აძლევენ ადამიანებს იმ ნორმებსა და ღირებულებებს, რომლის შედეგადაც დევიაციური ქცევა გამოირიცხება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, თავად საზოგადოების ნაწილშია დევიაციური ქცევა მისაღები. ამ უკანასკნელ შემთხვევში თავად არა მთელი საზოადოება ეთანხმება დევიაციურ ქცევას, როგორც მეტ-ნაკლებად ნორმას, არამედ მისი ნაწილი, რაც უკვე საკამირისა შემდომი წარუმატებელი პრევენციისა.

სოციალიზაციის უმთავრესი აქტორი ოჯახია. ოჯახი, გარდა იმისა, რომ ფლობს და აზიარებს თავის ფასეულობებსა და შეხედულებებს, ასევე ეხმარება ბავშვს იმ პირვანდელი ცოდნის მიღებაში, რაც მას შემდგომ უნარ-ჩვევებს განუვითარებს. მიმბაძველი ქცევა მოზარდის ერთ-ერთი უპირველესი თვისებაა, თუმცა მიბაძვა შესაძლოა იყოს სმენითიც: ამის ერთ-ერთი მაგალითი ამბებისა და ზღაპრების მოყოლაა. თუკი ოჯახი, როგორც სოციალური ინსტიტუტი მოზარდს ისეთ ამბებსა და ზღაპრებს უამბობს, რომელიც ნაკლებად უვითარებს ჰუმანურ და აქტიურ ბუნებას, შესაბამისად მისი ეფექტიანობა საეჭვოა.

თუკი ოჯახური გარემო ჰარმონიულია, შრომა თანაბრად გადანაწილებული და ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული, მაშასადამე სავარაუდოა ვიფიქროთ, რომ სოციალიზაციის პირველი აქტორი წარმატებით ფუნქციონირებს.

კომუნიკაცია ერთ-ერთი უმთავრესი გარემოებაა: თუკი მშობელსა და ბავშვს ან მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაციის დეფიციტი შეინიშნება, შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ სოციალიზაციის პროცესი არცთუ ეფექტურია. არსებული წინააღმდეგობის, პრობლემისა და გამოწვევის შესახებ ინფორმაციის მიმოცვა მოზარდსა და სოციალურ აქტორებს შორის მნიშვნელოვანია, რადგან სხვა შემთხვავში მათი გადაჭრა ან მათთან დაკავშირებული რჩევები სულ სხვა, ყოველთვის არცთუ სანდო წყაროდან ხდება.

სკოლა ფუნდამენტური სოციალური ინსტიტუტია. მას გააჩნია არამხოლოდ განმანათლებლის არამედ აღმზრდელობითი ფუნქციაც. ეს ფუნქცია უკავშირდება მოსწავლეთათვის დისციპლინისა და ურთიერთხელშეწყობის განვითარებას. თუკი არსებობს წინააღმდეგობა, უნდა არსებობდეს დახმარებაც. გარემო, რომელშიც მოსწავლე ფუნქციონირებს, ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია მისი სრულუფლებიან მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაზე. ამ შემთხვევაშიც საკმაოდ მრავალია გამოწვევა, თუნდაც ინსტოტუციურ დონეზე: სახელმწიფო რა სასწავლო ლიტერატურას სთავაზობს მოსწავლეს მისი საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ჩამოყალიბების გზაზე? ნებისმიეირ სასწავლო ლიტერატურა არამხოლოდ მომხდარი ფაქტების კრებული, არამედ ფასეულობების ერთობაცაა. შესაბამისად მასში კოდირებული ინფორმაცია ყველა მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი ხდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლა მოსწვლეს წყაროებზე მუშაობის უნარსაც უვითარებს. ეს ფუნდამენტური პროცესია, რის შედეგადაც მოსწავლე იწყებს არა ნებისმიერი ინფრმაციის, როგორც ჭეშმარიტების მიღებას, არამედ მათ სელექციას, მათზე დაკვირვებასა და აღქმას. მარტივად რომ ვთქვათ, სკოლა ის აქტორია, რომელმაც უნდა მისცეს მოსწავლეს დაკვირვებისა და გარჩევის უნარი.

მეორე სასკოლო გამოწვევა საზოგადოებრივი აზრის ლიდერის საკითხია. ეს უკანასკნელი მასწავლებელია. მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის თუ რას ხსნის იგი, არამედ როგორ ხსნის ის მას. გარდა ამისა ღირებულია იმის გაგებაც, თუ თავად მასწავლებელი როგორ ახდენს ნებისმიეირ ინფორმაციის ინტერპრეტაციას. საზოგადოებრივი აზრის ლიდერს შეუძლია ამა თუ იმ ფაქტის სრულიად განსხვავებულად წარმოჩენის საშუალება, რაც ერთის მხრივ ანალიზის უნარის განვითარებას ან სულაც დოგმატიზაციას შეიძლება ემსახურებოდეს.

მესამე და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური აქტორი მედიაა. ტელევიზია, ბეჭდური პრესა და სოციალური ქსელი ინფორმაციის მიღების ყველაზე სწრაფი საშუალებაა. ეს ინფორმაცია უმეტეს შემთხვევაში უკვე დამუშავებული და გააანალიზებულია, როდესაც მიეწოდება მიმღებს. შესაბამისად, მოქალაქე ამ ინფორმაციას ან კრიტიკული ანალიზის შემდეგ იღებს ან უაყოფს. ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდაც არსებობს წინასწარგანწყობა, რომელიც ამა თუ იმ ინფორმაციის წინასწარვე ნეგატიურად აღქმას თანხმობას გულისხმობს. როგორც არ უნდა იყოს მიმღების განწყობა, ინფორმაციას პირდაპირ შეუძლია ზემოქმედების მოხდენა მასზე.  მედის აქვს უნარი იმოქმედოს როგორც ოჯახის, ისე საჯარო სივრცის დღის წესრიგის ფორმირებაზე, შექმნას სასაუბრო, განხილვის თემა, კრიტიკის ან მსჯელობის საგანი, ჩამოაყლიბოს გემოვნება და ტენდენცია, რომლებზეც საზოადოების წევრები, უმეტეს შემთხვევაში აქტიურად რეაგირებენ ხოლმე.

რაც უფრო მრავალია ინფორმაციის მიღების წყაროები მით უფრო ადვილია ინტერპრეტაციაც, თუმცა საინფორმაციო მრავალფეროვნება ერთგვარი სტიმულია მოქალაქის მხრიდან ანალიტიკური უნარის განვითარებისა. სწორედ ამიტომაა, რომ დიქტატურა, პირველი სწორედ საინფორმაციო საშუალებების შეზღუდვას ემსახურება, რომელის შედეგადაც ინფორმაციული მრავალფეროვნება ქრება და იქმნება საერთო თანხმობის ილუზია, რაც არსებული წესრიგის გამყარებაზეა ფოკუსირებული.

სოციალიზაციის აქტორები კიდევ სხვა მრავალია, მათ შორისაა ისეთივე რთული როგორც უმაღლესი განათლების მიღების პროცესია, ან ისეთივე მცირე, როგორც სამეგობრო წრეა. თუმცაღა პირველ შემთხვევაში, უმაღლესი განათლების დაწყების პროცესში, სოციალიზაციის ძირითადი პროცესები უკვე დასრულებულია ხოლმე. ამ ეტაპზე ძირითადად ზედაპირული ცვლილებები ხორციელდება ხოლმე, თუმცა არის გამონაკლისებიც. რაც შეეხება მცირე ჯგუფებთან ურთიერთობა, მას ცხადია დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცაღა თავის მხრივ მცირე ჯგუფებიც იმ სოციალიზაციის პროცესის შედეია, რასაც ინდივიდები გადიან ხოლმე.

შესაბამისად, შეჯამებისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალიზაცია საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რომელიც დროში საკმაოდ განვრცობილია და მრავალი აქტორისაგან შედგება. თუმცა მისი წარმატებით დასრულების პროცესისათვის აუცილებელია მაქსიმალური ჩართულობისა და მაღალი საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა, რათა მოქალაქის საზოადოების სრულფასოვან წევრად ქცევის პროცესი წარმატებით დასრულდეს.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი