ჯიდუ კრიშნამურტი:ჩვენი გონების გზას ვიკვლევთ, ის კი დიდ შეუპოვრობას მოითხოვს

0
770

ჭეშმარიტი ადამიანური ღირსება თავისუფლების გარეშე არ არსებობს, ხოლო თავისუფლების მიღწევა ძალიან ძნელია. თავისუფალი რომ იყოთ – საკუთარი თავისა უნდა გესმოდეთ, უნდა შეიცნოთ საკუთარი აზრებისა და გრძნობების მოძრაობა – და ამ გზით საკუთარი გონების მოძრაობა.

შეიცანით თავი თქვენი? შეიცანით (თეორიულად არა, პრაქტიკულად) თუ არა თქვენი მონობის ხარისხი? თუ უბრალოდ ამბობთ, რომ მონობა გარდაუვალია, რომ ცხოვრებისთვის საჭიროა ფულის შოვნა, რომ მოვალეობები და პასუხისმგებლობები გაკისრიათ. და განა ეს ახსნა გაკმაყოფილებთ?

პრობლემა ის კი არ არის, რა უნდა აკეთოთ და რა არა. საქმე გონებით გაგებას ეხება, და ამ გაგებაში არც მსჯავრს აქვს ადგილი, და არც წინასწარ განსაზღვრული მაგალითის მოქმედების მოთხოვნებს, არც ახსნას, რომლის დახმარებითაც მონური ცხოვრების აუცილებლობას ამართლებთ!

მნიშვნელოვანია, საკუთარ გონებას განუსჯელად დააკვირდეთ, უბრალოდ შეხედოთ, თვალი ადევნოთ, შეიცნოთ ის ფაქტი, რომ გონება თქვენი მონაა.

ზუსტად ეს შეცნობა ათავისუფლებს ენერგიას, ანგრევს გონების მონობას. მაგრამ თუ მარტო საკუთარ თავს ეკითხებით: „როგორ გავთავისუფლდე მონობისგან, შიშისგან, ყოველდღიური არსებობის მოწყენილობისგან“, – ვერასოდეს გაათავისუფლებთ ამ ენერგიას.

საქმე ეხება მხოლოდ იმის შეცნობას, რაც არის, რადგან ამგვარი შეცნობა ათავისუფლებს თეორიულ ნაპერწკალს. ვერ შეიცნობთ, თუ საკუთარ თავს სწორ კითხვას არ დაუსვამთ, ხოლო სწორ კითხვას პასუხი არა აქვს, რადგან პასუხი საჭირო არ არის. სწორი კითხვის უკან მდგარი მწვავე აუცილებლობა ყველაზე უკეთ უწყობს ხელს ჭეშმარიტების შეცნობას. შეცნობილი გონება ცოცხლობს, მოძრაობს, ენერგიითაა სავსე. მხოლოდ ასეთ გონებას შეუძლია გაიგოს, რა არის ჭეშმარიტება.

მაგრამ უმრავლესი ჩვენგანი, როცა ამგვარი პრობლემის წინაშე დგას, აუცილებლად ეძებს პასუხს კითხვაზე – რა ვქნა? ამ კითხვაზე სწორი პასუხის პოვნა ძალიან ადვილია, თუმცა მას ახალ ტანჯვასთან, ახალ უბედურებასთან მივყავართ. ასეთია პოლიტიკური მოღვაწეობის გზა. ასეთია ორგანიზებული რელიგიის გზა. ჩვენ ჩვენი გონების გზას ვიკვლევთ, ის კი დიდ შეუპოვრობას მოითხოვს.

საკუთარ თავს რომ ჩავწვდეთ, ჩავწვდეთ ჩვენს აზრებს, და იმას, თუ რას წარმოვადგენთ, შევაღწიოთ გონების უჩვეულო სიღრმეებში და მის მოძრაობაში, და თანაც მარტივად შევიცნოთ ეს ყველაფერი – საჭიროა რაღაც თავისუფლება.

საკუთარი თავის შესასწავლად საჭიროა ენერგია, რადგან უდიდეს სიშორეზე მოგვიწევს მოგზაურობა. ბევრი ჩვენგანი მთვარეზე ან ვენერაზე მოგზაურობის იდეით არის მოხიბლული. თვით ეს მანძილიც გაცილებით მოკლეა, ჩვენს შინაგან სივრცეებთან შედარებით.

მაშ ასე, ნამდვილად რომ შევაღწიოთ ჩვენი გონების სიღრმეებში, აუცილებელია თავისუფლების განცდა – თანაც დასაწყისში და არა ბოლოს. ნუ იკითხავთ, როგორ მიაღწიოთ ამ თავისუფლებას.

მედიტაციის არც ერთი სისტემა, არც ერთი წიგნი, არც ერთი წამალი, ვერც ერთი ფსიქოლოგიური ფოკუსი ვერ მოგცემთ თავისუფლებას!

თავისუფლება იბადება იმის შეცნობით, რომ იგი აბსოლუტურად აუცილებელია.
თქვენ ამბოხებულ მდგომარეობაში ხართ მონობის, საზიზღარი სამყაროს, ორთოდოქსალურობის ტრადიციების, პოლიტიკური და რელიგიური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ჯანყდებით, მაგრამ ამბოხება, რომელიც ვიწრო გონების ჩარჩოებს არ სცილდება, მალე არარაობამდე მიდის.

– არსებობს შეუწყვეტელი ამბოხი, რომელიც მაშინ იწყება, როცა შეიცნობთ რომ თავისუფლება – აბსოლუტური აუცილებლობაა.

სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი ვერ შეიცნობს საკუთარ თავს. არასოდეს ვუფიქრდებით ჩვენი გონების დინების გზებს ისევე როგორც არ ვუფიქრდებით ჩვენს პრაქტიკულ ჩვევებს, ჩვენს სამუშაოს. არასოდეს დაგვინახავს საკუთარი თავი სინამდვილეში: არასოდეს გვიმოგზაურია ჩვენი გონების სიღრმეებში იმ განზრახვით, რომ იქიდან რაღაც ამოვიღოთ. არასოდეს ვმოგზაურობთ საკუთარ სიღრმეებში უმიზნოდ.

როგორც კი რაღაც მიზანი გვიჩნდება, – ამ მიზნის მონა ვხდებით და აღარ შეგვიძლია საკუთარ სიღრმეებში თავისუფალი ხეტიალი. მხოლოდ აზრობრივად ვისწრაფვით თვითსრულყოფილებისკენ, ცვლილებებისკენ. თვითსრულყოფილების ბოძს ვეჯაჭვებით, რომელიც მხოლოდ პროექციაა ჩვენი ვიწრო და წვრილმანი გონებისა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი