სალომე ფანჯიკიძე – ობიექტურად სუბიექტური

0
362

გარემოს აღქმას, ადამიანების შეცნობას, ბუნებრივი მოვლენების დაკვირვებას, რომლებიც პერიოდულობით ცვლიან ერთმანეთს, ირგვლივ ნივთების აღმოჩენას, ადამიანი ბავშვობიდან იწყებს. აყალიბებს ქცევებს, სწავლობს გარჩევას – ზოგი ქცევა ცუდია, ზოგი მისაღები, ზოგიც ძალიან კარგი, რაღაც ქცევის გამო კი ვისჯებით.

პატარა ადამიანისთვის, რომელიც ახლახანს აღმოჩნდა დედამიწაზე, ყველაფერი ახალი და უცხოა, ერთდროულად საინტერესოც და საშიშიც, რადგან ბევრი რამ მასზე დიდია, ხმაურიანი, მასზე ძლიერი. უფროსები, რომლებმაც დაპატიჟეს ის ამ სამყაროში, ხდებიან მისი გიდები, გზის მაჩვენებლები. ისინი უხსნიან პატარა ადამიანებს აქაური სამყაროს მუშაობის პრინციპს – რა არის მისაღები მასში, რა არ არის, უყალიბებენ ფასეულობათა სისტემას, რომ გაარჩიონ ცუდი კარგისგან, საშიში-უსაფრთხოსგან, ტყული-მართლისგან. ანუ აძლევენ რუკას, რომლითაც მათ უნდა იხელმძღვანელოს.

ზოგი გიდი კარგად უძღვება საქმიანობას, ხელს უწყობს ადამიანის ფიზიკურ და სულიერ განვითარებას. ადამიანები უპირისპირდებიან თავიანთ პრობლემებს, ჩიხებს, გადასალახ კლდეებს და გადასაცურ ოკეანეებს, მაგრამ ავად თუ კარგად ახერხებენ მათ გადალახვას და ინარჩუნებენ წონასწორობას, შემოქმედებითობას, მუშაობის ენერგიას, მიზანს წინსვლისთვის.

სამწუხაროდ, ზოგჯერ გიდები უშვებენ მნიშვნელოვან შეცდომებს. საკუთარი მოუშუშებელი იარების, გადაულახავი შიშების, მძიმე განცდების გამო, მათი ნავიგაციის სისტემა ამ ცხოვრებაში არის გამრუდებული და შესაბამისად, ამ გამრუდებულ გზებზე ატარებენ პატარა ადამიანებსაც.

როდესაც ადამიანისთვის ამ სამყაროში მთავარი უსაფრთხოების და სიყვარულის გარანტი, თვითონ ხდება საშიში, იწვევს მუდმივ შიშს, შეუძლია ფიზიკური და სულიერი ტკივილის მიყენება, მაშინ მთლიანი სამყარო ავტომატურად ხდება საშიში და მასთან ურთიერთობის სურვილი ნაკლებია, რადგან ის რაც გვაშინებს, სასურველი არ არის. ხდება მისგან განრიდება, რომელიც სხვადასხვა ტიპის ქცევაში ვლინდება.

მუდმივი შინაგანი შიში შესაძლოა ჩამოყალიბდეს აკვიატებულ ნევროზად და უკვე ზრდასრულ ადამიანს სამყაროში აშინებს ისეთი უმცირესი ობიექტებიც კი, როგორიცაა ბუსუსი, მტვერი, ბუმბული… მისთვის აღარაფერია უსაფრთხო და მასზე უძლური. მუდმივი შეგრძნება, რომ კანზე შეეხება, ან ორგანიზმში მოხვდება, აიძულებს იყოს განსაკუთრებულად დაკვირვებული და დაძაბული, ხშირად წმინდოს ნივთები, ტანსაცმელი თუ სხვა. შფოთვის დონე ამ დროს ძალიან მაღალია, შეგრძნება საშინლად შემაწუხებელი და ადამიანები მუდმივად გაღიზინაებული არიან, რაც საბოლოო ჯამში უკარგავს ბედნიერების შეგრძნებებს და უბიძგებს მძიმე განცდებისკენ.

სამყაროს შეცნობაში ხელის შეშლა, როდესაც ბავშვებს არ ეძლევათ უფლება ითამაშონ სხვადასხვა ნივთებით, ამოისვარონ ტალახში, იტყაპუნობ გუბეებში, შემთხვევით გატეხონ ჭიქები და თეფშები, არ ჭამონ გემრილოებები, რადგან მავნებელია, შეზღუდონ ურთიერთობა სხვა ბავშვებთან, რადგან მათ სურდო აქვთ და გადაედებათ, ყოველთვის ისე ეცვათ, როგორც შეურჩევენ და არ დასვარონ ტანსაცმელი, იწვევს მნიშვნელოვანი ემოციების შეკავებას, რომელიც მოზარდობაში აუცილებლად გაფორმდება როგორც აკვიატებული ნევროზი, რომლის გამოხატულება იქნება აკვიატებული წესრიგის დამყარება, ნივთების მუდმივი ლაგება, სახლის, სამუშაო გარემოსი, რასაც თან ახლავს ძალიან მაღალი შფოთვა, მოუსვენრობა, განერვიულება.

როდესაც მოზარდობაში სექსუალური იმპულსების დათრგუნვა იმ მოტივით, რომ ეს საშინელი საქციელი ისჯება, თან მის მიერ, ვინც ყველაფერს ხედავს, ანუ ვერსად დავმალავთ ამ სამარცხვინო და უზნეო ქცევას, ეს შეკავებული იმპულსი, აუცილებლად გაფორმდება როგორც აკვიატებული ნევროზი, როდესაც ადამიანს ექნება არაცნობიერი განცდა თავისი ცოდვიანობის შესახებ და ეს გამოიხატება სხეულის, ან სხვადასხვა მისი ნაწილის ზედმეტად ხშირი დაბანით, რომ როგორმე „ჭუჭყი“ ჩამოიბანოს.

უამრავ აკვიატებულ სიმპტომში გამოხატული, სიკვდილის გაძლიერებული შიში, როგორც ბადეში გაბმული თევზი, ფართხალებს ჩვენ არაცნობიერში, ირიბი გზით აღწევს ცნობიერამდე და ფორმდება აკვიატებული მდგომარეობის ნევროზად.

აკვიატებული ნევროზი ვლინდება აკვიატებულ აზრებში, მრავალფეროვან რიტუალურ ქცევებში, იმისთვის, რომ შემცირდეს აზრებთან დაკავშირებული შფოთვა. ყველა აკვიატებულ აზრს, იქნება ეს ნივთების თუ სხვა რამის დათვლა, საშიში აზრები, მაგალითად სუიციდური, ან სხვისი დაზიანების სურვილი, უხამსი შინაარსის აზრები მშობლებზე, ახლობლებზე, სიწმინდეებზე, ადრეულ ეტაპზე გამყარებული და სიმბოლიზებულია არაცნობიერში.

მდგომარეობა მტანჯველია, რადგან ის ვერ კონტროლდება, არ ემორჩილება რაციონალურ მსჯელობას, ლოგიკურ ახსნას. შვება მოდის მხოლოდ მას შემდეგ, როცა შემაწუხებელი იმპულსები გამოიდევნება.

ფსიქოთერაპიის შედეგად ცხოვრება ხდება სასიამოვნო და არა მტანჯველი, სამყარო კი შესაძლებლობების ველი და არა საშიში ადგილი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი