ნონა ხიდეშელი:იცხოვრო – ნიშნავს იპოვო შენი ბუნებრივი განვითარების გზა

0
758

არსებობს რაღაც იდუმალი, რაც ადამიანმა მარტოობასა და სიჩუმეში უნდა განიცადოს. ეს არის წუთები, როდესაც ადამიანი საკუთარ არსებობას შეიგრძნობს, სადღაც, სულის სიღრმეებისკენ ტრიალდება და მატერიალური სამყაროს წყვდიადში ჩაძირული სული, თავის თავს თითქოს ხელახლა პოულობს.

თავს აღწევს ეგოცენტრულ ცნობიერებას, რომელიც საკუთარი არსებობის გარდა, არაფერს ცნობს და ამიტომაც განწირულია თავისი ამპარტავნებისა და სიჯიუტის გამო. სულიერი რეგენერაცია მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებში იწყება და ისიც მაშინ, როდესაც ხდება საკუთარი არცოდნისა და არასრულფასოვნების გაცნობიერება, ალბათ ასეთი იდუმალი რამ განიცადა დიდმა სოკრატემ როდესაც თავისი უკვდავი ფრაზა წარმოსთქვა. (მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი) შეუძლებელია კოლექტიური ამაღლება და გარდაქმნა ადამიანების, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს იდეოლოგია ან რელიგიური სწავლება, ვერავითარი საყოველთაო მორალი ვერ აიძულებს ადამიანს შეიცვალოს, თუ არ მოხდა შინაგანი, ინდივიდუალური გამოცდილებით პოვნა და განცდა იმ რაღაც დიადის, რაზეც მსოფლიო რელიგიები ქადაგებენ, ბრბო კვლავ ბრბოდ დარჩება და მის თავდაჯერებულობასთან ერთად კატასტროფაც გარდაუვალი იქნება.

უმჯობესია აჯობო საკუთარ თავს,  ვიდრე სამყაროს- ამბობდა დეკარტი, თუმცა არსებითი განსხვავება აქ ალბათ არც არის, რადგანაც ადამიანია თავად სამყარო, მაგრამ ეს პროცესი საკუთარი თავის, საკუთარი შინაგანი სამყაროს გააზრებითა და გაცნობიერებით უნდა დაიწყოს. გარეგნულ ცვლილებებს, მხოლოდ შინაგანი  ტრანსფორმაციის შედეგად მივიღებთ, მთავარია ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია, გავთავისუფლდეთ არასრულფასოვნების კომპლექსისგან და რაღაც გაურკვეველი შიშებისგან, რაც ყველა ბოროტების სათავეა.

უმოქმედობა რეგრესის წინაპირობაა, რადგანაც ადამიანი ერთ წერტილში, უძრავად ვერ გაჩერდება, იგი ან წინ მიდის ან უკან და მაშინაც კი, როდესაც ჰგონია რომ არაფერს ირჩევს, მაინც არჩევანს აკეთებს სიკეთის ან ბოროტების სასარგებლოდ. ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ სახეს და თუ მან ცხოვრებაში ვერაფერი გააკეთა, ვერც თავის თავს არგო და ვერც სხვას, (ეს  ერთიდაიგივეა, რადგანაც ის ვინც სხვას ეხმარება, ამით საკუთარ თავს ეხმარება) ეს მის უუნარობასა და სისუსტეზე მეტყველებს და არა უიღბლობასა და სასტიკ ბედისწერაზე.

როგორც ეგსისტენციალისტები ამბობენ – ადამიანი განისაზღვრება თავისი საქმეების მიხედვით-,  სარტრი წერდა “მშიშარას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, მეტად აღარ იყოს მშიშარა, გმირს კი აღარ იყოს გმირი. აქ მნიშვნელოვანია მხოლოდ მთელი გადაწყვეტილება და არა კერძო შემთხვევები.”

მთავარია ნათლად გავიაზროთ ერთი რამ, რასაც არ უნდა ვირჩევდეთ, მთლიანად ვატარებთ პასუხისმგებლობას ამ არჩევანზე და ზოგადად ჩვენს ცხოვრებაზე. იცხოვრო – ნიშნავს იპოვო შენი ბუნებრივი განვითარების გზა და საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია მოახდინო. სხვა შემთხვევაში ეს იქნება იმიტაცია ცხოვრების, ჩვენი იდენტიფიკაციები სხვადასხვა იდეებთან თუ იდეოლოგიებთან, სწორედაც ცხოვრების იმიტაციაა, ილუზია – რომ რაღაც მნიშვნელოვანი პერსონები ვართ და დიდს და ფასეულს ვქმნით.

სინამდვილეში სულ ცუდად ვართ, შინაგან სიცარიელეს განვიცდით, სულ სადღაც გავრბივართ, მთავარია მარტო არ დავრჩეთ ჩვენს გაშიშვლებულ და დაცარიელებულ სულთან, არ შევხედოთ საკუთარ უუნარობას, რაც  ჩვენი რეალური, ამჟამინდელი სახეა  “ რა სისულელეს არ სჩადის ადამიანი, რომ საკუთარ თავს გაექცეს, წერდა კ.გ.იუნგი, ხან ინდურ იოგას მისდევს მთელი გულმოდგინებით, ხან დიეტას იცავს, ზეპირად სწავლობს თეოსოფიას, მონოტონურად იმეორებს მაგიურ ტექსტებს- და ეს იმიტომ, რომ საკუთარ თავში ვერ გარკვეულა და არც იმის სჯერა, რომ საკუთარ სულშიც შეიძლება ნახოს რამე სასარგებლო”

საკუთარი რეალური სახის დანახვის შიში, თავისთავად შეზღუდულ ცნობიერებაზე მიანიშნებს, სადაც ჩამოყალიბებულია მთელი რიგი თეორიები და სტერეოტიპები იდეალური ადამიანის შესახებ, სავსეა ნაცნობი მოვლენებითა და შეხედულებებით, ანუ ჩვენი გონება განპირობებულია წინასწარ შექმნილი იდეებით, რაც თავისთავად არარეალურია, არაობიექტურია და სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს. თავისთავად სინამდვილე ძალიან მარტივია, უბრალოდ არის ის, რაც არის და მორჩა.

ავიღოთ ასეთი მაგალითი, პირველად მივდივარ ქალაქ პარიზში, როგორია ჩემი განწყობა, ჩემი მოლოდინი, ეს ქალაქი შემთხვევით არ ვახსენე, იგი უამრავ ადამიანში ასოცირდება სიყვარულთან, მშვენიერებასთან, ოცნებებთან და ა.შ. როდესაც რეალურად ვეცნობი ამ ქალაქს, ვფიქრობ რომ აქ განსაკუთრებული არაფერია, ჩვეულებრივი, ევროპული ტიპის ლამაზი ქალაქია და ვბრუნდები უკან ცოტათი იმედგაცრუებული (ამდაგვარი აზრი ალბათ ხშირად მოგისმენიათ).

რა თქმა უნდა, თავად ქალაქი არაფერ შუაშია, პარიზი პარიზია მთელი თავისი ისტორიით, არქიტექტურითა და  მუზეუმებით. ის ყველასთვის ერთია, პრობლემა აზროვნებაა, წინასწარ შექმნილი და ნალოლიავები ფიქრები და წარმოსახვები, რაც სამწუხაროდ მართმევს შესაძლებლობას, რეალურად დავინახო ეს მშვენიერი ქალაქი და დავტკბე მასში არსებული ღირსშესანიშნაობებით.

თავად სრულყოფილებაც კი ვერ გაამართლებს ადამიანის სუბიექტურ მოლოდინს, რადგანაც წინასწარი განწყობა ქვეცნობიერად რაღაცის ნიმუშია, რაც უკვე წარსულში არსებობდა, რისი გამოცდილებაც უკვე არსებობს და ახლა მის გამეორებას ვესწრაფვით.  უცნაურია ასევე ზოგიერთი ქრისტიანის ისტერიული განცდა, აღდგომის ღამეს მაინცდამაინც იერუსალიმში შეხვდეს, თითქოს მაცხოვრის ჯვარცმის მისტერია გეოგრაფიული ადგილების საკუთრებაა და არა სულის განუყოფელი  ნაწილი.

სული დაცარიელდა, როდესაც ყველა იდუმალი თუ მისტიკური მოვლენის პროეცირება ემპირიულ სახე-ხატებში მოვახდინეთ, ის რაც სულის საკუთრება იყო, გარეთ გამოვიტანეთ და თაყვანისცემითა და რიტუალებით შევალამაზეთ. შევქმენით უამრავი რელიგია, სექტა თუ მიმდინარეობა, დაიწერა უამრავი წიგნები, ყველას თავისი დოქტრინა აქვს, თავისი წესები,  რიტუალები, საიდუმლოებები, ყოველი მათგანი საკუთარ ჭეშმარიტებას ამტკიცებს, გვთავაზობენ რაღაც გზებს გადარჩენის, ვისაც არ ეზარება, ყველა რაღაცას ქადაგებს, ხან სასუფევლის ნეტარებაზე გვიყვებიან, (თითქოს თავად განეცადოთ ეს) ხან კი ჯოჯოხეთის ცეცხლით გვაშინებენ, უმთავრესი კი, რაც ქრისტემ თქვა , და რაც ქვაკუთხედია ადამიანის არსებობის “ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ” (იოანე თ13)  კვლავ რჩება ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი