მერაბ მამარდაშვილი:გაინძერით ან ამოძრავდით, სანამ გაიელვა სინათლემ

0
928

პატარა ეპიზოდი, რომელიც პრუსტს გადახდა, პრუსტის შეცდომის ეპიზოდი. ამის საშუალებით განვმარტავ, რას ნიშნავს „მუშაობა“. ეს არის რაღაც უნიკალური, რომლის გაკეთებაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. უპირველესად, ცოდნის გადაცემა შეუძლებელია (მარსელს არ შეუძლია, რომ სენ-ლუს რახილის შესახებ თავისი ცოდნა გადასცეს), ცოდნათა შეჯამებაც შეუძლებელია.

სენ-ლუ ვერ გამდიდრდება იმ ცოდნით, რომელიც აქვს მარსელს და საკუთარ ცოდნას ვერ დაუმატებს მარსელისას. მათი შეკავშირება შეუძლებელია. ეს ერთი. მეორეც – დროის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. საჭიროა წამის გამოყენება, სწორედ წამიერი შთაბეჭდილების შიგნით მუშაობა.

და აი, ანეგდოტიც, რომლის მოყოლაც მინდოდა, ანეგდოტი სახარებიდან. პრუსტი ორჯერ – რომანის ძირითადი იდეის განმარტებისას, მეორედ კი მეგობრისადმი – ჟორჟ დე ლორისისადმი მიწერილ წერილში, – საგულისხმო შეცდომას უშვებს, როდესაც კანონიკურ ტექსტს მოიხმობს, რომელიც, წესით, ზეპირად უნდა სცოდნოდა (ზეპირად მან ბევრი ტექსტი იცოდა, შესანიშნავი მეხსიერება ჰქონდა), ამიტომაც შეცდომა აქ მეხსიერების ნაკლებობით კი არ არის განპირობებული, არამედ იმით, რომ შეცდომამ თვითონვე გამოხატა სულის გარკვეული შინაგანი ჟინი, ტიპური შეცდომა (ან, როგორც ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, „სიმპტომური“, არაშემთხვევითი, ანუ ისეთი შეცდომა, რომლის წყალობითაც რაღაცის გაგება შესაძლებელია, თუკი შეცდომად განვიხილავთ).

პრუსტი მოიხმობს სიტყვებს იოანეს სახარებიდან, რომლებიც ახლა ჩვენთვის თავისთავად მნიშვნელოვანია, შეცდომის მიუხედავად: „კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ“ (იოანე, 12:35). აქ ნათქვამია, რომ ჭეშმარიტებას აქვს თავის გამოვლენის ისეთი თვისება ან ისეთი კანონი, რომ მხოლოდ ელვის სახით ჩნდება (ჭეშმარიტების გამოვლენა – მაგალითად შეუძლებელია, ჭეშმარიტება მზესავით მთელი დღე ანათებდეს).

ერთი სიტყვით, სანამ ის არსებობს, – იარეთ, ნათქვამია სახარებაში. მე ასე ვიტყოდი – ჩვენს პრობლემებთან ახლოს რომ იყოს და სახარებისეული ტექსტიც რომ განვმარტოთ – გაინძერით ან ამოძრავდით, სანამ გაიელვა სინათლემ.

ეს „კორექტირება“ ჩემი მხრიდან შემთხვევითი როდია, თუმცა, ამგვარი ტექსტების კორექტირებას აზრი არ აქვს. პრუსტი კი ორივე შემთხვევაში უნებლიეთ, არაცნობიერად მოიხმობს ტექსტს შეცდომით. კიდევ ცოტა ხნით იქნება სინათლე თქვენთან, სანამ ანათებს – იმუშავეთ.  Travaillez – წერს ის.

უნებლიე შეცდომაა, არატიპური, ვინაიდან საუბარია შრომის დროზე, რომლის ნიშანია წამი, წამის წილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტების სივრცის გაფართოება მხოლოდ შრომის გზითაა შესაძლებელი, თავისთავად კი ის – წამია და თუკი ხელიდან გაუშვი… მორჩა – ქაოსი და ნგრევა დაიწყება, აღარაფერი განმეორდება – და სამყარო არყოფნაში გადავა; მათ შორის ჯოჯოხეთის უსასრულო განმეორებაში.

ეს იქნება შენი გაურკვეველი, დაუსრულებელი, მანკიერი მდგომარეობა, ის უსასრულოდ განმეორდება და ვერასოდეს მიიღებ გამოცდილებას, ამავე დროს იმიტომაც, რომ ყოველ ჯერზე ხელიდან უშვებდი წამს – არ ყოვნდებოდი შრომაში. მოდით, ამას პირობითად ცხოვრებისეული შრომა ვუწოდოთ, რომელიც ელვის ნიშნითაა გამოხატული.

მართლაც, ჯერ კიდევ ჰერაკლიტე ამბობდა, რომ სამყაროს მართავს ელვა. და კიდევ, უკანასკნელი ფრაზა. ფრანგ პოეტს – სენ-ჟონ პერსს აქვს ასეთი კონსტრუქცია, რომელიც, რა თქმა უნდა, პარადოქსული მოგეჩვენებათ, მაგრამ გამოხატავს იმას, რაზეც ვსაუბრობდით. ერთ თავის ლექსში პოეტი იყენებს სიტყვათშეთანხმებას: ელვის სინტაქსი.

განსაზღვრების თანახმად, ელვას არ შეიძლება გააჩნდეს სინტაქსი, – მას, რაც წამის წილს მოიცავს, შეუძლებელია ჰქონდეს სინტაქსი, რომელსაც სივრცე სჭირდება. და მაინც, პოეტმა ეს გამოთქმა გამოიყენა: ელვის სინტაქსი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი