ფრიდრიხ ნიცშე – ძალაუფლების ნება

0
399

იმის შემდეგ, რაც იდეალური, ტრანსცენდენტური სამყარო ილუზია აღმოჩნდა, იმის შემდეგ, რაც „ღმერთი მოკვდა“, უკვე შეუძლებელია ყოველივე არსებულის ჭეშმარიტი არსება ვეძებოთ ამქვეყნიურის მიღმა. პლატონისა და მისი მიმდევრების მეტაფიზიკა, რომელიც ყოფიერების გამოცანის ამოხსნას იდეათა მარადიული, უცვლელი სამყაროს საშუალებით ცდილობდა, ნიცშეს თანახმად, წარსულს ჩაბარდა. ტრადიციული მეტაფიზიკის პასუხი იმის თაობაზე, თუ რა არის არსებული, როგორც არსებული, მცდარი აღმოჩნდა, მაგრამ თავად კითხვას ნიცშე სავსებით კანონიერად თვლის.

ყოფიერების ნიცშესეული გაგება პლატონის თვალსაზრისის საპირისპიროა: ნამდვილი, ჭეშმარიტი სამყარო მისთვის არ არის დროსა და სივრცეს, ქმნადობას მოკლებული სამყარო. ერთადერთი ჭეშმარიტი სამყარო, აი, ეს — გრძნობადად მოცემული, ქმნადი, დროსა და სივრცეში გაშლილი სამყაროა. ჭეშმარიტია „მიწა“ და არა „ცა“. ზარატუსტრა ამბობს: „გემუდარებით ძმებო, იყავით მიწის ერთგულნი და ნუ ერწმუნებით იმათ, ვინც ზემიწიერ იმედებზე გესაუბრებათ.“ ყოველივე „მიწიერს“ — პირველ ყოვლისა სხეულს — უნდა დაუბრუნდეს დაკარგული უფლებები, რადგან ჩვენი არსება მიწიერია, ამქვეყნიურია. მიწა, რომლის ერთგულებისკენაც მოუწოდებს ზარატუსტრა, ცხადია, არ უნდა გავიგოთ როგორც რაღაც უსიცოცხლო სხეულის ნაწილაკთა ერთობლიობა. მიწის ერთგულება ნიშნავს ამქვეყნიურის ერთგულებას. ადრე ღმერთი ითხოვდა ერთგულებას. ღმერთის სიკვდილის შემდეგ ერთგულებას შეიძლება ითხოვდეს მხოლოდ ამქვეყნიური, მიწიერი — სიცოცხლე. მიწიერი სიცოცხლის იმპულსები, მოთხოვნილებები, ლტოლვები – აი, რისი ერთგული უნდა იყოს ადამიანი. ამ სიცოცხლის „ადგილსამყოფელია სხეული, — სული, აზროვნება, შემეცნება მხოლოდ იარაღია სიცოცხლისა, სხეულისა.

სიცოცხლე ნიცშესათვის ყოველი არსებულის არსებაა: არსებული, როგორც არსებული, არის სიცოცხლე.

რაში გამოიხატება სიცოცხლის არსება, მისი „ცოცხალობა?“

ცოცხალი ნიცშესთვის მუდამ სწრაფვაა, ლტოლვაა, ამდენად, რაიმეს ნებაა. შოპენჰაუერი ფიქრობდა, რომ სიცოცხლის არსება ნებაა. სიცოცხლეს არ ნებავს არსებობა, ფიქრობს ნიცშე, ვინაიდან ის უკვე არსებობს. სიცოცხლე არსებობის ნება კი არ არის, არამედ განმტკიცების, გაძლიერების, მაშასადამე, ძალაუფლების ნებაა. ამრიგად, ნიცშე სამყაროს, როგორც მთელის, თავის გაგებას გვთავაზობს. ამ სამყაროში ვერ იპოვით მარადიულს, იდეალურს, დროის განზომილებას მოკლებულ მოვლენებსა და საგნებს. სამყარო სიცოცხლეა და ყოველ არსებულში — ქვა იქნება ეს თუ მცენარე, ცხოველი იქნება ეს თუ ადამიანი — თავისებურად ვლინდება სიცოცხლის არსება — ძალაუფლების ნება: „იქ, სადაც ცოცხალი ვიპოვე, ვიპოვე ძალაუფლების ნება“, — გვამცნობს „ესე იტყოდა ზარატუსტრა“. და რადგან ძალაუფლების ნება, თავისი თავის გაძლიერების, ამაღლების, განმტკიცების ნებაა, ის საკუთარი თავის დაძლევაა, თავის თავიდან გასვლაა, მაშასადამე, მარადიული ცვლილებაა, დროსა და სივრცეში გაშლილი ქმნადობის პროცესია. სამყარო სიცოცხლის, ძალაუფლების ნების მატარებელი ერთმანეთისაგან განსხვავებული, ერთმანეთისადმი დაპირისპირებული, ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული ცენტრების, ინდივიდების სარბიელია. დრო, ქმნადობა, ბრძოლა — ეს ნიშნები არსებითია ამ სამყაროსთვის.

ნიცშე ფიქრობს, რომ ღირებულებათა განმსაზღვრელი სიცოცხლეა, ე.ი. ძალაუფლების ნება. ღირებულება ნიცშესათვის სხვა არაფერია, თუ არა სიცოცხლის განმტკიცებისა და ზრდის პირობა. ამდენად, ძირი ყველა ღირებულებისა — ტრადიციულისა და მომავლისაც — მხოლოდ სიცოცხლეში უნდა ვეძიოთ.

მაგრამ აქ ერთ ვითარებას უნდა მივაქციოთ ყურადღება: სიცოცხლე, ფიქრობს ნიცშე, ყოველ ადამიანში ერთნაირი ძალით როდია მოცემული. სიცოცხლე შეიძლება იყოს აღმავალი, ძლიერი, ომის წყურვილით აღსავსე და შეიძლება იყოს დაღმავალი, სუსტი, ავადმყოფური, მოღლილი. სიცოცხლის ორთავე სახეს საფუძვლად უდევს ძალაუფლების ნება: სუსტი სიცოცხლეც ესწრაფვის ბატონობას. ძლიერი, აღმავლობის გზაზე დამდგარი სიცოცხლე არ გაურბის ბრძოლას, ქმნადობა-მოძრაობას, პირიქით, ქმნადობა, მარადიული შენება და ნგრევა, მარადიული ომი მისი სტიქიაა. სიმყარე, უშფოთველობა, უმოძრაობა, ნეტარება იდეალია მხოლოდ იმ სიცოცხლისა, რომელიც სუსტია, დაღმავალია. მყარი, მოძრაობას მოკლებული სამყაროს ჭეშმარიტ სამყაროდ მიჩნევა ის პირობაა, რომელშიც სუსტი, უძლური სიცოცხლე შეძლებს თავისი თავის შენარჩუნებასა და დადგენას. ნიცშეს თანახმად, ტრადიციულ ღირებულებებში ვლინდება უძლურთა ძალაუფლების ნება. იმისათვის, რომ იბატონოს, სუსტი სიცოცხლე უარყოფს ქმნადსა და მარად მოძრავ სიცოცხლეს. უძლურ სიცოცხლეს არსებითად სურს „არარა“. „ღმერთი“, „იდეალური სამყარო,“ „უმაღლესი ღირებულება“ მხოლოდ ნიღაბია, რომლის უკან „არარა“ იმალება.

სუსტი სიცოცხლის გამოვლენის საუკეთესო მაგალითია ქრისტიანული მორალი. როგორ წარმოიშვაის? ამ კითხვაზე პასუხს იძლევა „მორალის გენეოლოგია.“

სიცოცხლის სიჭარბე ზოგიერთ ადამიანს წოდებრივ უპირატესობასაც აძლევს — ის არის დიდგვაროვანი, კეთილშობილი, თავისუფალი, დაშორებული ყოველივე მდაბალს, ის არის ბატონი. ნიცშეს თანახმად, ეს დისტანციის პათოსი, წოდებრივი უპირატესობის გრძნობა უდევს საფუძვლად ბატონთა მორალს. ბატონისთვის „კარგია“ საკუთარი თავი, ის, რაც ეკუთვნის მის კასტას, მის წოდებას, მისი კასტის წარმომადგენელთა ქცევები. „კარგს“ უპირისპირდება „ცუდი.“ ეს შეფასება ეხება სიცოცხლის ძალას მოკლებულ სუსტ ადამიანებს, რომლებიც წოდებრივად დაბალ საფეხურზე დგანან. „ცუდი“ ბატონისათვის არის ის, ვინც მოკლებულია ყოველგვარ კეთილშობილებას, თავისუფლებას, ომის წყურვილს, — მონა. ბატონის მორალი პატივს სცემს კეთილშობილებას, ძალას, ბატონობას, მამაცობას, დაუნდობლობას — ყველაფერ იმას, რაც ძლიერი სიცოცხლის მანიშნებელია. ბატონი არ არის „მოშინაურებელი ცხოველი,“ ის არის „მტაცებელი ცხოველი,“ გამარჯვების მაძიებელი „ქერა ბესტია.“ არისტოკრატს, კეთილშობილს ვალდებულებები აქვს მხოლოდ თავისი კასტის წინაშე.

მონა სუსტია, ნაკლულია, „ავადმყოფია,“ მაგრამ ძალაუფლების ნება ამოძრავებს არამარტო ძლიერს, არამედ სუსტსაც. თუ ბატონი ქმნის მორალურ ღირებულებებს ისე, რომ მხედველობაში აქვს, პირველ ყოვლისა, თავისი თავი, თავისი კასტა, მონის ყურადღება ღირებულებების შექმნისას ბატონზეა მიპყრობილი: მას ამოძრავებს ერთი ძირითადი გრძნობა — შურისძიება, „რენასიმენტი“: მონას სურს სამაგიერო გადაუხადოს ბატონს ჩაგვრისათვის. როცა ეს შურისძიების გრძნობა შექმოქმედებით ხდება და ღირებულებებს ბადებს, ნიცშეს სიტყვებით, იწყება „მონათა აჯანყება მორალში.“ ყოველივე ის, რაც ღირებულია ბატონის მორალისათვის, მონის მიერ ფასდება როგორც „ბოროტება.“ „ბოროტებაა“ ის, რასაც ქება-დიდებას ასხამს ბატონი, რაც მოსწონს და რითაც თავი მოაქვსმას. „კეთილია“ ყველაფერი ის, რაც სუსტის არსებობას განამტკიცებს. „კეთილია“ ყველაფერი ის, რაც დაჩაგრულის, სნეულის არსებობას გააადვილებს, „კეთილია“ უძლური, ტანჯული, ღატაკი, ავადმყოფი. მონათა მორალი ქებას ასხამს თანაგრძნობას, თვინიერებას, სიყვარულს, მშვიდობას, მაგრამ ამ შეფასებების უკან იმალება თანაგრძნობისა და სიყვარულის საპირისპირო მოტივი — შურისძიება. თანადროული მორალი, ნიცშეს სიტყვებით, სწორედ მონათა ჯოგური მორალია: მონებმა გაიმარჯვეს, თავისი ღირებულებების ზეგავლენით მათ შეძლეს მტაცებელი ცხოველის მოშინაურება. ჯოგისთვის ნიშანდობლივია პიროვნულის ნიველირება: ადამიანს ეკისრება იზრუნოს საზოგადოებრივ ინტერესებზე, საყოველთაო ბედნიერებაზე, დაუმორჩილოს თავისი ინტერესები მასის ინტერესებს. ეს ნიშნავს იმის მოთხოვნას, რომ ადამიანმა ჩაკლას თავისი საკუთარი პიროვნება, გააუქმოს „მე“ და იყოს ისეთი, როგორიცაა ყველა სხვა. გამგებელი ხდება არა პიროვნება, არამედ მასა. მტრად შერაცხილი ხდება ყველაფერი, რაც საშუალო დონეს სცილდება, რაც ინდივიდის ძალით არსებობს.

ადამიანში პიროვნულის ქრობის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მიზეზს ნიცშე ქრისტიანობის ძირითად მცნებებში ხედავს. პირველ რიგში, ეს ეხება თანაგრძნობის პრინციპს. თანაგრძნობის აქტში ადამიანი აუქმებს თავს და სხვისი ტანჯვის მორჩილი ხდება. თანაგრძნობა უნარჩუნებს არსებობას სუსტს, უძლურს, იმას, ვინც იღუპება და უნდა დაიღუპოს. უძლურის თანამგრძნობი თვითონვე იქცევა უძლურად. ასევე აკარგვინებს ადამიანს ცხოვრების გემოს ქრისტიანული პრინციპი სხეულის გვემისა, ასკეტიზმისა, გრძნობად-მიწიერზე უარისთქმისა. ის ფილოსოფიური, მორალური, რელიგიური იდეალები, რომლებითაც ცხოვრობს თანამედროვე ადამიანი, ნიცშეს რწმენით, დეკადანსის იდეალებია. ცივილიზებულ ევროპელს აშინებს ძლიერი ვნებები, ძლიერი განცდები, ჭიდილი, ტანჯვა, რომელთა გარეშე სიცოცხლე ჭაობად იქცევა. თანადროული ევროპელი ცხოვრობს ყოველდღიური პატარა საქმეებით, ის „კეთილია,“ „სამართლიანია,“ დამჯერია, თვინიერია. მისი მთავარი საზრუნავია პირადი კეთილდღეობა, პაწია ბედნიერება.

მონათა მორალი ნიცშესთვის იგივეა, რაც ქრისტიანული მორალი — ნიჰილიზმის ეს ერთ-ერთი მკვებავი წყარო. ნიჰილიზმის დაძლევა ამ მორალის „სიკეთისა“ და „ბოროტების“ დაძლევაც იქნება. ტრადიციულ მორალს უნდა დაუპირისპირდეს „იმორალიზმი“, ტრადიციული „სიკეთისა“ და „ბოროტების“, ე.ი. სუსტი სიცოცხლის მიერ შემუშავებული ღირებულებებით გაპირობებულ ადამიანს უნდა დაუპირისპირდეს ადამიანი, რომელიც „სიკეთისა და ბოროტების მიღმაა“, ძლიერი, სრულყოფილი სიცოცხლის საფუძველზე ქმნის ღირებულებებს.

ავტორი:თაზო ბუაჩიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი