თამაზ ბუთხუზი:ადამიანი ის არსებაა, რომელსაც უნარი შესწევს საკუთარ თავს სძლიოს

0
765

ნებისმიერი, ვინც საკუთარი, ეგოისტური, სურვილების რეალიზების მიზნით, საზოგადოებრივი სტრუქტურის შეცვლას ცდილობს, საკუთარ ქმედებას, შეძლებისდაგვარად, ზნეობრივი იდეით ფუთავს.

ჩვენი აზრით, საზოგადოებაში ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი იდეალების დამკვიდრების მიზნით, საზოგადოების ნებისმიერი წევრი შემდეგი ძირითადი პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს:

პირველი – სოციალურ-პოლიტიკური იდეალი, მთელი თავისი კონკრეტულობით, ზოგად, მუდმივ, საზოგადოებრივი ცხოვრების პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს. 

მეორე – გათვალისწინებულ იქნას ის ემპირიული მასალა, რისგანაც შედგება საზოგადოება, ანუ ცხოვრების, მატერიალური პირობების, ზნეობის, ინტელექტუალურ-რელიგიური დონის ობიექტურ გააზრებას უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს. 

მესამე – გათვალისწინებულ იქნას სოციალურ ფენათა შორის თანაფარდობა და ურთიერთდამოკიდებულება. 

მეოთხე და ძირითადი – გააზრებულ იქნას ის ისტორიული ამოცანა, რაც, დროის მოცემულ მომენტში, კონკრეტული საზოგადოების წინაშე დგას.

მართლაც, როდესაც ექიმი ავადმყოფის მკურნალობას იწყებს, ის არა მარტო ფიზიოპათიის ზოგად კანონებს, არამედ პაციენტის კონკრეტულ მდგომარეობასაც ითვალისწინებს. ის აბსოლუტური ობიექტურობით იაზრებს მისთვის ხელმისაწვდომ კვლევის შედეგებს (სისხლის ანალიზის, ფლუოროგრაფიის, ექოსკოპიის და ა. შ. მონაცემებს) და დაავადების შესახებ დასკვნას მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებს. 

ასევე პედაგოგი, რომელიც სასწავლო პროგრამებს ადგენს, არა მარტო ფსიქოლოგიისა და ეთიკის ზოგად პრინციპებს ეყრდნობა, არამედ აღსაზრდელის გონებრივ, ფიზიკურ და ზნეობრივ მდგომარეობასაც ითვალისწინებს. 

შესაბამისად, საზოგადოების მართვის ხელოვნება – პოლიტიკა, მკურნალობას ჰგავს და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს იმის დადგენა, თუ მკურნალობის რომელი მეთოდი უფრო ეფექტურია – თერაპია, ჰიგიენა თუ ჰომეოპათია, რათა იმ გამოუვალ მდგომარეობამდე არ მივიდეთ, როდესაც ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდება (ქირურგია ხომ სასოწარკვეთილი, გზააბნეული თერაპიაა). 

საჭიროა ყველა ჰუმანური მეთოდის გამოყენება, რათა საზოგადოებაში შინაგანი შემოქმედებითი ძალები განვითარდეს და თუ ზემოხსენებულ მოსაზრებაზე შევთანხმდებით, მაშინ არ გაგვიჭირდება იმ მარტივი დასკვნის გაკეთება, რომელიც, დემაგოგთა არმიის გარდა, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. 

-კარგია ის მმართველობის ფორმა, რომელიც მოცემულ კონკრეტულ პირობებში, გაცნობიერებულ მოუსყიდველ ენერგიულ ადმინისტრაციას იძლევა;

-კარგია ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შრომის ნაყოფიერებას არა ზოგადად, არამედ მოცემულ კონკრეტულ პირობებში განავითარებს;

-კარგია მხოლოდ ის სოციალური დამოკიდებულება, რომელიც რწმენას, ზნეობას, განათლებას, ანუ, საბოლოო ჯამში, სოციალურ სამართლიანობას აამაღლებს.

და ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს, რათა საზოგადოების ორგანულ გამთლიანებას ჩაეყაროს საფუძველი. 

ყოველივე ამის გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს ადამიანთა რაციონალური ურთიერთობის განმსაზღვრელი – იდეოლოგია, სოციალური იდეალები, რაც ჩვენთვის საერთო ამოცანის გადაწყვეტას დააჩქარებს; ანუ მარტივად რომ ვთქვათ, 
ნათლად უნდა გვქონდეს წარმოდგენილი რა გვინდა, როგორ, რა სულიერ და ზნეობრივ საფუძვლებზე. 

ცხადია, ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, იდეოლოგიის შემუშავებაში მკაცრად შერჩეული, ფართო საზოგადოების მონაწილეობა, აუცილებლობას წარმოადგენს; ეს პროცესიც, როგორც ყველა იდეალის დამკვიდრება, ფარდობით მიდგომას მოითხოვს, რადგან ემპირიულ პირობებზეა დამოკიდებული, ანუ გარემომცველ სამყაროზე, დროსა და სივრცეზე. 

აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ, იდეა აღსრულებადი უნდა იყოს (არაუტოპიური) და მეორეს მხრივ, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას მაქსიმალურად მიუახლოვდეს.
ისტორია გვასწავლის, რომ მიწიერ სამოთხეზე ოცნება უტოპიაა, რადგან იქ რეალურად არ გაითვალისწინება ადამიანის არასრულფასოვნება, ცდუნება, ცოდვა. 

საზოგადოებაში ასეთი უტოპიური იდეალების აქტიურად დამკვიდრების მცდელობას, არა თუ სასურველ შედეგამდე, არამედ პირიქით, არსებული პრობლემების კიდევ უფრო დამძიმებამდე მივყავართ. 

იაკობინელების – აბსოლუტური სახალხო მმართველობისა და ბოლშევიკების – საყოველთაო სამართლიანობის დამკვიდრების ოცნებებიც, სწორედ ასეთი უტოპიური იყო.  იაკობინელებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ რაც შეეხება ბოლშევიკების ”სამართლიანობას”, ჩვენმა მამა-პაპამ, და ჩვენც, საკუთარ სულსა და სხეულზე გამოვცადეთ; ამიტომ აუცილებელია, ყველა კონკრეტულ მდგომარეობაში, გარემო პირობები, აბსოლუტურად იდეალურ და ემპირიულ ადამიანს შორის განსხვავება გავითვალისწინოთ.

შესაბამისად, საზოგადოებისთვის სახიფათოა ისეთი აღგზნებული რეფორმატორი, რომელიც ვერ ხვდება, რომ ზოგიერთი სოციალური ავადმყოფობისა და დეფექტის მკურნალობას უდიდესი ენერგია, გარკვეული დრო და სივრცე სჭირდება. 

შიშველი ლოზუნგები – “გადავარჩინოთ საქართველო”, “დავამარცხოთ ბოროტება”, ”მოვსპოთ კორუფცია” რა ლამაზიცა და ამაღლებულიც უნდა მოგეჩვენოთ, უმრავლეს შემთხვევაში, სულსწრაფი, რადიკალური, გაუაზრებელი ქმედებისკენ მოწოდებას ნიშნავს, ან კიდევ უფრო მეტ ბოროტებას ფუთავს, რაც ინტერესთა სფეროს გადანაწილების სურვილში გამოიხატება.

ეს კი, ერთი ბოროტების, მეორეთი შეცვლის, პირდაპირი გზაა და რა სამწუხაროც უნდა იყოს, ხშირ შემთხვევაში, უფრო სასტიკითაც; შესაბამისად, ახალი, უფრო რადიკალური ლოზუნგების შეთხზვის პირობები იქმნება. 

ამიტომაა ადამიანთა ისტორია დრამატული პროცესი. ხალხთა ტანჯვის ხარჯზე, ცეცხლითა და მახვილით დამკვიდრებულ იდეალებს, მცირე დროში განხიბვლა და გაუცხოება ელის; ეს კი, “რეფორმატორებს” იმპულსს აძლევს გამოიგონონ რაღაც ახლი იდეები, რომლებიც, ხშირად, თავდაპირველის საწინააღმდეგო და გამომრიცხავია. 

ცივილიზაციის ისტორია ერებსა თუ შიგა დაჯგუფებებს შორის ურთიერთდაპირისპირების, ბრძოლის, კონსტანტაციას წარმოადგენს. ეს დაპირისპირება უდიდესი სიმძაფრითა და სისასტიკით, ყოველგვარი საშუალებებით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს; ამ წინააღმდეგობას ეწირებოდა მილიონობით ადამიანთა სიცოცხლეცა და ქონებაც; ამ ბრძოლას, უმრავლეს შემთხვევაში, რაღაც აბსოლუტურ აზრს ანიჭებდნენ, რათა აურაცხელი მსხვერპლი გაემართლებინათ და საკუთარი მიზნისთვის მიეღწიათ. 

ყოველი ასეთი იდეა, საზოგადოებრივი ცხოვრების ქვენაგრძნობებს მოიცავს, რადგან, სხვაგვარად, იდეისთვის ასე ბრმა, უაზრო თავგანწირვა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებისას, როდესაც ისტორიული ფაქტების გააზრებასა და ჩვენს სასიკეთოდ გამოყენებას ვცდილობთ, ალალბედზე კი არ უნდა ვიმოქმედოთ, არამედ უნდა შევჩერდეთ და გავიაზროთ _ საიდან მოვდივართ, სად ვიმყოფებით და საით მივდივართ. 

სიცოცხლეს აღიქვამს და ცხოვრობს პიროვნება, ანუ “მე”; რაც შეეხება ცნებას “ჩვენ”, ის თითქოს “მეების” სუბიექტური სინთეზია, ანუ აბსტრაქტულად გაერთიანებული “მეები”. ასეთი გააზრება ყველა ბრწყინვალე გონებაში პროტესტის გრძნობას იწვევდა და ეს თემა, პლატონის დროიდანვე, დისკუსიის საგანს წარმოადგენდა. დისკუსიისას ერთნი ამტკიცებენ, რომ “ჩვენ” სუბიექტური ცნებაა და მათ “ნომინალისტები” ეწოდებათ; პირიქით მტკიცებულებების მოყვანას კი, “რეალისტები” ცდილობენ; 

“ნომინალისტების” აზრით, საზოგადოების მართვა, რეფორმების ჩატარება, ახალი ნორმების შემოტანა-დამკვიდრება, კონკრეტულ ადამიანზე ზემოქმედებითაა შესაძლებელი, ანუ, რათა საზოგადოება იმართოს, საჭიროა ნების სიმტკიცის გამომჟღავნება; საკმარისია, კონკრეტულ ადამიანებს, ადამიანთა ჯგუფს, კორუფციას, არსებული წესრიგის დამრღვევთ ენერგიულად შეუტიოთ, დავიჭიროთ, გავანადგუროთ და ნათელი მომავალი გარანტირებული გვექნება. 
ჩვენი აზრით, ასეთი წარმოდგენა მცდარია და ორთოდოქსი “ნომინალისტების” ფენა კი, რომლებიც საზოგადოებას “მეების” ჯამად განიხილავენ, სოციალურად საშიში.

ხომ უნდა დადგეს დრო, როცა აბსოლუტურ სიკეთესა და მაქსიმალურ სიკეთეს შორის, დიდსა და პატარა ბოროტებას შორის განსხვავების მოძებნას შევძლებთ. უნდა მივხვდეთ, რომ ცალკე აღებული კონკრეტული ლოზუნგი _ “დავამყაროთ წესრიგი”, “ავამაღლოთ ეკონომიკა”, “აღმოვფხვრათ კორუფცია” და სხვა, თავის თავში ვერ ჩაიტევს საერთო იდეალს, რის გარეშეც, თვითგანვითარებადი საზოგადოების ჩამოყალიბება წარმოუდგენელია. 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლოზუნგმა – “ავამაღლოთ ეკონომიკა”, ანუ აბსოლუტურად განთავისუფლებულმა ბიზნესმა, შესაძლოა დაუცველობამდე, არნახულ ჩაგვრამდე, მეცნიერებისა და ხელოვნების განადგურებამდე მიგვიყვანოს, რაც, ეკონომიკის განვითარების გარეშეც, მშვენივრად მოვახერხეთ. 

უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესის განვითარების მცდელობა, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების გარეშე, განწირული, მკვდრად შობილი ბავშვია; და იქამდე დავედით, რომ პრიმიტიულ ძარცვასა და ქურდობას ბიზნესს ვარქმევთ. 

რა ძირითად პრინციპებს უნდა შეიცავდეს საერთო იდეალი, რომ ქვეყანაში ადამიანური ცხოვრება დამკვიდრდეს? _ ალბათ, ეს იდეალი უმაღლესი ფასეულობის _ ადამიანის, ხედვის კუთხიდან უნდა იქნას განხილული. 

პიროვნების ცხოვრება არა საკუთარი ნების დამკვიდრებას, არამედ მეტ-ნაკლებად სხვისი ნების შესრულებას წარმოადგენს; ანუ მისი ადამიანურობის “ხარისხი” იმით განისაზღვრება, თუ მას რამდენად შეუძლია ბუნებრივ ინსტიქტებზე ამაღლდეს; და რა დაბალიც უნდა იყოს ეს “ხარისხი”, ადამიანი ინსტიქტებს აბსოლუტურად, პასიურად, მაინც არ ემორჩილება.
ადამიანის ეგოისტური მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი მისი არსიდან გამომდინარეობს; სამწუხაროდ, მათი სურვილის “ხარისხი” კლებულობს, როდესაც საქმე ეხება ოჯახს, შვილს; და ამ სურვილის “ხარისხი” კიდევ უფრო დაბალია, როცა საქმე ერისა და სამშობლოს ინტერესებს ეხება. 

როგორც აღვნიშნეთ, სხვისი ნების შესრულება, ანუ ადამიანურობის “ხარისხის” ამაღლება, ღვაწლის გაღება, პიროვნების თანდაყოლილი, ბუნებრივი მოთხოვნილებაა. 
აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ყველა ის იდეალი, რომელიც პირდაპირ და ირიბად, ღვაწლის გაღების ფენომენს ეხება, არაუტოპიური, ანუ რეალურია. 

ადამიანი ის არსებაა, რომელსაც უნარი შესწევს საკუთარ თავს სძლიოს, ამაღლდეს, ანუ თვითგადალახვის აქტი აღასრულოს. ალბათ, ეს არის უმაღლესი ჭეშმარიტების, მარადისობის კანონი და სამართლიანობის დამკვიდრების ერთადერთი რეალური გზა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი