ზიგმუნდ ფროიდი – ავანტურისტის ცნობისმოყვარეობით

1
274

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ფროიდის უმცროსმა ქალიშვილმა ანნამ და მისმა ლონდონელმა ოპონენტმა მელანი კლაინმა ფსიქოანალიზი მოზრდილების მკურნალობის მეთოდიდან აქციეს ბავშვების მკურნალობის მეთოდად. მათმა კამათებმა მძლავრი ბიძგი მისცეს ამ ახალი მიმართულების განვითარებას. ფსიქოანალიტიკური კვლევების ობიექტები გახდნენ ძუძუს ასაკის ბავშვები.

ბავშვი აღარ ითვლებოდა (როგორც ეს ფროიდთან იყო) უპიროვნო არსებად, რომელსაც მართავს “იდი”-ს ძლიერი მოთხოვნილებები. ახლა იგი მიიჩნეოდა თანასწორუფლებიან მომქმედ პირად მამასთან და დედასთან ურთიერთობის სამკუთხედში. და პუბერტატული ასაკის მნიშვნელობა დღეს ფსიქოანალიტიკოსების მიერ სხვანაირად ფასდება, ვიდრე ეს ხდებოდა თავად ფროიდის დროს. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ფსიქოანალიზი უფრო გულახდილი გახდა და ნაკლებად დამოკიდებული ფროიდზე — სწორედ ამიტომაც იგი დღემდე “გამოყენებისთვის მისაღებად” ითვლება.

ტრავმების თანამედროვე თეორია – ეს ერთ-ერთი ხიდია, რომელიც აკავშირებს ფსიქოანალიზს და ნეირობიოლოგიას. ტრავმატული განცდები, რომლებიც იწვევს შიშის მომგვრელ მოგონებებს (ფლეშბექი), სავარაუდოდ იწვევს ჰიპოკამპის მუშაობის დარღვევას. სტრესის ჰორმონების ძლიერი და დიდი რაოდენობით გამოყოფა აზიანებს მოგონებების დასამუშავებლად საჭირო ნეირონულ სტრუქტურებს. მაგრამ ეს ხომ ფროიდის მიერ აღწერილი წარსულის დაბრუნებაა, წარმოდგენილი საბუნებისმეტყველო-მეცნიერული მოდელის სახით! თუმცა ტრავმებით ბავშვის განვითარების ყველა დარღვევა ვერ აიხსნება.

კონკრეტულად რასთან აქვს საქმე ფსიქოანალიზს? რას წარმოადგენს მოგონების საგანი, როდესაც მივყვებით რა ფანტაზიების ჯაჭვს, ჩვენ ჩავდივართ არაცნობიერის უფსკრულში განდევნილ წარსულ გამოცდილებაში? ფროიდის პასუხი: ეს არის ბავშვური მოთხოვნილებების და ფანტაზიების გადაუჭრელი კონფლიქტები. ფრანგმა

ფსიქოანალიტიკოსმა ჟაკ ლაკანმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა: არაცნობიერი — ეს არის არა უბრალოდ გადაულახავი გამოცდილებებით სავსე “ტომარა”, რომელიც უნდა გაიხსნას და გაანალიზდეს ის, რაც შიგნითაა, როდესაც ფსიქოანალიტიკოსი და პაციენტი, საუბრობენ რა მასზე, ანიჭებენ მას შინაარსს, ცდილობენ მის ლოგიკურ ინტერპრეტაციას; არამედ — ეს არის რაღაც, რაც ინარჩუნებს ფორმას და სახეს.

არაცნობიერის ანალიზი, ლაკანის მიხედვით, გარკვეულწილად ქმნის და ამასთანავე აღადგენს წარსულს, მაშასადამე არის წარსულის გახსენება მომავლიდან. ფსიქოანალიზის არსი იმდენად ის კი არ არის, რომ შეაღწიოს სულის ტროაში. მისი აზრი მდგომარეობს შესაძლებლობაში შექმნას ერთგვარი სიმბოლური შინაგანი ისტორია, რომლის საშუალებითაც ნებისმიერს შეეძლება ამოხსნას თავისი თავი, როგორც ადამიანი.

ზიგმუნდ ფროიდი საკუთარი თავისთვის იქმნიდა ისტორიას. იგი “სიზმრების” შესახებ ფლისს წერდა: “ჩემთვის ამ წიგნს სუბიექტური მნიშვნელობაც აქვს, რომლის გაცნობიერებაც მხოლოდ მას შემდეგ მოვახერხე, რაც წიგნი დავასრულე. იგი აღმოჩნდა ჩემი საკუთარი თვითანალიზის ნაწილი, ჩემი რეაქცია მამის სიკვდილზე.”

ფროიდის ყველაზე ცნობილი წიგნი პაციენტების სიზმრების ჩანაწერებთან ერთად შეიცავს თავად ავტორის ბევრ სიზმარს. იგი გამოქვეყნდა 1899 წლის ბოლოს, თუმცა დათარიღებულია 1900 წლით.

რა არის სიზმარი? ფროიდი გვპასუხობს: “ეს არის განდევნილი სურვილების, მოთხოვნილებების შენიღბული ასრულება.” ბავშვი სიზმარში ნახულობს, რომ დაკარგა საყვარელი სათამაშო დათუნია — აქედან თავისუფლად შეიძლება დავასკვნათ, მაგალითად, რომ ბავშვს აქვს განდევნილი აგრესია და-ძმების მიმართ, რომლებიც მას ართმევენ დედის ძვირფას ყურადღებას.

სიზმარი – ეს არის წერილი ჩვენი არაცნობიერისგან. სწორედ ამიტომაა, რომ სიზმრის შინაარსი ყოველთვის შენიღბულია. თუკი საიდუმლო სურვილები მასში შეუნიღბავ ფორმაში იქნებოდა წარმოდგენილი, მძინარე ადამიანს გაეღვიძებოდა და სიზმარიც ვეღარ შეასრულებდა თავის ფუნქციას. იმისთვის, რომ გავიგოთ მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა, საჭიროა მისი ანალიზი, რომელიც მოითხოვს თავისუფალი ასოციაციების ტექნიკის გამოყენებას. სიზმარი — ეს არის დაშიფრული ამბავი სულის საიდუმლო ცხოვრებაზე.

ერთხელ ბავშვობაში პატარა ზიგიმ მშობლების ოთახში მოშარდა. მამამ იგი გაკიცხა და თქვა, რომ ბიჭისგან არაფერი არ გამოვიდოდა. ეს ეპიზოდი მოგვიანებით გახდა მასალა სიზმრისთვის, რომელშიც ფროიდს, იმ დროისთვის უკვე ცნობილ მეცნიერს, უსუსური მამის წინ ეჭირა ხომალდი. ის სიზმარში იყო ოიდიპოსი, რომელიც შურს იძიებდა მამაზე. “ამ სიზმარში ყველაფერი მიდის მამის მიმართ პროტესტისკენ”, – წერდა ფროიდი, – “მამა – ეს არის უფროსი, პირველი და უკანასკნელი ავტორიტეტი, რომლის ძალაუფლების ყოვლისმომცველობისგან წამოვიდა ყველა ტიპის სოციალური ძალაუფლება ისტორიის მანძილზე.”

ფსიქიკა პოლიტიკაზე ძლიერია. ოიდიპოსი იმპერატორ ფრანც იოსიფზე ძლიერია; მაგრამ პოლიტიკა ფროიდს უჩვენებს თავის ძალაუფლებას. ვენაში ძალაუფლების სათავეში მოვიდა ანტისემიტი მერი ლუგერი. ჩვეული ცხოვრების სტილი განადგურების რისკის ქვეშ იყო. სიტუაციაში, რომელშიც შეუძლებელია ცხოვრების პირობების შეცვლა, ფროიდმა თავის თანამედროვეებს უჩვენა გამოსავალი — წასვლა შინაგან სამყაროში.

1900 წლის 1 თებერვალს ფროიდი წერდა: “მე არ ვარ მეცნიერი, არ ვარ დამკვირვებელი, არ ვარ ექსპერიმენტატორი და არ ვარ მოაზროვნე. მე ვარ ადამიანი კონკისტადორის ტემპერამენტით, ავანტურისტის ცნობისმოყვარეობით, მისი ცივსისხლიანობით და დაჟინებულობით.” ეს კონკისტადორ-დამპყრობელი ცხოვრებაში კეთილსინდისიერი ჯენტლმენი იყო, ხოლო არაცნობიერის სამყაროში – ტუსაღი და ტანჯული.

1933 წელს, როდესაც ძალაუფლების სათავეში ჰიტლერი მოვიდა, ფროიდის ერთერთ ცნობილ გამონათქვამში დამპყრობელის ხმა ისმის: “იქ, სადაც იყო “იდი”, უნდა მოვიდეს “ეგო”. თითქოს შესაძლებელია სულში დამსხვრეული სამყაროს დაწებება.

სიცოცხლის ბოლო წლებში ფროიდმა ხახის კიბოს გამო 33 ოპერაცია გადაიტანა. იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა.

1939 წლის სექტემბერში იმისთვის, რომ გაქცეოდა ტკივილებს, მან თავის ექიმს სთხოვა მორფის სასიკვდილო დოზა მიეწოდებინა. იგი არ დანებდა. მისი სიცოცხლის ბოლოს იდგა მისი ყველაზე უპირველესი სურვილი: “ეგო”-მ უნდა გაიმარჯვოს.

ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრება (ქრონოლოგია)

1856 წლის 6 მაისი — პატარა ქალაქ ფრეიბერგში (მორავია) დაიბადა სიგიზმუნდ შლომო ფროიდი.
1859 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ლაიფციგში.
1860 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ვენაში.
1865 — ფროიდი სასწავლებლად შედის გიმნაზიაში, რომელიც მდებარეობს ვენურ კვარტალში ლეოპოლდშტადტი.
1873 — გიმნაზიის გამოსაშვებ კლასში ფროიდი კითხულობს გეტეს თხზულებას „ბუნების შესახებ“ და სოფოკლეს ტრაგედიას „მეფე ოიდიპოსი“. იგი იღებს გადაწყვეტილებას, შეისწავლოს მედიცინა ვენის უნივერსიტეტში.
1877 — ფროიდის პირველი მეცნიერული ნაშრომის გამოქვეყნება — „გველთევზების სასქესო ორგანოების შესახებ“.
1878 — ოიზეფ ბრეიერთან მეგობრობის დასაწყისი.
1879 — ერთწლიანი სამსახური ჯარში.
1881 — ღებულობს დოქტორის ხარისხს.
1882 — ნიშნობა მარტა ბერნეისთან; იწყებს მუშაობას ვენის საქალაქო საავადმყოფოში.
1884 — იკვლევს ავადმყოფების კოკაინით მკურნალობის შესაძლებლობებს.
1885 — სტაჟირება პარიზში შარკოსთან. შარკო წარმატებით იყენებს ჰიპნოზის ტექნიკას და წინ წამოაყენებს ისტერიის ახსნის ახალ მიზეზებს.
1886 — ფროიდი კერძო პრაქტიკას იწყებს ვენაში; ქორწინება მარტა ბერნეისზე.
1887 — ფროიდი სპეციალიზირდება ნერვული დაავადებების მკურნალობაზე ელექტროთერაპიისა და ჰიპნოზის გამოყენებით.
1891 — ნაშრომში „აფაზიის შესახებ“ ფროიდი მეტყველების დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია ტვინის პათოლოგიებთან.
1893 — „ანნა ო.“-ს შემთხვევა; იოზეფ ბრეიერი და ფროიდი ერთად აანალიზებენ პაციენტების ნერვოზებს. ზოგჯერ ფროიდის დასკვნები ეფუძნება ბრეიერის მონათხრობებს.
1895 — ბრეიერისა და ფროიდის ბოლო საერთო სტატიაში „ისტერიის კვლევა“ აღწერილია „ანნა ო.“-ს შემთხვევა. შემდგომშო ფროიდი მუშაობს დამოუკიდებლად.
1896 — პირველად გაიჟღერა ტერმინმა „ფსიქოანალიზი“; გარდაიცვალა ფროიდის მამა.
1897 — ფროიდი დაკავებულია თვითანალიზით, რომელმაც მიიყვანა იგი ნერვოზების ტრავმატული ბუნების იდეებთან, ბავშვური სექსუალობის და ოიდიპოსის კომპლექსის აღმოჩენამდე.
1899 — დეკემბერში გამოდის „სიზმრები“ (გამოცემის მონაცემებში მითითებულია 1900 წელი). ფროიდის ეს წიგნი შეიცავს თავისი საკუთარი და პაციენტების სიზმრების ანალიზს.
1901 — გამოქვეყნდა „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“.
1902 — ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიური საზოგადოება, რომელიც იკრიბებოდა ოთხშაბათობით.
1905 — „სამი ნარკვევი სექსუალობაზე“, „ისტერიის ანალიზის ფრაგმენტი“ (დორას შემთხვევა), „იუმორი და მისი კავშირი არაცნობიერთან“.
1906 — მეგობრობის დასაწყისი ნიჭიერ შვეიცარიელ ფსიქიატრთან კარლ გუსტავ იუნგთან.
1908 — პირველი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური კონგრესი ზალცბურგში.
1909 — მეგობრებისა და მოსწავლეების თანხლებით ფროიდი მიემგზავრება აშშ-ში ფსიქოანალიზზე ლექციების წასაკითხად.
1912 — წიგნში „ტოტემი და ტაბუ“ ფროიდი წამოაყენებს იდეას, რომ კულტურისა და რელიგიის საფუძველი არის სექსუალური ინსტინქტების განდევნის მექანიზმები.
1914 — იუნგის მიერ კავშირის გაწყვეტა ოფიციალურ ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობასთან.
1915 — ლექციების კურსი ვენაში „შესავალი ფსიქოანალიზში“.
1919 — შეისწავლის ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიას.
1920 — ქალიშვილ სოფის გარდაცვალება;

წიგნში „კმაყოფილების პრინციპის მეორე მხარეს“ წამოყენებულია ახალი ცნება „სწრაფვა სიკვდილისკენ“ — ინსტინქტი, რომელიც კონფლიქტში მოდის სიცოცხლის ინსტინქტთან.

1921 — გამოქვეყნდა „მასების ფსიქოლოგია და მე-ს სფეროს ანალიზი“.
1923 — წიგნში „ეგო და იდი“ ფროიდი პირველად აღწერს სრულად ფსიქიკის სტრუქტურას — „ეგო“, „სუპერ-ეგო“, „იდი“; ექიმები ფროიდს დიაგნოზს უსვამენ: პირის ღრუს კიბო; საყვარელი შვილიშვილი, 4 წლის ჰაინცის სიკვდილით გამოწვეული დეპრესია.
1925 — მეგობრობის დასაწყისი ბერძენ ქალთან მარია ბონაპარტთან.
1926 — წიგნში „განდევნა, სიმპტომები და შიშები“ წამოყენებულია ახალი თეორია შიშისა, როგორც „ეგო“-ს დაცვის მექანიზმი.
1927 — გამოქვეყნდა „ერთი ილუზიის მომავალი“. ფროიდი აცხადებს, რომ არ ღებულობს არცერთ რელიგიას და ამტკიცებს თავის ათეიზმს.
1930 — ნაშრომში „უკმაყოფილება კულტურით“ ფროიდი მსჯელობს ადამიანის მოთხოვნილებების და საზოგადოების მოთხოვნების დრამატულ შეუსაბამობაზე.
1932 — მიმოწერა აინშტაინთან, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა სათაურით „რატომ ომი?“.
1933 — ბერლინში ფაშისტები წვავენ ფროიდის წიგნებს ლოზუნგით „სექსუალური ცხოვრების სულის დამანგრეველი გადაფასების წინააღმდეგ და ადამიანის სულის კეთილშობილებისთვის“; ავსტრიის შეერთება გერმანიასთან;
1936 — ფროიდის 80 წლის იუბილე. ბრიტანეთის სამეფო საზოგადოება ირჩევს მას წევრ-კორესპონდენტად.
1938 — ფროიდი მეუღლესთან და ქალიშვილ ანნასთან ერთად საცხოვრებლად გადადის ლონდონში, რაშიც მას დაეხმარა მარია ბონაპარტი. ფროიდი განაგრძობს პაციენტების მიღებას და მუშაობს წიგნზე „ადამიანი მოსე და მონოთეისტური რელიგია“.
1939 წლის 23 სექტემბერი — ფროიდი გარდაიცვალა ლონდონში.

მოამზადა:თენგიზ ვერულავამ

1 გამოხმაურება

  1. იუმორის კავშირი არაცნობიერთან ძალიან საინტერესოა , სიამოვნებით წავიკითხავდი. მადლობა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი