ცვლილების აუცილებლობა

0
738

“ჩვენ ვერაფერს შევცვლით მანამ, სანამ არ დავუშვებთ ამ ცვლილების შესაძლებლობას”

კარლ იუნგი

ცხოვრების სტილის შეცვლა ერთგვარი რევოლუციაა. ამის წარმოდგენაც კი საოცარ მოთენთილობას იწვევს ჩვენში და ხელს ჩაგვაქნევინებს უმნიშვნელოვანეს მომენტში. “კარგი იქნებოდა, ეს ასე ყოფილიყო, მაგრამ ამას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება” – გავიფიქრებთ და მთქნარებამორეული სახით ან სიგარეტს გავაბოლებთ, ან ფინჯანს დავიჭეთ ხელში და ისევ, საყვარელ ფეისბუქს მივუცუცქდებით.

ჩვენ, ყველამ ვიცით რომ ცვლილება აუცილებელია, რომ ცვლილების გარეშე შეუძლებელია წინსვლა, მაგრამ რადგან ცვლილება რაღაც ახლის მიღებასთან ასოცირდება, სწორედ აქ ვჩერდებით. აქ წყდება ძაფი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის და ჩვენ, რატომღაც, უმოქმედობა შეგვრჩენია ხელში.

ცვლილების განხორციელება ჩვენივე აზროვნებით იწყება. საკმარისია, გავიაზროთ ცვლილების აუცილებლობა, რომ ერდროულად რამდენიმე კარი ჩნდება და თავად ვირჩევთ, რომელი მათგანის გაღებაა საჭირო სიახლესთან შესაგებებლად. მიუხედავად ამისა, ხშირად გვიჭირს უარის თქმა იმაზე, რაც ჩვენთვის საზიანოა, რადგან საზიანო გაცილებით მარტივია, ვიდრე სასარგებლო.

კარლ იუნგი ფიქრობდა, რომ “ნევროტული და სტრესული სიტუაციები იმდენად ცვლიან ადამიანის ცხოვრებას, რომ მას არაადექვატური ქმედებებისკენ უბიძგებს. სწორედ პიროვნებისთვის შეუსაბამო ცხოვრების სტილი და მავნე ჩვევა არის სიგნალი, რითაც უნდა მივხვდეთ, რომ ცვლილება აუცილებელია.”

რთულია, ყოველ დილით იღვიძებდე მოძალადე მეუღლის გვერდით, მაგრამ მაინც თვლიდე, რომ ასე უფრო მარტივია, რადგან თუკი უარს იტყვი მასთან თანაცხოვრებაზე, დიდ წინააღმდეგობასთან მოგიწევს გამკლავება. რას იტყვიან მეგობრები, ნათესავები, ახლობლები თუ უცნობი მეზობლები, რომელთაც კარგად ესმით მსხვეპრლის განწირული ხმა, მაგრამ რატომღაც, მაინც დამნაშავეს ამართლებენ. ასე უფრო მარტივია, რადგან საზოგადოებისთვის მისაღები სწორედ ასეთი ხარ: “გათხოვილი, პატრონს ჩაბარებული ოჯახის ქალი.”

ხოლო, ერთ დღესაც რომ გაიფიქრებ: “თუკი მე ავდგები და მივატოვებ მოძალადე ქმარს, შევძლებ გავხდე სრულფასოვანი ქალი, მომავალს შევუქმნი შვილებს და საკუთარ თავს, არ დავამახინჯებ მათ ფსიქიკას, თავიდან ავირიდებ კონფლიქტსა და ძალადობას, თავადვე გავხდები სხვა ქალების მოტივატორი” – სწორედ, ეს იქნება მომავალი ცვლილებისთვის გაღებული კარი.

ადამიანთა გარკვეული ნაწილი ირჩევს მარტივ გზას, ამიტომ ისინი ეწევიან სიგარეტს, სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს, მოიხმარენ ნარკოტიკებს, დადიან ტოტალიზატორებსა და კაზინოებში ან უბრალოდ, დგანან ბირჟაზე და საკუთარ წარუმატებლობას მთავრობას აბრალებენ.

მათთვის ცვლილება ისევ და ისევ ახალი ტიპის მოსაწევების, სასმელებისა თუ თამაშების მიმღებლობასთან ასოცირდება. “ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ მარტივი გზა ყველაზე უსაფრთხო გზაა,” – ამბობდა იუნგი, – “მაგრამ იგი შეიძლება სიკვდილის გზა აღმოჩნდეს.” ნეგატიურ ემოციებმა და გამოცდილებამ შესაძლოა ნეგატიურ აზროვნებამდე მიგვიყვანოს, დაგვიდაბლოს თვითშეფასება, დაგვმართოს დეპრესია, სტრესი, შფოთვა, ამიტომ, მხოლოდ თვითჩაღრმავებითა და საკუთარი ქმედების გაანალიზებით ვერ შევძლოთ პრობლემის მოგვარება, ცხოვრების სტილის შეცვლა.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ცხოვრება მივიღოთ ისეთი, როგორი არის და დავისახოთ მიზნად, რომ ის გავხადოთ უკეთესი. აღმოსავლურ ფსიქოლოგიაში ამას მორიტა თერაპიას უწოდებენ. იგი ადამიანის მიზანსა და პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული თერაპიაა. ჩვენ, ადამიანებმა უნდა გამოვნახოთ ძალა საკუთარ თავში, რათა მიზნად დავისახოთ ცვლილება და მისი განხორციელების პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ საკუთარ თავს.

ცვლილებების განხორციელებისთვის ძალა უნდა ვეძიოთ საკუთარ თავში, რათა არ დავკარგოთ ყველაზე ძვირფასი რამ, რასაც ადამიანის პოტენციალი ჰქვია.

წარმოიდგინეთ რომ ხელში გიჭირავთ გრძელი, ძალიან გრძელი ლენტი, რომელზეც პატარ-პატარა ფერადი ბარათებია გამობმული და მისი ბოლო ნაწილი ღრმა ჭაშია ჩაძირული. პირველი ბარათი ჩვენთან ძალიან ახლოს არის და არ გვიჭირს მისი გარჩევა: წითელია (წითელი – როგორც სასიგნალო, გამაფრთხილებელი ნიშანი) და მასზე წერია “უმოქმედობა.” იგი იმდენად ხელშესახებია და ცხადი, რომ თითქოს შეგუებულიც კი ვართ მასთან ერთად ცხოვრებას.

მეორე ბარათი შავია და მას “დეპრესია” აწერია.

ახლა ცოტაც ამოვქაჩოთ ლენტი: აი, მესამე ბარათიც გამოჩნდა, ყვითელია და მასზე წერია – “ნეგატივი.”

ცოტა ბუნდოვანი სიტყვაა, ჩამაფიქრებელი. რა უნდა იყოს ეს “ნეგატივი?” – მალევე პოულობთ პასუხს თქვენივე კითხვაზე – ნეგატივია ყველაფერი ის, რაც გაფერხებთ, გკეტავთ, გაშფოთებთ, არ გაძლევთ მოსვენებას და მიჰყავხართ დეპრესიამდე. დეპრესიას კი – უმოქმედობამდე.

ნელ-ნელა ხვდებით შემდეგ კანონზომიერებას: ყოველ მოვლენას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს და თქვენ ინტერესით ქაჩავთ ლენტს თქვენკენ.

შემდეგი ბარათი ლურჯია, წარწერით: “იმედგაცრუება” – ნეგატივის სათავე.

ბარათები ენაცვლებიან ერთმანეთს, ახლა უკვე ცხადი ხდება მიზეზები. ქაჩავთ ლენტს თქვენკენ და თითქოს ანკესს ოქროს თევზი წამოეგოო – სწორედ ლენტის ბოლოში მოქცეულა თქვენი პოტენციალები, თქვენი ძალები, თქვენი შესაძლებლობები, მიღწევები, მოტივაცია და სასიცოცხლო ენერგია, რომელთაც თავისი ა ქ ტ უ ა ლ ო ბ ა სწორედ ნეგატივის, იმედგაცრუების, დეპრესიისა და უმოქმედობის გამო დაუკარგავთ.

გამოდის, რომ თქვენ არაფერი დაგიკარგავთ. თქვენი პოტენციალი, ენერგია, მოტივაცია და მოქმედების ძალა ისევ თქვენშია. უბრალოდ ძალიან, ძალიან ძლიერად უნდა მოქაჩოთ ლენტი თქვენკენ და არ შეეპუოთ აქტუალურ უმოქმედობას.

თქვენი ლენტი თქვენს ხელთ არის სწორედ იმიტომ უნდა ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში, რომ დავძლიოთ არა სისუსტე, არამედ უმოქმედობა, რადგან სისუსტე ადამიანურია, უმოქმედობა კი – არა. არ მოქმედებდე, ნიშნავს – არ არსებობდე. არ ისწრაფვოდე ცვლილებისკენ, ნიშნავს ისწრაფვოდე დეგრადირებისკენ.

ცვლილების გაფიქრებაზე, მართალია უხერხულობის განცდა გვეუფლება, მაგრამ საკმარისია დავუშვათ, რომ ცვლილება აუცილებელია, ჩვენ შევცვლით არსებულ რეალობას და მერე რა, რომ მომავალი ბუნდოვანია, მთავარია ვმოქმედებდეთ, მთავარია ვიბრძვოდეთ, მთავარია, არ დავნებდეთ!

პოზიტიური ცვლილება მოდის ჩვენივე გონებიდან, ჩვენივე ფიქრებიდან, ჩვენივე აზროვნებიდან. საკმარისია, ვაზროვნებდეთ სწორად და ცვლილება თავად დადგება.

ავტორი: ნინო ლინჩიკი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი