ოთხი ყველაზე ცნობილი შემთხვევა ფსიქოანალიზის ისტორიიდან

0
598

ადამიანების მონათხრობების ინტერპრეტირებები

ფროიდმა ჯერ კიდევ 100 წელზე მეტი ხნის წინ დაისახა ნარატივის ინტერპრეტაციის რთული ამოცანა თავის ეპოქალურ ნაშრომში „სიზმრების ინტერპრეტაცია“ (1900/1953). მას მიაჩნდა, რომ ბევრი ისტორია და, მათ შორის, სიზმრები, მსმენელის შეცდომაში შესაყვანად არის შექმნილი და თუ ფიქრობთ, რომ იცით მათი შინაარსი, ძალიან ცდებით.

იუნგი და ადლერი, ფროიდის ერთ-ერთი პირველი თანამოაზრეები, დროთა განმავლობაში
ჩამოშორდნენ მას და პიროვნების საკუთარი გავლენიანი თეორიები შექმნეს. იუნგი თვლიდა, რომ ადამიანების მონათხრობები სიმბოლოებითა და მითებით არის სავსე, ადლერი კი ნარატივების დასაწყისებსა და დასასრულებლზე ფოკუსირდებოდა, რაც, მისი აზრით, პიროვნების ცხოვრების სტილის გასაღებს წარმოადგენდა.

გასული საუკუნის ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ბევრმა სხვა თეორეტიკოსმაც შემოგვთავაზა საკუთარი თეორიები ნარატივის ინტერპრეტაციის შესახებ, მათ შორის
არის პოსტმოდერნისტული და ფემინისტური მიდგომები, რომლებიც კულტურას, სოციალურ
სტრუქტურასა და მთხრობელის სოციალურ გარემოში არსებულ სხვა კომპლექსურ ძალებსა და ფაქტორებს იკვლევენ, რომლებიც კარგი ინტერპრეტაციის საიდუმლოს ახდის ფარდას.

მიუხედავად იმისა, რომ ფროიდის, იუნგისა და ადლერის მიდგომები ნარატივის
ინტერპრეტაციისადმი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, სამივე ავტორი თანხმდება იმაზე, რომ ადამიანების მონათხრობები არ არის ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ ამიტომ არის ინტერპრეტაცია ასეთი რთული და საინტერესო საქმე.

ზიგმუნდ ფროიდი. არაცნობიერიდან ცნობიერისკენ

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი რამ ფროიდისთვის, ჩვენი ცხოვრების და
ცხოვრებისეული ისტორიების მნიშვნელობები ღრმად არაცნობიერში იმალება. არაცნობიერი სწრაფებისა და სურვილების ყველაზე გავრცელებული და ტიპური პატერნები პატარა ბავშვების ფანტაზიებში შეგვიძლია დავინახოთ, იქნება ეს არაცნობიერი სექსუალური ელფერის მქონე განცდები ერთი მშობლის და უაღრესად აგრესიული გრძნობები მეორე მშობლის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, იოდიპოსის კომპლექსია თუმცა, ოიდიპოსის კომპლექსი უფრო მეტია, ვიდრე სკოლამდელი ასაკის ბავშვების წინაშე
წამოჭრილი არაცნობიერი პრობლემა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ფუნდამენტური ისტორია, რომელიც, ფროიდის მიხედვით, ნებისმიერი ცხოვრების საზრისის ძიებას უდევს საფუძვლად.

აქ დეტალურად არ მოვყვებით ოიდიპოსის მითს და იმას, როგორ არგებს ფროიდი მითის ქარგას ბავშვის განვითარებას და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ფროიდი, ალბათ, ცდებოდა,
როდესაც ამტკიცებდა, რომ აბსოლუტურად ყველა ბავშვი გადის ოიდიპოსის კომპლექსის მსგავს პერიოდს სკოლამდელ ასაკში. საქმე ისაა, რომ ემპირიულმა კვლევამ, ფაქტობრივად, ვერაფერი მსგავსი ვერ აღმოაჩინა.

ალბათ, უპრიანი იქნებოდა იმის თქმაც, რომ ფროიდი, ალბათ, ზოგადი ნარატივის სკრიპტის
ადგილს აკუთვნებდა ოიდიპოსის მითს, რომელიც ბევრ განსხვავებულ ცხოვრებას შეიძლებოდა მისადაგებოდა და რომლის დინამიკის აღმოჩენა თითქმის ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

მაკადამსი (2006) თვლის, რომ ღრმად მეტაფორული თვალსაზრისით, ოიდიპოსის ამბავი იმის შესახებ არის, თუ 

როგორ იბრძვის პერსონაჟი საკუთარ ცხოვრებაში სიყვარულისა და ძალაუფლების ძლიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის;

როგორ ხშირად იმედგაცრუებული რჩება ამ ბრძოლაში;

როგორ ზოგჯერ ერთი ბრძოლა უნდა წააგოს ადამიანმა და დანებდეს, რათა საყვარელ ადამიანებთან ერთად ჰარმონიაში იცხოვროს;

როგორ არის შესაძლებელი, რომ ერთსა და იმავე ადამიანის მიმართ ერთმანეთის გამომრიცხავ და ურთიერთდაპირისპირო გრძნობას განიცდიდე;

როგორ ჯანყდებიან ადამიანები ავტორიტეტების წინააღმდეგ და ეს ჯანყი მათ თავად როგორ აქცევს ავტორიტეტად, — ეს ყველაფერი კი ნამდვილად უნივერსალურ თემებს წარმოადგენენ.

ფროიდის ნაშრომებში ბევრი კონკრეტული შემთხვევაა საკმაოდ დეტალურად წარმოდგენილი, გაანალიზებული და ინტერპრეტირებული, თუმცა, განსაკუთრებით ცნობილი ფსიქოანალიზის ისტორიაში ოთხი შემთხვევა გახდა, რომლის მოკლე შეჯამებასაც წარმოგიდგენთ.

ოთხი ყველაზე ცნობილი შემთხვევის შესწავლა ფსიქოანალიზის ისტორიიდან.

1. ანა ო. 1880-დან 1882 წლამდე იოსებ ბრეიერი ახალგაზრდა ქალს მკურნალობდა, რომელსაც ისტერიის დიაგნოზი ჰქონდა და რომლის სიმპტომები მოიცავდა კიდურების პარალიჩს, დაზიანებულ მხედველობას და პიროვნების გაორებას.

სიმპტომები პაციენტის მამის გარდაცვალების შემდეგ გამძაფრდა 1881 წელს. ბრეიერმა და ანა ო.-მა აღმოაჩინეს ე. წ. „ლაპარაკით მკურნალობა“, რომლის მეშვეობითაც ანა ო. სიმპტომებისგან შვებას განიცდიდა მას შემდეგ, რაც დღის მანძილზე განცდილი ჰალუცინაციებისა და სიმპტომებთან დაკავშირებული ფანტაზიების შესახებ ისაუბრებდა. საუბარი ათავისუფლდება ემოციებს, რომლებიც ნევროტულ სიმპტომებს ქმნიდნენ. თუმცა, თერაპია ცუდად დასრულდა მას შემდეგ, რა ანა ო-ს ცრუ ორსულობისა და ისტერიული მშობიარობის გამოცდილება ჰქონდა. მას არაცნობიერად სწამდა, რომ ბრეიერი იყო მისი „შვილის“ მამა.

2. ფრაუ ემი ფონ ნ1889 წელს ფროიდმა ფრაუ ემი ფონ ნ.-თან მუშაობა კათარზისული „საუბრით მკურნალობით“ დაიწყო. პაციენტი სახის ტიკებითა და მეტყველების დარღვევით იტანჯებოდა. ფროიდი შეეცადა, რომ მისი თითოეული სიმპტომის საფუძვლებისთვის მიეკვლია, რისთვისაც ჰიპნოტურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მათი მნიშვნელობების ახსნას სთხოვდა.

რამდენიმე წლის წინ წარმატებით გამოყენებული მეთოდით მუშაობის შედეგად პაციენტის პრობლემები თანდათანობით უფრო დამძიმდა და იქამდე მივიდა, რომ ის ჭამაზე ამბობდა უარს.

ფროიდმა გააცნობიერა, რომ მის თითოეულ სიმპტომს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: თითოეული სიმპტომი ბევრ ემოციურ ჯაჭვს წარმოადგენდა, რომლებიც რთულ კომბინაციას ქმნიდნენ. ასე მაგალითად, საკვებზე უარის თქმა ბევრი ლატენტური ასოციაციის კულმინაციის მანიფესტაციას წარმოადგენდა, რომლებიც ჭამის აქტით გამოწვეული ზიზღის ირგვლივ ლაგდებოდა.

აქვე იყოს ცივი ხორცითა და ცხიმით გამოწვეული ზიზღი, საეთო ჭურჭლიდან ჭამის შედეგად დაავადების შიში და ზიზღი იმის გამო, რომ სადილის დროს აფურთხებდნენ.

3. პატარა ჰანსი პატარა ჰანსი 5 წლის ბიჭი იყო, რომელსაც ძალიან ეშინოდა ცხენების. მართალია, ფროიდმა ბიჭი მხოლოდ ერთხელ ნახა, მას შეეძლო სიმპტომების ფსიქოანალიტური ინტერპრეტაციის შემოთავაზება, რომელიც, ძირითადად, პატარა ჰანსის მამის მიერ მოწერილ წერილებზე ააგო.

ფროიდმა ივარაუდა, რომ პატარა ჰანსი განსაკუთრებით მწვავედ განიცდიდა ოიდიპოსის კომპლექსს. ის მოხიბლული იყო საკუთარი პენისით, მოსწონდა ხელის მოკიდება და სურდა, რომ დედასაც მოეკიდა მასზე ხელი.

დედა აფრთხილებდა ჰანსს, რომ ასე არ მოქცეულიყო და მოჭრითაც კი ემუქრებოდა. პატარა ჰანსის ცხენების შიში კასტრაციის შფოთვის მანიფესტაციას წარმოადგენდა.
ცხენები, თავიანთი დიდი პენისებით, ბიჭის მამას განასახიერებდნენ, რომელიც მას უყვარდა კიდეც და ეშინოდა კიდეც, როგორც კასტრაციის წყაროსი.

4. ადამიანივირთხა ეს 29 წლის მამაკაცი მწვავე ობსესიური ნევროზით იტანჯებოდა. მას არ ასვენებდა ფანტაზია, რომ ვირთხები მისი მეგობარი გოგონას უკანალზე იცმუცნებოდნენ. ასევე, აწუხებდა აზრები, რომ ვირთხები მამამისის ანუსიდანაც იკვებებოდნენ.  ვირთხის ხატის წყაროს, ნაწილობრივ, ტუალეტის ტრენინგთან ასოცირებული ადრეული ბავშვობის გამოცდილებები და ეროტიკული განცდები ქმნიდნენ.

პაციენტმა ბავშვობაში ნახა ვირთხა მამამისის საფლავთან ახლოს და წარმოისახა, რომ ის
გვამით იკვებებოდა. ნევროზი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ჯარში კაპიტანმა პაციენტის დასჯის აზიური ტრადიციის შესახებ უამბო, როდესაც სასჯელი ტუსაღის ცოცხლად დამარხვას გულისხმობდა და მას შემდეგ ვირთხები ესხმოდნენ თავს.

ფროიდმა შეძლო იმის ჩვენება, რომ სიმტომებმა, რომლებიც კონფლიქტისგან დროებით თავის დაღწევის საშუალებას იძლეოდნენ, ხელი შეუშალეს მას განათლების დასრულებასა და სოციალურად მისაღებ ქალზე დაქორწინებაში, რაც, საბოლოოდ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდა.

წყარო: ადაპტირებულია წყაროებიდან Freud, S., 1953; Фрейд, З. ,1995.

ფროიდი ამტკიცებდა, რომ ადამიანებს, ზოგადად, ნაკლებად აქვთ წარმოდგენა საკუთარი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ. დროდადრო, შესაძლოა, მათ მოახერხონ კიდეც არაცნობიერის სუსტი სინათლის სხივის დაჭერა და ეს, ძირითადად, სიზმრებში ხდება, თუმცა, ვერც ამ შემთხვევაში ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ისინი მიხვდებიან, რა ინფორმაციის მატარებელია ეს სხივი.

ამისათვის ინტერპრეტაციის ფსიქოანალიტური მეთოდის ცოდნაა საჭირო. ფროიდმა კლინიკური მუშაობის პროცესში კვლევისა და ინტერპრეტაციის ფსიქოანალიტური მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ფარული და უარყოფილი მნიშვნელობების გამოვლენას ემყარება. ფსიქოანალიტური პოზიციის თანახმად, ინტერპრეტაცია ყოველთვის ზედაპირის, თვალსაჩინოსა და აშკარას მიღმა გასვლას მოიაზრებს პიროვნების წარმოსახვის მისტიური რეალობის საკვლევად.

ფსიქოანალიტური ინტერპრეტაცია საიდუმლოებების გახსნას, მისტერიების გამოაშკარავებასა და შენიღბული გზავნილების გაშიფვრას ესწრაფვის. შესაბამისად, ფსიქოანალიტური ტრადიცის საინტერპრეტაციო დევიზია: არ დაუჯერო იმას,
რასაც ხედავ; ზედაპირს შეცდომაში შეჰყავხარ; ჭეშმარიტება სტრიქონებს შორის და თვალსაჩინოს მიღმა

ფროიდს ღრმად სწამდა, რომ არაფერი უმიზეზოდ არ ხდება და ყველაფერს თავისი აზრი აქვს. გამონაკლისს არც სიზმრები და ნევროტული სიმპტომები წარმოადგენენ. ის
თვლიდა, რომ ნევტორული სიმპტომი, თავისი შინაარსითა და ფორმით, არაცნობიერი შიშების, სურვილების, კონფლიქტებისა და საიდუმლოების სიმბოლური მანიფესტაციაა. ამ არაცნობიერი მასალის ცნობიერებაში ამოსატანად ის თავისუფალი ასოციაციის მეთოდს იყენებდა. მეთოდის სტანდარტული პროცედურა გულისხმობს, რომ პაციენტი თავში მოსულ ყველა აზრს ყოველგვარი კრიტიკის, ფილტრისა და ცენზურის გარეშე ხმამაღლა უყვება თერაპევტს იმ თანმიმდევრობით, როგორც ჩნდება ეს აზრები მის ცნობიერებაში (ანუ თავისუფლად ასოცირებს).

ფროიდი თვლიდა, რომ თავისუფლად ასოცირების დროს არაცნობიერი დინებები ცნობიერებაში ამოდიან და ყურადღებიან თერაპევტს შეუძლია ამ ასოციაციების
იმგვარად ინტერპრეტირება, რომ მათში ფსიქოლოგიური აზრი დაინახოს.

ავტორი:ლილი ხეჩუაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი