სერ ედვინ არნოლდსი – აზიის სინათლე

0
294

„ყოველ ცოცხალ არსებას უნდა ბედნიერება, ყოველი ცოცხალი არსება იტანჯება. სიცოცხლე ტანჯვაა, მუდმივი ბედნიერებისაკენ სწრაფვა ამაო და უშედეგო ილუზიაა. ხსნის გზაა თანაგრძნობა და თანადგომა. თანაგრძნობაა მთელი მორალის საფუძველი, ასეთია თანამედროვე დასავლეთშო დიდად პოპულარული ბუდიზმის პრინციპი“. ბუდა შაკიამუნის სიტყვებიდან:კეთილშობილი ჭეშმარიტება ტანჯვაზე; ტანჯვით იბადება ადამიანი. ის იტანჯება ჭკნობისას, იტანჯება ავადმყოფობებისგან, კვდება ტანჯვით და დარდით. მოთქმა-გოდება, ტკივილი, ნაღველი, სასოწარკვეთილება მძიმეა. ტანჯვაა ყოფნა იმასთან ვინც არ გიყვარს. ტანჯვაა განშორება იმასთან ვინც გიყვარს და   განსაკუთრებით მტანჯველია ყოველი დაუკმაყოფილებელი წყურვილი.  და ჩვევებისგან წარმოქმნილი ხუთივე მთლიანობა მტანჯველია. ასეთია, ძმებო, კეთილშობილი ჭეშმარიტება ტანჯვაზე.“

„ძნელია ადამიანად გახდომა, ძნელია მოკვდავთა ცხოვრება, ძნელია ჭეშმარიტი დხამას მოსმენა, ძნელია განათლებულის დაბადება.“

„ყველაფერი რაც ვართ დღეს ჩვენი გუშინდელი აზრების შედეგია და დღევანდელი აზრები ქმნიან ხვალინდელ ცხოვრებას. სიცოცხლე ჩვენი გონების ნაყოფია.“

„ჩვენ ვართ ჩვენი აზრების შედეგი – აზრები არის ყველა ცუდი მდგომარეობის წინაპირობა. თუ კი ვინმე მოქმედებს და ლაპარაკობს და მისი აზრები კი არაა კეთილი, მას მისდევს ტანჯვა როგორც ბორბალი მისდევს კამეჩის ჩლიქს.“

„სიძულვილით ვერ მოერევი სიძულვილს. მხოლოდ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს. ესაა მარადიული კანონი.“

„გონების განმანთავისუფლებელი კაშკაშა და სინათლის მფრქვეველი სიყვარული მოიცავს ყველაფერს.“

„ყველაზე და ყველაფერზე მაღლაა მოსიყვარულე გული.“

„გიყვარდეთ ყველა ცოცხალი არსება ისე როგორც შეუძლია სიყვარული დედას რომელიც თავისი სიცოცხლით იცავს თავის ერთადერთ შვილს.“

ინგლისელმა პოეტმა, ჟურნალისტმა და ვიქტორიანული ხანის გამომცემელმა სერმა ედვინ არნოლდმა 1879 წელს გამოაქვეყნა 8 წიგნიანი პოემა ბუდას ცხოვრებაზე The light of Asia ,,აზიის ნათელი”. ამ ნაშრომს წილად ხვდა უზარმაზარი და ხანგრძლივი წარმატება.

მატერიალიზმით და რაციონალიზმით გადაქანცულ საზოგადოებაში, ამ წიგნის პირველი გამოცემიდან, 30 წლის განმავლობაში ის 50-ჯერ გამოიცა დიდ ბრიტანეთში, 80-ჯერ – ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკაში გაიყიდა ამ თხზულების მილიონზე მეტი ეგზემპლარი. თხზულება ითარგმნა მრავალ ენაზე, ასევე სანსკრიტზე, ჰინდიზე და ბენგალიზე და იქცა კლასიკურ ნაწარმოებად ინდოეთში და აზიის მრავალ ბუდისტურ ქვეყანაში.

არნოლდი არ ყოფილა სწავლული, მაგრამ იგი შესანიშნავად იცნობდა ინდურ ლიტერატურას. მან მრავალი წელი იცხოვრა ინდოეთში, ისწავლა სანსკრიტი და გამოაქვეყნა მრავალი ნაშრომი რომელთა სათაურებიც გამოხატავენ მათი ავტორის რელიგიურ, ეკლექტიკურ და რომანტიკულ ხასიათს “ინდური ქებათა ქება”, “ისლამის რწმენის მარგალიტები ანუ კრიალოსანი”, “სიყვარულის წიგნი”, და სხვა

ინდოეთში მან ბუდიზმის წმინდა ადგილები მოინახულა, თავად იხილა მათი ცუდი მდგომარეობა, დანაღვლიანდა და გადაწყვიტა დაეწერა დიდი თხზულება ბუდას ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ. ყველაზე წმინდა ვიქტორიანულ სტილში დაწერილი ეს წიგნი იმეორებს ყველა ბუდისტურ ლეგენდას  სიდჰარტას სასწაულებრივი დაბადების და ბავშვობის  შესახებ.

მან ბუდა გადააქცია ერთგვარ რომანტიულ გმირად, სამყაროს ჭეშმარიტ მხსნელად რომლის პიროვნებასაც, ხაზს უსვამს წინასიტყვაობაში. 

დასავლეთის და აღმოსავლეთის დაახლოების მგზნებარე სურვილმა, ბუდას ცხოვრება და მოძღვრება მოარგო დასავლეთის ქრისტიანთა გულებს. მისი გმირის ცხოვრების ბევრი სცენა ჰგავს ახალი აღთქმის ცნობილ პასაჟებს. არნოლდის ბუდაც ქრისტეს მსგავსად განიცდის ეშმაკის ცდუნებებს მისიის დაწყებამდე.

“მაშინ დაეცა ღამე და იმ დროს როდესაც ჩვენი მოძღვარი იჯდა ხის ძირში წყვდიადის მეფე მარამ, ვინც იცოდა რომ ეს იყო ადამიანთა განმანთავისუფლებელი ბუდა და რომ დადგა ჭეშმარიტების გაგების და სამყაროს ხსნის დრო, უბრძანა ბოროტების ყველა ძალას  და შეიკრიბა ყველა უფსკრულიდან ამოსული და სიბრძნესთან მეომარი ყველა დემონი.”

არნოლდმა ბუდა წარმოადგინა როგორც ერთგვარი აღმოსავლეთის ქრისტე. ის მიმართავს როგორც მკითხველების გონებას ისე მათ გულს. ის შეიძლება ჩაითვალოს ბუდიზმის პირველ დასავლელ მოციქულად. ესაა ემოციური და ღრმად რელიგიური ბუდიზმი, რაზეც მოწმობს წიგნის ბოლო სტრიქონები: ო დალოცვილო უფალო, ო!, ძლიერო განმანთავისუფლებელო! მაპატიე ამ ნაწერის სისუსტე, რომელიც ცუდად აცნობს შენს თავს ადამიანებს ვინაიდან ის არასაკმარისად აფასებს შენს წმინდა სიყვარულს.

“ო შენ, ვისაც ვუყვარვართ, ძმაო, მეგზურო, კანონის ლამპარო, მე ვაფარებ თავს შენს სახელს და შენს პიროვნებას მე ვაფარებ თავს სიკეთის შენს კანონს! მე ვაფარებ თავს შენს წესს!  ომ!  ცვარი ელავს ლოტოსზე! ამოდი დიდო მზეო! ასწიე ჩემი ფოთოლი და შეუერთე ის ტალღას. ომ მანი პადმე ომ!  ამოდის მზე, ცვრის წვეთი იკარგება ბრწყინვალე ზღვის წიაღში!”

მატერიალიზმის უარყოფა და მაგიური აზროვნების დაბრუნება – არნოლდი დასავლეთს წარუდგენს ღრმად რელიგიურ, რომანტიულ და წინაქრისტიანულ ბუდიზმს. მატერიალიზმით და ეკლესიის დოგმატიზმით შეწუხებული დასავლური საზოგადოება მზად იყო ასეთი ბუდიზმის მისაღებად, რასაც მოწმობს მისი თხზულების დაუჯერებელი წარმატება

ემოციის ეს დაბრუნება იძენს სულ სხვადასხვა ფორმებს. საფრანგეთში განახლდა სალოცავი მოგზაურობები და ქალწული მარიამის კულტი. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია ლურდში //1858//, პონტმაში //1871//, ბელვუაზაში //1876// და ა.შ. გამოცხადებათა გახშირებასთან.

რევოლუციურ-პროგრესისტული ეპოქით გატანჯული ადამიანები ეძებენ უფრო თბილ და ადამიანურ რელიგიას. ქრისტიანობას დაუბრუნდა ან გაქრისტიანდა მრავალი ინტელექტუალი და შემოქმედი ჰუისმამნსი, კლოდელი, პეგი და სხვ.

სწორედ “გულის” რელიგიურობის ხელახლა აღმოჩენის ამ ატმოსფეროში მოხდა ევროპელთა პირველი გადასვლები ბუდიზმში.

ბუდიზმს აღარ უყურებენ როგორც მხოლოდ რაციონალურ ფილოსოფიას. დასავლეთს ის წარუდგა როგორც რელიგია რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სიყვარულს, ერთგულებას, ღვთისმოსაობა-მოწიწებას, ემოციას. საზოგადოებაში რომელიც უწინარეს ყოვლისა აფასებდა მეცნიერებას და გონებას, ბუდიზმი გაგებული იყო რაციონალურ ცნებებში. მოულოდნელად მათ აღმოაჩინეს რომ ძველი ინდოელი ბრძენის მოძღვრება არა მარტო ანათლებს გონებას, ის აძგერებს გულსაც.

„თუ ნახავთ დაჭრილ ადამიანს არ დაკარგოთ დრო იმის რკვევაში თუ ვინ, საიდან, რატომ და რითი დაჭრა  ეს ადამიანი, უშველეთ დაჭრილს.“

პირველი ჭეშმარიტებაა დუკხაზე, ტანჯვაზე, ფუძემდებელ იდეაზე რომელიც მსჭვალავს ბუდიზმს თავიდან ბოლომდე. მის თანახმად ტანჯვა უნივერსალური, საყოველთაო მოვლენაა და თვითონ სამყაროც დიდი ანგარიშით ტანჯვაა.  ესაა მუდმივი და უსასრულო და არა პერიოდული ტანჯვა. ამ სიტყვის სხვა თარგმანებია დაუკმაყოფილებლობა, შიში და შფოთი, მოუსვენრობა. ფსიქოლოგების ენაზე ფრუსტრაცია.

მეორე ჭეშმარიტებაა ჭეშმარიტება ტანჯვის გაჩენის შესახებ – ბუდიზმის თანახმად  ეს მიზეზია მისწრაფებებში და სურვილებში. ადამიანი ცდილობს თავისი სურვილების დაკმაყოფილებას, მაგრამ მას არ შეუძლია ყველა სურვილის  დაკმაყოფილება. ზოგი სურვილის დაკმაყოფილების შემდეგ მას უჩნდება ახალი სურვილები.

ამდენად ადამიანი მუდამ უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით – ბუდისტის აზრით ტანჯვაა ისიც რაც არაბუდისტისთვის სიხარული ან ბედნიერებაა  ვინაიდან ბედნიერების დამკარგავი ადამიანიც გაიტანჯება და ამდენად მას მუდამ ტანჯავს ამ პერსპექტივის შიში. მიზნის მიღწევაც ტანჯვაა იმიტომ რომ ყოველ წუთში შეიძლება მონაპოვრის დაკარგვა.

ნეობუდიზმი ანუ გლობალური ბუდიზმი როგორც დასავლური კულტურის ფენომენი:გაჩნდა მე-19 საუკუნეში ბუდისტური რელიგიური პრაქტიკისგან საკმაოდ დაშორებული დასავლური საზოგადოების კულტურაში. ბუდისტური სახეები და თემები დიდი ხანია, თანამედროვე მსოფლიო კულტურის შემადგენელ ნაწილად იქცა.

მათ ხშირად მიმართავდნენ თავის შემოქმედებაში დასავლელი მხატვრები და მწერლები უკვე მე-19 საუკუნიდან. თანდათანობით გაჩნდა ბუდისტური პრაქტიკისგან და გამოცდილებისგან მოწყვეტილ იდეათა ჯამი რომელიც შეესაბამებოდა ევროპულ სულიერ მოთხოვნილებებს და ინტელექტუალურ გემოვნებას.

მე-19 საუკუნეში ბუდისტურმა ფილოსოფიამ დიდი გავლენა მოახდინა მრავალ გამოჩენილ ევროპელზე. ბუდიზმით აღფრთოვანებული იყო ა.შოპენჰაუერი, ბუდიზმს სწავლობდნენ ფ.ნიცშე, მ.ჰაიდეგერი, შვეიცარელი ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი,..

ბუდისტური იდეების შორეულ გამოძახილს მე-19 საუკუნის კულტურაში ვხედავთ იმპრესიონიზმის ფერწერაში და ლევ ტოლსტოის მოძღვრებაში, მასობრივ ნეო-გნოსტიკურ კულტურაში, რომელმაც ალღო აუღო მისტიციზმის მოთხოვნილებას, ელენა ბლავატსკაიასთან და ჰენრი ოლკოტთან.

ადამიანის ფენომენალური ცხოვრება რომ ტანჯვაა კარგად აჩვენა ა. შოპენჰაუერის ფილოსოფიამ. შოპენჰაუერის თვალწინ მუდამ იყო კანტის და ბუდას ბიუსტები. ბუდამ შოპენჰაუერის ფილოსოფიაში შეიტანა ინდური კულტურა. შოპენჰაუერი დიდად აფასებდა აღმოსავლურ იდეებს.

რაციონალიზმის შეხვედრა ირაციონალიზმთან, დასავლური და აღმოსავლური კულტურების შეხვედრა ქმნის აზროვნების მისტიკურ სტილს, რწმენას რომ არსებობენ ჩვეულებრივი, განუვითარებელი ადამიანისთვის მიუწვდომელი ძალები.

ბიოგრაფები ერთხმად ლაპარაკობენ შოპენჰაუერის პესიმიზმზე. სწორედ ბუდიზმის წყალობით შოპენჰაუერი ფხიზლად უყურებს ცხოვრებას და ბუდისტების მსგავსად ობიექტური პესიმიზმის წილით არ სჯერა რომ აქ, დედამიწაზე შესაძლებელია აგება სამართლიანი და ბედნიერი საზოგადოებისა სადაც არ იქნება უბედურებები და ტანჯვა.

ერთადერთი თანდაყოლილი შეცდომა შოპენჰაუერის თქმით არის რწმენა იმისა რომ დაბადებული ხართ ბედნიერებისთვის. შოპენჰაუერის აღიარებით უკვე 17 წლის ასაკში ის ისევე იყო გაჟღენთილი ცხოვრებისეული სიმწარით როგორც ახალგაზრდა ბუდა როდესაც მან დაინახა ავადმყოფობა, მოხუცობა, ტანჯვა და სიკვდილი.

შოპენჰაუერის აზრით ადამიანშიც და ცხოველშიც მთავარი ზამბარაა ეგოიზმი და ის ერთმანეთისგან განასხვავებდა ეგოიზმის ორ სახეობას – ეგოიზმს რომელსაც უნდა სიკეთე თავისთვის და ეგოიზმს რომელსაც უნდა ცუდი სხვისთვის და უხარია სხვისი უბედურება.

პირველ შემთხვევაში ინიღბებიან თავაზიანობით, მეორე შემთხვევაში კი ეგოიზმი დაუფარავი ბოროტმოქმედებაა.  შოპენჰაუერის თქმით ზოგი სხვას მოკლავდა უბრალოდ იმიტომ რომ მისი ქონი წაეცხო ჩექმებზე.

შოპენჰაუერისთვის ადამიანის ბედი არის დანაკლისი, დანაკარგი, უბედურება, ქვითინი, ტანჯვა და სიკვდილი. წუთისოფელი არის მწუხარების და ტანჯვის სამყარო, ასეთია შოპენჰაუერის ფილოსოფიის ლაიტმოტივი.

შოპენჰაუერის თქმით ყოველი ტანჯვა არის აღუსრულებელი და შეწყვეტილი სურვილი. მისი თქმით ყოველი ცალკეული ადამიანის ცხოვრება ტრაგედიაა. მაგრამ ელემენტებად დაშლილ ამ ცხოვრებას აქვს კომედიის ხასიათი. შოპენჰაუერის თქმით ჩვენი სამყარო დანტეს ჯოჯოხეთზე უარესია იმიტომ რომ საკუთარი ბედნიერების მაძებარი ყოველი ადამიანი ეშმაკი უნდა იყოს სხვისთვის.

„ჯოჯოხეთი სხვები არიან”, თქვა მოგვიანებით სარტრმა. მაგრამ შოპენჰაუერი ამბობს იმასაც რომ არსებობს თანაგრძნობა რომელსაც უნდა სხვის სიკეთე. ის მიდის კეთილშობილებამდე და დიდსულოვნებამდე. ადამიანები მხეცებად და ურჩხულებად დარჩებოდნენ ბუნებას მათთვის გონების დასახმარებლად რომ არ მიეცა თანაგრძნობა.

მაგრამ სამწუხაროდ თანაგრძნობაზე მეტად გავრცელებულია შური და სიძულვილი. ადამიანს უჭირს მეზობლის,თანამშრომლის და ა.შ. სიხარულის გაზიარება. სხვისი წარუმატებლობა კი არის შურიანის ჩუმი სიხარული.

ერთადერთი თანდაყოლილი შეცდომაა რწმენა იმისა თითქოს ჩვენ დაბადებული უნდა ვიყოთ ბედნიერებისთვის.

მთელი მორალის საფუძველია თანაგრძნობა.

აღმოსავლეთით დაინტერესებულები იყვნენ უდიდესი რუსი მწერლებიც, ლ.ნ. ტოლტოი, თ.მ. დოსტოევსკი, მ.გორკიც. ლევ ტოლსტოიმ დაწერა “ბუდას ცხოვრება”.

მე-19  საუკუნის დასავლეთის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ჰენრი ოლკოტის “ბუდისტური კატეხიზმო”.  ეს იყო ბუდიზმისთვის მსოფლიო მასშტაბის მოცემისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს იყო მთავარი ბუდისტური იდეების შეკუმშულად გადმოცემის პირველი ცდა.

ბუდიზმმა გავლენა მოახდინა იმპრესიონიზმზეც რომელმაც განადიდა მარადიული დადგენა და ცვალებადობა, ვან გოგმა 1888 წელს გოგენს აჩუქა ავტოპრტრეტი რომელზეც ის ბუდას მიმდევრად იყო გამოსახული – ვან გოგი როგორც ბუდისტი ბონზა.

1901 წელს ინგლისელმა მწერალმა ჯ.რ. კიპლინგმა დაწერა რომანი “კიმი” რომელიც მოგვითხრობს ინდოეთში ტიბეტელი ლამას სულიერ გზაზე.

ფრანგმა სიმბოლისტმა ოდილონ რედონმა 1906 წელს დახატა დუმილით და საიდუმლოთი სავსე ტილო “ბუდა”…

აღმოსავლურ ფილოსოფიურ სისტემებთან და კულტურასთან დაკავშირებული იყო ვერცხლის საუკუნის რუსული სიმბოლიზმიც.

რელიგიურმა ფილოსოფოსმა დიმიტრი მერეჟკოვსკიმ დაწერა ლექსები “ბუდა” და “ნირვანა”.
პოეტმა სიმბოლისტმა კ. ბალმონტმა პროფესორი ს.ფ. ოლდენბურგის დახმარებით თარგმნა ასვაგოშას “ბუდას ცხოვრება”…

აღმოსავლური მოტივები მუდამ გვხვდება იმდროინდელი სანკტ-პეტერბურგის შემოსავლიანი ახლების ინტერიერებში, რაც მეტყველებს გარკვეული მოდის არსებობაზე.

ბუდიზმის პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი 1960-70-ანი წლების კონტრ-კულტურულმა რევოლუციამ. მაშინ ტიბეტური ბუდიზმის ზეგავლენით და ალან უოტსის, ალენ გინზბურგის, ჯეკ კერუაკის, ჰიპების მოძრაობის  წყალობით ბუდისტური იდეები გახდა დასავლური მასობრივი კულტურის მოუცილებელი ნაწილი.

ქართული კულტურის ბუდიზმთან კონტაქტის მაგალითია შუა საუკუნეების ქრისტიანულ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის – „ვარლაამისა და იოასაფის“ ისტორია. ესაა ბუდას ცხოვრების ქრისტიანიზებული ვერსია, რომელშიც მოთხრობილია ინდოეთის გაქრისტიანების ამბავი. მეცნიერებაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა, თუ სად და რომელ ენაზე შეიქმნა ეს თხზულება. მკვლევარები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მის ქართულ ვარიანტს, რომელსაც „სიბრძნე ბალაჰვარისი“ ან „ბალავარიანი“ ეწოდება. ეს ძეგლი (რედაქცია) საქართველოში არაბობის დროს, VII-X საუკუნეებში, ჩამოყალიბდა და, როგორც გიორგი მთაწმინდელი გვაუწყებს, X-XI საუკუნეებში ექვთიმე ათონელმა ბერძნულ ენაზე თარგმნა, ბერძნულიდან კი ლათინურად ითარგმნა და მთელ კულტურულ მსოფლიოში გავრცელდა.

ქართველები ინდუიზმითა და ბუდიზმით დაინტერესებული იყვნენ აღორძინების ხანაშიც და მომდევნო საუკუნეებშიც. ამას ადასტურებს XVII-XVIII საუკუნეების ანონიმი საზღაპრო მოთხრობა „დაფნის ქალაქის ამბავი“ და ის ლიტერატურული წყაროები, რაც სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკთა კრებულსა და აღნიშნული ეპოქის სხვა სამოძღვრო-დიდაქტიკურ ნაწარმოებებს უდევს საფუძვლად.

ბუდისტურ ლიტერატურაზე, ცხოვრების წესსა და ფილოსოფიაზე ბევრს წერდნენ და მის მიმართ სიმპათიებსაც გამოხატავდნენ XIX-XX საუკუნეების ცნობილი ქართველი მოაზროვნეები და პუბლიცისტები: არჩილ ჯორჯაძე, ივანე გომართელი და ივანე როსტომაშვილი.

ეგოისტური არსებობა შეცდომაა.  საკუთარ თავზე ფიქრი და ამავე დროს სხვაზე ზრუნვა შესაძლებელია.

ავტორი: გიორგი მარჯანიშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი