ნონა ხიდეშელი – სამოთხისა და ჯოჯოხეთის დრამა ადამიანის სულის სიღრმეებში

0
710

ბავშვური გულუბრყვილობით თუ არ შევხედავთ ბიბლიურ სიუჟეტებს და მას სიღრმისეულად გავიაზრებთ, რაც ნიშნავს, მთელი ბიბლია და ზოგადად უკვე ცალკეული ეპიზოდები ცნობიერების  საკუთრებად და მისი განვითარების გარკვეულ ეტაპებად მოვიაზროთ, დავინახავთ, რომ ადამიანის ფსიქიკაში  მიმდინარე რღვევის პროცესებზე, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან კეთდებოდა მინიშნება.

ძველი აღთქმის ყველა დიდი პატრიარქი ცდილობდა  გონებაშეზღუდული  ადამიანისთვის, როგორმე თვალი აეხილა და საკუთარ სულში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი დაენახებინა. სამოთხისა და ჯოჯოხეთის დრამა სწორედ ამის სიმბოლოა. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, იესო ქრისტეს დაბადებამდე მცხოვრები ყველა დიდი სულიერი მოღვაწე, გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად  მათი სიწმინდისა, ჯოჯოხეთში ხვდებოდა, ვიდრე არ დაიბადებოდა მესია, მაცხოვარი, რომელიც თავის თავზე აიღებდა პირველ ცოდვას და საკუთარი სისხლის ფასად არ გამოისყიდიდა მას.

სიტყვები, რაც ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე მაცხოვარმა თავის მოწაფეებს უთხრა ,,გამაგრდით, მე ვძლიე წუთისოფელს”(იოანე. თ16) სწორედაც საკუთარი თავის, ანუ ადამიანში არსებული არასრულფასოვნების ძლევას ნიშნავს. ამიტომაა იგი მესია, მხსნელი, მან პირველმა აღმოაცენა საკუთარ სულში სრულქმნილი, ერთიანი, მთლიანი ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის ძლევით, წუთისოფელსაც სძლია და ჯოჯოხეთის (არაცნობიერ შინაარსში არსებული იდუმალი უფსკრულები) კარიც შემუსრა.

“ფსიქოლოგიისთვის, წერდა იუნგი, “ქრისტეს სიმბოლო” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი ბუდას სახე-ხატთან ერთად, თვითობის ყველაზე მაღალგანვითარებულ და დიფერენცირებულ სიმბოლოს წარმოადგენს.”   იუნგმა, ფსიქოლოგიური სახელი თვითობა (self) უწოდა არქეტიპს, რომელიც ადამიანის მთლიანობის არსს გადმოსცემს.

სიკეთისა და ბოროტების, გნებავთ სამოთხისა და ჯოჯოხეთის დრამა ადამიანის სულის სიღრმეებში მიმდინარეობს და მას რაღაც საყოველთაო დასასრული არასოდეს ექნება, უბრალოდ ვერ ექნება, რადგანაც ეს არის მუდმივი გახდომის პროცესი და თითოეულ ინდივიდში მაშინ დასრულდება, როცა იგი საკუთარ თავს შეიცნობს, საკუთარ არასრულფასოვნებას გააცნობიერებს, გაიაზრებს და საბოლოოდ სრულ, მთლიან ადამიანს აღმოაცენებს, რაც ურთულესი პროცესია და უდიდეს ნებელობას მოითხოვს.

სიკეთესა და ბოროტებას შორის, იგივე სინათლესა და სიბნელეს შორის გამოყოფილი უფსკრული არ არის გადაულახავი, მას უბრალოდ სიღრმისეული გააზრება და მუდმივი თვითდაკვირვება სჭირდება. სიბნელე პირობითი ცნებაა და ის მანამდე რჩება სიბნელედ, სანამ ნათელი არ მოეფინება, არ განათდება. ეს წმინდად ცნობიერების პრობლემაა და არა კოსმოსიდან თუ ქვესკნელიდან ამოსული და თავსმოხვეული გარეგანი ძალა.

მარტივია მოიხსნა პასუხისმგებლობა და ყველაფერი დემონებსა თუ ბოროტ სულებს გადააბრალო, როგორც ამას ზოგიერთი მორწმუნე  აკეთებს, რაღაც პასიურ, ინერტულ მდგომარეობაში მყოფნი, მხოლოდ ღმერთის წყალობის იმედად, ლოცვითა და მარხვით ელოდებიან, როგორ დასრულდება სადღაც ზეცაში მისტიკური ომი, მფარველ ანგელოზსა და ბოროტ სულს შორის, რათა საბოლოოდ რაღაც ადგილი დაიმკვიდრონ.

ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ცხოვრებისადმი, რბილად რომ ვთქვათ ღრმად არასერიოზულია და შედეგს არ მოიტანს. ის, ვინც თავის თავს რელიგიურად არ მიიჩნევს და ეშმაკებისა და მსგავსი მითოლოგიური არსებების არ სჯერა, თავი სრულიად დაცული ჰგონია ილუზიებისგან, მიაჩნია, რომ რაციონალურად აზროვნებს და ობიექტურ სინამდვილესთან მიახლოება შეუძლია, თუმცა მათი იდენტიფიკაციები რაღაც აბსურდულ იდეებთან და იდეოლოგიებთან არანაკლებ საშიშია, ვიდრე ფანატოკოსის დაუსრულებელი ბოდვა ეშმაკებზე, ჯადოებზე და ბოროტ სულებზე.  

იუნგი წერდა “ჩვენი უბედურება, როგორც ჩანს, ატარებს ბევრად უფრო ფსიქოლოგიურ ხასიათს. ჩვენი დამღუპველია იდეოლოგიები, სწორედ ისინია კარგა ხნით ნალოდინევი ანტიქრისტე”.

ამ იდეების წყალობით, ვამართლებთ უამრავ ძალადობას მთელს მსოფლიოში და მიგვაჩნია, რომ მკვლელობა არის საშუალება, რაღაც დიადი მიზნის მისაღწევად, რაც თავისთავად სიყალბეა და არაფერს კარგს არ მოიტანს, ერთი ძალადობა ყოველთვის შობს მეორეს და ასე დაუსრულებლად გრძელდება ეს დრამა დედამიწაზე, ხოლო ეს დიადი მიზანი რატომღაც არსად ჩანს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი