თამაზ ბუთხუზი – უდიადესი მიზნისკენ სვლა მოაზროვნე ადამიანის დაბადებისთანავე დაიწყო

0
404

კაცობრიობის ისტორია სამყაროს გააზრებისა და შემეცნების მცდელობის ისტორიაა. ამ უდიადესი მიზნისკენ სვლა მოაზროვნე ადამიანის დაბადებისთანავე დაიწყო; შეიქმნა უმძლავრესი ინსტრუმენტი, რასაც დღეს ჩვენ მეცნიერებას ვუწოდებთ.

მან შექმნა ისეთი სიმძლავრე, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ ბრწყინვალე გონებასაც აღაფრთოვანებს; თუმცა ამ საერთო აღფრთოვანების ფონზე, მუდმივად არსებობს ნაღვლიანი შეგრძნება, რომ ჩვენი ცხოვრება მაინც უგუნურებითა და შესაბამისად, ბოროტებითაა გაჟღენთილი; 

ამ მდგომარეობას ჩვენ გაორებამდე მივყევართ. ერთის მხრივ, თანდათანობით ვრწმუნდებით, რომ ამ საკითხის ლოგიკით გადაჭრა შეუძლებელია. მეორეს მხრივ, ლოგიკური აზროვნების, მეცნიერების, იმდენად გვწამს, რომ მისი მეშვეობით, მიმდინარე მოვლენების წინასწარმეტყველებასა და რაციონალურად მართვას ვცდილობთ.
გარე და შიგა სამყაროს კანონზომიერების სრული გააზრებისგან – ჭეშმარიტებისგან, მაინც შორს ვართ.

სამწუხაროა, რომ ამ მოვლენათა განვითარება არაა დამოკიდებული იმ პიროვნებებზე, რომელნიც სამყაროს კანონზომიერების, ჭეშმარიტების შეცნობას ცდილობენ. რა გვიშლის ხელს სიკეთისაკენ მიმავალ გზაზე?

ამ მხრივ საინტერესოა ის ფაქტი, რომელიც უკვე დისკუსიას არ ექვემდებარება. მეცნიერების ყველა ის დარგი, რომელიც ბუნების კანონებს ეყრდნობოდა, შედარებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ის დარგები, რომლებიც ბუნების კანონებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. 

მართლაც, შეიძლება ადამიანს ეჭვი შეეპაროს, რაღაც გაუგებარი, ბოლცმანის თუ შრედინგერის განტოლებებით სოციალური პრობლემის გადაჭრას, ან კონსტიტუციის რომელიმე მუხლის გამოყენებით კომპიუტერის პროცესორის სწრაფქმედების გაზრდის ეფექტურობაში. ეს ეჭვი ძლიერდება ან სუსტდება იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ მიიკვლევს გზას ჭეშმარიტებისკენ.

ადამიანი მოაზროვნე არსებაა და შესაბამისად, ყოველ ჩვენთაგანს აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს როგორც ბუნების, ასევე სოციალური წყობის, სტრუქტურის გააზრების თეორიებში. 
ბუნების კანონები უნივერსალურია. მაგალითად, გრავიტაცია (მიზიდულობის კანონი), ერთნაირად სამართლიანია თქვენს ოთახშიც, იუპიტერზეც და სხვა გალაქტიკაშიც. 
ამაზე უკვე აღარავინ დაობს. 

ჩვენ ეჭვი მაშინ გვიჩნდება, როდესაც ვცდილობთ, ცალკეულ ფაქტებზე დაყრდნობით, შევქმნათ ერთიანი, არაწინააღმდეგობრივი სამყაროს სურათი, რომელიც ჩვენთვის მისაწვდომ ყველა სხვა ფაქტებთან, მოვლენებთან და რაც მთავარია, ადამიანის ბუნებასთან, მის შემეცნებასთან სრულ თანხმობაში იქნება. 

აქ მკვეთრად იკვეთება ერთი საკითხი: ჩვენ შევქმენით უამრავი კანონი, რომელსაც დაუნდობლად ვიტენით თავში და ესეც არ ვიკმარეთ, ამ კანონების ათვისებას მომავალ თაობასაც, ნებისმიერი ხერხით, ვაიძულებთ. იმავდროულად, გვავიწყდება დავფიქრდეთ თუ რამდენად მისაღებია იმ კანონების ფორმა და არსი, რომლითაც ცოდნის გამომჟღავნებას ვცდილობთ. 

ამ საკითხზე კატეგორიული პასუხი არ არსებობს. 

ყველა, ვინც მეცნიერების ისტორიით ოდნავ მაინც დაინტერესებულა, დაგვეთანხმება, რომ სხვადასხვა დროსა და სივრცეში, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ერთიდაიგივე მოვლენასა თუ პრობლემაზე, განსხვავებული ფორმის, ორი ან მეტი თეორია არსებობდა. თითოული თეორიის ავტორი ან მისი აქტიური თანამოაზრე, საკუთარ პროდუქტს უტყუარ ჭეშმარიტებად მიიჩნევდა. არც საკუთარ, არც სხვის ნერვებსა და ენერგიას არ ინანებდა, რათა სხვისი თეორია აეკრძალა, ან უსაფუძვლო სისულელედ გამოეცხადებინა; მაშინაც კი, თუ აღნიშნული, მისი თეორიისგან განსხვავებული თეორია, სამყაროში მიმდინარე მოვლენებს მშვენივრად ხსნიდა. 

მაგ: სინათლის ბუნებაზე, უკვე დიდი ხნის განმავლობაში, ორი თეორია არსებობს _ კორპუსკულარული და ტალღური და ერთი შეხედვით, სინათლის ქმედება-გავრცელებას ორივე მშვენივრად ხსნის. არა მარტო თეორიათა სიმრავლეა საოცარი, არამედ დახვეწილი მანერებისა და ბრწყინვალე გონების მქონე ადამიანთა დაუნდობლობა, ოდნავ განსხვავებული აზრის მქონე, თანამოღვაწეთა მიმართაც კი. 

მეცნიერების ყველა დარგში შოკირებადია თეორიათა სიმრავლე; სოციალურ ფილოსოფიის გააზრებაც მრავალმხრივია. ეს პროცესი უძველესი ბაბილონის მეფის _ ჰამურაბის, ინდოეთის _ მანუს კანონებისა და არისტოტელედან იწყება; და არ ყოფილა მეტ-ნაკლებად ცნობილი პიროვნება, რომელსაც ეთნოსის, საზოგადოების, სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ, ან აზრი არ გამოეთქვას, ან თეორია არ შეექმნას.

რა თქმა უნდა, ამაღლებულ ინტერესს იმსახურებდნენ თომა აკვინელი, ჰიუგო გროციუსი, სპინოზა, თომას ჰოფსი, ჯონ ლოკი, ქრისტიან ვოლფი, ვოლტერი, მონტესკიე, ჟანჟაკ რუსო _ და ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. 
შედეგი კი, ისაა, რასაც გარშემო ვხედავთ. 

არა, აქ ირონია არაფერ შუაშია, უბრალოდ, პრობლემაა ურთულესი. 

იმედის მომცემი კი, ისევ მეცნიერების ისტორიაა, რომლის თანახმად, ყოველი შემდგომი პერიოდი, მრავალი თეორიიდან ან ერთს ირჩევს, ან რამდენიმეს აერთიანებს. 
ერთის მხრივ, სამწუხარო ისაა, რომ დროს, ამ უნიკალურ ფენომენს, არაეფექტურად ვიყენებთ; მეორეს მხრივ კი, ის, რომ არსებული თეორიების ავტორთა უმრავლესობა ძირითადად არა ბუნების კანონზომიერებით იმართებოდა, არამედ იმ პოლიტიკური ელიტით, ვისი მფარველობის ქვეშაც თავს კომფორტულად გრძნობდა. იყვნენ და არიან ისეთებიც, რომლებიც სუბიექტურ აზრს უფრო მაღლა აყენებდნენ, ვიდრე იმ კანონზომიერებას, რაც სამყაროსა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს მართავს. 

ისეთი საინტერესო მეცნიერი, როგორიც, მაგალითად, ლევ გუმილიოვი იყო, პოლიტიკური ელიტისგან არაფერს ელოდა, მაგრამ ის თავისი ქვეყნის შვილი იყო. არავის აქვს უფლება ადამიანი, პატრიოტიზმიდან გამომდინარე სუბიექტური მსჯელობის გამო გაკიცხოს. ისიც გასაგებია რა იგულისხმება ამ მეცნიერის სამშობლოს უმთავრეს იდეოლოგიაში “რუსეთი მესამე რომია, მეოთხე აღარ იქნება”. აქ გულდასაწყვეტი ისაა, რომ “მესამე რომს”, ანუ “ერთადერთ მართლმადიდებლურ ციტადელს”, ქრისტიანობა მხოლოდ მაშინ ახსენდება, თუ ის, საკუთარი იმპერიის შენარჩუნება-გაფართოვების, ანუ სხვათა დაჩაგვრისთვის სჭირდება. 

შესაბამისად, მისგან გასაკვირი არ უნდა იყოს, ეთნოსის, საზოგადოების, იმპერიის წარმოქმნა-განვითარების “ბიოქიმიური” იმპულსით, ანუ ბუნების კანონზომიერებით, ახსნა; ამ პრინციპის გამოყენება ხომ მათთვის მომგებიანია _ “მესამე რომი” ეს არაა ძალმომრეობა, ესაა “ბუნების კანონი” და უნდა მივიღოთ და დავემორჩილოთ მას. 
ეს შენიღბული, ფუნდამენტურ მეცნიერებას ამოფარებული იმპერიალიზმია; ჩვენ კი, იგივე ისტორიული ფაქტების სხვაგვარ თეორიულ ახსნას მოგვიანებით მოგახსენებთ. 

ჩვენი აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამაღლებული გონებისა და ზნეობის მქონე იმ მეცნიერთა ნაფიქრალ-ნააზრევს, როგორებიც არიან: ვაჟა, პასკალი, სპინოზა, ფრანკი, მამარდაშვილი, ბაქრაძე და აგრეთვე, ყველა დროის მოღვაწენი, რომლებიც საზოგადოების არსებული ყოფის უკეთესით შეცვლას ცდილობდნენ; 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტების, მეცნიერული ცნებების, კანონების აღმოჩენა-დაფიქსირება შემთხვევითია, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი დადგენილია შემთხვევით დროში, შემთხვევითი ადამიანების მიერ, შემთხვევით მდგომარეობაში. 

1896 წელს ქალბატონებს ბატონ ბეკერელისთვის პიკნიკის მოწყობა და სურათების გადაღება, შემთხვევით, რომ არ ეთხოვათ; მას, შემთხვევით, ის ფოტოფირი მინერალების კოლექციის უჯრაზე რომ არ ეპოვა, სადაც, შემთხვევით, ურანის მარილი იდო, და ერთი ფოტოფირი არ გაემჟღავნებინა, მის ვარგისიანობაში დასარწმუნებლად და ფირზე, ურანის გამოსხივებით განპირობებული, ნათელი კვალი შემთხვევით, რომ არ აღმოეჩინა, არავინ იცის, კაცობრიობის ისტორიაში, როდემდე გადაიწევდა ის ერა, რასაც შემდგომ ბირთვული ეწოდა; 

სამწუხაროდ, ეს აღმოჩენა უფრო სწრაფად დავიდა მეცნიერთა გონებამდე, ვიდრე ათი მცნება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთ შემთხვევითობათა ერთობლიობა ერთიან კანონზომიერ სისტემას ქმნის, და მასში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული; ამ რთულ სისტემაში ერთი პატარა კვანძის შეცვლაც კი, ისე, რომ ყველაფერი არ შეიცვალოს, შეუძლებელია; შესაბამისად, ახალი ფაქტები ჩნდება, ე.ი. სისტემა იხვეწება, მუდმივ ცვალებადობაშია და ღვთის მადლით, ამ ცვალებადობით, ერთიანობა არ იკარგება. 

მეცნიერული ცნებების დღევანდელი სისტემა ხანგრძლივი ევოლუციის პროდუქტია. მისი კვანძები მეტ-ნაკლებად იცვლება ან უფრო სრულყოფილი ხდება. დასკვნა კი, ერთია:
არ არსებობს ახალი აღმოჩენა, რომელიც ძველ ცოდნას არ ეყრდნობა. 

ამითაა საინტერესო მეცნიერება. ის გაქვავებულლი მკვდარი სისტემა როდია, ის ცოცხალი ორგანიზმია, სადაც აზროვნებისა და ქმედების უფლება ყველას აქვს. 

ჩვენი მეცნიერული ცოდნა, ერთის მხრივ, სოციალურ მეცნიერებაში (და არა მარტო იქ), რეალური სოციალური მოვლენების რეალურის ჩრდილის გააზრების მცდელობაა; და მეორეს მხრივ კი, გვავიწყდება, რომ ამ ჩრდილის ზომა იმისდა მიხედვით იცვლება, თუ ეს მოვლენა რა კუთხით არის განათებული. 

მეცნიერული ცნებების სისტემათა ევოლუცია, სამწუხაროდ, კონტროლს არ ექვემდებარება; თუმცა ის ისეთივე კანონზომიერი პროცესია, როგორც ცოცხალი სამყაროს ევოლუცია. მაინც მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ მეცნიერული შემეცნება ადამიანის გონების პროდუქტია და ის, იმდენადაა თავისუფალი, რა თავისუფლების ხარისხიც შემთხვევითი აზრის წარმოქმნას გააჩნია. 

შესაძლებელია მეცნიერული შემეცნების ევოლუცია სხვადასხვანაირად, სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევებში გავიაზროთ; მან თავისი უცნაური თავისებურებებით შეიძლება გაგვაოცოს და აღგვაფრთოვანოს, მაგრამ თუ როგორმე მთლიანამდე მივალთ, ალბათ, ცხადად დავინახავთ, რომ აზრთა, თეორიათა განსხვავებას ან არ ექნება ადგილი, ან მინიმუმამდე დავა. 

ჩვენ არ ვიცით როგორ წარმოიქმნა პირველი ორგანიზმი, პირველი აზრი, ან რა მოხდებოდა ეს პროცესი სხვაგვარად რომ წარმართულიყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ევოლუციის ყოველი ახალი ნაბიჯი წინაზეა დამოკიდებული. 

ამიტომ შეგვიძლია სალვადორ დალივით სპილო -კოღოს ფეხებზე, ან ატომი – ქიშმიშიან ფუნთუშად წარმოვიდგინოთ, მაგრამ მთელი ცოცხალი სამყაროსა და მთელი მეცნიერული სისტემის განსხვავბულად წარმოდგენა, დღეს უკვე აღარ გამოგვადგება. 

სოციალური თუ ბიო-ევოლუცია, მეცნიერული ცოდნის ფორმირება, თავის შინაგან კანონებს ექვემდებარება და ჩვენ მათი შეცვლა არ ხელგვეწიფება; და ნურც ვინმე დაიტრაბახებს, რომ მთლიანობის გააზრებას შეძლებს.

ჩვენ ფორმირებულ სახეობათა შორის, ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ წყობაში, დამკვიდრებულ მეცნიერულ ცნებებში ვიბადებით; ჩვენ შეიძლება კლონირება ჩავატაროთ, ან ცხენის ახალი ჯიში გამოვიყვანოთ, ერთი შეხედულება მეორეთი, ან ერთი აზრი მეორით შევცვალოთ, მაგრამ ჭეშმარიტებისა თუ სიცრუის დადგენა, ადამიანთა ზოგადი შემეცნების სისტემაში ურთულესი საქმეა და ჯერ კიდევ შემეცნების მიღმაა. 

დიახ, ჩვენ სამყაროს კანონზომიერების გააზრებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ უკვე აღმოჩენილია ამ კანონზომიერების ისეთი კვანძები, რომლებიც დახვეწისა და ცვალებადობის მიმართ შედეგობას ამჟღავნებენ, რაც მიგვანიშნებს, რომ ეს, ის ფუნდამენტური კანონებია, რომელსაც ჩვენი გონება შესწვდა. 

ადამიანმა მეცნიერება ადამიანისთვის შექმნა, ამიტომ ის ადამიანის შემეცნების ბუნებას უნდა შეესაბამებოდეს.

სწორედ ამ ფუნდამენტურ კანონებზე დაყრდნობით იქნება შესაძლებელი იმ მდგრადი სოციალური სისტემის შექმნა, რაც ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი