როცა სათქმელი არაფერია

0
585

კულისებს მიღმა…

როდესაც დავიბადეთ, პირველად ჩავხედეთ სამყაროს, მეტყველ თვალებში. პირველად ჩავეჭიდეთ საგნებს, შევიგრძენით ახლობელი ადამიანების სითბო და სიყვარული. ეს იყო თავისუფლების წამიერი გაელვება. მაგრამ, გავიდა დრო და მივეჯაჭვეთ საყვარელ ადამიანებს, ჭირვეული ღიმილითა თუ აცრემლებული თვალებით უკან დავდევდით მათ. პერიოდული განცალკევების შემდგომ, გაგვიჩნდა მარტო დარჩენის შიში და უნდობლობა – გარესამყაროს მიმართ. უნდობლობამ დაბადა ეჭვი, თავის მხრივ კი ეჭვმა – უნდობლობას გაუხსნა გზა ჩვენი გონებისკენ.

არ ენდობოდე გარესამყაროს, ნიშნავს ეჭვი შეიტანო საკუთარ თავში

ჩვენ გავიზარდეთ და გვტუქსავდნენ ცელქობისთვის, გვტუქსავდნენ, რათა აგვეთვისებინა საზოგადოებრივად მისაღები ქცევა, გვტუქსავდნენ ბევრი საუბრის, ხმამაღლა სიცილისა ან ტირილისათვის, გვტუქსავდნენ ემოციების თავისუფლად გამოხატვისას…

ისევ გავიდა დრო და გაგვიჭირდა აზრის თავისუფლად გამოხატვა, გაგვიძნელდა გაკვეთილზე ხელის აწევა, მასწავლებელთან შეპასუხება, გაგვიძნელდა აუდიტორიის წინაშე თავის წარდგენა. ჩვენ გავხდით მორცხვები, ადვილად ვწითლდებოდით შექებისას (დატუქსვისას ხომ საერთოდ, ცეცხლის ალი ედებოდა მთელს სხეულს).

გავიზარდეთ და მივხვდით, რომ ჩვენ გავუუცხოვდით გარესამყაროს, შესაბამისად გავუუცხოვდით საკუთარ თავს. გაჩნდა შიში.

შიში თავისი არსით ილუზიაა, ჩვენ კი ილუზიის მხვერპლი გავხდით

სცენაზე…

დღეს დიდი დღეა, რადგან
პირველად უნდა წავიკითხოთ ლექსი,
უნდა დავიცვათ სამეცნიერო ნაშრომი,
უნდა ვიმღეროთ კონცერტზე,
უნდა ვიცეკვოთ,
მონაწილეობა უნდა მივიღოთ თეატრალურ დადგმაში,
სიტყვით უნდა გამოვიდეთ აუდიტორიის წინაშე,
უნდა ვთქვათ “არა”
უნდა ვუთხრათ “მიყვარხარ…”

დღეს დიდი დღეა და ამისათვის განსაკუთრებულად ვემზადებით, მაგრამ, თითქოს რაღაც გვბოჭავს, გვაბნევს, გვშლის ნაწილებად… რაც უფრო ახლოვდება მოქმედების დრო, მით მეტად ვკანკალებთ და ვშფოთავთ, თვითდაჯერებულობაც სადღაც მიდის, ქრება… თითქოს, სათქმელი არაფერია, თითქოს აქამდე არაფერი გვისწავლია, თითქოს, არასოდეს გვიმღერია, თითქოს, არასოდეს გვიცინია ან არასოდეს გვისაუბრია ჩვენი გრძნობების შესახებ.

დღეს დიდი დღეა და მივხვდით, რომ “ასე აღარ შეიძლება, დროა, საკუთარ თავზე ვიმუშავოთ, დროა, განვივითაროთ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.” მაგრამ, მნიშვნელოვანია თუ რას გავაკეთებთ ამისათვის?

პირველ რიგში: ჩამოართვით ხელი საკუთარ თავს – შეურიგდით საკუთარ დადებით და უარყოფით მხარეებს; გახდით მიმღებელი ცვლილებების მიმართ და მაშინ, როცა სათქმელი არაფერია, გამართეთ დიალოგი საკუთარ თავთან:

“გამარჯობა ჩემო თავო“... დამეთანხმები, რომ ყველას აქვს ტვინი. შესაბამისად, ყველა ფიქრობს და განიცდის… (რაღაცას). ტვინი ჩვენი როგორც მეგობარი, ისე მტერიც არის, ხან სიმშვიდეს გვჩუქნის, ხან კი აგვაფორიაქებს და ფრჩხილების კვნეტას დაგვაწყებინებს.
ყველაფერი, რაც კი სასიხარულოა ან საშიში და სადარდებელი, ჩვენი ტვინისგან მომდინარეობს, რაშიც კარგად ვლინდება ჩვენივე დამოკიდებულება და წინასწარგანწყობა ასეთი საკითხების მიმართ.

ტვინი ისრუტავს ყველაფერს, რაც კი ინფორმაციის სახით აღწევს ჩვენთან – გარესამყაროდან. ხოლო ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენ დროს დავუთმობთ და რამდენად მივაქცევთ მათ ყურადღებას

ამის შემდეგ უნდა გავიაზროთ, რომ ეს ნორმალურია და ყოველი ადამიანის ტვინს ახასიათებს, მთავარია ჩვენი შემგუებლობის ხარისხი.

ხშირად, ფიქრები შემაწუხებლად გადაიქცევა, რადგან აბეზარი კოღოებივით გვეხვევა და არც ძილის, არც მოსვენების საშუალებას გვაძლევს. ჩვენც ვწუხვართ, განვიცდით ერთი მხრივ იმას, რის გამოც ეს აზრები აგვეკვიატა, მეორე მხრივ კი თავად აზრების აკვიატებულობას. ანუ, გამოდის, რომ თავის დროზე, რაღაც პრობლემამ წარმოშვა კიდევ უფრო დიდი პრობლემა – შემაწუხებელი აზრების სახით და გვგონია, რომ სათქმელი არაფერია.

აზრები შეიძლება იყოს რაციონალური და არარაციონალური ანუ ირაციონალური. ახლა განგიმარტავ თითოეულ მათგანს:

რაციონალურია ის აზრი თუ ფიქრი, რომელიც ობიექტურ სინამდვილეს ასახავს:
მაგალითად, შენ იცი, რომ კარგად შეგიძლია ცეკვა, შესაბამისად კი ფიქრობ, რომ ხშირად წარმატებასაც მიაღწევ. ან პირიქით, იცი რომ ფიზიკური მონაცემები ხელს არ გიწყობს კარგ სპორტსმენად ჩამოყალიბებაში და შესაბამისად, პრეტენზიას არც აცხადებ სპორტსმენობაზე.

არარაციონალური აზრებით კი საპირისპირო ხდება – შენ ფიქრობ, რომ კარგად არ შეგიძლია ცეკვა, წარმატებას ვერ მიაღწევ და კონცერტიც ძალიან ცუდად ჩაივლის, მაშინ, როდესაც ფიზიკური მომზადება და ნიჭი შენში ნამდვილად ერწყმის ერთმანეთს. ეს აზრები, უკვე მოსვენებას არ გაძლევს, ფიქრობ დილით, ადგომისას, სადილობისას, აბაზანაში თუ საღამოს, ძილის წინ. ფიქრები იმდენად გამძაფრდა, რომ უკვე თავისით მოდიან და გტანჯავენ, შენც უფრო მეტად იჯერებ მათ ლოგიკურობას და ვარდები გაურკვევლობაში, შეიძლება აპათიამაც შეგიპყროს. საბოლოოდ კი, ხელი შეგიშალოს დაძინებაში, დაგავიწყოს საუზმის მომზადება, ჩაგიშალოს კონცერტი, სადაც გამოსვლაზე ოცნებობდი, რადგან სრულიად ამ ფიქრებით ხარ მოცული.

შემაწუხებელი ფიქრები ობიექტურმა სინამდვილემაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად: იცი, რომ ახლობელს მძიმე დაავადება სჭირს და ამას ძალიან განიცდი, ანუ ლოგიკურად ფიქრობ, რომ ის ვერ გადარჩება და ეს აზრები „ალიაქოთურად“ იქცევიან.

ასეა თუ ისე, მტანჯველი ფიქრებისგან განსათავისუფლებლად, ჯერ უნდა ჩავწვდეთ, მის შინაარსს, საიდან მომდინარეობს, როდის გაჩნდა პირველად მსგავსი აზრი, როდის იქცა შემაწუხებლად და პირველად როდის გაიფიქრე, რომ საკუთარ თავთან, სათქმელი არაფერია.

ქვემოთ ნახავ კითხვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა დაუსვა საკუთარ თავს. უმჯობესი იქნება, თუ პასუხებს წერილობით ჩაინიშნავ. რაც მთავარია, პასუხები უნდა იყოს ექსპრომტად, ანუ პირველად რაც მოგივა თავში, ის უნდა ჩაინიშნო. დასასრულს კი გადახედე პასუხებს და გააანალიზე. მაშ ასე:

  • რა საკითხს ეხება ჩემი აზრები? რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი?
  • პირველად, როდის გამიჩნდა შემაწუხებელი აზრი? როდის იქცა „ალიაქოთურად“?
  • რატომ არის ეს აზრები ჩემთვის შემაწუხებელი?
  • აქვს თუ არა ჩემს „შემაწუხებელ“ აზრებს რეალური საფუძველი?
  • რაში მიშლის ხელს „შემაწუხებელი“ აზრები?
  • რას ვაკეთებ, როდესაც „შემაწუხებელი“ აზრები მიტევს?
  • რას არ ვაკეთებ, როდესაც „შემაწუხებელი“ აზრები მიტევს?
  • რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ „ალიაქოთურმა“ აზრებმა აღარ შემაწუხოს? რაში ვხედავ გამოსავალს?                                                                                                                                                                                                                                                                                      გახდით საკუთარი თავის მკვლევარები. დაამყარეთ კომუნიკაცია გარესამყაროსთან სწორედ მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ დიდ სცენაზე სათქმელი არაფერია.

ავტორი:ნინო ლინჩიკი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი