მორიტა თერაპია – პოზიტიური ფსიქოთერაპიის იაპონური ალტერნატივა

0
514

მორიტა თერაპია კლინიკური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც ძენ-ბუდიზმს ეფუძნება. იგი პიროვნების მიზანსა და პასუხისმგებლობაზე ორიენტირებულ, ეკოლოგიურ ფსიქოთერაპიად მოიაზრება. მეცნიერები, მორიტა თერაპიას ალბერტ ელისის რაციონალურ-ემოციური ფსიქოთერაპიის, ეგზისტენციალურ და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიების მონათესავე მიმართულებად თვლიან.

მაგრამ მანამდე, სანამ მორიტა თერაპიის სიღრმეებს მიმოვიხილავთ, გაგაცნობთ მისი დამაარსებლის, შომა მორიტას მოკლე ბიოგრაფიას.

შომა მორიტა- იგივე მორიტა მასატაკე (1874–1938) ზიგმუნდ ფროიდის თანამედროვე, იაპონელი ფსიქიატრი გახლდათ. თავისი მეთოდი მან, პირველად (1919), ტოკიოს ერთ-ერთ უდიდეს ჰოსპიტალში, იპოქონდრიულ ნიადაგზე აღმოცენებულ შფოთვითი აშლილობის (იაპონურად-shinkeishitsu) მქონე პაციენტებთან გამოსცადა. შინკეიშიცუ-ს არსი გულისხმობს არა მხოლოდ ფსიქიკური დარღვევებით გამოწვეულ შფოთვას, არამედ იგი მოიცავს ისეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებსაც, რომელშიც თანამედროვე დასავლეთელები პოულობენ საკუთარ თავს – სტრესის, ტკივილისა და მშობიარობის ტრავმით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დარღვევებს.

შომა მორიტას ინოვაციური ნამუშევარი გამოქვეყნდა 1928 წელს, იაპონიაში. იგი კარგად ასახავდა იაპონური კულტურის ელემენტებს, შემდგომში კი დასავლურ აზროვნებასთან ადაპტირდა. თავდაპირველად, მორიტა თერაპიის პროცესი გულისხმობდა პაციენტის განმარტოებას, მის იზოლირებას ოთახში, ყოველგვარი გარე სტიმულებისგან მოშორებით – წიგნების, ტელევიზორისა და სხვა ადამიანების გარეშე ყოფნას. ამგვარად, პიროვნება უნდა ჩაღრმავებოდა საკუთარ ფიქრებს. მორიტა თერაპიის თანამედროვე აბრევიატურაა MTM – Morita Therapy Method

თეორია

შომა მორიტას თანახმად, ადამიანის მოტივაციას წარმართავს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დრაივი: ერთი მხრივ, ძლიერი სურვილი – იცხოვროს სავსე ცხოვრებით (მიაღწიოს თვით-აქტუალიზაციას) და მეორე მხრივ, ასევე ძლიერი სურვილი იმისა, რომ იყოს დაცული და ჰქონდეს კომფორტი.

მორიტა მკაცრად აღნიშნავდა, რომ ეს ორი მისწრაფება ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან როდესაც ადამიანი მისდევს მისთვის ყველაზე ღირებულ მიზნებს (ურთიერთობებს, განათლებას, კარიერას, მშობლობას და ა.შ.) ხშირად მას თან ახლავს დისკომფორტისა და დაუცველობის განცდა, რაც გამოიხატება შფოთვაში, თვითრწმენის დაკარგვაში, პიროვნულ და ფინასრურ რისკებში და ა.შ.

მორიტას დაკვირვებით, ადამიანი რაც უფრო ცდილობს საკუთარი დაუცველობის განცდის თავიდან არიდებას ან მის ჩახშობას, მით უფრო უთხრის ძირს საკუთარ შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, მათი ყურადღების გადაინაცვლებს მცდარ, არაადექვატურ შესაძლებლობებზე, რათა გაექცეს არასასურველ გრძნობებს. საბოლოოდ ადამიანი უარს ამბობს საკუთარ შესაძლებლობებზე და აღარ დგამს ნაბიჯებს მიზნის განსახორციელებლად. მორიტას აზრით, ადამიანის გრძნობები განსაზღვრავს მის ახლანდელ მდგომარეობას, მაგრამ ჩვენ კი არ ვქმნით გრძნობებს, არამედ გრძნობები გვქმნიან ჩვენ.

მორიტას თეორიის არსი ჯამდება სამ ძირითად კანონად: მიიღეთ, დაეთანხმეთ ყოველ თქვენს გრძნობას, იცოდეთ თქვენი მიზნები და აკეთეთ ის, რაც საჭიროა, რომ შესრულდეს. გრძნობების მიმღებლობა არ ნიშნავს მათ იგნორირებას ან თავიდან არიდებას, არამედ მასთან შეგებებას, მიუხედავად იმისა, რამდენად არასასიამოვნო შეიძლება იყოს ის. ვიეტნამელი პოეტი Thich Nhat Hanh გვირჩევს, ნებისმიერ გრძნობას მივმართოთ შემდეგნაირად: “გამარჯობა მარტოობავ, დღეს როგორ ხარ? მოდი, გვერდით მომიჯექი და მე შენზე ვიზრუნებ.” რაც შეეხება მორიტას რჩევას: “გრძნობების გამოხატვისას, უმჯობესია ვიყოთ დიდსულოვნები.”

არუგამამა

მორიტას თერაპიის მიზანია არუგამამა ანუ ცხოვრების მიღება ისეთად, როგორიც ის არის. ძალიან ხშირად, ცხოვრებით ადამიანის უკმაყოფილება გამოწვეულია იმ შედარებების საფუძველზე, რასაც ის აკეთებს რეალურ მოცემულობასა და “როგორიც მას სურდა, რომ ყოფილიყოს” შორის. ჩვენ მოლოდინები გვიცრუვდება მაშინ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ გარშემო ადამიანები ისეთი მომთმენი, კეთილი, მოსიყვარულე ან მეგობრულები არ აღმოჩნდენ, როგორსაც ველოდით. ამის ბუნებრივი მოცემულობა კი ის გახლავთ, რომ ვცდილობთ ცხოვრება მივუახლოვოთ ჩვენივე შექმნილ იდეალს.

მორიტას აზრით, არასასიამოვნო გრძნობები და ირაციონალური აზრები ყოველთვის არ უნდა ჩავთვალოთ ფსიქიკური გადახრების სიმპტომებად, რადგან ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე, ჩვენ ბუნებრივად განვიცდით შფოთვას, დეპრესიას, არაადექვატურობას, შესაბამისად, ჩვენი ფიქრები ირაციონალურია, რასაც სხვაგვარად “კოგნიტურ შეცდომებსაც” ვუწოდებთ. არასასიამოვნო გრძნობები და ირაციონალური აზრები მართალია იწვევენ ქცევით დარღვევებს, მაგრამ თავად გრძნობა და აზრი ბუნებრივია, დარღვეული კი გახლავთ მხოლოდ ქცევა, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია.

მორიტას თეორიის ცენტრალურ იდეა გახლავთ ის, რომ ჩვენი გრძნობები, აზრები და სხეულებრივი შეგრძნებები უკონტროლოდ უკავშირდებიან ქცევას. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად ცდილობს ადამიანი ჩაახშოს მისთვის არასასურველი გრძნობა თუ აზრი, მით უფრო უკონტროლო ხდება ქცევა და ვლინდება სხვადასხვა დარღვევის სახით. მაგალითად, თუკი გამალებით ეცდებით, რომ არ იფიქროთ “ყვითელ ფანქარზე,” ყველაფერი, რაც მასთან ასოციაციურად არის კავშირში, თქვენს გონებას მოიცავს, საბოლოოდ, გაუკონტროლებელი ქცევა კი მაინც ყვითელ ფანქრამდე მიგიყვანთ.

ქცევის გაკონტროლება შესაძლებელია

მორიტა ხაზს უსვამდა შემდეგს, რომ ქცევები, შინაგანი გამოცდილებისაგან განსხვავებით, გაკონტროლებადია. არასასურველი აზრებისაგან დამოუკიდებელი ქცევის განხორციელება რეალურად შესაძლებელია. ამის მაგალითად გამოდგება ნებისმიერი ქცევა, რომლის განხორციელებაც ჩვენ არ გვსიამოვნებს, მაგრამ გარკვეული ვალდებულებების გამო მაინც ვაკეთებთ: ვრეცხავთ ჭურჭელს, როდესაც ამის არც დრო გვაქვს და არც განწყობა, მივყვებით მეგობარს საყიდლებზე, როდესაც ჩვენ სხვა საქმე გვაქვს გასაკეთებელი, სიტყვით გამოვდივართ სუფრასთან, მაშინ როდესაც ხალხმრავლობა დიდ სიამოვნებას არ გვანიჭებს, მაგრამ აუცილებელია. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ჩვევაზე თქვას უარი და განახორციელოს ამ ჩვევის საწინააღმდეგო ქცევა, რაც მას პოზიტიური ცვლილების მიღწევაში დაეხმარება.

რაც უფრო ჩავუღრმავდებით ჩვენს სიმპტომებს (შფოთვას, დეპრესიას, სტრესს, ტკივილს და ა.შ.), მით უფრო შეგვიპყრობს იგი. მაგრამ საკმარისია დავაკვირდეთ ჩვენს ქცევას -რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რატომ ვაკეთებთ, რომ ტკივილის მომგვრელი გრძნობები გვერდზე გადაიწევს. მეორე მხრივ, მორიტა თერაპია გვთავაზობს საკუთარ შინაგან სამყაროზე ფოკუსირებას, იმისათვის, რომ უკეთ ჩავწვდეთ ჩვენი გრძნობების არსს და გავიაზროთ, რა გვჭირდება ჯანსაღად ფუნქციონირებისთვის.

მორიტა თერაპიის მეთოდები

“ემოციები ძლიერდება მაშინ, როდესაც პიროვნება მას გამოხატავს ბუნებრივი გზით”
მორიტა თერაპია შესანიშნავი მეთოდია შფოთვაზე დაფუძნებული დარღვევების, პოსტ-ტრავმატურლი სტრესის, დეპრესიის და სხვა, ადაპტაციური დარღვევების მკურნალობისას. მკურნალობის დაწყებამდე მორიტა გვაძლევს მკაცრ რეკომენდაციას, რომ სანამ თერაპიას დავიწყებდეთ, აუცილებლად უნდა შემოწმდეს პაციენტის მდგომარეობა. განსაკუთრებით მაშინ, თუკი პაციენტს აღენიშნება შიზოფრენიული დარღვევები, მანიაკალური შეტევები, ინტელექტუალური დარღვევა და ბიპოლარული აშლილობა.

მორიტა თერაპიაში მკურნალობა განისაზღვრება მიზანზე-ორიენტირებული ქცევის განხორციელებით, რაც პიროვნებას ეხმარება იცხოვროს სავსე და აზრიანი ცხოვრებით. რაც შეეხება მეთოდებს, აქ საქმე გვაქვს განსხვავებულ მიდგომებთან. როგორც წესი, მორიტა თერაპია 4 საფეხურიანი პროცესია. თერაპიის სტანდარტული პერიოდი მოიცავს 25 დღეს, თითოეული სტადია კი 5-7 დღეს. სანამ მომდევნო ეტაპზე გადავა, თერაპევტმა უნდა დააფიქსიროს პროგრესი პაციენტის მკურნალობისას.

პირველ სტადია მოიცავს სოციალურ იზოლაციას, სიწყნარესა და დასვენებას. პაციენტს ენიშნება ზურგზე წოლითი რეჟიმი, ადამიანებისგან მოშორებით, წიგნებისა და ელექტრონული მოწყობილობების გარეშე. მას ეკრძალება მოწევა და მუსიკის მოსმენა. პაციენტი თავისუფლდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობისაგან. ამავდროულად, თერაპევტს აქვს საშუალება დააკვირდეს პაციენტს მწოლიარე

მდგომარეობაში. დაკვირვების შედეგები გამოიყენება შემდეგ სტადიაზე მკურნალობისთვის.
როგორც წესი, ამ სტადიაზე, პაციენტსა და თერაპევტს შორის მინიმალური კომუნიკაციაა, რათა პაციენტი კარგად ჩაუღრმავდეს საკუთარ შინაგან სამყაროს. მორიტა თერაპევტი სთხოვს პაციენტს, დააკვირდეს საკუთარ ემოციებს და ყოველგვარი ნეგატიური ან პოზიტიური განსჯის გარეშე მიიღოს ის, როგორიც არის. საბოლოოდ პაციენტი იხილავს ემოციების ფართო სპექტრს და გააანალიზებს, რომ მათი დინამიკა განპირობებულია გარემო ფაქტორების ზემოქმედებით. მნიშვნელოვანია, რომ თერაპიას უძღვებოდეს კლინიკური უნარებით აღჭურვილი, გამოცდილი სპეციალისტი, რადგან პაციენტის იზოლაცია, არ ნიშნავს მის უგულვებელყოფას, პირიქით, ეს პროცესი უფრო მეტ ყურადღებასა და სიფაზეს საჭიროებს.

მეორე სტადია მოიცავს სამუშაოებს. პაციენტს ევალება გავიდეს გარეთ და დაკავდეს საქმით, მაგალითად, მებაღეობით, რაც გულისხმობს დათესვას, მცენარის გაზრდას, მოვლას. ეს სტადია იწყება მოწყენილობითა და დისკომფორტის განცდით, მაგრამ მალევე, პაციენტი ერთობა ბუნებასთან კონტაქტით და ერთვება მიზანდასახულ საქმიანობაში, თერაპევტი კი მოუწოდებს, გახდეს ბუნების ნაწილი, მოუსმინოს ჩიტების ჭიკჭიკს, მდინარის ხმას და ა.შ.

მესამე ეტაპი აქტიურია და მოიცავს ინტენსიურ სამუშაოებს, კერძოდ დღიურის წერას, შემოქმედებითობას, სხვადასხვა საკვების მომზადებას და სხვებთან კომუნიკაციას, რაც გულისხმობს სამუშაოებთან დაკავშირებულ საუბრებს. თერაპევტი არ პასუხობს პაციენტის ემოციურ გამოვლინებებს. პაციენტები თავიანთ დაკვირვებებს ინიშნავენ დღიურში, დღის ბოლოს კი თერაპევტი აგროვებს ჩანაწერებს და ინიშნავს მნიშვნელოვან კომენტარებს. თუკი პაციენტი გამოავლენს მოწყენილობას ან შეუსაბამო ემოციებს, მას მიეთიტება, რომ კვლავ დააკვირდეს გარემოს და ჩაინიშნოს აქტივობები დღიურში.

მეოთხე ეტაპი მოიცავს სოციალურ ინტეგრაციას. პაციენტს, ამ ხნის განმავლობაში, პირველად აქვს შესაძლებლობა გავიდეს საზოგადოებრივ ადგილებში, იმგზავროს ტრანსპორტით, მისწეროს წერილი საყვარელ ადამიანებს, შეიძინოს საკვები. სტადიის ბოლოს პაციენტი უბრუნდება სოციალურ ცხოვრებას და განახლებული ხედვით აგრძელებს ფუნქციონირებას.

წყაროები:http://www.wellbeing.com.au; http://www.moritasscool.com

მოამზადა:ნინო ლინჩიკმა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი