ღმერთი მოკვდა – რას გულისხმობდა ნიცშე?

0
1020

134 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფრიდრიხ ნიცშემ განაცხადა: „ღმერთი მოკვდა” და ამით ფილოსოფიის სტუდენტებს გაუჩინა თავის ტკივილი, რომელიც მე-19 საუკუნიდან დღემდე გრძელდება. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განცხადებაა მთელ ფილოსოფიაში და კარგადაა ცნობილი მათთვისაც, ვისაც ხელში არასდროს ჭერია წიგნი „მხიარული მეცნიერება”, საიდანაც ეს ფრაზა იღებს სათავეს. მაგრამ ვიცით თუ არა ზუსტად, რა იგულისხმა ნიცშემ? ან რაც უფრო მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

მოწიფულობის დროიდან ნიცშე ათეისტი იყო და არ უგულისხმია, რომ არსებობდა ღმერთი, რომელიც მოკვდა, არამედ მოკვდა იდეა ღმერთის შესახებ. განმანათლებლობის ეპოქის შემდეგ იდეა სამყაროზე, რომელიც იმართება ფიზიკის კანონებით და არა ღვთიური განგებით, უკვე რეალობა იყო. ფილოსოფიამ აჩვენა, რომ ხელისუფლებას თავისი კანონიერების დამტკიცებისთვის აღარ სჭირდებოდა, ღვთისგან მინიჭებული უფლების იდეას დაყრდნობოდა, არამედ საკმარისი იყო მართულთა თანხმობა ან რაციონალურობა – რომ დიდ და თანმიმდევრულ მორალურ თეორიებს შეეძლოთ ეარსებათ ღმერთზე მითითების გარეშე. ევროპას აღარ სჭირდებოდა ღმერთი ყველანაირი მორალის, ღირებულების ან სამყაროში არსებული წესრიგის წყაროდ. ჩვენთვის ამას ფილოსოფია და მეცნიერება აკეთებდნენ. აზროვნების ამ მზარდმა სეკულარიზაციამ უბიძგა ფილოსოფოსს იმის გააზრებისკენ, რომ ღმერთი არამარტო მოკვდა, არამედ ის ჩვენ მოვკალით საკუთარი სურვილით, რათა სამყარო უკეთ შეგვეცნო.

ნიცშეს ღმერთის სიკვდილი მხოლოდ დადებით მოვლენად არ ესახებოდა. ღმერთის გარეშე დასავლეთ ევროპის ძირითადი რწმენის სისტემა საფრთხეში იყო, როგორც „კერპების მწუხრში” აღნიშნა: „როცა ადამიანი უარყოფს ქრისტიანულ რწმენას, მას ხელიდან ეცლება ქრისტიანული მორალის ქონის უფლება. ეს მორალი არავითარ შემთხვევაში არ არის თვითცხადი… ქრისტიანობა არის სისტემა, საგანთა მთელი თვალსაწიერი, რომელიც ერთობლივად იქნა მოფიქრებული. მისი ერთ-ერთი მთავარი ცნების, ღმერთის რწმენის, მოშორებით მთელი სისტემა ინგრევა.”

ნიცშე თვლიდა, რომ ეს მხოლოდ ზოგიერთებისთვის იქნებოდა კარგი რამ და ამბობდა: „… იმის მოსმენით, რომ ‘ძველი ღმერთი მოკვდა’, ჩვენ, ფილოსოფოსები და ‘თავისუფალი სულები’ თავს გასხივოსნებულად ვგრძნობთ ახალი განთიადით.” ღირებულებათა ძველი სისტემის დანგრევის შემდეგ ახლის შექმნა შეიძლებოდა, მაგრამ ამას რისკები ახლდა თან. ნიცშე მიიჩნევდა, რომ ამ სისტემის მოცილება ბევრ ადამიანს უმნიშვნელობისგან გამოწვეული სასოწარკვეთილების რისკის ქვეშ აყენებდა. რა აზრი შეიძლებოდა ქონოდა სიცოცხლეს ღმერთის გარეშე? თუნდაც ღმერთი არსებულიყო, დასავლეთმა უკვე იცოდა, რომ მას სამყაროს ცენტრში არ მოვუთავსებივართ და თანდათან ერკვეოდა იმ მოკრძალებულ საწყისში, რომლისგანაც ადამიანი განვითარდა. სამყარო უკვე ჩვენთვის აღარ იყო შექმნილი. ნიცშე შიშობდა, რომ სამყაროს ასეთი გაგება გვიბიძგებდა პესიმიზმისკენ, „არარაობის სურვილისკენ”, რაც უპირისპირდებოდა ნიცშეს მიერ მხარდაჭერილ ცხოვრების წამახალისებელ ფილოსოფიას.

ნიჰილიზმისადმი მისი შიში და ჩვენი მისდამი რეაქცია ნაჩვენები იყო „ძალაუფლების ნებაში”, როცა ის წერდა: „რასაც მე ვყვები, შემდეგი ორი საუკუნის ისტორიაა. მე აღვწერ, რა ახლოვდება, რაც სხვანაირად ვეღარ მოხდება: ნიჰილიზმის შემოსვლა… გარკვეული პერიოდია, მთელი ჩვენი ევროპული კულტურა კატასტროფისკენ მიიწევს.” მას არ გაუკვირდებოდა ის მოვლენები, რომლებიც ევროპას მე-20 საუკუნეში დაატყდა თავს. კომუნიზმი, ნაციზმი, ნაციონალიზმი და სხვა იდეოლოგიები, რომლებიც კონტინენტზე პირველი მსოფლიო ომის კვალდაკვალ იკაფავდნენ გზას, ცდილობდნენ, მიეცათ აზრი და ღირებულება ადამიანისთვის, როგორც მუშისთვის, როგორც არიელისთვის ან სხვაგვარად; ისევე, როგორც ქრისტიანობას შეეძლო აზრის მინიჭება ადამიანისთვის, როგორც ღვთის შვილისთვის, და დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის ღირებულება მიეცა სამოთხესთან კავშირის გავლებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა უარეყო ეს იდეოლოგიები, ნიცშე უდავოდ აღიარებდა იმ ღირებულების საჭიროებას, რომელსაც ეს იდეოლოგიები იძლეოდნენ.

რა თქმა უნდა, რადგან ნიცშე ამის მოახლოებას ამჩნევდა, გამოსავალი შემოგვთავაზა. ინდივიდების მიერ საკუთარი ღირებულებების შექმნა. სიცოცხლის აზრის შექმნა მათ მიერ, ვინც ამ აზრით ცხოვრობს. იმ ინდივიდის არქეტიპს, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, გააჩნია სახელი, რომელმაც ასევე შემოაღწია ჩვენს კოლექტიურ ცნობიერში – ზეკაცი. თუმცა ნიცშე ამას თვლიდა ადამიანის შორეულ მიზნად, რომლის მიღწევასაც უმეტესობა ვერ შეძლებდა. ზეკაცი, რომელიც მისი აზრით, ჯერ კიდევ არ არსებობდა დედამიწაზე, სიცოცხლეს საკუთარი სურვილით მიანიჭებდა აზრს და მიხვდებოდა, რომ საბოლოოდ საკუთარ არჩევანზე თავად არის პასუხისმგებელი. როგორც თვითონ აღნიშნა: „შექმნის თამაშისთვის, ჩემო ძმებო, საჭიროა წმინდა თანხმობა: სულს ამჟამად საკუთარი სურვილები სწადია.” ასეთი მამაცი ინდივიდი ვერ მიუთითებს დოგმაზე ან პოპულარულ აზრზე იმის ასახსნელად, თუ რატომ აფასებს იმას, რასაც აკეთებს.

ზეკაცის შექმნის იშვიათობისა და სიძნელის დაშვებით ნიცშემ წამოაყენა ალტერნატიული პასუხი ნიჰილიზმზე, რომლის არჩევასაც ის უფრო მოსალოდნელად თვლიდა. ბოლო ადამიანი. „ყველაზე საზიზღარი რამ”, ვინც წყნარი კომფორტული ცხოვრებით ცხოვრობს, არ მიისწრაფის ინდივიდუალურობისკენ ან პიროვნული ზრდისკენ, რადგანაც: „ჩვენ ბედნიერება აღმოვაჩინეთ, ამბობენ ბოლო ადამიანები და თვალებს ახამხამებენ.” ზარატუსტრას, ნიცშეს მქადაგებლის სამწუხაროდ, რომელიც ხალხს უქადაგებს, რომ მისგან პატიება ითხოვონ ბოლო ადამიანის ცხოვრების სტილის გამო, ნიცშე პესიმიზმს ამჟღავნებს ჩვენს შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გავუმკლავდეთ ღმერთის სიკვდილს.

მაგრამ შეიძლება იკითხოთ, თუკი ღმერთი ამდენი ხანია, მოკვდა და ამის ცოდნით უნდა ვიტანჯებოდეთ, სად არიან ათეისტები? ამას თავად ნიცშემ გასცა პასუხი: „ღმერთი მოკვდა. მაგრამ ადამიანებმა თავიანთი ბუნების გამო შეიძლება ისევ გამოქვაბულში იცხოვრონ ათასობით წელიწადს, სადაც მისი ჩრდილი იქნება ნაჩვენები.” შეიძლება ჩვენ მხოლოდ ახლა ვხედავთ ნიცშეს განცხადების შედეგებს.

მართლაც, ათეიზმი წინ მიიწევს, მრავალ ევროპულ ქვეყანაში უმრავლესობას უახლოვდება და შეერთებულ შტატებშიც ზრდის ტემპით გამოირჩევა. მაგრამ განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როცა ათეიზმი იძულებით ვრცელდებოდა კომუნისტური ქვეყნების მიერ, ამჟამად აუცილებელი აღარაა, უღმერთობას რომელიმე იდეოლოგია უმაგრებდეს ზურგს. ბრიტანელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი თავად ბოლშევიზმს თითქმის რელიგიად აღიქვამდა.

ბევრმა ათეისტმა იცის, რომ ღმერთის გამორიცხვა დამატებითი ფილოსოფიური სტრუქტურის შემოტანის გარეშე, რომელიც ცხოვრებას აზრს აძლევს, შეიძლება ეგზისტენციალური შფოთვის გამომწვევი იყოს. ვდგავართ თუ არა იმ საზოგადოებად ქცევის რისკის წინაშე, რომელიც საკუთარ უმნიშვნელობას ებრძვის? დგას თუ არა ჩვენი საზოგადოება ნიჰილიზმის რისკის წინაშე? ვართ თუ არა უფრო მეტად მოწყვლადი იმ იდეოლოგიებისა და თაღლითების წინაშე, რომლებიც გვპირდებიან იმის გაკეთებას, რასაც ღმერთი აკეთებდა ჩვენთვის და საზოგადოებისთვის? ვიდრე ამერიკელები მზარდი პესიმიზმით გამოირჩევიან მომავალთან მიმართებაში, ეს ტენდენცია არარელიგიურებში უფრო ნაკლებად შეინიშნება, ვიდრე რელიგიურებში. შესაძლოა, ნიცშე ცდებოდა ჩვენს შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომ ხანგრძლივ პერიოდში შევძლებდით, გავმკლავებოდით ღმერთის სიკვდილის იდეას.

როგორც ალენ დე ბეტონი ვარაუდობს, ისე ჩანს, რომ ჩვენ იმაზე უკეთ მოვახერხეთ ღმერთის სიკვდილთან გამკლავება, ვიდრე ნიცშეს წარმოედგინა. ჩვენ ყველანი სულაც არ ვართ ბოლო ადამიანები და არც იმ სიტუაციაში აღმოვჩნდით, სადაც ყველანაირი მორალი სავსებით ფართობითად და უაზროდ ითვლება. როგორც ჩანს, ჩვენ შევძელით ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც ადამიანთა ნაწილისთვის ღმერთის საჭიროება მცირდება კოლექტიური სასოწარკვეთის ან ქაოსის გარეშე.

შეგვიძლია თუ არა ჩვენ, როგორც ინდივიდებს, შევქმნათ ჩვენი საკუთარი ღირებულებები? ცხოვრების აზრის შექმნა დამოუკიდებლად, ისე, რომ არ მოვიშველიოთ ღმერთი, დოგმა ან პოპულარული აზრი? ზოგ ჩვენგანს ალბათ შეუძლია და თუკი ღმერთის სიკვდილის მნიშვნელობას გავიგებთ, საამისოდ უფრო მეტი შანსი გვექნება. ღმერთის სიკვდილის სასოწარკვეთამ შეიძლება ჩვენს ცხოვრებას ახალი აზრი შესძინოს. როგორც ჟან-პოლ სარტრმა აღნიშნა, „სიცოცხლე სასოწარკვეთის მეორე მხარეს იწყება”.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი