მერაბ მამარდაშვილი:შთაბეჭდილების წამი არის ჩვენდამი მომართული წამი

0
400

სიბრმავის მდგომარეობა – სიბრმავეს თავისი კანონები აქვს. თვალის ახელასაც აქვს კანონები. ახლა კი სიბრმავის ამ ძირითად მდგომარეობას ასე გამოვხატავ და მოგახსენებთ „სიბრმავისა და თვალის ახელის კანონებს“.

ძირითადი, რის გარკვევასაც პრუსტი ცდილობს და რის გამოც ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო და რომანისტი გახდა, არის შემდეგი საკითხი, რომელიც რეალურ ადამიანურ განცდას უკავშირდება. რატომ ვხედავთ ერთ რამეს და ვერ ვხედავთ მეორეს? რატომ ვიცით ერთი რაღაც და არ ვიცით მეორე? თან, ეს „რაღაც“ ყოველთვის უკვე არსებულს განეკუთვნება. მხედველობაში მაქვს ადამიანის მიმართება უკვე არსებულ ჭეშმარიტებასთან, რომლის წინაშეც ის აღმოჩნდება და არსებობს გარკვეული კანონები, რომელთა წყალობითაც ის ბრმაა და ვერ ხედავს.

მას პირობითად ვუწოდებ – გადაკვეთის და გადაუკვეთელობის მდგომარეობას. შეხვედრას. მოვიხსენიებ წიგნს, რომელიც, ალბათ, წაკითხული არ გაქვთ, ან, უფრო ზუსტად, წაკითხვას ვერ მოახერხებდით, ვინაიდან მისი შოვნა შეუძლებელია; ახლა კი მინდა ეს წაუკითხავი წიგნი განგიმარტოთ და კიდევ ერთი წაუკითხავი წიგნი დავასახელო, რომლის წაკითხვასაც მით უმეტეს ვერ შეძლებდით, იმიტომ, რომ ის, პირობითად რომ ვთქვათ, აკრძალულია, თუმცა კულტურის სფეროში ადამიანური ღირსებისთვის აკრძალული წიგნები არ არსებობს. ყველაფერი, რაც ადამიანის შექმნილია, წესით, ჩვენ გვეკუთვნის და მისი წართმევა არავის შეუძლია.

მხედველობაში მაქვს პასტერნაკის რომანი „ექიმი ჟივაგო“, რომელიც შექმნილია, როგორც რომანი-თვალის ახელა, ოღონდ ნაკლებად წარმატებულია, ვიდრე პრუსტის რომანი, მაგრამ ესეც თვითგამორკვევის რომანია.

ჰოდა, იქ არის ასეთი მაგიური შეხვედრები. აი, სადღაც, რომელიღაც სადგურში ერთმანეთისთვის შექმნილი ადამიანები ურთიერთს ხვდებიან, მაგრამ ვერ ცნობენ ერთმანეთს. თითქოს ბედისწერით ერთმანეთს ეკუთვნიან, მაგრამ ამ შეხვედრისას ერთმანეთს გვერდით ჩაუვლიან.

შეხვედრამ, თითქოსდა ნიშანივით გაიელვა რკინიგზის სადგურზე, მატარებელმა შემდეგ გუგუნით გაიარა ათასობით კილომეტრი და ათობით წელიწადი და სადღაც ეს შეხვედრა ისევ გადაიკვეთება მათსავე სხვა შეხვედრასთან, როდესაც ისინი ერთმანეთს იცნობენ და ერთმანეთს ეხსნებიან.

ერთმანეთისგან გამიჯნულია გზების გადაკვეთის თუ გადაუკვეთელობის მდგომარეობა და სარკეში მზერათა რაღაც თამაში, რომლებიც ერთმანეთს ერთ წერტილში ხვდება ან არ ხვდება. ნათელი რომ იყოს, რაზეც ვსაუბრობ, ციტატას წაგიკითხავთ. მაშასადამე – პრუსტის რომანის ერთ-ერთი გადამწყვეტი სცენა, შინაგანი სულიერი ღერძი, რომელზეც ასხმულია სხვა ეპიზოდები. აღქმის გამარტივების მიზნით, ოდნავ განსხვავებულად, უფრო ზედაპირულად, აგიწერთ ვითარებას, რომელზეც ვსაუბრობ დი.

აი, ვთქვათ, არ მიწერია ჩემი ცხოვრებიდან სწორედ რაღაც ისეთის გაგება, რაც ამ ცხოვრების ნაწილია და უნდა მცოდნოდა, მაგრამ იცის მან, ვისაც საერთოდ არ სჭირდება ამის ცოდნა. ვთქვათ, ასეთი ვითარებაა პრუსტთან – მზერები იქაც გადაიკვეთება (წარმოიდგინეთ, რომ ყველანი ცას ვუყურებთ და მზერათა გადაკვეთაში, გადაკვეთის ბოლო წერტილში ჩნდება ან არ ჩნდება რაღაც ფიგურები, სახეები, მოვლენები, ცოდნა; ეს ყველაფერი, ფიგურები, სახეები და ზოგჯერ სახეების ნაცვლად ჩრდილებია), – ორი პერსონაჟი: მარსელი, ანუ რომანის გმირი, და მარკიზ სენ-ლუ – მარსელის ახალგაზრდობის მეგობარი, მისთვის მიმზიდველი პიროვნება, როგორც არისტოკრატიზმის განსახიერება. (არისტოკრატია შემთხვევით როდი იზიდავდა თვითონ პრუსტსაც და რომანის გმირსაც. და ეს არა რაღაც სნობიზმის გამო, არამედ იმიტომ, რომ არისტოკრატია, ასე ვთქვათ, ყოველივე დასრულებულის, შემდგარის სიმბოლო ან რეალური მატერიალური ყოფიერებაა. და აი, იმ სრულყოფილ განსახიერებათა სახით, რომლებიც შედგა, – ადამიანები, რომელთაც ისტორიაში რაღაც გააკეთეს და საკუთარი სიმამაცით სახელი დაიმკვიდრეს. რა თქმა უნდა, ამ სახელმა შემდგომში, შეიძლება, მნიშვნელობა დაკარგოს. მაგრამ ამის წინასწარ გამოცნობაც საჭიროა.)

მაშასადამე – სენ-ლუ და მარსელი. ისე ხდება, რომ მარსელმა რაღაც იცის სენ-ლუს შეყვარებულის შესახებ, ანუ ბედმა მას არგუნა იმის ცოდნა, რაც სწორედ სენ-ლუს სჭირდება, ხოლო მარსელისთვის სულერთია, – ბედისწერის შემთხვევითობის წყალობით, ის სენ-ლუს შეყვარებულს საროსკიპოში ხვდება, სადაც ამ ქალის დაუფლება შეეძლო ოც ფრანკად, სანამ სენ-ლუს შეუყვარდებოდა და ა.შ.

შესაბამისად, მარსელმა იცის, როგორია ის. ქალს რახილი ჰქვია და თან რომანში მას ზედმეტი სახელი აქვს. ასაკის მიხედვით თქვენს ასაკს არ ემთხვევა; „ასაკი“ იმიტომ ვახსენე, რომ არის მელოდიები, რომლებიც ტალღებივით არსებობენ. არის წლები, როცა რომელიღაც მელოდია იყო პოპულარული და ის გამუდმებით ისმის რადიოში თუ სხვაგან და ამ ტალღამ შეიძლება ათწლეულები მოიცვას, შემდეგ კიდევ ათ წლეულები რაღაც ახალი მელოდია ჩნდება.

მახსოვს, ჩემს დროს, საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, არ არსებობდა ტრანზისტორები, არამედ იყო რეპროდუქტორის შავი თეფში და იქიდან ხშირად ისმოდა არია ალევის ოპერიდან „ებრაელი ქალი“ – „რახილ, შენი თავი ზეციურმა განგებამ მარგუნა“ (ფრანგულად – Rachel quand du Seigneur). გოგონას მეტსახელი, რომელიც საროსკიპოში სხეულით ვაჭრობდა, იყო „რახილ, შენი თავი ზეციურმა განგებამ მარგუნა“. მარსელს კი თავისი მეგობრისგან – სენ-ლუსგან, გაგონილი ჰქონდა რომელიღაც ღვთაებრივი ქალის შესახებ, რომელიც თავისი ინტელექტუალური, ზნეობრივი და ფიზიკური თვისებებით, უბრალოდ, დედოფალია. და აი, ქუჩაში ერთმანეთს იცნობენ და უცებ მარსელი ხედავს სწორედ იმ რახილს… „ზეციურ განგებას“ და სწორედ ის არის სენ-ლუს შეყვარებული და მისთვისვე „დედამიწის გულისგული“.

თავისი ზნეობრივი, ფიზიკური და ინტელექტუალური ღირსებებით – დედოფალია. და პრუსტი წერს: „ეჭვგარეშეა (გმირი უყურებს რახილს, მის სახეს და შენიშნავს), ეს სწორედ ის გამხდარი და ვიწრო სახე იყო, რომელიც ვნახეთ რობერმაც (ასე ერქვა სენ-ლუს) და მეც. მაგრამ ჩვენ მასთან (ამ სახესთან – ჩვენი ნააზრევი თითქოსდა რაღაც გზა არის, ან ჩვენი მზერაც – გზა არის ამ ზეცისკენ, სადაც მზერები ერთმანეთს გადაკვეთს) საპირისპირო გზებით მივედით (ჩვენს სულს აქვს გზები, რომლითაც დავდივართ), რომლებიც არასდროს დაუკავშირდება ერთმანეთს“.

მაშასადამე, კიდევ ერთი სახე. უპირველესად, არსებობს გზები, მეორეც, შეუკავშირებელი გზები. და ჩვენ ვერასოდეს დავინახავთ ერთსა და იმავე სახეს. იმ გაგებით, რომ მხარეებია განსხვავებული, – ანუ არაფიზიკურად განსხვავებული მხრიდან, იმიტომ, რომ ფიზიკურად, როგორც პრუსტი ამბობს, ეს ერთი და იგივე გამხდარი და ვიწრო სახეა. ფიზიკურად ის ერთია, მასთან მიმავალი გზებია განსხვავებული.
ანუ ჩვენი სულის მიმართულებებს ხშირად, უბრალოდ, შემთხვევითი შეხვედრები განაპირობებს. პრუსტს ბედმა შემთხვევით არგუნა მისთვის უსარგებლო ცოდნა, – იმიტომ, რომ ეს ქალი მის ცხოვრებაში არ არსებობს, ის, უბრალოდ, ქალია, რომლის ჩანაცვლებაც ნებისმიერი ქალით შეიძლება.
მათი გზები გადაიკვეთა საროსკიპოში, სენ-ლუმ კი რახილი პირველად თეატრის სცენაზე ნახა. სენ-ლუ პარტერში იჯდა და რახილს, რომელიც მან პირველად დაინახა სცენაზე, სახეზე იმ კეთილშობილურ გრძნობებზე დიადი ოცნების შუქი ეფინებოდა, რომლებსაც გამოხატავს ხელოვნება; ყველაფერი, რასაც ხელოვნება ასვამს დაღს – კერძოდ, რას? – როლს, და ამ შუქში, ამ როლის ათინათში მის წინაშე იდგა რეალური ქალი.
სენ-ლუსთვის ამოსავალი წერტილი, შემთხვევითობის წყალობით, სხვა რამ იყო. ანუ რომელიღაც გზის საწყისი წერტილი განსხვავებული გახლდათ. სენ-ლუს მზერა რომელიღაც წერტილისკენ იყო მიმართული, რომელზეც პროეცირებული გახლდათ არა ქალის რეალური თვისებები, არამედ ხელოვნების თვისებები, ან ჩვენს დიად მისწრაფებათა თვისებები. ყველაფერი დიადი, ამაღლებული, მშვენიერი და ა.შ. (რომანში სხვა ადგილას პრუსტი ისევ საუბრობს შეხვედრების გადაკვეთაზე, რომლებსაც ფიზიკური გზის თუ ფიზიკური დროის მრავალი კილომეტრი აშორებს.)
ერთი სიტყვით, სენ-ლუმ თეატრში რახილი ნახა და მოეჩვენა, რომ ის იყო წერტილი, რომელზეც პროეცირებულია მაღალი შეგრძნებები, რომლებსაც ჩვენში ხელოვნება აღძრავს, და ისინი სენ-ლუში უკვე მშვენიერი ქალის სახედ ირეკლებოდა; შესვენების დროს, კულისებს მიღმა, ის წარუდგინეს რახილს, მაგრამ მან სრულიად უემოციო, გადარეცხილი სახე დაინახა (ვინაიდან კულისებს მიღმა იყო და არა სცენაზე), „მაგრამ სხვა დროისთვის გადადო იმის გარკვევა, თუ როგორია რახილი სინამდვილეში“. 
რა იყო ეს – ცარიელი სახე გადარეცხილი ნაკვთებით თუ მშვენიერება, რომელსაც ის წარმოდგენის დროს ხედავდა. საგანგებოდ მოვიხმე ეს პასაჟი და პრუსტის კვალად, გამოვიყენე სიტყვები – სხვა დროისთვის გადადო იმის გარკვევა, თუ როგორია რახილი სინამდვილეში, – სიტყვაში „გადადო“ პრუსტის მთელი ფილოსოფიაა ჩადებული.
მაშასადამე – სიბრმავის მდგომარეობა, ანუ ის მდგომარეობა, რომ არის რაღაც, რაც უნდა ვიცოდეთ და არ ვიცით; რაღაც, რასაც ვხვდებით და ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ. კიდევ ერთ სახეს, მსოფლიო ლიტერატურიდან, რომ ზუსტად განეწყოთ ამ მდგომარეობისთვის.
მოგეხსენებათ, არცოდნის და სიბრმავის მდგომარეობის ერთ-ერთი ანტიკური განსახიერებაა ტრაგედია „ოიდიპოს მეფე“. ოიდიპოსი ხომ წევს ქალთან, რომელიც სინამდვილეში დედამისია. და გზად, შემთხვევითი ჩხუბის დროს კლავს გამვლელს, რომელიც სინამდვილეში უბრალო გამვლელი კი არა, მამამისია. ეს მისი ცხოვრების ნაწილებია, რაიმე უმნიშვნელო საგნები კი არა, მისი ცხოვრების ნაწილები – მამა და დედაა. ის მათ გადაკვეთს, მაგრამ ვერ ცნობს.
დედამისში ის ხედავს ქალს, ცოლს, მამამისში კი გამვლელს, რომელმაც გაანაწყენა. აი, სინამდვილეში რას ეთმობა პრუსტის რომანის მთელი გვერდები. ვიმეორებ, რომ სიბრმავე ჩვენს შესაძლებლობებზე არ არის დამოკიდებული. აქ სიტყვა „სიბრმავე“ არ გულისხმობს იმას, გონიერები ვართ თუ უგუნურები.
ვთქვათ ბერძნები ხომ არ მსჯელობდნენ იმაზე, ოიდიპოს მეფე – გონიერია თუ უგუნური. ის უგუნურების გამო კი ვერ ხედავს თავის მეუღლეში დედას. ყველა ეს პრობლემა ჩვენი საზრიანობის პრობლემებს მიღმაა. აი, რა უნდა გავიგოთ. საზრიანობასთან, გონიერებასთან თუ უგუნურებასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. მაგრამ ერთ რამეს უკავშირდება. როგორც ვთქვი, საკითხის გარკვევა გადავდე, და იმასაც ვიტყვი: ამ ყველაფერს არავითარი საერთო არ აქვს გონიერებასთან ან უგუნურებასთან, არამედ შრომას უკავშირდება. ეს მეორე სიტყვა უკავშირდება „გადადების“ გაგებას.
მაშასადამე, პრუსტისეული სამყარო, ან სიბრმავის სამყარო, ისეთი სამყაროა, რომელშიც, თუკი წამით რაიმე შთაბეჭდილება გაგვიჩნდა – ისევე როგორც სენ-ლუს, როდესაც მან მოულოდნელად გადარეცხილი და უემოციო სახე დაინახა, – აი, როცა გვექმნება რაღაც შთაბეჭდილება – არაფრის გადადება არ შეიძლება.
შთაბეჭდილების წამი არის ჩვენდამი მომართული წამი, რომელიც მოგვიწოდებს – „იმუშავე“, ნუ გადადებ. ზემოთ ვამბობდი, რომ იმ იმედით გადავდებთ ყველაფერს, რომ ხვალ სხვაგვარად იქნება, მოვიცადოთ, მოგვარდება. ასევე, სიზარმაცითაც გადავდებთ ხოლმე. სიზარმაცე, ხშირ შემთხვევაში, ასევე, ყველაფრის ისე დანახვის შიშითაა განპირობებული, როგორც სინამდვილეშია. ანუ სიზარმაცის მიზეზი ფსიქოლოგიური არ არის, თუმცა, სიზარმაცე და იმედი ფსიქოლოგიური მექანიზმებია, მაგრამ მათი სტრუქტურა (მათ მიზეზებიც აქვს) ფსიქოლოგიური არ არის.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი