რა ემართება ადამიანს, რომელიც მოხვდა ბრბოში

0
1131

ბრბო – ერთიანობა – თუ კოლექტიური უგუნურება? /ხედვა შიგნიდან/ 

ჯოგურობა – ასახავს ერთგვაროვანი ცოცხალი არსებების მიდრეკილებას შეუერთდნენ მსხვილ გაერთიანებას. ცალკეული ინდივიდი, თუ ის მარტო რჩება, გრძნობს საკუთარი თავის დაუსრულებლობას. ჯოგთან წინააღმდეგობა კი – ამ გაერთიანებასთან განშორების ტოლფასია, რის გამოც ცოცხალი არსებების უმეტესი ნაწილი ერიდება ამას. ადამიანიც ხომ ბუნების შვილია, ცოცხალი არსებების სამყაროს ნაწილია … ნუ თუ ადამიანების დიდ მასასთან შეერთების შედეგად ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება უგუნური გახდეს? ამ საკითხებაზე საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებაც.

რა ემართება ადამიანს, რომელიც მოხვდა ბრბოში?

უმოკლეს დროში ადამიანი კარგავს საკუთარ იდენტურობას, რასაც მოჰყვება მისი მასასთან შერწყმა.

საკუთარი ”მე”- ს დაკარგვა, ერთის მხრივ, იწვევს განვითარების დაბალ დონემდე რეგრესს, ხოლო მეორეს მხრივ – ადამიანს აძლევს განუსაზღვრელი ძალის შეგრძნებას, რაც უქმნის შესაძლებლობას გადალახოს ყველა აკრძალვა იმ ქვეცნობიერი სურვილების დასაკმაყოფილებლად, რომელთა დაოკება უწევდა გარკვეული ხნის განმავლობაში. ინსტინქტების შებოჭვის აუცილებლობა იკარგება, ვინაიდან ბრბოს პირობებში ქმედების ანონიმურების შედეგად აგრეთვე იკარგება პასუხისმგებლობის გრძნობა და შიში შესაძლო დასჯის წინაშე. იშლება ყველა დამამუხრუჭებელი მექანიზმი და იმავდროულად იღვიძებს აქამდე მთვლემარე პირველყოფილი, სასტიკი, უხეში, დამანგრეველი ინსტინქტი. ბრბოში მოხვედრილი ადამიანი იძენს გარემოცვისგან შთაგონების განსაკუთრებულ უნარს, საგრძნობლად უქვეითდება ინტელექტუალური დონე და მისი ყველა გრძნობა და აზრი იძენს ბრბოს მიერ ნაკარნახევ მიმართულებას.

ემოციური დასენიანება – წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: დასასვენებელ პარკში ვინმემ ხმამაღლა, ისტერიულად რომ დაიძახოს – ”ხანძარია”. მშვიდად მოსეირნე ადამიანები იმ წამსვე დაემსგავსებიან პანიკაში მყოფ ჯოგს. დადგენილია, რომ – რაც უფრო მღელვარე ვითარება შეექმნება ადამიანებს შორის საწყის ეტაპზე – მით უფრო სწრაფად ვრცელდება ემოცია და მით უფრო გამანადგურებელია ბრბოს მოქმედება.

როგორც წესი, ემოციური დასენიანების ფენომენს ითვალისწინებენ და იყენებენ პოლიტიკოსები, რელიგიური მოღვაწეები და, არ გაგიკვირდეთ, კარგი პედაგოგებიც, რომლებსაც, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, უწევთ აუდიტორიის დამორჩილება.

მეცნიერთა ნაწილი ემოციურ დასენიანებას ჰიპნოზური სახის მოვლენებთან აიგივებს. სხვები კი მის საფუძვლად ადამიანის ბუნების ერთ-ერთ გამოკვეთილ თვისებას – მიბაძვისკენ მისწრაფებას მიიჩნევენ. ამ ტიპის უმარტივეს რეაქციას სხვა ადამიანის გაუწონასწორებელ (ავადმყოფურ) მდგომარეობაზე რეაგირება წარმოადგენს. მაგალითად, ბავშვის ტირილზე სხვა მცირეწლოვანი ბავშვის თანდაყოლილი რეაქცია იმაში გამოიხატება, რომ ისიც იწყებს ტირილს. იმის გათვალისწინებით, რომ ბრბოში მოხვედრილი ადამიანი კარგავს საკუთარ ”მე” – ს და რეგრესირებს უფრო დაბალ დონისკენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი მგრძნობიარობა უტოლდება ბავშვის მგრძნობიარობის დონეს. ბავშვს ხომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლია დაიწყოს ტირილი ან გაბრაზდეს თუ დაინახა ატირებული ან მოჩხუბარი ბავშვები.

ავტორი:თეონა ნუცუბიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი