რას ნიშნავს სისტემური ანალიზი და როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად

0
517

მოჭადრაკე რობერტ ფიშერი წერდა: “კულმინაციურ მომენტში მომგებიანი სვლა მომენტალურად ფეთქდებოდა ჩემს ტვინში. მე ვიწყებდი მის ანალიზს, ვიხილავდი ყველა შესაძლო კომბინაციას, სხვა ვარიანტებს, ვკარგავდი უძვირფასეს დროს, და ბოლოს, მე იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ ის პირველი, თითქოს გაუაზრებელი, უცბად თავში მოსული სვლა, იყო ყველაზე მომგებიანი”. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ქვეცნობიერება იდეალური მექანიზმია. მასშიაც არის დრამატული მოვლენები. განმეორებადი მცდელობები, ხშირად, ქვეცნობიერებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. მომავალში ეს ინფორმაცია, საჭირო მომენტში, გასაოცარი სისწრაფით და სიზუსტით იწყებს ამუშავებას. ქვეცნობიერი ამ მხრივ, ცნობიერზე გაცილებით ძლიერია. 

თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ფენომენის, ქვეცნობიერების მართვას, ის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. მაგალითად, ყველას შეუძლია მიწაზე დაგდებული ერთი მეტრის სიგანის ბეტონის ფილაზე გავლა, რა გრძელიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ აიტანეთ ეს ფილა ასი მეტრის სიმაღლეზე და ნახავთ, რომ სიკვდილის შიშითაც კი ვერავის აიძულებთ მასზე გავლას. 

გეთანხმებით, ტრივიალური მაგალითია, მაგრამ მასში ნათლად ჩანს ჩვენი ფსიქიკის პარადოქსები. ეს არის მაგალითი, როდესაც თქვენ ქვეცნობიერების მსხვერპლი ხართ. ქვეცნობიერებამ მომენტალურად მიიღო გადაწყვეტილება: სიმაღლეა? – ე.ი. საშიშია! ფრთხილად! კუნთები დაძაბულია, დაძაბულობა აქვეითებს ელასტიურობას, წონასწორობა დარღვეულია და რა ძლიერიც არ უნდა იყოს ცნობიერებისაგან მოსული ბრძანება – გავიაროთ ფილაზე, ეს შეუძლებელია. ჯერ თქვენ ფილაზე ფეხიც არ შეგიდგამთ და უკვე ჩამოვარდნილები ხართ. 

ცხოვრება აქტიურ მოქმედებას ითხოვს. უმოქმედობა სიკვდილია. ამას ცნობიერების ანალიზით ვგრძნობთ. ამ წლებში დაგროვილმა ინფორმაციამ რაიმეს გამოსწორების მიზნით უშედეგო მცდელობათა შესახებ, თავისი კვალი დატოვა ქვეცნობიერში. როგორც ვთქვით, ეს გაცილებით ძლიერია ცნობიერზე. 

ქვეცნობიერიდან მოდის ბრძანება – არავითარი წინააღმდეგობა, არავითარი აქტიურობა, მაინც არაფერი გვეშველება! . . . და ნელ-ნელა ვლპებით. არაფრის გაკეთება არ გვსურს, გვსურს ფული, ბევრი ფული და დღესვე. დანარჩენი აღარ გვაინტერესებს. შედეგად, გარდა ფულზე ოცნებისა, ყველაფრის მიმართ გულგრილები ვხდებით.

ვცადოთ, გავიაზროთ, როგორ მოქმედებს ხანგრძლივი გაუსაძლისი ცხოვრება იმ უნიკალური ფენომენის უარყოფითად ამუშავებაზე, რასაც ქვეცნობიერება ჰქვია. 
გაუაზრებელი ადამიანი ვერ ხვდება, რას ნიშნავს აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული საზოგადოება, ეკონომიური ქაოსი, რომელიც გარს აკრავს. ვერ ხვდება, რომ ის იმყოფება თავისმაგვარ იმედდაკარგულ, გაბოროტებულ თანამოძმეთა შორის. 

ამრიგად ყალიბდება საზოგადოება, სადაც კრიმინალის გარეშე ვერავითარ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვან. ეს არა ერთი დღე, არა ერთი თვე, არამედ გაცილებით მეტი დროის განმავლობაში გრძელდება, და ის აზრი, რომ ის უხეიროა, რომ მას არაფერი შეუძლია, ადამიანის ქვეცნობიერებას დაბეჯითებით, მეთოდურად იპყრობს.  საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისთვის, რომ მის ქვეცნობიერებაში ჩაიბეჭდოს ინფორმაცია ფრაზებით:
ყველაფერი უაზრობაა! არავის ენდო! ქმედებას აზრი არა აქვს. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეცნობიერი გაცილებით ძლიერია ცნობიერზე, ამიტომ ჩნდება უარყოფითი ემოცია ყველა იმ პიროვნების მიმართ, რომელიც ცდილობს, ამ ცხოვრებაში რაღაც მაინც გამოასწოროს. მისთვის ის არასრულყოფილი პიროვნებაა, დონ კიხოტია.

საკუთარი არასრულფასოვნების შეცნობა კი, დეგრადირებული სუბიექტისგან კომპენსაციას მოითხოვს. მას უჩნდება ცინიზმი მისგან განსხვავებულის მიმართ, ე.ი. არის უთანხმოება ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის, რაც უდიდეს ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს მასში. 
ამრიგად, წარმოშობილი ცინიზმი იწვევს შოკირებად ალოგიკურობას. ამ პიროვნებას შეუძლია უბრალო მიზეზის გამო, მისი ცინიზმის ობიექტზე საჩხუბრად გაიწიოს, დასცინოს, ჩაიდინოს მკვლელობა. იმავდროულად, ის აბსოლუტურად მორჩილი მონაა იმათ მიმართ, ვინც ღირსება დააკარგვინა. ვისი მიზეზითაც მან ფუნქცია დაკარგა, ვინც გაძარცვა არა მარტო ის, არამედ მისი შვილები და არდაბადებული შვილიშვილებიც.

დააკარგვინა ღირსება. დიახ! მათ მიმართ წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც აღარა აქვს და ყველაზე საშინელია, რომ წინააღმდეგობას სხვასაც უკრძალავს.  ძალიან გთხოვთ, გაიაზროთ ეს პარადოქსი!

მასში, როგორც აღვნიშნეთ, გამჯდარია დასკვნა – ის არასრულფასოვანია. ცნობიერებას არ უნდა ამასთან შერიგება, მაგრამ ვერაფერს ახერხებს, გარდა პრიმიტიული თვითრწმენისა, რომ ის ძირითადი ფასეულობა, რაც აუცილებელია სიცოცხლისთვის – იდეა, მოქმედება, გამარჯვება – სისულელეა. უფრო მეტიც, ის აშკარად, აგრესიულად, დემონსტრაციულად დასცინის ამ ფასეულობას და მის დამცველებს, ანუ მათ, ვინც ჯერ კიდევ იბრძვის სიცოცხლისთვის. ვიმეორებ, ეს სჭირდება მას თვითრწმენისთვის. 

დღევანდელი ცხოვრების წესი, ანუ ის მდგომარეობა, როცა არც შენ და არც შენი პროფესია არ სჭირდება სახელმწიფოს, ეს თქვენ ავტომატურად გაკარგვინებთ ფუნქციას. თქვენ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი ხართ. იცით, რომ არა ხართ ზარმაცი, გაქვთ განათლება, პროფესია. ამ დროს არარაობა ხართ, თანაც ჩვეულებრივი კი არა, მშიერი არარაობა. ყველა თქვენი მცდელობა, გამოასწოროთ პირადი ფინანსური ან პროფესიული მდგომარეობა, უშედეგოა. 

აი, ესაა მისი ცინიზმის საფუძველი. ასე იწყება ცინიზმი სხვის მიმართ. ცინიზმი აგრესიის გარეშე – ეს უკვე ნიჰილიზმია. 

ნიჰილიზმი არის ზრდილობიანი ადამიანის ცინიზმი და ეს რომ ქვეცნობიერიდან მოდის და არა ცნობიერიდან, ნათლად ჩანს, რადგან ნიჰილიზმის განმარტებიდან გამომდინარე, მას არაფერი უნდა სწამდეს; მაგრამ არა, მას მხოლოდ კეთილი წამოწყებისა არ სწამს. დაუკვირდით, როგორ იძაბება მისი ყურადღება. რა ინტერესით ისმენს ნებისმიერ ინფორმაციას უარყოფითი მოვლენების განვითარებაზე, და რა ჭაშმარიტ კმაყოფილებას განიცდის ამით. 

ადამიანის შესაძლებლობისადმი ნიჰილისტური მიდგომა სკეპტიციზმს ბადებს. 
ეს უკვე ჩამოყალიბებული, ცივი ბეტონივით გამყარებული აზრია, რომ მას და ადამიანებს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. ის უკვე პრიმიტიულ გრძნობებს კი არა, მთელ თავის შემორჩენილ ინტელექტს ახმარს, რათა ეს დაამტკიცოს, როცა ესეც სწყინდება – უკვე ჩამოყალიბდა გულგრილი ადამიანი! 

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენთან საქართველოში, გულგრილობასაც თავისი ელფერი აქვს. ის გულგრილია ყველაფრის მიმართ, გარდა ფულისა და მას ფული უნდა სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად. ვერ ხვდება და ვერც ვერასოდეს მიხვდება, რომ  მანამ, სანამ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა გულგრილია, რაიმე მცდელობა ეკონომიკური აღმავლობისაკენ უტოპიაა! 

ქვეცნობიერში ჩამჯდარი გულგრილობის აღმოფხვრა ჩვენი უპირველესი პრობლემაა.
ჩვენთვის ეს პრობლემათა პრობლემაა, რადგან ადამიანის ქვეცნობიერებაში გულგრილობის გაბატონება დიდი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აი, ეს ამოცანა უნდა გადავჭრათ სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად.  სისწრაფეს კი, მხოლოდ სიმძლავრე ქმნის. სიმძლავრეს კი – რაციონალური აზროვნება.

მოვსინჯოთ, სისტემური ანალიზის ეფექტურობა – ტრანსცენდენტული – ენტელექიური. პასიონარი -ინდიფერენტული.

ტრანსცენდენტული – თანდაყოლილი გონი, ღვთის მადლი, თითქმის ყველა ადამიანს ახასიათებს. მის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ. ამ მონიჭებული მადლის გამოყენებაღა გვრჩება. უბრალოდ, უმრავლესობა ამ უდიადესი პოტენციალის გამოუყენებლობას როგორღაც ვახერხებთ.  ტრანსცენდენტულობა იმპულსს, საწყისს, საფუძველს ქმნის; ადამიანის ამაღლებას კი, მიზანმიმართული შრომა განაპირობებს. “ჩემში მხოლოდ ერთი პროცენტია ნიჭი, დანარჩენი კი, შრომისმოყვარეობაა” – ალბერტ აინშტაინი.

ეს ერთის მხრივ, არის მეორეც – ზოგი ისეთი პოტენციალითაა დაჯილდოვებული, დროს იმდენად უსწრებს, რომ, მის თანამედროვეთა უმრავლესობა, მისი პოტენციალის შედეგის აღქმას, უბრალოდ, ვერც ახერხებს.

როდესაც ქ-ონ მერი შარვაშიძეს წაუკითხეს: “მესმოდა შენი უგონო ფიცი . . . ” – მან აღშფოთებით, ოფიციალურად განაცხადა, რომ იმ ყმაწვილს უფლება არ ჰქონდა მასზე ასეთი სტრიქონები დაეწერა. 

მიუხედავად მისი ქალური ბრწყინვალებისა, ჩვენც ოფიციალურად ვაცხადებთ – ერთადერთი შანსი, რომ ქ-ნი მერის სახელი კაცობრიობის ისტორიას შემორჩება, მხოლოდ იმ ყმაწვილის ყურადღებითაა განპირობებული.

მიქელანჯელო სონეტებში უდიდესი ნაღველით აღნიშნავდა, რომ ამ ქვეყნიდან ქალბატონთა ღიმილის დამსახურების გარეშე მიდის. იმავდროულად, განვითარებით ინფუზორიის დონეზე მყოფი სუბიექტები, დღეში ათჯერ მაინც იმსახურებენ ამ საოცნებო ღიმილს.

ნიკალას რომ შეეძლოს მისი ტილოების დღევანდელი ფასის გაგება, ალბათ, ვინსენტ ვან გოგივით, ყურს მოიჭრიდა. ხოლო თვით ვინსენტს რომ გაეგო მისი ნამუშევრების ახლანდელი ფასი, აშშ-ის დოლარების კურსით გამოსახული, სხეულის შემორჩენილი ნაწილებიდან რომელს მოიკვეთდა, არავინ უწყის. 

ილიას შემთხვევით რომ არ გადაეკითხა, ტატოს რვეულში, გაკრული ხელით ჩანაწერი ბწკარები, ცივილიზაცია რა სიმდიდრეს დაკარგავდა, ძნელი წარმოსადგენია. ალბათ, დიდია მათი რიცხვიც, ვინც საფლავში ჩაიყოლა დაუფიქსირებელი გენიალური აზრები, გამოუყენებელი პოტენციალი, ამის დადგენა კი, უბრალოდ, ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება.

დანიის ფეხბურთის ნაკრების გოლკიპერს ცხოვრების მიზნად ფეხბურთის მწვრთნელობა რომ აერჩია, რას მოიგებდა ამით ფეხბურთი ამჟამად დაუდგენელია, ხოლო თუ რას დაკარგავდა, ნილს ბორის სახით, მსოფლიო ინტელექტი, ამაზე შრომების შექმნაც კი, შეიძლება.მნურც ის შეგვაშფოთებს თუ ტრანსცენდენტული პიროვნება ზომაზე მეტ სიმკაცრეს იჩენს.

ფილიპე II-მ, ალექსანდრე მაკედონელის მამამ, შვილის აღსაზრდელად არისტოტელე მოიწვია; როდესაც მან შეამჩნია, რომ არისტოტელე პატარა ალექსანდრეს, გაკაჟების მიზნით, ცივ მდინარეში ცურვას აიძულებდა (რაც ცხადია, ბავშვის ისტერიკას იწვევდა). განრისხებულმა მამამ არისტოტელეს მიაძახა: “შენ ჩემი შვილი არ გიყვარს!” პასუხი, არისტოტელეს მხრიდან, ტრანსცენდენტულის შესაფერი იყო: “მე ისე ძლიერ მიყვარს შენი შვილი, რომ აღარ მეცოდება”. 

ამრიგად, თუ ტრანსცენდენტულობა გაზავებულ არ იქნა ენტელექიურობითა და პასიონარულობით, ღვთის ეს საჩუქარი, საზოგადოებას ისეთივე სარგებელს მოუტანს, როგორსაც ტელესკოპი – თეატრში. ეს უყაირათობა თავიდან როგორ ავიცილოთ, მოგვიანებით გავიაზრებთ. 

როგორც აღვნიშნეთ, უდიდეს მნიშვნელობას იძენს ამ ჯგუფთა კომბინაცია. აიზეკ ნიუტონი – ტრანსცენდენტული ადამიანის ნათელი მაგალითი. მისი უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენციალი ყველასთვის ნათელია, მაგრამ მას მხოლოდ ორი რამ აინტერესებდა: ფიზიკა და აპოკალიფსი. ამ ორ პრობლემას შეალია მთელი თავისი სიცოცხლე, ცოლი არ მოუყვანია, სიმდიდრე არ დაუგროვებია და, თუ გამოუჩდებოდა თავისუფალი დრო, იმაზე ფიქრობდა, რა მეთოდებით გაენადგურებინა კათოლიკები (თვითონ პროტესტანტი იყო). 

მეფე კარლ II-მ მას პერობა უბოძა და ის, როგორც დისციპლინებული ადამიანი, კეთილსინდისიერად ესწრებოდა პარლამენტის სხდომებს. პარლამენტში მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობისას, მან მხოლოდ ორი სიტყვა თქვა: “დახურეთ ფანჯარა”. სხვა არაფერი აინტერესებდა, ამიტომ, ძნელია ანდო სახელმწიფოს მართვა, მხოლოდ ტრანსცენდენტულობით დაჯილდოვებულ ადამიანს. 

მართლაც, ძნელი წარმოსადგენია ჩარლი ჩაპლინის პრემიერ-მინისტრობა ან პრეზიდენტობა, თუმცა ეკრანზე ცივილიზებული საზოგადოებისთვის, სამუდამოდ, დიდ დიქტატორად დარჩება. 

როგორ აღვნიშნეთ, ასევე ძნელია საკუთარი ბედის მართვა მხოლოდ პასიონარ ადამიანებს ანდო – რომეოს, მხოლოდ ჯულიეტა უყვარს, სხვა არაფერი აინტერესებს. 

ქვეყნისთვის ბედნიერებაა თუ ტრანსცენდენტულ, ენტელექიურ, პასიონარულ ჯგუფთა თვისებების კომბინაციის მატარებელი ადამიანები ჰყავს. ისინი თავისი ერისა და კაცობრიობის ისტორიაში ლეგენდებად რჩებიან (დავით აღმაშენებელი).  სწორედ ამ კომბინაციურ თვისებათა მატარებელი ადამიანია მზად ქვეყანაში ზნეობის დამკვიდრებისა და აღმშენებლობის, მისი კეთილდღეობისთვის მებრძოლთა რიგებში მოგვევლინოს. სწორედ ასეთი შეიძლება იყოს სახელმწიფოს პალადინი.

პალადინი  (ფრ. პალადინ) – სახელმწიფოს მცველი რაინდი, გარკვეული იდეის, საქმის, მიზნის ერთგული ადამიანი.

საკმარისია ამ სამ თვისებას, ადამიანთა ბედის მიმართ, გულგრილობა მიემატოს და მივიღებთ: ალექსანდრე მაკედონელს, ნაპოლეონს, იოსებ სტალინს. ისინი კაცობრიობის კოშმარს წარმოადგენდნენ, მათი დაწყნარება მხოლოდ ბიოლოგიური სიკვდილით, ან რამდენიმე სახელმწიფოს გაერთიანებული პოტენციალით არის შესაძლებელი. 
უმრავლესობას ორი ჯგუფის თვისებები ახასიათებს – ტრანსცენდენტულობა და ენტელექიურობა. ასეთები კი, საკმაოდ ბევრნი არიან და ისინი ქმნიან კაცობრიობის ისტორიის მშვიდ ნაწილს, რაც ევოლუციას უზრუნველყოფს. მათ გარეშე სახელმწიფოს განვითარება შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ, საკუთარ ბედის მართვას რომელიმე სუბიექტს ვანდობთ, მისი დამოკიდებულება გარემოსთან უნდა გავითვალისწინოთ ( რა გარემოში გრძნობს ის თავს კომფორტულად), ანუ მივაკუთვნოთ რომელიმე ძირითად ჯგუფს. 
და თუ, მის დახასიათებაში, ქვეყნის მომავლის, რწმენისა და მოყვასის მიმართ, ინდიფერენტულ დამოკიდებულებასაც აღმოვაჩენთ, მის სახელმწიფო მმართველობაში მისვლას მთელი ჩვენი პოტენციალით უნდა შევეწინააღმდეგოთ.

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი