რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობა ჭეშმარიტების ძიებაში

0
281

რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობა კაცობრიობისათვის იდეალი
ჭეშმარიტებაა. ჭეშმარიტებისადმი სწრაფვა ადამიანის ბუნების საუკეთესო თვისებაა.
სამეცნიერო-ტექნიკურმა ეპოქამ განსაკუთრებული სიმწვავით დააყენა რელიგიისა
და მეცნიერების ურთიერთობის პრობლემა. ადრეულ ცივილიზაციებში რელიგია
ითვლებოდა მეცნიერებად. იგი ემყარებოდა რელიგიურ ლიტერატურაში მოცემულ
ცოდნას, რომლის ინტერპრეტაცია ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა
მიერ.

XX საუკუნის პირველი ნახევარი ითვლება ფიზიკის ეპოქად, მეორე კი – ბიოლოგიის.
XXI საუკუნის დასაბამი მიჩნეულია თავის ტვინის და ფსიქიკის შემსწავლელ
მეცნიერებათა განვითარების ეპოქის დასაწყისად. გაჩნდა მოსაზრება, თითქოს
კამათი ღმერთის არსებობის შესახებ მორწმუნეთა და ათეისტთა შორის შეწყდება. იგი
სხვა მიმართულებით წარიმართება. საკამათო იქნება პრობლემა – როგორია ღმერთი
და როგორ მოქმედებს იგი?

იყო პერიოდი, როდესაც მზის ჩასვლასა და ამოსვლას უკავშირებდნენ ჰელიოსის
ეტლით გადაადგილებას, ხოლო მიწისძვრებსა და ზღვის მიქცევა-მოქცევას –
პოსეიდონის განრისხებას. მეცნიერებამ დაამტკიცა ამ შეხედულებათა მცდარობა.
მეცნიერებიც ცდებოდნენ. მაგალითად, ინგლისელი თომას ტომპსონი ფიქრობდა,
რომ რადიოს მომავალი არ გააჩნდა, ხოლო რენტგენის სხივების არარსებობა მალე
გამოვლინდებოდა.

რელიგიური ცოდნა ეხება ყოფიერებას, სიცოცხლის წარმოშობას, მოძღვრებას სულის შესახებ და ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების მიზანს. ამავე საკითხებს იკვლევს მეცნიერებაც.

რელიგია ვერ ეხმარებოდა ადამიანს ფიზიკური შრომის გაუმჯობესებაში, შრომის
იარაღების დახვეწასა და ყველასათვის მისაღები სოციალური ურთიერთობის
შექმნაში. ამ საკითხების რეგულირება გახდა მეცნიერების სფერო. მეცნიერება
გამოეყო რელიგიას და ხელი შეუწყო მის სეკულარიზაციის პროცესს.

მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთობამ მიიღო ანტაგონისტური ხასიათი. რელიგია ნელა
გადავიდა უკანა პლანზე და ბრძოლა გამოუცხადა მეცნიერებას. დასავლეთის შუა საუკუნეები გახდა ინკვიზიციის ეპოქა. მის კოცონებზე დაიწვა მრავალი გამოჩენილი მეცნიერი აქტიურ შემოქმედებით ასაკში. მეცნიერებისა და რელიგიის ამ პერიოდს ზუსტი შეფასება მისცა XIX საუკუნის ფრანგმა ფილოსოფოსმა შურემ.

იგი წერდა, რომ რელიგია პასუხისმგებელია გულის მოთხოვნილებებზე, რაც მის მაგიურ
ძალაშია გამოხატული. მეცნიერება დაინტერესებულია გონების პრობლემით, ამიტომ იგი განუსაზღვრელი შესაძლებლობისაა. ერთმანეთს დაუპირისპირდა რელიგია მტკიცებულების გარეშე და მეცნიერება რწმენის გარეშე, მაგრამ მათ არ ძალუძთ ერთმანეთზე გამარჯვება.
ბოლო დროს ცნობიერებამ ახალ ჭრილში გადაიტანა რელიგიისა და მეცნიერების
დაპირისპირება.

მრავალ სასულიერო პირთა და გამოჩენილ მეცნიერთა შრომამ პრობლემას ასეთი ხასიათი მიანიჭა – უნდა მოხდეს რელიგიის გამეცნიერება და მეცნიერების გარელიგიურება. მეცნიერებასა და რელიგიას შეუძლიათ კონფლიქტის გარეშე არსებობა, თუ რომელიმე არ ეცდება მიითვისოს მეორის სულიერი მოქმედების ფუნქცია.

ცნობილი მიკრობიოლოგი ლუი პასტერი თვლიდა: «მეცნიერება ადამიანს აახლოვებს ღმერთთან».

ალბერტ აინშტაინს მიაჩნდა, რომ «ურელიგიოდ მეცნიერება მოიკოჭლებს, რელიგია კი მეცნიერების გარეშე ბრმაა».

მწერალი არნოლდ ტოინბი წერდა: «ისტორიულად, პირველად რელიგია გაჩნდა,
მეცნიერება კი წარმოიშვა რელიგიიდან. მეცნიერება არასოდეს ავიწროებდა
რელიგიას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს ოდესღაც მოხდეს».

მაქს პლანკის მიხედვით, «რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ერთად იბრძვიან
სკეპტიციზმისა და დოგმატიზმის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის იარაღი იყო და რჩება –
წინ ღმერთისაკენ».

გალილეო გალილეი ცდილობდა მოეწესრიგებინა რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთ დამოკიდებულება. მან განაცხადა: მეცნიერება არ ებრძვის ღმერთის არსებობას. პირიქით, ის აძლიერებს ღმერთის რწმენას. იგი წერდა, რომ თავის მიერ შექმნილი ტელესკოპით ციურ სხეულთა მოძრაობაზე დაკვირვებისას ესმოდა მუსიკა ღმერთის ხმით. გალილეი ამტკიცებდა, რომ მეცნიერება და რელიგია მტრები კი არა, მოკავშირეებია, რომლებიც ერთსა და იმავე მოვლენაზე ლაპარაკობენ ორი განსხვავებული ენით.

იმ პერიოდში, როდესაც ჯორდანო ბრუნო ციხეში იტანჯებოდა, კოპერნიკის შეხედულების მართებულობის დამტკიცებისათვის გალილეიმ განაცხადა, რომ მზის სისტემის ცენტრი დედამიწა კი არა მზეაო. ცნობილი გახდა, რომ გალილეი იზიარებდა კოპერნიკის შეხედულებებს. იეზუიტთა კონგრეგაციამ კოპერნიკის შეხედულება მწვალებლურად გამოაცხადა, ხოლო გალილეის უბრძანა უარი ეთქვა მასზე. გალილეი ფორმალურად დაემორჩილა კონგრეგაციის გადაწყვეტილებებს.  მიუხედავად გალილეის შეხედულების სისწორისა, იგი მკაცრად დაისაჯა. მოხუცი ასტრონომი ინკვიზიციის ტყვედ გამოცხადდა. მიზეზი კი იყო ის, რომ როგორ შეუძლებელად მიაჩნდათ ღმერთს შეექმნა ისეთი სისტემა, რომელშიც კაცობრიობა მოთავსდებოდა ცენტრიდან შორს.

რელიგიისა და მეცნიერების დაპირისპირებაც და დაახლოებაც უკავშირდება იმ
კამათს, რომელიც დაიწყო ქრისტეს დაბადებამდე ბევრად ადრე. ფილოსოფოსებმა
წამოიწყეს კამათი იმაზე, თუ რომელია მთავარი – მატერია თუ ცნობიერება. კამათს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. ზოგიერთ ფილოსოფოსთა შეხედულებით ამ კამათით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის ფაქტი, თუ რა მდგრადია ერთხელ დაშვებული შეცდომის ინერცია.

განა დღიდან ადამიანის გაჩენისა არ უნერგავდა მას ღმერთი, რომ მთავარია სული და მორალურ-ზნეობრივად ცხოვრება. ღმერთის მიერ გამოგზავნილი შვილის წამება ჯვარზე იყო სულის გამარჯვება სხეულზე, რათა ადამიანებს გაეანალიზებინათ ეს ფაქტი.

ის გვასწავლის, რომ ადამიანის მორალური ვალდებულებაა სიყვარული, რომელიც იმარჯვებს სიკვდილის შიშზე. ამას ამტკიცებს აგრეთვე იუდას თვითმკვლელობაც, რომელიც მან სინდისის ქენჯნით ჩაიდინა. იგი არის კაცობრიობისათვის ისტორიული გაკვეთილი. ადამიანს უჭირს გააცნობიეროს ქრისტეს სასწაული – მკვდრეთით აღდგომა.

ეს მომენტი სწორად არის შეფასებული ნეტარი ავგუსტინეს მიერ: «სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ ჩვენს წარმოდგენებს მათზე».

ბუნებრივია, ადამიანს გაუჩნდა კითხვა: რა არის რელიგია? სუბიექტური რწმენა თუ
ობიექტური რეალობა, ემოციური თუ ინტელექტუალური ფენომენი, თუ ორივე ეს
ერთდროულად არსებული. ამ საკითხზე კაცობრიობა დიდი ხანია კამათობს. აი, რა  განაცხადა ცნობილმა გერმანელმა ფიზიკოსმა ვერნერ ჰაიზენბერგმა:
«საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წარმომადგენელმა თუკი მას სურს გაიზიაროს
რელიგიურ და საბუნებისმეტყველო ჭეშმარიტებათა ურთიერთმიმართებანი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რელიგიის უსაზღვრო მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.

ამ ორ ჭეშმარიტებათა შეჯახებამ, XVII საუკუნიდან მოყოლებული, გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია ევროპის სულიერ ისტორიაზე». დღეს, ამ კონფლიქტის მორიგებას ცდილობს ტიბეტის მოქმედი სულიერი ლიდერი დალაი-ლამა.

1989 წლიდან მშვიდობის ნობელიანტი დალაი-ლამა ემიგრაციაში ცხოვრობს. ჩინეთის მთავრობის მხრიდან ათწლიანი შევიწროების შედეგად დალაი-ლამა იძულებული გახდა დაეტოვებინა ტიბეტი თავის 87 ათას მიმდევართან ერთად. მას შემდეგ ცხოვრობს ჩრდილოეთ ინდოეთში მდებარე ქალაქ დარამსალეში. იგი იბრძვის ტიბეტის დამოუკიდებლობისათვის.

სურს დაარწმუნოს ჩინეთის მთავრობა ტიბეტის კულტურის უნიკალურობაში. ჩინელებმა ტიბეტში დაანგრიეს 6 ათასი ტაძარი; დაწვეს მრავალი ძველი ხელნაწერი; დახოცეს მრავალი ტიბეტელი, მათ შორის ბერები და მონაზვნები. ვაშინგტონის სასტუმროში მიცემულ ინტერვიუში დალაი-ლამამ საჯაროდ განაცხადა: «მე კი არ ვებრძვი ჩინეთს, მინდა ავაშორო
უცოდინარობა».

იგი აცხადებს, რომ სულით მეცნიერია. დალაი-ლამას ურთიერთობა მეცნიერებთან 1979 წლიდან იწყება, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა ჰერბერტ ბენსონმა სთხოვა მიეცა უფლება, მედიტაციაში მყოფ ბერებში შეესწავლათ ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა. კვლევების შედეგებზე ქვემოთ გვექნება საუბარი. 

მეცნიერება უკანასკნელ წლებში სისტემატურად ავლენს მოწესრიგებულობის დონეს
ატომიდან ბირთვამდე. ამ კვლევებმა მიაღწია კულმინაციურ წერტილს. მომზადდა
რეალური დონე ერთიანი ველის თეორიის შექმნისათვის, რომელშიც გაერთიანდება
ბუნების ყველა კანონი, რაც იქნება საწინდარი, გავერკვეთ სამყაროს ბუნებაში.

აღსანიშნავია ტრანსცენდენტალური მედიტაციის შემქმნელის მახარაში მახეშ იოგის
მოღვაწეობა. იგი ჩასწვდა ვედების სიბრძნეს და მოახდინა მისი რედაქტირება
თანამედროვე მეცნიერულ ენაზე. ვედებში აღწერილი ყოფილა თვითურთიერთმოქმედი გონების ველი, რომელიც ბუნების ყველა კანონის მოქმედების საფუძველია. ეს ველი თანამიმდევრულად ქმნის ბუნების ყველა კანონის მრავალფეროვნებას, რომელიც მართავს სიცოცხლეს სამყაროს ნებისმიერ დონეზე.

ერთიანი ველის თვითურთიერთმოქმედი დინამიკა იმართება საკუთარი ფუნდამენტური კანონების ერთობლიობით, ზუსტად ისევე, როგორც კონსტიტუცია წარმოადგენს ქვეყნის ძირითად კანონს, მისგან გამოდის ყველა კანონი, რომლითაც იმართება ქვეყანა. ამ კანონთა თვითურთიერთმოქმედების დინამიკა ქმნის ერთიან ველს. თანამედროვე ფიზიკა, კვანტური ველის ერთიანი თეორიიდან გამომდინარე, ავლენს სამყაროს ფუნდამენტური კანონების ზუსტ მათემატიკურ ფორმას.

მახარაშის დამუშავებული ვედების მეცნიერება და სამყაროს კონსტიტუციის იგივე ძირითადი
კანონები თავს იჩენს მუდმივად თვითურთიერთმოქმედ ცნობიერებაში, რომელიც
თვითშემეცნებადია. გამოდის, რომ სამყაროს კონსტიტუცია თანამედროვე მეცნიერების წარმოდგენით და ვედებში იდენტურია. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რელიგია და მეცნიერება ამ საკითხში შეთანხმდნენ? შეთანხმება ქრება მაშინვე, როგორც კი ვსვამთ კითხვას – როდის მოხდა ეს? აქ ბიბლია დუმს. ბიბლიის არც ერთ წიგნში არ არის ნათქვამი სამყაროს შექმნის დროზე.

ცნობილ ბიოქიმიკოსს, ნობელის პრემიის ლაურეატს აიზეკ აზიმოვს წიგნში მოტანილი აქვს ასეთი ცნობა. ბიბლიის ევროპელი კომენტატორები სამყაროს შექმნას ათარიღებენ ქრისტეს დაბადებამდე 3761 წლის 7 ოქტომბრით. 1654 წელს მოღვაწე ინგლისელი არქიეპისკოპოსი ჯეიმს აშერი თვლის, რომ სამყარო შეიქმნა ქრისტეს დაბადებამდე 4004 წლის 23 ოქტომბრის
დილის 9 საათზე. ზოგიერთებს დათარიღება გადააქვთ 5509 წელზე. უცნობია, რას
ემყარებიან ბიბლიის მიმდევრები თარიღის დადგენისას.

მეცნიერულ კოსმოლოგიას საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ალბერტ აინშტაინმა წამოაყენა ფარდობითობის ზოგადი თეორია. თეორიის საფუძველზე მან დაწერა
მათემატიკური განტოლებები, რომელსაც უნდა აღეწერა სამყაროს ევოლუცია დროში. კოსმოლოგია არის მეცნიერება სამყაროს, როგორც ერთიანი ობიექტის, მისი აღნაგობის, მასში მიმდინარე პროცესების, მისი წარმოქმნისა და დროში განვითარების შესახებ.

კოსმოსის ცნება შემოიტანა პითაგორამ და ისიც აღნიშნა, რომ იგი სივრცესა და
დროში უსაზღვროა. მას მართავს ღმერთი. პრისტლი ამტკიცებდა, რომ ბუნება
მატერიალისტურია, ხოლო სული მისი თვისებაო.

ეფესელს მიაჩნდა, რომ კოსმოსი არც ღმერთს შეუქმნია და არც ადამიანს, ის ყოველთვის არსებობდა და იარსებებსო. ეფესელის შემდეგ განვლო 2500 წელმა და ფიზიკოსებმა წამოაყენეს დიდი აფეთქების იდეა. შორეული გალაქტიკების სპექტრის წითელი წანაცვლების ასახსნელად 1927 წელს ბელგიელმა მეცნიერმა, მღვდელმა ჯორჯ ლემეტრმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ სამყარო წარმოიშვა ერთი წერტილიდან, რომელსაც არ გააჩნდა სივრცითი და დროის განზომილებები.

შემდგომ ლემეტრის ჰიპოთეზამ განვითარება პოვა ფიზიკოსთა ნაშრომებში. 1929 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა, ჩვენგან უახლოეს 50 გალაქტიკაზე დაკვირვების საფუძველზე, მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება დაადგინა.

ჩვენს გალაქტიკას ყველა გალაქტიკა სხვადასხვა სიჩქარით შორდება. რაც უფრო მეტია მანძილი ამ გალაქტიკამდე, მით უფრო მეტია განშორების სიჩქარე. ამ მოვლენას სფეროს გაფართოებას უწოდებენ. დღეისათვის საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ოდესღაც, შორეულ წარსულში, მოხდა დიდი აფეთქება, რომლის შედეგად სივრცე, დრო და მატერია ერთდროულად წარმოიქმნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აფეთქების მომენტში წარმოიშვა ბუნების კანონებიც. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, როგორ შეიქმნა ყველაფერი არაფრისაგან. კითხვას იკვლევს მიკროსამყაროს თეორია – კვანტური თეორია. დაინტერესებულ მკითხველს ამ
პრობლემის ირგვლივ დიდი ინფორმაციის მიღება შეუძლია ნ. როინიშვილის და მ.
სვანიძის ნაშრომში «სამყაროს ევოლუცია. დიდი აფეთქებიდან დიდ გახლეჩამდე?»
მეცნიერებას გააჩნია მტკიცებულება, რომ დედამიწა და მზის სისტემა შეიქმნა 4,6
მილიარდი წლის წინათ, მთლიანად სამყარო კი 15 მილიარდი წლის წინ. გამოდის,
რომ მეცნიერულად დედამიწა 600-ჯერ უფრო ადრეა შექმნილი, ვიდრე ბიბლიის
მიმდევრები ადგენენ, ხოლო მთლიანად სამყარო კი 2 მილიონჯერ უფრო ასაკოვანია.

ბიბლიის მიხედვით ღმერთის პირველი მოქმედება სამყაროს შექმნაა. ღმერთი მუდმივად არსებობს, ამიტომ სანამ მან სამყარო შექმნა, დიდმა დრომ გაიარა. ისტორიამ შემოინახა საინტერესო ცნობა. წმინდა ავგუსტინეს ჰკითხეს: «ღმერთი სანამ სამყაროს შექმნიდა, მანამდე რას აკეთებდაო?» წმინდა ავგუსტინეს უპასუხია: «ჯოჯოხეთს ქმნიდა მათთვის, ვინც ასეთ კითხვას სვამსო».

სულის რეინკარნაციის ფართო არჩევანისათვის კრიშნაიტ შრილა პრაბხუპადას მიაჩნია, რომ ღმერთმა თავიდან შექმნა ორგანიზმთა 8 400 000 სახეობა. პრაბხუპადა იმასაც აღნიშნავს, რომ ღმერთისაგან შექმნილი სახეობები ცვალებადობას არ განიცდისო და არ იზიარებს ჩ. დარვინის ევოლუციის თეორიას.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტის თამანშრომელს
ე. კოკურინას მიაჩნია, რომ მეცნიერებას დედამიწაზე არსებულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობებიდან მხოლოდ 20%-ზე ნაკლები აქვს აღწერილი.

კარლ ლინეს შრომების გამოქვეყნების შემდეგ განვლო 245 წელმა და მეცნიერებამ აღწერა 1,7 მილიონი სახეობა. ტაქსონომისტთა მიახლოებითი გამოთვლებით, ამომწყდარ
(გადაშენებულ) და არსებულ სახეობათა რაოდენობა 30 მილიონს უნდა აღწევდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ სახეობათა წარმოშობა გრძელდება.

ავტორი:სულხან ცაგარელი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი