ნონა ხიდეშელი – თვითდაკვირვება

0
694

როგორი დატვირთული და ნაყოფიერიც არ უნდა ჩანდეს ადამიანის გარეგნული ცხოვრება, არსებული, შეზღუდული გონების წყალობით აუცილებლად დაუდგება სიცარიელისა და ნიჰილიზმის მომენტი და ისიც მუდამ შეეცდება მისგან გაქცევას. ასეთია მექანიკური და ლიმიტირებული გონების სტრუქტურა, მას დასაწყისი აქვს და შესაბამისად დასასრულიც ექნება.

უიმედობა, სიცარიელე, შფოთი, ქაოსი, განცდა უიღბლობისა და დაუცველობის, მისი თანამდევია და კარგად წარმოაჩენს ჩვენს უუნარობას, უუნარობას – რომ ვერ ვახერხებთ საკუთარი თავის შეცნობას, შინაგანში ჩაღრმავებასა და საკუთარი, ბუნებრივი განვითარების გზის პოვნას.

ადამიანის შინაგანი, რეალური შესაძლებლობების მექანიზმი თუ არ ამუშავდა, ავტომატურად შეიქმნება სხვა, გარეგნული, ილუზიური, რაც მხოლოდ ანარეკლია სინამდვილის. სულერთია რას დავარქმევთ მას, ბედისწერას, იღბალს, მხსნელს, მესიას თუ სხვა რამეს. მთავარია რომ ვიქნებით (და სამწუხაროდ ვართ კიდეც) მუდმივ მოლოდინში რაღაც მისტიკური, ყოვლისშემძლე ძალის, რომელიც ჩვენს დრამას დაასრულებს.

ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროდ და ვირწმუნოთ საკუთარი ძალა და შესაძლებლობები, მაგრამ ეს უნდა იყოს რწმენა აბსოლუტური, ყოველგვარი შიშისა და ეჭვის გარეშე, სრული შეცნობა და  განცდა  საკუთარი თავის. თავად უნდა აღმოვაცენოთ საკუთარ თავში სრული, მთლიანი ადამიანი, რომელიც თვითონ ჰქმნის საკუთარ ცხოვრებას, არ არის დამოკიდებული გარემოებებზე, ანუ შინაგანად თავისუფალია ყოველგვარი შემაწუხებელი, აბეზარი სურვილებისა თუ ამბიციებისგან.

იყო თავისუფალი – ნიშნავს ფლობდე, ანუ თავად აკონტროლებდე საკუთარი აზროვნების მექანიზმს, სურვილი ან რაიმე ვნება კი არ გმართავდეს, არამედ თვითონ მართავდე მათ და შესაბამისად საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენდე. ეს არის ადამიანი – აღსავსე სიცოცხლის უნარით, ენერგიით, ადამიანი-შემოქმედი, რომელსაც უყვარს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რადგანაც მხოლოდ თავისუფალ, შემოქმედებით არსებას შესწევს სიყვარულის უნარი.

ასეთი ადამიანისთვის ბედნიერება ბუნებრივი განცდაა, (საერთოდაც ბედნიერება ადამიანის ბუნებრივი მდგომა-რეობაა, მაგრამ ეგოისტური სურვილებისა და ამბიციების სამყაროში ჩაძირულ ადამიანს ამის განცდა დაკარგული აქვს) ამისათვის მიზეზები არ სჭირდება, ბედნიერია იმიტომ რომ არსებობს, თავისუფალია, უყვარს და ჰქმნის. ეს ბედნიერება ისევე როგორც ჭეშმარიტება მუდმივად აწმყოშია, მოცემულ მომენტში რომელშიც იმყოფები და ეს წამი ამავე დროს მარადიულობაა.

რა არის ამჟამად ჩვენი ცხოვრება, რისგან შედგება იგი. ეს არის მუდმივი გამოწვევები და შესაბამისად მათზე პასუხები, რეაქცია –ანუ მიზეზი და შედეგი. მთელი არსი ჩვენი ცხოვრების ამაში მდგომარეობს. როგორია ეს გამოწვევები და მათზე  ჩვენი რეაქცია? ცხოვრება მუდმივად ცვალებადია, მუდმივად განახლებადი, აქედან გამომდინარე გამოწვევები მუდამ ახალია, მაგრამ როგორია ჩვენი მიახლოება მათთან, ჩვენი დამოკიდებულება და პასუხები ამ სიახლეზე, რა თქმა უნდა არა-ახალი, ანუ ძველი, გაცვეთილი, მრავალჯერ განმეორებადი.

საკითხი უფრო კომპლექსურად რომ განვიხილოდ, გავიაზროთ რა არის ჩვენი გონება. იგი არის საწყობი მოგროვილი ფაქტების, განცდებისა და მოვლენების, ანუ მეხსიერება,  რომელიც მთლიანად აღვსილია უკვე მომხდარი ფაქტებით და შესაბამისად წარსულიდან მომდინარეობს, მასში წარმოქმნილი ფიქრები და აზრები ბუნებრივია ასევე წარსულიდან მოდის და ძველია. ასეთი ფიქრებით ჩვენ ვიღებთ და ვრეაგირებთ ყოველდღიურ, ახალ გამოწვევებზე.

მაგალითად ოდესღაც ვიღაცამ ტკივილი მომაყენა და ნებისმიერ დროს, როდესაც ვფიქრობ ამ კონკრეტულ ადამიანზე, ნეგატიური გრძნობებით ვივსები, სულ ერთია იგი შეიცვალა თუ არა, მთავარია რომ ჩემი დამოკიდებულება უცვლელია. შესაძლოა მრავალი ფაქტი მივიწყებულიც კი იყოს და ცნობიერებაში  აღარ არსებობდეს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ გონებაში არაფერი იკარგება, რაც ერთხელ, თუნდაც წამიერად აღბეჭდილა მასში, არაცნობიერ ფსიქიკაში გადადის და ფარულად განაგრძობს არსებობას.  

დიმიტრი უზნაძემ შესანიშნავად ახსნა ეს პროცესი თავის “განწყობის თეორიაში”. იგი წერდა “თუ ვცანით, რომ ფსიქოლოგიურად ჩვენი ქცევის საფუძველი საერთოდ ყოველთვის რომელიმე გარკვეული განწყობაა; თუ, მაშასადამე, მივიღეთ, რომ იგი ფაქტიურად ყოველთვის წინ უსწრებს ჩვენი ქცევის აქტებს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ცნობიერი ფსიქიკური აქტების კავშირი სინამდვილესთან უშუალო ხასიათის არაა,  რომ ეს კავშირი განწყობის ფაქტორის მონაწილეობითაა გაშუალებული. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვცნოთ, რომ სუბიექტის სინამდვილესთან ურთიერთობის შემთხვევაში, პირველ რიგში, მისი განწყობა აქტუალიზირდება შესაფერისი მიმართულებით, და მთელი მისი ქცევა, ცნობიერების შინაარსებითურთ, სწორედ ამ განწყობის საფუძველზე ჩნდება და ვითარდება.”

მაშასადამე ჩვენი აღქმა ყოველდღიური რეალობის, მომდინარეობს არა ობიექტური სინამდვილიდან, ანუ ფაქტი დავინახო ისეთი როგორიც ის არის, არამედ ჩვენი წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობით, რაც არაცნობიერი პროცესია და უშუალოდ იქიდან აქტიურდება. ეს აპროექტებს ჩვენს ფიქრებს და გვეჩვენება რომ რეალობის დანახვა შეგვიძლია.  

აქედან მოდის დაუსრულებელი რუტინა, მოწყენილობა, ერთფეროვანი ცხოვრება, სადაც არც სიხარულია და არც ბედნიერება. მხოლოდ მაშინ, როდესაც მოვახერხებთ და გავთავისუფლდებით მახსოვრობის ნარჩენებისგან( ლაპარაკია არა ფაქტობრივ, არამედ ფსიქოლოგიურ მეხსიერებაზე) შევძლებთ ყოველი მოვლენა ისევე ახლებურად მივიღოთ, როგორიც ის თავადაა, რაც მოგვცემს საშუალებას, განვიცადოთ მუდმივ განახლებადი სამყაროს მშვენიერება, სადაც არც ერთი მოვლენა ერთმანეთს არ ჰგავს, სადაც ყველაფერი თავისებურად უნიკალური და განუმეორებელია.

უწყვეტი დაკვირვება გონებაში წარმოქმნილ ყოველ ფიქრზე, ყოველგვარი წინასწარი განწყობისა თუ მოლოდინის გარეშე, სადაც არ იქნება არავითარი უკუგდება და თვალის არიდება, არც ერთ წვრილმან მოვლენაზეც კი, მიუხედავად იმისა სასიამოვნოა ის თუ არა, შესაძლებლობას მოგვცემს ეს ფიქრი დასრულებული სახით დავინახოთ (რაც ნიშნავს, მივყვეთ ფიქრს ბოლომდე და დავაკვირდეთ, არ განვდევნოთ, რათა ისევ არაცნობიერში არ გადავიდეს და ისედაც დამძიმებული ფსიქიკას, ტვირთად არ დააწვეს) ყოველი ასეთი დასრულებული ფიქრი, თავის თავს თვითონ ამოწურავს და გაუჩინარდება.

თვითდაკვირვების პროცესი თუ სწორად მიმდინარეობს, ხდება დანახვა და გაცნობიერება უამრავი ნაკლის, გნებავთ სისუსტის ან არასრულფასოვნების. მისი სიღრმისეული გააზრება და გაცნობიერება უკვე პროგრესის დასაწყისია, რადგან თუ პიროვნების ფსიქოლოგიურ გამთლიანებაზე ვსაუბრობთ, ჯერ არსებული, შინაგანი დაპირისპირება და ურთიერთწინააღმდეგობა  ნათლად უნდა დავინახოთ. “დაპირისპირებულობის განცდის გარეშე, წერდა კ.გ. იუნგი, არც მთლიანობის განცდაა შესაძლებელი და არც წმინდა სურათ-ხატებთან სულიერი სიახლოვე, სწორედ ამ მიზეზის გამო ამახვილებს ყურადღებას ეკლესია ასე დაჟინებით პირველ ცოდვასა და ადამიანის ცოდვილ ბუნებაზე, რათა თითოეულ ინდივიდში დაპირისპირებულობის უფსკრული წარმოაჩინოს”

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი