მედიტაცია

0
590

გონების საშუალებით ფსიქიკის მიზანმიმართულ ჭვრეტას მოვლენის, საგნის, იდეის
გარშემო მედიტაცია ეწოდება. მედიტაცია კონცენტრირებულია ერთ საკითხზე და
თხოულობს ყურადღების გამფანტველი შინაგანი და გარეგანი ფაქტორების
შეკავებას.

მედიტაციაში მყოფი სუბიექტი დაფიქრებული უნდა იყოს ერთ, რომელიმე
კონკრეტულ ხატზე. მედიტაციის პრაქტიკა წარმოიშვა ინდურ იოგაში და ითვლის
2500 წელს. იოგა არის ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც
თვითჭვრეტისა და თვითგვემის გზით ადამიანს აძლევს ზებუნებრივ ძალებთან –
ღვთაებასთან შეერთების საშუალებას. შექმნილია ფიზიკური ვარჯიშების სისტემა,
რომელიც ხელს უწყობს მედიტაციის წარმართვას, რის შედეგადაც ადამიანი
იმყოფება სულიერ ჰარმონიაში.

მედიტაციას სანსკრიტულად დხიანა ეწოდება. იოგას, მეხუთე საფეხურიდა მერვეს ჩათვლით, რომელსაც რადჟა-იოგა ეწოდება, აერთიანებენ ერთ ტერმინში – მედიტაციაში. ევროპულ ენებში მედიტაცია ლათინურიდან შემოვიდა (ლათ. მედიტატიო წარმოიშვა მედიტორ-დან – დაფიქრება, ჭვრეტა). მედიტაციის მაგივრად ზოგჯერ ტერმინად იყენებე «ტრანსმედიტაციას» ან «ტრანსს». აღსანიშნავია ერთი გარემოება: ლათინური ფუძე – მედიტაცია – არ არის ზუსტი. ის ვერ ასახავს იმ მნიშვნელობას, რასაც ბუდისტები უწოდებენ დხიანას. დხიანა ასოცირდება ადამიანის მდგომარეობის იმ სტადიასთან, როცა ის თავისუფლდება ტანჯვისა და ინკარნაციის წრისაგან.

შექმნილია მედიტაციის კვლევის სხვადასხვა სისტემა. ყველა სისტემა ემყარება შემდეგ სავალდებულო კომპონენტებს:
– გონების კონცენტრირებას;
– შინაგან მობილიზებას (მინდ ფულნესს);
– ცნობიერების გარკვეული მიმართულებით წარმართვას.

ფსიქიკის ასეთი მდგომარეობა მიიღწევა სხვადასხვა მეთოდით. ამიტომ მედიტაციური სისტემები განსხვავებულია ტექნიკური მეთოდებით. არსებობს: კაბალისტური, დინამიკური, ექსტაზის ხელოვნების, ტანტრისტული, ვიპასანისა და სხვა მრავალი მეთოდი. განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა ტიბეტური მედიტაციის ტექნიკა.

შექმნილია ტიბეტური მედიტაციის სკოლები. მასწავლებლებად მიწვეულნი არიან ბუდიზმის და ინდური ფილოსოფიის მცოდნენი. გაკვეთილებზე ყურადღება ექცევა მოსწავლის ჯდომას. იგი უნდა იჯდეს მოხერხებულად, მისთვის სასიამოვნო პოზაში. სავალდებულოა, რომ ზურგი ჰქონდეს სწორ მდგომარეობაში. არ შეიძლება მედიტაცია დაწოლილ ან მოხრილ მდგომარეობაში.

ყურადღება არ უნდა იქნეს გაბნეული გარეგანი გამღიზიანებლებით. ყურადღება კონცენტრირდება რომელიმე ობიექტზე, მაგალითად, ანთებულ სანთელზე. ზოგიერთ მედიტაციურ ტექნიკაში გამოყენებულია სხვადასხვა სიმბოლიკა. ურადღება ექცევა
სუნთქვასა და გულის მუშაობას. მედიტაციის სეანსი ტარდება დღეში ორჯერ, დილას და საღამოს 10–30 წუთის ხანგრძლივობით. ზოგიერთი მედიტაციური ტექნიკა მედიტაციას ატარებს დაწოლილ მდგომარეობაში. ზოგი სიარულშიც უშვებს მედიტაციაში ყოფნას.

XX საუკუნეში ზოგიერთ ფსიქოანალიზურ სკოლაში შეიქმნა მედიტაციის მეთოდები,
რომლებიც გამოყენებულია ფსიქოფიზიკური ვარჯიშისათვის თერაპევტული მიზნით, აგრეთვე ჰიპნოზსა და აუტოგენურ ვარჯიშებში. მათ არაფერი აქვთ საერთო
რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმართულებასთან.

პლატონისტები მედიტაციას იყნებდნენ თეორიული აზროვნების დასახვეწად, კონკრეტულად მათემატიკის ასათვისებლად. ყველა ფორმის მედიტაციურ ტექნიკას, მსგავსად პროფესიისა, საკუთარი ლექსიკონი გააჩნია, რომელიც კოდექსს ჰგავს. ეს კი ხშირად მედიტაციის დამწყებთა გაღიზიანებას იწვევს. ეს აღიზიანებს ნეიტრალურ მკითხველსაც, რომელიც
ცნობისმოყვარეობის გამო ეცნობა ლიტერატურას მედიტაციის გარშემო.

გაღიზიანების შესაკავებლად სასურველია ხაიკუ-მედიტაციის გაცნობა. ხაიკუ იაპონური პოეზიის ერთ-ერთი ჟანრია. სამსტროფიანი ლექსით ითქმება ცოტა და უთქმელი რჩება დიდი რეალობა. ავტორები ლექსებს უკეთებენ კომენტარებს და მკითხველს საშუალებას აძლევენ სურვილის მიხედვით აირჩიოს რომელიმე და მოახდინოს მასზე მედიტაცია.

მედიტაციის ტექნიკის გაცნობისათვის საუკეთესო კრებულს წარმოადგენს სამი ცნობილი გურუს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული შრომები. ბუდას სწავლება მრავალი ბუდისტური სკოლის საფუძველი გახდა. ერთ-ერთ ასეთ სკოლას წარმოადგენს ხინაინიკური ტხერავადა, რომლის წარმომადგენელია ცნობილი გურუ დხირავამსა. დხირავამსა დაიბადა ტაილანდში,
ტხერავადას რელიგიის მიმდევარი გლეხის ოჯახში. თორმეტი შვილიდან იგი იყო უფროსი ვაჟი. 13 წლის დხირავამსა შეხვდა ბერს, რომლის საუბარმა სიცოცხლეზე მოხიბლა და მან მონასტერში დაიწყო სიარული. ბერმა მონასტერში ოთხი კვირის გატარება შესთავაზა. მოხუცმა ბერმა ის კუთხეში დასვა, თვითონ კი მედიტაციისათვის ჯდებოდა მოპირისპირე კუთხეში. 

პატარა დხირავამსას სიბნელის ეშინოდა. ბერმა ურჩია ყოველ ღამე  გასულიყო  მონასტრიდან და მისულიყო კონკრეტულ ხესთან, ევლო მანამდე, სანამ შიში არ გაუქრებოდა. ასეთი რიტუალის ჩატარების შემდეგ დხირავამსას შიშის გრძნობა მოესპო. ის, როგორც მორჩილი, წლის განმავლობაში რამდენიმე თვეს ატარებდა მონასტერში იმ ასაკამდე, სანამ არ გახდა ბანგკოკში ბუდისტური უნივერსიტეტის სტუდენტი. დხირავამსა უნივერსიტეტში სწავლობდა ძველ ბუდისტურ ტექსტებს, პარალელურად მუშაობდა მედიტაციაზე. მასწავლებელმა მას მისცა წიგნი «სიწყნარის მედიტაცია». დხირავამსამ დაიწყო დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. პირველი ვარჯიში, სამუშაო წიგნის მიხედვით, ითვალისწინებდა ბუდას თავისა და მხრების წარმოდგენას ყველა დეტალით. მომდევნო ვარჯიშისას მას უნდა წარმოედგინა დხირავამსას თავზე მჯდარი ბუდა. შემდეგი ვარჯიშები იყო ბუდას ყელის, გულისა და ყველაფრის დანახვა მზის წნულის დონემდე. დხირავამსამ ყველა ეს ვარჯიში აითვისა. დროთა განმავლობაში მან დაკარგა  მხედველობითი ხატების წარმოდგენის ინტერესი. დაიწყო სხვა მედიტაციური ტექნიკის ათვისება, რომელსაც «ვიპასანა» ჰქვია. ეს არის მედიტაცია ცნობიერებასა და ყურადღებაზე. მედიტაციის ამ ტექნიკას დხირავამსა საუკეთესოდ მიიჩნევს.

1966 წელს მან ლონდონში მიიღო ჩაოხუნის (მონასტრის მთავარი ბერის) წოდება ბუდა-პადიპას მონასტერში. 1969 წლიდან იგი აშშ-ში ხელმძღვანელობს მედიტაციის სექციას ობერლინის კოლეჯში. დასავლეთში ყოფნისას დხირავამსამ მედიტაცია ვიპასანა უფრო დინამიკური გახადა, გაანთავისუფლა ძველი ბუდისტური რიტუალებისაგან, რათა ყველასათვის ადვილად მისაღები ყოფილიყო.

2003 წლის 13-14 სექტემბერს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ბუდისტთა
მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია «გონების შესწავლა». მასში მონაწილეობდნენ
ნევროლოგები, ნეიროფიზიოლოგები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, ფიზიკოსები,
ინჟინრები, ლამები და სხვადასხვა პროფესიის დაინტერესებული მკვლევრები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო დალაი-ლამამ. კონფერენცია
მიმდინარეობდა სპეცსამსახურების გაძლიერებული დაცვით.

ეს იყო რიგით მე-11 კონფერენცია. მანამდე 17 წლის განმავლობაში დალაი-ლამა თავის
სახლში, ინდოეთის ქალაქ დარამსალეში, რეგულარულად ატარებდა მეცნიერებთან
შეხვედრებს. კონფერენციაზე აქტიურად მიმდინარეობდა კამათი მედიტაციის გარშემო. დალაი-ლამა დარწმუნებულია, რომ მეცნიერები მოძებნიან მედიტაციის იმ დადებით
მხარეებს, რომლებიც მას გააჩნია მედიცინისა და ემოციური პროცესების კვლევაში.

შემთხვევითი არ იყო კონფერენციაზე მედიტაციის შესახებ წარმოშობილი კამათი. ტიბეტელი ბუდისტები ათასწლეულების განმავლობაში ხვეწდნენ და იკვლევდნენ მედიტაციის ტექნიკას, რათა ჩასწვდომოდნენ გონების ბუნების საიდუმლოებას. ამ კვლევის შედეგების ჩანაწერები გაბნეულია ტიბეტურ მონასტრებში. ტიბეტელი ლამები საკითხს მეცნიერულად იკვლევდნენ. დაწერილია მრავალი წიგნი, რომელთაგან ბევრი დღესაც ღირებულია.

მასაჩუსეტში ჩატარებულ კონფერენციაზე ბუდისტმა ბერებმა აქტიურად ითანამშრომლეს მეცნიერებთან. შემუშავებულ იქნა მომავალი თანამშრომლობის სტრატეგია. ბუდისტების მეცნიერებასთან დაახლოებას ხელი შეუწყო დალაი-ლამას პირადმა თვისებებმა. იგი ხშირად იმეორებდა, ჩემი ბედით რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილი გავმხდარიყავი ბერი, ვიქნებოდი ინჟინერიო. იგი გატაცებულია მეცნიერებით. დალაი-ლამა გასაოცარი
ცნობისმოყვარეობით აკვირდება ყველა იმ მეცნიერულ მიღწევას, რომელიც
მსოფლიოში ხდება.

მან განაცხადა, რომ ბუდიზმი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ღიაა მეცნიერული კვლევისათვის. თუ მეცნიერული თანამშრომლობით დადგენილი იქნება მედიტაციის უსარგებლობა, იგი მზადაა კრიტიკულად შეაფასოს ათასწლეულობით არსებული ბუდისტური ტრადიციები. ცნობილმა ფსიქოლოგმა ჯერომ კეიგანმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი კვლევების შედეგები ამტკიცებს, ეთიკური ნორმები ჩვენთვის – გონიერი ადამიანისათვის ბიოლოგიური მოთხოვნილებააო, რასაც დალაი-ლამამ დაამატა: ის, ვინც სხვას ტანჯვას აყენებს, თვითონ იტანჯება.

კონფერენციაზე განხილულ იქნა საინტერესო ფაქტი. ბუდისტები ძალიან მარტივად ახერხებენ მედიტაციის დროს გონების კონცენტრირებას ერთ საკითხზე, რასაკვირველია, გარკვეული ვარჯიშის შედეგად. ადამიანი, რომელიც განეკუთვნება დასავლურ  ცივილიზაციას, ამას ვერ ახერხებს, ან სჭირდება დიდი შრომა, რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია ცნობიერ პროცესთან. მასაჩუსეტსის კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მეცნიერებამ უნდა მიაქციოს ყურადღება და, თუ შესაძლებელი იქნება, შეისწავლოს ბუდისტი ბერების ხატისმიერი აზროვნება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მახარიში მახეშ იოგას მიერ შექმნილი ტრანსცენდეტალური  მედიტაცია. მან დაამთავრა ალახაბადეს უნივერსიტეტი. განათლებით ფიზიკოსია და ითვლება ძველი ინდური ფილოსოფიის საუკეთესო მცოდნედ. იგი იყო ცნობილი გურუს, დევის, მოსწავლე, ვისგანაც შეისწავლა იოგა მისი გამოყენებითი მიმართულებებით. მახარიში მახეშ იოგა 1950 წელს ინდოეთიდან გადადის ამერიკის შეერთებულ შტატებში და აგრძელებს აქტიურ მეცნიერულ კვლევას სხვადასხვა ლაბორატორიაში.

მან შექმნა ტრანსცენდეტალური მედიტაციის კვლევის მეთოდიკა და გაუჩნდა მრავალი
მიმდევარი. მრავალი წლის განმავლობაში იგი ითვლებოდა პოპულარული
მუსიკალური ჯგუფის, «ბითლზის» მასწავლებლად, რამაც დიდი პოპულარობა
მოუტანა. მახარიში მახეშ იოგამ ტრანსცენდეტალური მედიტაციის (ტმ) ორი
პროგრამა შექმნა: ერთი – მარტივი ტმ, მეორე – მისი უფრო გაღრმავებული ვარიანტი
ტმ-სიდხი.

1990 წლის დასაწყისში სხვადასხვა ქვეყანაში 3 მილიონი ადამიანი დაეუფლა ტმ-ის
ტექნიკას, ტმ-სიდხს კი –150000. 1970–1990 წლებში სამეცნიერო ჟურნალებში
გამოქვეყნდა 430 სტატია, რომლებშიც აღწერილია ტმ და ტმ-სიდხის რეგულარული
პრაქტიკის დადებითი გავლენა ადამიანთა ცხოველქმედების პროცესებზე.

1978 წელს აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრანსცენდეტალური მედიტაციის რელიგიური ბუნების გამო აკრძალა მისი სწავლება საზოგადოებრივ სასწავლო დაწესებულებებში. 1992–1993 წლებში საერთაშორისო ტრანსცენდენტალური მედიტაციის მოძრაობა იწყებს პოლიტიკურ აქტიურობას. სხვადასხვა ქვეყანაში იქმნება ბუნებრივი კანონის პარტია.

1996 წელს ამ პარტიამ მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის არჩევნებში. კანდიდატად
დასახელებული იყო ჯ. ხეგელინი. შორეული წარსულიდან დაწყებული ბუდისტები ახერხებენ მანტრის (ლოცვის) საშუალებით გონების კონცენტრირებას. ამ დროს ისინი ისვენებენ და ახერხებენ გონებაში ჩაღრმავებას. ტვინში წარმოქმნილი აზრები იცვლება მანტრით. ეს კი
საშუალებას იძლევა დააკვირდნენ აზრების წარმოშობას და ცნობიერების გაფართოებას. მანტრა წარმოადგენს შეგუებულობის იმ იარაღს, რომელიც გონებას ათავისუფლებს აზრების მარწუხებისაგან.

მახარიში მანტრას არ ანიჭებს არავითარ მისტიკურ და ზებუნებრივ ძალას. იგი ამბობს, ეს არის მარტივი მეთოდი, რომ გონება ზედაპირული აზროვნების გზიდან გადაყვანილ იქნეს უფრო ღრმა ტრანსცენდენტალურ, შემოქმედებით დონეზე. მას, ვისაც ასეთი ექსპერიმენტი არ ჩაუტარებია, მაშინვე უჩნდება კითხვები: გონება გამოყოფილია აზრებისაგან? რა
რჩება, როდესაც ქრება აზრები? განა არის შემოქმედებითი ჭკუა გონების თვისება?
ბოლო კითხვას მახარიში პასუხობს – კი. მისი აზრით, ადამიანის საბოლოო მიზანი
იგივეა, რაც მთელი სამყაროსი. სამყარო არსებობს ღმერთისეული, შემოქმედებითი
ჭკუის გამო. ადამიანი არის შემაერთებელი ხიდი ღმერთსა და ყველაფერ შექმნილს
შორის.

მახარიშის მიხედვით ადამიანის მიზანია იცხოვროს თავისუფლად. თუ მან ეს ვერ
მოახერხა, მაშინ მიზანი უქრება. მახარიშის მიაჩნია, რომ სუფთა ცნობიერება, ყოფის
ტრანსცენდენტალური მდგომარეობა არის გონების ბუნება, რომელიც შემოქმედებითი მოღვაწეობის საფუძველია. ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გონებას, აზრებისაგან განუყოფელი ზედაპირული ცნობიერებაა. არსებობს აზრთა მრავალი დონე. თუ ჩავუღრმავდებით მათ შინაარსს, აღმოჩნდება, რომ ისინი ეხება ობიექტებს ან მოვლენებს, რომლებიც სამყაროში მიმდინარეობს.

დაუდგენელი აზრიც არის აზრი რაღაცის შესახებ. როდესაც აზრი ქრება, გონება წყნარდება. გონება ერთი მდგომარეობიდან გადადის მეორე, განსხვავებულ მდგომარეობაში. ამით ის ემსახურება სამყაროს. ხდება რა დამაკავშირებელი ხიდი განსაზღვრულ და განუსაზღვრელ აზრებს შორის, ადამიანი ემსახურება საკუთარ თავს, ხვეწს ინდივიდუალურ ბუნებას, რითიც ასრულებს თავის დანიშნულებას.

ბუდისტ მოღვაწეთა მსგავსად, მახარიში მახეშ იოგა თავისი თეორიის ასახსნელად იყენებს მეცნიერულ კანონზომიერებებს. იგი ემყარება თერმოდინამიკის მესამე კანონს – რაც მცირეა მუშაობა, მით დიდია მოწესრიგება. ტრანსცენდენტალური მედიტაციით გამოწვეული შინაგანი დაძაბულობის დაქვეითება იწვევს ფიზიკური და გონებრივი მოწესრიგების გაზრდას, რის გამოც ცნობიერი გონი ააქტივებს შემოქმედებით საწყისს.

შემოქმედებითი საწყისის უკეთ წარმოდგენისათვის მახარიში იყენებს მეტაფორულ ანალოგიას. აზრის წარმოშობას ის ადარებს ჭაობში გაზის გაჩენას. გაზის ბუშტები წარმოიქმნება ჭაობის ფსკერზე და ნელა იწყებს ზევით ამოსვლას. მოძრაობის დროს ბუშტები ერთიანდებიან, იზრდებიან და ზედაპირზე მათი აღქმა შესაძლებელი ხდება. ასევეა აზრებიც, რომლებიც ადრეული ბავშვობიდან ქვეცნობიერშია შემონახული. ის მოიცავს განცდებს, რეაქციებს, მრავალ მოგონებას და მოთავსებულია ჩვენი ფსიქიკის ძნელად მისაღწევ ნაწილში. გაზის ბუშტები და აზრები ზედაპირისაკენ ისე სწრაფად მოძრაობს, რომ მისი შემჩნევა ძნელდება.

ტრანსცენდენტალური მედიტაციის ტექნიკა კი გონებას საშუალებას აძლევს შეიგრძნოს აზრების არსებობა სხვადასხვა სტადიაზე. მედიტაციის ეს ტექნიკა ქმნის იმის პირობებს, რომ აზრებს ჩაჰყვეს მანამდე, სანამ არ დადგინდება მათი წარმოშობის წყარო.

ჰარვარდის სამედიცინო ინსტიტუტსა და ლონდონის საავადმყოფოში შესწავლილ იქნა მედიტაციის გავლენა ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებზე. 2003 წლიდან, ტიბეტელ ბუდისტებთან შეთანხმებით, მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიების მონაწილეობით, უახლესი ძვირად ღირებული მეთოდების გამოყენებით, კელიებსა და კლინიკებში იწყება ორგანიზმზე მედიტაციის გავლენის შემსწავლელი ფართო პროგრამა.
დღეისათვის ცნობილია, რომ:

– მედიტაციის დროს ჩონჩხის კუნთები განიცდის რელაქსაციას. აღდგენა ხდება
სწრაფად.                                                                                                                                                    – მედიტაციაში მყოფი ტვინი მოიხმარს ნაკლები რაოდენობის ჟანგბადს.
– მედიტაციის დროს ნივთიერებათა ცვლა დაქვეითებულია.
– მედიტაციაში მყოფი პიროვნება ზოგჯერ მძინარეს შთაბეჭდილებას ტოვებს.
ელექტროფიზიოლოგიურად დამტკიცებულია, რომ ძილი და მედიტაცია
განსხვავებული მდგომარეობაა. მედიტაციის დამთავრების შემდეგ ადამიანი უფრო
დასვენებული და ენერგიულია, ვიდრე ძილის შემდეგ.
– მედიტაცია დიდ გავლენას ახდენს თავის ტვინის მოქმედებაზე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი