ბერტრან რასელი თავისუფალი აზროვნება და განათლება

0
486

აუცილებელია არა მარტო რწმენის, არამედ შემეცნების სურვილიც, რაც სრულიად საწინააღმდეგოა. თუ დავუშვებთ, რომ რაციონალური ანალიზის საჭიროება იზრდება, მაშინ საინტერესოა თუ რატომ არის მსოფლიოში გავრცელებული ირაციონალური თვითდაჯერება. ძირითადად ეს არის შედეგი ირაციონალური და მიმნდობი ჩვეულებრივი ადამიანისაგან მიღებული მემკვიდრეობისა.

მაგრამ ეს ინტელექტუალური პირველდაცემითი ცოდვის მარცვალი იკვებება სხვა ფაქტორებითაც, რომელთა შორის სამს ეკისრება წამყვანი როლი, კერძოდ: განათლება, პროპაგანდა და ეკონომიკური ზეწოლა. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

განათლება

ყველა განვითარებულ ქვეყანაში, დაწყებითი განათლება სახელმწიფოს ხელშია. სახელმწიფო მოხელეებისთვის ცნობილია, რომ სასწავლო მასალის ნაწილი არის მცდარი, სხვა ბევრი საგანი, ასევე, მცდარია ან ყოველ შემთხვევაში საეჭვოა თითოეული მოაზროვნე ადამიანისთვის. მაგალითისთვის ავიღოთ ისტორიის სწავლება. ისტორიის სახელმძღვანელოებში თითოეული ერი ცდილობს მხოლოდ თავის განდიდებას. როცა ადამიანი წერს ავტობიოგრაფიას, მოსალოდნელია, რომ ის გარკვეულ თავმდაბლობას გამოიჩენს, მაგრამ როცა ერი წერს თავის ისტორიას, მაშინ საზღვარი არ აქვს ტრაბახსა და ქება-დიდებას.

როცა ახალგაზრდა ვიყავი, სასკოლო სახელმძღვანელოები გვასწავლიდნენ, რომ ფრანგები უზნეოები არიან, ხოლო გერმანელები სათნოებით აღსავსენი. ახლა პირიქით ისწავლება. ბუნებრივია არც ერთი არ არის მართალი.

გერმანულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ვატერლოოს ბრძოლა აღწერილია იმგვარად, რომ პრაქტიკულად დამარცხებულ ველინგტონს ბლიუხერი მოევლინა მხსნელად. ინგლისური სახელმძღვანელოების მიხედვით კი ბლიუხერს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ბრძოლაზე. ორივე სახელმძღვანელოების ავტორებმა იციან, რომ არ ამბობენ მთელ სიმართლეს.

ამერიკული სასკოლო სახელმძღვანელოები ჩვეულებრივ აღსავსე იყო მძაფრი ანტიბრიტანული განწყობილებით, ხოლო 1914-18 წწ. ომიდან დაწყებული, ისინი იგივე სიმძაფრით პრობრიტანულნი გახდნენ, ჭეშმარიტება კი არც ერთ შემთხვევაში არავის აინტერესებდა.

როგორც ადრე, ახლაც, შეერთებულ შტატებში განათლების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ემიგრანტთა შვილების ჭრელი  ჯგუფების კარგ ამერიკელებად  აღზრდა. ცხადია, თავში აზრადაც არავის მოსდის, რომ კარგი ამერიკელი, ისევე როგორც კარგი გერმანელი  ან კარგი იაპონელი, როგორც ადამიანი ცუდი იქნება.  კარგი ამერიკელი აღზრდილი არის იმ სულისკვეთებით, რომ ამერიკა დედამიწაზე ყველაზე საუკეთესო ქვეყანაა და ამ შეხედულებას იცავს ნებისმიერ კამათში.

თუკი ჩავთვლით, რომ ასეთი მტკიცება სწორია, მაშინ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი არ უნდა აპროტესტებდეს მას და თუ ის სიმართლეს შეესაბამება, უნდა ისწავლებოდეს ყველგან და არა მხოლოდ ამერიკაში. უცნაურია, რომ ასეთ შეხედულებებს არსად არ იზიარებენ იმ ქვეყნის გარდა, რომლის ქება- დიდებაცაა მათში გამოთქმული.

ამავდროულად, სხვადასხვა ქვეყნებში მთელი სახელმწიფო მექანიზმი აიძულებსს დაუცველ ბავშვებს, სწამდეთ აბსურდული ჭეშმარიტებებისა, რომელთა მიზანია მათი შთააგონონ, რომ სიცოცხლე შესწირონ ვიღაცეების ქვენა ინტერესებს, შთააგონონ მათ, რომ ისინი სამართლიანი საქმისთვის იბრძოლებენ.

ამგვარი განათლების მიცემის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა: არ მისცენ ჭეშმარიტი ცოდნა, რათა ადამიანები ადვილად ემორჩილებოდნენ თავიანთ პატრონებს. დაწყებით სკოლებში მოტყუების კარგად შემუშავებული სისტემის გარეშე, შეუძლებელი გახდებოდა დემოკრატიის ხაფანგების შენარჩუნება.

სანამ დავასრულებდე განათლების შესახებ საუბარს, მოვიყვან სხვა მაგალითს ამერიკული ცხოვრებიდან. არა იმიტომ, რომ ამერიკა რაიმეთი უარესია სხვა ქვეყნებთან შედარებით, პირიქით ის ყველაზე თანამედროვეა და ამიტომ იქ უფრო თვალსაჩინოა იმ საფრთხეების არსებობა რომლებიც უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე სხვები ქრებიან.

ნიუ-იორკის შტატში აკრძალულია კერძო სკოლის გახსნაც კი სახელმწიფო ლიცენზიის გარეშე. ახალმა კანონმა დაადგინა, რომ ლიცენზია არ უნდა გაიცეს იმ სკოლაზე, სადაც ბავშვებს აცნობენ ისეთ დოქტრინებს, რომელთა მიხედვითაც  კანონიერი ხელისუფლება შეიძლება დაემხოს ძალადობისა ან სხვა არასამართლებრივი საშუალებების გამოყენებით .

როგორც გაზეთი ნიუ რიპაბლიკი  აღნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ფორმის კანონიერი ხელისუფლების შესახებაა საუბარი. შესაბამისად კანონი, უკანონოდ გამოაცხადებდა უკანასკნელი ომის დროს იმის სწავლებას, რომ კაიზერული გერმანიის ხელისუფლება შეიძლება ჩამოაგდონ ძალით. ასევე, უკანონოდ გამოცხადდებოდა კოლჩაკის ან დენიკინის ბრძოლის მხარდაჭერა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ასეთი დასკვნები, რა თქმა უნდა, არ იყო შეგნებულად გათვალისწინებული და ეს აღმოჩნდა ცუდი კანონის შედეგი. ჭეშმარიტი არსი მდგომარეობდა სხვა კანონში, რომელიც იმავე დროს იყო მიღებული და სავალდებულო იყო სახელმწიფო სკოლების მასწავლებელთათვის. ეს კანონი აცხადებს, რომ მასწავლებლის სერთიფიკატი, უნდა გაიცეს მხოლოდ მათზე, ვინც საკმარისად გამოამჟღავნა ლოიალურობა და მორჩილება შესაბამისი შტატისა და ამერიკის მთავრობის მიმართ. უარი უნდა ეთქვას მათ, ვინც ემხრობოდა, არ აქვს მნიშვნელობა როდის და სად, მოცემული შტატის ან შეერთებულ შტატებში არსებულისგან განსხვავებულ მმართველობის ფორმას.

კომიტეტმა, რომელმაც შეიმუშავა ეს კანონები, როგორც ნიუ რიპაბლიკი  აცხადებს, დაადგინა, რომ მასწავლებელი, რომელიც არ ეთანხმება არსებულ სოციალურ სისტემას უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან  და მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც მხარს არ უჭერს სოციალური ცვლილებების თეორიას, შეიძლება დაევალოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება ბავშვებსა და ახალგაზრდებში.

ამდენად, ნიუ-იორკის კანონით თანახმად, ქრისტე და ჯორჯ ვაშინგტონი მორალურად საკმაოდ არამდგრადი პიროვნებები იყვნენ, რომ მათთვის ბავშვების აღზრდა დაევალებინათ. თუკი ქრისტე მოვიდოდა ნიუ-იორკში და იტყოდა: მიეცით ნება პატარა ბავშვებს, რომ ჩემთან მოვიდნენ. ნიუ-იორკის სასწავლო საბჭოს პრეზიდენტი უპასუხებდა: სერ, მე არ მაქვს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ თქვენ მიისწრაფით, იბრძოლოთ სოციალური ცვლილებების თეორიის წინააღმდეგ. სინამდვილეში, გამიგია, რომ იცავთ იმას, რასაც ზეციური სამეფო ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა, მადლობა ღმერთს, რესპუბლიკაა. ნათელია, რომ თქვენი სამეფოს პოლიტიკური წყობილება არსებითად განსხვავდება ნიუ-იორკის შტატში არსებულისგან. ამდენად, თქვენ ვერ მიგიშვებთ ბავშვებთან.  თუკი პრეზიდენტი ასეთ განცხადებას არ გააკეთებს, ის არ შეასრულებს თავის მოვალეობას, როგორც თანამდებობის პირი, რომელმაც კანონით უნდა იხელმძღვანელოს.

ასეთი კანონებით გამოწვეული ეფექტი ძალიან სერიოზულია: მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლება და სოციალური სისტემა ყველაზე საუკეთესოა პლანეტაზე არსებულ ყველა სისტემას შორის. თუნდაც ასეთ შემთხვევაში, ორივე, შეიძლება კიდევ უფრო სრულყოფილ იქნას. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ეთანხმება ამ უდაო მტკიცებას, კანონის მიხედვით უფლება არა აქვს ასწავლოს შტატის სკოლაში. ამდენად, კანონი აცხადებს, რომ სკოლის მასწავლებლები უნდა იყვნენ ან ფარისეველნი ან სულელნი.

მზარდი საშიშროება, რომლის მაგალითია ნიუ-იორკის კანონი, წარმოადგენს ერთი ორგანიზაციის ხელში ძალაუფლების თავმოყრის შედეგს, იქნება ეს ტრესტი, სახელმწიფო თუ ტრესტების გაერთიანება.

განათლების შემთხვევაში ძალაუფლება სახელმწიფოს ხელშია, რომელსაც შეუძლია არ გააცნოს ახალგაზრდობას ხელისუფლებისათვის მიუღებელი ნებისმიერი დოქტრინა. მე მჯერა, ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებიც თვლიან, რომ ხალხი და დემოკრატიული სახელმწიფო ერთიანია. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ ილუზიაა. სახელმწიფო არის მიზნებიდან გამომდინარე განსხვავებულ მოხელეთა ერთობლიობა, რომელთაც მანამდე აქვთ კარგი შემოსავალი, სანამ შენარჩუნებულია სტატუს კვო.

ერთადერთი ცვლილება, რომელიც შეიძლება დაიშვას, არის ბიუროკრატიისა და მისი ძალაუფლების გაძლიერება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, შეიარაღებული დაპირისპირების ჩათვლით, რომლის წყალობით მიიღწევა ინკვიზიციური ძალაუფლება ქვეშევრდომებზე და რომელიც მათ მოწინააღმდეგების აიძულებს იშიმშილონ.

რაც შეეხება სულიერ ცხოვრებას და მის ისეთ ასპექტს, როგორიც განათლებაა, აქ ასეთი მიდგომა უბრალოდ დამღუპველია. ის ანადგურებს პროგრესის, თავისუფლებისა და შემოქმედებითი ინიციატივის ნებისმიერ გამოვლინებას. ეს ლოგიკური შედეგია იმისა, რომ დაწყებითი განათლება იმყოფება ერთადერთი ორგანიზაციის გავლენის ქვეშ.

რელიგიურმა შემწყნარებლობამ გარკვეულწილად გაიმარჯვა იმიტომ, რომ ხალხმა შეწყვიტა რელიგიის იმდენად მნიშვნელოვნად მიჩნევა, როგორც ეს ადრე იყო. მაგრამ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, რომელთაც რელიგიის ადგილი დაიკავეს გაჩნდა მზარდი ტენდენცია დევნისადმი, რომელიც არანაირად არ არის დამახასითებელი რომელიმე განსაზღვრული პოლიტიკური პარტიისათვის.

რუსეთში სხვაგვარად მოაზროვნების დევნა უფრო დაუნდობელია, ვიდრე ნებისმიერ კაპიტალისტურ ქვეყანაში. პეტროგრადში მე შევხვდი გამოჩენილ რუს პოეტს ალექსანდრე ბლოკს, რომელიც მოგვიანებით შიმშილისაგან მოკვდა. ის უჩიოდა ბოლშევიკებს, რომლებიც მისგან მოითხოვდნენ ესთეტიკის სწავლებას მარქსისტული პოზიციიდან.

მან ვერ შეძლო დაედგინა კავშირი რითმულობის თეორიასა და მარქსიზმს შორის, თუმცა ყველაფერს აკეთებდა შიმშილის თავიდან ასაცილებლად. ცხადია, რაც ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რუსეთში შეუძლებელი გახდა მათი რეჟიმის იდეოლოგიის შესახებ რაიმე კრიტიკის გამოქვეყნება.

რუსეთისა და ამერიკის მაგალითები ცხადყოფენ, რომ სანამ ადამიანებს პოლიტიკის მნიშვნელობისადმი ფანატიკური რწმენა გააჩნიათ პოლიტიკური პრობლემების შესახებ თავისუფალი აზროვნება შეუძლებელი იქნება და არსებობს დიდი საფრთხე, რომ თავისუფლების არარსებობა გავრცელდება სხვა სფეროებზეც, როგორც ეს რუსეთში მოხდა. მხოლოდ პოლიტიკური სკეპტიციზმის გარკვეულ დოზას შეუძლია დაგვიცვას ამ უბედურებისგან.

ძნელი წარმოსადგენია, რომ განათლებაზე პასუხისმგებელ მოხელეებს სურთ, რომ ახალგაზრდობა განათლებული იყოს. პირიქით, მათი ამოცანაა უბრალოდ ინფორმაციის მოწოდება გონებრივი განვითარების გარეშე.

განათლება ორ მიზანს უნდა ემსახურებოდეს: პირველ რიგში, უნდა აძლევდეს გარკვეულ ცოდნას: წერა-კითხვა, ენები, მათემატიკა და ა.შ.; შემდეგ ისეთი გონებრივი უნარების გამომუშავებას, რომლებიც საშუალებას მისცემს ადამიანებს დაეუფლონ ცოდნას და ჩამოაყალიბონ დასაბუთებული პოზიციები,.. პირველს ვუწოდებთ ინფორმაციას, უნარს, ხოლო მეორეს-ინტელექტს. ინფორმირებულობის სარგებლიანობა თვალსაჩინოა პრაქტიკულადაც და თეორიულადაც.

გაუნათლებელი მოსახლეობა ვერ შექმნის თანამედროვე სახელმწიფოს. ინტელექტის სარგებლიანობა კი მხოლოდ თეორიულადაა თვალსაჩინო, მაგრამ არა პრაქტიკულად. არ არის სასურველი, რომ ჩვეულებრივი ადამიანები აზროვნებდნენ, რადგამ მოაზროვნე ადამიანების გაკონტროლება რთულია და ისინი პრობლემებს უქმნიან ადმინისტრაციას. პლატონის ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ მხოლოდ  გუშაგებს  აქვთ აზროვნების უფლება, დანარჩენები კი ცხვრის ფარასავით მორჩილად უნდა მიჰყვებოდნენ ლიდერებს. ასეთ დოქტრინას, ახალი დემოკრატიული ცვლილებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ღრმად აქვს გადგმული ფესვები ჩვენს ქვეცნობიერში და რადიკალურად ამახინჯებს ყველა ეროვნული განათლების სისტემებს.

ქვეყანა, რომელმაც უდიდეს წარმატებებს მიაღწია ინფორმაციის მიწოდებასა და არა ინტელექტის განვითარებაში, არის თანამედროვე ცივილიზაციის უკანასკნელი მიღწევა – იაპონია. აქ დაწყებითი განათლება, შეიძლება ითქვას, სწავლების მხრივ შესანიშნავია, მაგრამ ამის მიღმა, მას სხვა მიზანიც გააჩნია. ის ასწავლის მიკადოსადმი რელიგიურ თაყვნისცემას, რომელიც დღეს უფრო გავლენიანია, ვიდრე მაშინ, როცა იაპონია არ იყო მოდერნიზებული სახელმწიფო.

ამდენად, სკოლები ერთდროულად განათლებას იძლევიან და რელიგიურ ცრურწმენებსაც აღვივებენ. იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ განვიცდით მიკადოს რელიგიური კულტისადმი მოწიწებას, ნათლად ვხედავთ რაც კი არის აბსურდული იაპონურ განათლების სისტემაში. მაგრამ ჩვენ საკუთარი ეროვნულ- რელიგიურ ცრურწმენებს იმდენად ღრმად აქვთ ჩვენში ფესვები გადგმული, რომ მათი შემჩნევის უნარი თითქმის მთლიანად დავკარგეთ.

სტუმრად ჩამოსულ იაპონელს, რომელიც დააპირებდა ეთქვა, რომ ჩვენს სკოლებში ასწავლიან ისეთ რელიგიურ ცრურწმენებს, რომლებიც არანაკლებ საზიანოა გონებრივი განვითარებისათვის, ვიდრე მიკადოს ღვთაებრიობისადმი რწმენა, არგუმენტების ნაკლებობა არ შეაწუხებდა. ამჟამად, არ შემიძლია ვიპოვნო დაავადების წამალი, მაგრამ შევძლებ დიაგნოზის დასმას. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ განათლება გახდა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ინტელექტის განვითარებისა და აზრის თავისუფლებისათვის. ასეთი მდგომარეობა განპირობებულია, პირველ რიგში, იმით, რომ სახელმწიფომ ამ საკითხის მონოპოლიზაცია მოახდინა, მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი მიზეზი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი