მერაბ მამარდაშვილი – ჯიუტი სიბრმავის მდგომარეობა

0
1298

განწყობისთვის, კამერტონისთვის მინდა მოვიხმო პრუსტის კიდევ ერთი ციტატა: „რა კეთილშობილურია ბუნების კანონი, რომლის თანახმადაც არასდროს ვუწყით ის, რაც გვიყვარს“. მას თან ხშირად მეორდება ასეთი სახე: შეყვარებული თითქოს შუშის სამანს მიღმა, ერთ მხარესაა, როგორც აკვარიუმში, რომლის კედლითაც გამიჯნულია სამყაროსგან, და მისთვის მხოლოდ ერთი სამყაროა, ის აკვარიუმში არსებულ საგნებს ხედავს. ჩვენ ვერ გვხედავს. ის საგნებს საკუთარი თვალით ხედავს და ისინი უსასრულოა.

ჩვენი თვალსაწიერიც ხომ უსასრულოა, და ამ თვალსაწიერში ვხედავთ, იმას, რასაც თვალი ხედავს. მაგრამ წარმოიდგინეთ აკვარიუმის კედელი, რომელზეც უსასრულოდ ირეკლება თვით აკვარიუმის წყალი, – თევზი კედელს ვერ ხედავს, ის უსასრულო წყალს ხედავს მხოლოდ. ამიტომაც, მას რომ კედელი დაენახა, იმასაც დაინახავ და, რომ აკვარიუმშია. მან კი არ იცის, რომ აკვარიუმშია. (ახლა ჩემთვის პრუსტისეულ სახეებს ვალაგებ, ვაკავშირებ, ისინი რომანის სხვადასხვა ეპიზოდში ჩნდებიან.) და მისთვის ეს სამყარო ერთადერთია.

სინამდვილე კი იჭრება აკვარიუმში ან თევზის სამყაროში, ან შეყვარებულის სამყაროში, იმის მსგავსად, როგორც ნამდვილ, რეალურ აკვარიუმში ადამიანის ხელი ჩნდება და თევზი ამოჰყავს წყლიდან, რომელიც მას ერთადერთი და უსასრულო ეგონა. საითაც არ უნდა გაეხედა – ყველგან წყალი იყო, აქ კი უცებ გამოჩნდა ხელი და აკვარიუმიდან ამოიყვანა. ასე რომ, პრუსტისთვის ამ შუშის სამანების სიტუაცია არსებობს, რომლის მიღმა გასვლაც შეუძლებელია. ანუ ის, რაც შუშის ამ მხარესაა, უხილავია იქედანაც და მხოლოდ გარკვეულ მოვლენებს, რომლებსაც რეალობას უწოდებენ, შეუძლიათ ერთი სამყაროს მეორეში გადატანა.

მაგალითად, ძალიან გამოკვეთილი ფიგურა – ბარონი შარლიუ თევზის მსგავსად ცხოვრობდა. ვთქვი, რომ წყალი შუშაში უსასრულოდ ირეკლება, მაშინ, როცა გვერდით, ჩრდილში, მეთევზე, pisciculteur, თვალს ადევნებს მის მოძრაობას, – შარლიუსთვის კი ასეთი მეთევზე გახლდათ მადამ ვერდიურენი, იმ სალონის დიასახლისი, სადაც ის დადიოდა. ამ სალონში შარლიუ არისტოკრატიული სამყაროს წარმომადგენელი იყო; მას სრულიად ბუნებრივად მიაჩნდა, რომ სალონის ყველა სტუმარმა იცოდა, რომ ის საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ძველი არისტოკრატული გვარის შთამომავალი იყო. არადა, სინამდვილეში სრულიად სხვაგვარად აღიქვამდნენ.

პრუსტი ამბობს, რომ ის ასევე გაოცდებოდა, თუკი გაიგებდა, როგორი იყო სხვების თვალში, ისევე, როგორც ჩვენ გვაოცებს, როცა რაიმე შემთხვევითი მიზეზის გამო სათადარიგო კიბეზე ჩავდივართ, რომ გარეთ გავიდეთ და მოსამსახურეების მიერ ჩვენს შესახებ დაწერილ წარწერებს ვხედავთ. (იმიტომ, რომ მოსამსახურეებს მათთვის ჩვეულ სამყაროში ვხედავთ.) უფრო მეტი, – შენიშნავს პრუსტი, – ხალხებიიმდენადრამდენადაც ისინი ინდივიდების კოლექცია (ანუ საზოგადოება ინდივიდების კოლექციაა და, შესაბამისად, ინდივიდების კანონებიც, ოღონდ, განსხვავებულ მასშტაბში, საერთო კანონებიცაა; ეს გახლავთ პრუსტის სოციოლოგიური თუ, გნებავთ, პოლიტიკური ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნააზრევი), ამ ჯიუტი და გამაოგნებელი სიბრმავის უფრო მომცველმაგრამინდივიდთა იდენტურ მაგალითებს გვთავაზობენ“.

ჯიუტი და გამაოგნებელი სიბრმავე – მოდით, ამ სიტყვებზე შევჩერდეთ. რადგანაც საკუთარი გამოცდილების წაკითხვას პრუსტის საშუალებით საკუთარ სულშიც ვცდილობდი, შემიძლია ვაღიარო, რომ ერთ-ერთი ჩემი განცდა (რის გამოც დავიწყე კიდეც, ალბათ, ფილოსოფიის შესწავლა) სწორედ ეს განცდა გახლდათ – არსებულის წინაშე ადამიანთა სიბრმავე სრულიად გაურკვეველი იყო ჩემთვის და თავგზას მიბნევდა. ეს გამაოგნებელი ფენომენი მართლაც იწვევს დაბნეულობას. და ეს ფენომენი განსაზღვრავს რომანის ფორმას: ის ისეა დაწერილი, რომ, როგორც ფილოსოფოსი იტყოდა ასეთ შემთხვევაში (მაპატიეთ, ტერმინის გამო. როგორც ხედავთ, გავურბივარ რომელიმე საგანგებო ფილოსოფიურ ტერმინს, მაგრამ ერთს გამოვიყენებ, რომ უბრალოდ შეგაშინოთ), ონტოლოგიურ მდგომარეობას გაუმკლავდეს.

ადამიანის ონტოლოგიური მდგომარეობა ჯიუტი სიბრმავის მდგომარეობაა. ერებს ცხვირწინ აქვთ რაღაც და ვერ ხედავენ. რა თქმა უნდა, ადამიანებიც ასე არიან; ერები, როგორც მოგახსენეთ, – ინდივიდების კოლექციებია. მაგალითად, საკმარისია დავუკვირდეთ რუსეთის ისტორიის ზოგიერთ ეპიზოდს, რომ დავინახოთ: ეს არის მდგომარეობა – ახლა მას სხვა სახელით მოვიხსენიებ, – როდესაც გამოცდილებას ვერ ვიძენთ. როდესაც ჩვენს თავს რაღაც ხდება, გამოცდილებას ვერ ვიღებთ და ეს დაუსრულებლად მეორდება. მართლაც, პრუსტთან ძალიან ხშირად ვხვდებით ჯოჯოხეთის სახეს.

სიტყვა „ჯოჯოხეთს“ ვიყენებთ, როგორც ყოველდღიურობასთან დაკავშირებულ ან რელიგიიდან ნასესხებ სიტყვას, მაგრამ მისი საწყისი სიმბოლიზმი გვავიწყდება. ჯოჯოხეთი – ეს არის სიტყვა, რომელიც სიმბოლოა იმის, რაც სიცოცხლეშივე ვიცით და ყველაზე საშინელია – მარადიული სიკვდილი. სიკვდილი, რომელიც მუდმივად ხდება. წარმოიდგინეთ, მუდმივად რომ ვღეჭავდეთ ლუკმას და ეს აღარ მთავრდებოდეს. და ეს არის სიკვდილი, რომელსაც არა აქვს დასასრული. ეს ყველაფერი უხეიროდ მეორდება. ჩვენს ცხოვრებასა თუ ისტორიაში ისევ და ისევ ვუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომას, ვიქცევით ისე, რასაც ვინანიებთ. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, არ არსებობს სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც ერთხელ და სამუდამოდ მივიღებდით გამოცდილებას იმის გამო, რისთვისაც მონანიება მოგვიწია. და თუკი ასე არ მოვქცეულვართ, ვერ გაგვიგია; თუკი გამოცდილება ვერ მივიღეთ, ეს მუდმივად განმეორდება. ვთქვათ, რუსეთის ისტორიაში, ვიტყოდი, თავისუფლად დათარეშობდა უხეირო გამეორებების გენია.

შეეცადეთ, თვითონვე დაძებნოთ ამის მაგალითები. მათ ადვილად იპოვით…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი