სვამი ვივეკანანდა:რა წამსაც სახელს არქმევთ რელიგიას, საზღვრებს უდგენთ და სხვებისგან აცალკევებთ, იმ წამსვე სექტად აქცევთ მას

0
440

კრიშნას აღმასვლა ინდოეთში თითქმის იგივე გარემოებებმა განაპირობა, რომლებმაც შემდეგ ბუდიზმის წარმოშობას შეუწყო ხელი. მეტსაც გეტყვით – მსგავსი მოვლენები ჩვენს დროშიც გვხვდება. იდეალი არსებობს, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის იარსებებს კაცობრიობის უმეტესი ნაწილი, რომელიც მას ვერ შესწვდება, თუნდაც მხოლოდ ინტელექტუალური ჩამორჩენილობის გამო… იდეალს ძლიერნი ასხამენ ხორცს და ბევრ შემთხვევაში სუსტებთან არაფერი აქვთ საერთო. სუსტები
ძლიერთა წინაშე მხოლოდ მათხოვრები არიან. ძლიერნი წინ მიიწევენ. . .

რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია, რომ უმაღლესი პრინციპი უძლურთა თანაგრძნობა და მათი დახმარებაა, თუმცა ბევრი მოაზროვნე თანაგრძნობის გზას გვიკეტავს ხოლმე. თუკი იმ თეორიას დავეყრდნობით, რომ მთელი ეს უსასრულო სიცოცხლე მხოლოდ აქ და ახლა, რამოდენიმე წლიანი არსებობით შემოიფარგლება, . . . მაშინ უიმედო მდგომარეობაში ჩავვარდებით,
. . . და დროც არ დაგვრჩება იმისთვის, რომ სუსტებს დაველოდოთ და მივეშველოთ. მაგრამ თუკი ეს ასე არ არის და თუ სამყარო მხოლოდ ერთ-ერთი სკოლაა იმათგან, რომლებიც უნდა გავიაროთ: თუკი მარადიული სამყარო მარადიული კანონით იქმნება, მის მიხედვით იცვლება და მას მორჩილებს; თუკი მარადიული კანონი მარადიულ შანსს აძლევს ყველას, მაშინ საჩქაროც არაფერი გვქონია. ამ შემთხვევაში იმისთვისაც გვრჩება დრო, რომ ირგვლივ მიმოვიხედოთ, სუსტებს თანავუგრძნოთ, დახმარების ხელი გავუწოდოთ და აღვზარდოთ კიდეც.

ბუდიზმის აღსანიშნავად სანსკრიტში ორი სიტყვა არსებობს. ერთი მათგანი რელიგიას ნიშნავს, მეორე კი სექტას. მეტად საგულისხმოა, რომ კრიშნას მოციქულებს და შთამომავლებს თავიანთი რელიგიისთვის სახელი არ დაურქმევიათ, თუმცა უცხოელები მას ჰინდუიზმს ან ბრაჰმანიზმს უწოდებენ. რელიგია ერთია, სექტა – მრავალი. რა წამსაც სახელს არქმევთ რელიგიას, საზღვრებს უდგენთ და სხვებისგან აცალკევებთ, იმ წამსვე სექტად აქცევთ მას.

სექტა თავის საკუთარ ჭეშმარიტებას განადიდებს და აცხადებს, რომ ის სხვაგან არსადაა. რელიგიას კი სწამს, რომ ქვეყნად იყო და ჯერ კიდევ არის მხოლოდ ერთი რელიგია. ორ რელიგიას არასოდეს უარსებია. ერთი და იგივე რელიგია სხვა და სხვა ადგილას სხვა და სხვა მხრით გვაცნობს თავს. ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სწორად გავიგოთ ადამიანის ბუნება და მისი მიზანი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი