სალომე ფანჯიკიძე – სიყვარულით წარსულიდან

0
526

-მახსოვს როგორ ვიდექი სცენაზე და ფეხზე მეცვა ზომით დიდი, გაცვეთილი ფეხსაცმელი. როგორ მრცხვენოდა და საწყლად ვგრძნობდი თავს.

– არადა რა საყვარელი იქნებოდი, ნამდვილი პეპი, მამამისის დიდი ფეხსაცმელებით.

– სკოლაში ძალიან მჩაგრავდნენ, საშინელებებს მეუბნებოდნენ და ცუდად მექცეოდნენ.

– იცი, შენი ისტორია რაღაცით სუპერგმირების ისტორიას მაგონებს. თუ გახსოვს, სანამ განავითარებდნენ თავიანთ სუპერ ძალებს, მანამდე ყველას უსიამოვნებები ჰქონდა… და შენ რა ძალა შეიძინე?

ალბათ თქვენც გაქვთ მოგონებები, გახსენებისას ისე რომ ცოცხლდებიან, თითქოს დღეს მომხდარიყოს. ზოგი იმდენად მტკივნეულია, რომ გირჩევნიათ ამოიშალოს გონებიდან, იმწამსვე ცდილობთ დააპაუზოთ, გადაიტყორცნოთ სადღაც წყვდიადში, ვეღარ უძლებთ ამ მომენტის თავიდან და თავიდან გადატანას. იმდენჯერ ამოტივტივდება, რომ გგონიათ თითქოს წარსულში ცხოვრობთ, ვერ აკეთებთ ფიქსაციას აწმყოზე.

იცით რატომ გახსენდებათ ერთნაირი შინაარსები? მათ ახასიათებთ ერთი მნიშვნელოვანი თვისება – განვლილი ცხოვრების ზღვა მოგონებებიდან, ზედაპირზე ამოდის მხოლოდ ის, რომლის ხმაც ექოსავით ისმის დღევანდელ დღეს. ის რაც მოხდა მაშინ, ისევე ცოცხალია დღეს და სანამ არ მოაშუშებთ ჭრილობას, იქნება და იქნება თქვენი ცხოვრების თანმდევად.
როგორ გავექცეთ ამ ტკივილს? შესაძლებელია კი ჩვენი ცხოვრებიდან ამოვშალოთ კადრი, ჩავასწოროთ მოგონება? თქვენ ეს ხომ ბევრჯერ გიცდიათ, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ, განაჩენი ყოფილა მუდამ ამ ტკივილით ცხოვრება.

არა! მოგონება გამოცდილებაა, გამოცდილება ცოდნაა, ცოდნა კი საჭირო.

როგორ გადავაქციოთ მტკივნეული გამოცდილება ცოდნად. ეს არის ალბათ მთავარი კითხვა. ამაზე პასუხი კი ერთია- სწორი არჩევანი.

მონეტას ორი მხარე აქვს – ერთ მხარეს დგახართ თქვენ, ცხოვრებისგან დაჩაგრული, ცოდო და უბედური. ეს გრძნობა გამძიმებთ, თითქოს უუნაროც ხართ, რომ მოუხერხოთ რამე ამ მდგომარეობას. მაშინ გიწევთ დაადანაშაულოთ ისინი, ვინც დაგჩაგრათ, ცოდოდ გაგრძნობინათ თავი, უბედური გაგხადათ, გინდათ ვინმეს ააღბინოთ პასუხისმგებლობა და მასვე დააკისროთ ვალდებულება უკეთესად გაგხადოთ.თითქოს ის სხვა არის ძლევამოსილი, რომელზეც არის დამოკიდებული ვინ იქნები შენ. უკეთესი სარკეები მოძებნოს, სადაც არც დაღრეცილი ჩანს, არც სასაცილო და არც საცოდავი. ყოველი ჰეფი ენდის ან ტრაგიკული ენდის შემდეგ იწყება ახალი თავგადასავალი. ის ძველი დასრულებულად უნდა გამოცხადდეს, ახალი “კინო” კი სხვა როლს გვთავაზობს და განსხვავებულად უნდა შევასრულოთ, ჩვენ ხომ უკვე ამდენი ვიცით და გამოგვიცდია.

და რა ხდება მეორე მხარეს? ვერ მოიფიქრეთ? როგორ გგონიათ რა ბლოკავს ამ მხარის დანახვას? რა კედელია აღმართული თქვენს და მას შორის. იქნებ გონება არ გათმობინებთ აქამდე არჩეულ როლს, ებღაუჭებით უკვე გამოცდილ რეალობას და გეშინიათ თქვენი თავი დაინახოთ სხვა კუთხით.

მეორე მხარეს ისევ თქვენ ხართ, რომელიც ამბობს – კი, მე ცუდად მომექცა ცხოვრება, დამჩაგრეს ადამიანებმა, მაგრამ მე დავეცი და შემდეგ ავდექი. მე არ მქონდა ის რაც სხვას ჰქონდა, ის სიყვარული, მზრუნველობა, ცხოვრების სხვა სიკეთეები, მაგრამ მე მყავს ჩემი თავი და მე საკმარისი ვარ.

არის ორი არჩევანი – ან ცოდო ხარ, ან მებრძოლი.

ჩვენ დავიჯერეთ, თითქოს ერთი ქარტეხილი შეგხვდება ცხოვრების გზაზე და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება, „ჰეფი ენდი“ დადგება, მაგრამ არა, ცხოვრება არის ქარტეხილების მუდმივი მონაცვლეობა – ერთხელ დაეცემი, მეორეჯერ უკეთესად ადგები, მესამეჯერ მუხლები გაგიმაგრდება, მეოთხეჯერ იქით მიაწვები…

ამოგიტივტივდათ მოგონება? ნუ შეეცდებით მის წაშლას. დაინახეთ თქვენი თავი მონეტის მეორე მხარეს, შექმენით თქვენი რეალობა, სადაც საწყალი არ ხართ. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, სინამდვილეში თქვენ ხომ ბევრჯერ გაგიმარჯვიათ, დაინახეთ და აღიარეთ ეს გამარჯვება.

თუ გონება არ გათმობინებთ თქვენს აქამდე არჩეულ როლს, დაფიქრდით, იქნებ სინამდვილეში რაღაც მოგწონთ ამ ნაჭუჭში?! შემდეგ გატეხეთ ნაჭუჭი და დაიბადეთ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ რთულ, მაგრამ საინტერესო ცხოვრებაში.  მაშ ასე, მოგონებები გამოცდილებაა, გამოცდილება ცოდნაა, ცოდნა კი საჭიროა რომ იცოდე ვინ ხარ – ჩაგრული თუ მეორემარი.

უკვე გააკეთეთ არჩევანი?

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი