რელიგიური ცნობიერება

0
267

რელიგიური ცნობიერება საზოგადოების ცნობიერების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს რელიგია. იგი ემყარება ადამიანთა წარმოდგენას ღმერთის ან ღმერთების არსებობის შესახებ.

რელიგია არის ზებუნებრივი ძალების რწმენა, რომლებიც განაგებენ სამყაროს. ლენსკის (Lenski, 1961) განმარტებით, რელიგია არის «სისტემა რწმენისა იმ ძალების, რომლებიც მართავენ ადამიანის ბედს და მასთან დაკავშირებულ რიტუალებს, რომლის შემსრულებელია გარკვეული ჯგუფი».

ეს განმარტება საკმაოდ ფართოა, ვინაიდან სისტემაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ
მრავალი სხვადასხვა სისტემა, რომელსაც კავშირი არა აქვს რელიგიასთან, მაგალითად, კაპიტალისტური, კომუნისტური, სოციალისტური და ა.შ. უფრო ზუსტ განმარტებას გვთავაზობს ჯონსტოუნი «რელიგია ეწოდება რწმენისა და რიტუალთა სისტემას, რომლის მეშვეობითაც ადამიანთა ჯგუფი ხსნის და რეაგირებს იმაზე, რასაც თვლის წმინდანად და ზებუნებრივად».

როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ იმ სამყაროში, რომელშიც ღმერთი არ არსებობს? XVIII საუკუნიდან დაწყებული, ეს შეკითხვა გასდევს მთელ დასავლურ კულტურას. კითხვა დაისვა მას შემდეგ, რაც თეოლოგებმა და მრავალმა მორწმუნემ შეამჩნიეს, რომ საზოგადოების
განვითარებაზე რელიგიის გავლენა სუსტდება.

XIX საუკუნის მიწურულს ნიცშე აცხადებს: «ღმერთი მოკვდა». ქრისტიანული რწმენა ჩვენთვის იყო ის, რაც გვისახავდა ცხოვრების მიზანს. დღეს უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანული რელიგიის მფარველობის და ყოველგვარი სტანდარტების გარეშე, – ამტკიცებდა ნიცშე. იგი იმასაც აღნიშნავდა, რომ ჩვენი ცხოვრება უმიზნოა და არავითარი უმაღლესი არსებანი არ აკვირდებიან ჩვენ ბედს.

იგი გვთავაზობდა ზეკაცის შექმნას. რელიგიის გავლენის შესუსტებას სამოქალაქო ცხოვრებაზე ხელი შეუწყო სეკულარიზაციის პროცესმა. სეკულარიზაცია არის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესი, რომლის შედეგად საეკლესიო და სამონასტრო საკუთრება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. რელიგიური იდეები საეკლესიო, სასულიერო გამგებლობიდან გადადის საერო, სამოქალაქო გამგებლობაში, მაგალითად, სასკოლო განათლების სეკულარიზაცია.

სეკულარიზაცია ათავისუფლებს დიდ საზოგადოებრივ სექტორებს, კულტურას, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს და ინდივიდებს სანქციონირებული რელიგიური გავლენისაგან. სეკულარიზაციის ხარისხი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში. რელიგიური რწმენის შესახებ უახლესმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ბრიტანელთა 80%-ს სწამს ღმერთის არსებობა. შეერთებულ შტატებში ტრადიციული ეკლესიების პარალელურად წარმატებით ვითარდება ასეულობით სექტა და კულტი. ირანსა და წინა აზიის რეგიონებში ვითარდება ისლამური ფუნდამენტალიზმი. ჩრდილოეთ ირლანდიაში პროტესტანტები და კათოლიკეები მათთვის მისაღები რელიგიური ორიენტაციის დემონსტრირებას ახდენენ. რომის პაპის მოგზაურობას სამხრეთ ამერიკაში დიდი აღფრთოვანებით ხვდებოდა მილიონობით კათოლიკე. აღწერილი ფაქტები მეტყველებს ღმერთის სიკვდილის შესახებ ნიცშეს აზრის უსაფუძვლობაზე.

სეკულარიზაციის პროცესს მრავალი ასპექტი გააჩნია. თანამედროვე სახელმწიფო   გამოყოფილია ეკლესიისაგან. ბევრი სახელმწიფო მოსახლეობის მატერიალურ
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებით უფროა დაკავებული, ვიდრე მათი სულიერი
ჯანმრთელობით. იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც ისტორიულად ჩამოყალიბებული იყო ძლიერი კავშირი რელიგიასა და მართვის ფორმას შორის, რელიგიამ დაკარგა გავლენა.

მაგალითად, ირლანდიაში, სადაც დომინანტია კათოლიკური ეკლესია, აკრძალულია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გაყიდვა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი კერძო ორგანიზაცია მაინც ახერხებს მათ რეალიზაციას. საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს, ქალებს საშუალება აქვთ გაიკეთონ აბორტი, მიუხედავად იმისა, რომ აბორტი კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალულია.

კაპიტალიზმის განვითარება ანგრევს საზოგადოებაზე ეკლესიის გავლენას. ადამიანები ისწრაფიან ქონების დაგროვებისა და მდიდრული ცხოვრებისაკენ. მრავალი საეკლესიო დღესასწაული, მაგალითად, აღდგომა და ქრისტესშობა, უბრალოდ დასვენების დღეებად გადაიქცა. ამ დღეებში ადამიანები ყიდულობენ სხვადასხვა სახის მდიდრულ საჩუქრებს.
საკამათო ხდება რელიგიურ საკითხთა კომპრომისი. რელიგიურ კონფლიქტთა რეგულირების გამო ზოგჯერ ადგილი აქვს რელიგიური პრინციპებისა და რიტუალების გავლენის შესუსტებას. ეს ხდება მოქიშპე მხარეთა გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით. ამიტომ სახელმძღვანელოებიდან იღებენ ცალკეულ რელიგიურ საკითხს, რათა არ გამოჩნდეს ზოგიერთი კონფესიის უპირატესობა.

ანალოგიური კომპრომისი მოხდა კათოლიკურ ეკლესიაში, როდესაც ოფიციალურად
იქნა უარყოფილი ტრადიციული რომაულ-კათოლიკური ლიტურგია. მესა ტარდება
მსმენელთა ენაზე. დიდი ხანია ბიბლია იბეჭდება მრავალ ენაზე. ხშირად გაგვიგია შეგონება, სტუმარს არ უნდა ელაპარაკო პოლიტიკაზე, სექსსა და რელიგიაზე. რატომ ხდება რელიგია გააფთრებული კამათის საგანი? ვინც ეზიარა რომელიმე რელიგიას, მისი პირადი საქმეა. არავის არა აქვს მასში ჩარევის უფლება. ამა თუ იმ რელიგიის აღმსარებელს ყოველთვის აღიზიანებს ნებისმიერი აზრი მისი არჩევანის სისწორის შესახებ. რელიგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იმაში გამოიხატება, რომ იგი ადამიანს ცხოვრების მიზანს უქმნის. 

ამ მხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ცნობილი გემთმშენებელი და მათემატიკოსი ა. კრილოვი თავის მოგონებებში ათეისტებისადმი ნაპოლეონის დამოკიდებულების შესახებ. კრილოვი 1921 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ მიავლინა ევროპაში წიგნებისა და ჟურნალების შესაძენად. პარიზში მას მოუხდა ფრანგული ენციკლოპედიის დანართის ტომების წაკითხვა, რომლებშიც გამოქვეყნებული იყო ნაპოლეონის კარნახით ან მის მიერვე დაწერილი ბრძანებები.

ამ ტომებში აღმოჩნდა 1805 წლის 13 დეკემბრით დათარიღებული იმპერატორ ნაპოლეონის მიმართვა თავისი ერთ-ერთი მინისტრისადმი. შამპინს ნაპოლეონი აძლევს მითითებას, რომ მან, როგორც მინისტრმა, მიაქციოს ყურადღება და მეგობრულად ურჩიოს ასტრონომ ლალანდს, თავი შეიკავოს ათეისტური ხასიათის შრომების ბეჭდვისაგან. თუ ლალანდი მეგობრულ რჩევას არ გაიზიარებს, ნაპოლეონი იძულებული იქნება გაიხსენოს მისი უპირველესი მოვალეობა. ის ვალდებულია დაიცვას თავისი ხალხი ზნეობრივი მოწამვლისაგან. ვინაიდან ათეიზმი არის ყოველგვარი ზნეობის დამრღვევი არა მარტო ცალკეულ პირებში, ის საშიშია მთელი ნაციისათვის. ათეიზმი არის საზოგადოებრივი ყოფის დამრღვევი. ის ართმევს ადამიანს სიმშვიდეს და უსპობს იმედს.

ცნობილმა ფრანგმა მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა და ასტრონომმა ლაპლასმა ნაპოლეონს აჩუქა თავისი ხუთტომეული –«ციური მექანიკა» – სამყაროს წარმოშობისა და აგებულების შესახებ, რაზედაც გაკვირვებულ ნაპოლეონს უთქვამს: «მე მასში ვერ ვნახე ხსენება შემოქმედისა». აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, თანამედროვეთა ცნობით, ნაპოლეონი ათეისტი იყო. დოსტოევსკი რომანში «ეშმაკეულნი» ზუსტ და ლაკონიურ შეფასებას აძლევს ათეიზმს: «თუ ღმერთი არ არს, ყველაფერი დასაშვებია». 

1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაერთიანებული ერების ეგიდით ჩატარდა კონფერენცია «გარემო და განვითარება». კონფერენციაზე, ეკონომიკური ზრდის პრობლემასთან ერთად, პირველად ცივილიზაციის ისტორიაში განხილულ იქნა ადამიანთა სამეურნეო მოღვაწეობის შედეგები ჩვენს პლანეტაზე.

შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა. კონფერენციის მასალებში კონსტატირებულია, რომ
პლანეტა მოიცვა გლობალურმა ეკოლოგიურმა კრიზისმა. გარემოს დეგრადაცია ელოდება. დღეს კაცობრიობა დგას თვითამოწყვეტის ზღვართან. მეცნიერთა პროგნოზით, თუ არ ჩატარდა კარდინალური ღონისძიებები, 20-30 წლის შემდეგ კაცობრიობა დაიწყებს პლანეტიდან სწრაფ გაქრობას. ცოდნით შეიარაღებულმა ჰომოსაპიენს-მა გაანადგურა გარემო და მოწამლა საკუთარი საარსებო პირობები.

კაცობრიობის ამ მდგომარეობამდე მისვლის ძირითადი მიზეზი ჩვენი ცივილიზაციის უსულობაა. ადამიანმა თავისი ევოლუციის გრძელ გზაზე მჭიდრო კავშირი დაამყარა ცოცხალ ბუნებასთან – როგორც მცენარეულ საფართან, ისე ცხოველთა სამეფოსთან. კულტურული და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შედეგად ადამიანის ურთიერთობა ცოცხალ ბუნებასთან დაირღვა.

ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუნებას ტელეეკრანისა და კომპიუტერების
საშუალებით აღიქვამს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანს დაავიწყდა, რომ იგი ჩვენი ბიოსფეროს შვილია. მას აღარ აქვს იმ ბიოსფეროს სიყვარული, რომელმაც არსებობის საშუალება მისცა. ადამიანი ანგრევს ბიოსფეროს.

ამ დამანგრეველი პროცესის შესაჩერებლად ბიოლოგ-ევოლუციონისტმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ედუარდ უილსონმა 1984 წელს გამოიყენა ტერმინი «ბიოფილია», რომელიც, ფრომის მიხედვით, არის ნებისმიერი ცოცხალის მოყვარული პიროვნება. უილსონმა გამოსცა ამავე სახელწოდების წიგნი. ე. უილსონისა და იელის უნივერსიტეტის პროფესორ სტეფან კელერტის ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის ცხრა ტიპი რედაქციით გამოქვეყნდა ესეთა კრებული სახელწოდებით «ბიოფილიის ჰიპოთეზა”. ბიოფილიის მიმდევრებმა ჩამოაყალიბეს ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის 9 ტიპი

დადგა დრო, ტექნიკურმა ევოლუციამ გონიერი ადამიანი რელიგიური გახადოს. ადამიანს დაშვებული შეცდომების გამოსწორება რელიგიური ცნობიერების ჩამოყალიბების საშუალებით შეუძლია.

კვლევამ აჩვენა, რომ საბჭოეთის დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ათეისტია. ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან საბჭოთა კავშირის შექმნის დღიდან ბოლშევიკურმა  მთავრობამ მისი ბელადის, ლენინის უშუალო მითითებით და აქტიური მონაწილეობით სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა რელიგიას: დახვრიტეს მრავალი სასულიერო მოღვაწე, დაანგრიეს ეკლესია-მონასტრები, მეჩეთები და სინაგოგები, აიკრძალა მღვდელმსახურება. საბჭოთა მოქალაქის სოციალურ- პოლიტიკური კარიერა თხოულობდა, რომ იგი ყოფილიყო კომუნისტური პარტიის წევრი, გამოხატული ათეისტური მსოფლმხედველობით. საზოგადო მოღვაწეების მდგომარეობის შესანარჩუნებლად მათი ოჯახის წევრებიც იძულებულნი გახდნენ ყოფილიყვნენ ათეისტები. საბჭოთა მოქალაქეების თაობები გაიზარდნენ ათეისტური სულისკვეთებით.

საბჭოთა მთავრობამ ადამიანთა ათეისტურ აღზრდაში ეფექტურად გამოიყენა «ჩეკისტთა» ინსტიტუტი. მართალია, ამ ინსტიტუტს სახელი ეცვლებოდა, მაგრამ ფინანსდებოდა კარგად, აღჭურვილი იყო უახლესი სამეცნიერო მიღწევების საფუძველზე შექმნილი ხელსაწყოებით და სინთეზირებული ქიმიური პრეპარატებით. ჩეკისტთა არაადამიანური დამოკიდებულება ხალხის მიმართ მართლდებოდა იდეოლოგიური მოსაზრებით, რომ გარეშე მტერი არ
გარდაქმნილიყო შინაურ მტრად. გარეშე მტრად გამოცხადებული იყო კაპიტალისტური სახელმწიფოები თავიანთი იდეოლოგიით.

იქმნებოდა კინოფილმები და სხვადასხვა სახის მხატვრული ნაწარმოებები ჩეკისტთა
«გმირობაზე». საბჭოთა ხალხები ათეისტური განწყობით აშენებდნენ სოციალიზმს და სწრაფად უნდა გადასულიყვნენ კომუნიზმში. იყო კი როდესმე აშენებული სოციალიზმი საბჭოთა კავშირში? ამ კითხვაზე მარქსი ვეღარ გვიპასუხებს.

აღსანიშნავია ერთი გარემოება. 1943 წლის 4 სექტემბრის საღამოს კრემლში სტალინი
შეხვდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სამ მიტროპოლიტს. შეხვედრაზე
სტალინის მითითებით გადაწყდა, რომ მრავალი წლის ლოდინის შემდეგ დანიშნულიყო მოსკოვის საპატრიარქოს მეთაურის ოფიციალური არჩევნები. მიტროპოლიტად არჩეულ იქნა სერგი სტრაგოროდსკი. ასე დაიწყო ისტორიის ახალი ფურცელი საბჭოთა მთავრობის ეკლესიასთან დამოკიდებულების საკითხში.

ეკლესიის წარმომადგენლებთან სტალინის პირველ შეხვედრას მოჰყვა მეორე. 1945
წლის 10 აპრილს სტალინმა კრემლში მიიღო მოსკოვის და სრულიად რუსეთის
ახლად არჩეული პატრიარქი ალექსი სიმანსკი, რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა გარდაცვლილი პატრიარქი სერგი. ამ შეხვედრებით სტალინმა შეცვალა ეკლესიისადმი საბჭოთა მთავრობის კურსი. აღდგა წირვა-ლოცვები, დაიწყო საეკლესიო ლიტერატურის ბეჭდვა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა მეთაური ხდება ნ. ხრუშჩოვი. ის ვერ ერკვეოდა ეკლესიისადმი სტალინის დამოკიდებულების ნიუანსებში. იგი ეკლესიასთან ბრძოლის პერიოდში იყო გაზრდილი. სასულიერო პირებს ხშირად მიმართავდა: «თქვენ ხალხს ტვინს ურევთო». ხრუშჩოვი მისი პოლიტიკური კარირის დასრულებამდე აქტიურად ებრძოდა რელიგიას.

ავტორი:სულხან ცაგარელი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი