ნონა ხიდეშელი – ადამიანად ქცევის ისტორია

0
1146

შეკითხვა, ადამიანის ცხოვრების მიზანზე, წერდა ზიგმუნდ ფროიდი თავის  წიგნში ”ცივილიზაცია და უკმაყოფილება” უხსოვარი დროიდან  ჩნდება, მაგრამ ვერასოდეს მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხი. ვფიქრობ მ. მამარდაშვილის მოსაზრება, როდესაც თქვა “მთელი ისტორია, ეს არის ადამიანად ქცევის ისტორია”, ერთგვარი გამოძახილია ამ თემის.

კაცობრიობის განვითარების გზას თუ გადავხედავთ, არქაული პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ცნობიერად თუ არაცნობიერად, სწორედ ამას ცდილობს ადამიანი. ადამიანად ყოფნა – ნიშნავს ცხოვრობდე როგორც ერთი მთლიანობა, ფსიქოლოგიურად დაუნაწევრებელი და დაუშლელი, სადაც ფსიქიკური არსია წარმმართველი ძალა და შესაბამისად ვიტალური,(გრძნობითი) მენტალური და ფიზიკური სფეროები მთლიანად მის დაქვემდებარებაშია, ანუ არსებობს ნებელობა, მტკიცე და ძლიერი სულიერი წყობა ადამიანის, რომელიც თანხმიერია საკუთარ სხეულთან და ეს ჰარმონია მიღწეულია არა იძულებით, აკრძალვებითა და დისციპლინით, არამედ საკუთარი არასრულფასოვნების სრული გაცნობიერებით, საკუთარი თავის სიღრმისეული და საფუძვლიანი შეცნობით.

როგორც ზ.ფროიდი ამბობდა “..როცა მაკონტროლებელი ელემენტი არის-უმაღლესი ფსიქიკური ძალა, რომელმაც დაუმორჩილა თავისი თავი რეალურ პრინციპებს.” უნდა შევწყვიტოთ მექანიკური არსებობა, ზედაპირული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, რადგანაც თავად ცხოვრება არ არის ზედაპირული, ის მოითხოვს ცხოვრებას სრულად, მთლიანად, უკიდურესად სერიოზულად.

“სანამ ასე ზედაპირულად ვცხოვრობთ, წერდა  ჯიდუ კრიშნამურტი, სანამ ვცხოვრობთ გონების ფარგლებში, მუდამ იქნება სირთულეები და პრობლემები. გონება არის შედეგი მოგროვილი შეგრძნებებისა და რეაქციების და რასაც შეეხება, აუცილებლად გარდაქმნის პრობლემად, არეულობად და უბედურებად. სწორედ გონებაა რეალური მიზეზი ჩვენი პრობლემების, მექანიკური და ზედაპირული გონება” .

ზედაპირული აზროვნება უპირველეს ყოვლისა ნიშნავს სხვაზე დამოკიდებულებას. ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას რაღაც იდეალებზე, ავტორიტეტებზე, ჩვენს მიერ დაპროექტებულ და შექმნილ ფასეულობებზე, გამოცდილებაზე (ოღონს არა საკუთარი), რელიგიაზე, პოლიტიკაზე და ა.შ. ანუ როდესაც ვუერთდებით რელიგიურ მიმდინარეობას ან შევდივარ პოლიტიკურ პარტიაში, ბუნებრივია აქ მთავარი მიზანია მოვიპოვო მეტი უსაფრთხოება, კომფორტი, სიმშვიდე, ძალაუფლება და ა.შ. გაერთიანება ამა თუ იმ მიმდინარეობასთან ავტომატურად ნიშნავს გავიზიაროთ, მივიღოთ და გონებაში ღრმად ჩავიბეჭდოთ მათი იდეოლოგია, ანუ მთავარი პრინციპები, რაზეც აგებულია ეს ერთობა.

შესაძლოა ეს ძალზედ კეთილშობილური და ზნეობრივიც იყოს, მაგრამ რა ხდება ამ დროს  ჩემს გონებაში? ბუნებრივია მე ვხდები ვიღაც სხვა, ვიწყებ აზროვნებას გამომდინარე ამ იდეებიდან, ვიქმნი განწყობას და ასე ვიწყებ ურთიერთობას დანარჩენ სამყაროსთან, ვახდენ იდენტიფიკაციას რაღაც დიადთან და შესაბამისად ვშორდები იმას რაც ვარ, აღარ მჭირდება დაკვირვება საკუთარ ფიქრებსა და ქმედებებზე, რადგან არსებობდნენ ადამიანები ვინც ჩემზე კარგად გაიგო და გააცნობიერა უზენაესი ღირებულებები და  ჩემთვის მთავარია ზედმიწევნით ზუსტად შევასრულო ყველაფერი, საკმარისია რაიმე პრობლემა წარმოიშვას, რომ მომენტალურად გადავშლი რაიმე ავტორიტეტულ წიგნს ან მივმართავ ვინმე პიროვნებას და ის მომეხმარება ამის გადაწყვეტაში.

ასეთი ტიპის ილუზიური აზროვნება ყველაზე მეტად რელიგიურ ადამიანებში იგრძნობა. დააკვირდით ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის მიმდევრებს და გაგაოგნებთ მათი მსგავსება, არავითარი ძიება, არავითარი ინტერესი, არამედ სრული მორჩილება რაღაც კანონების, ხშირად სრულიად გაუაზრებლად, სადაც სიღრმე დანახული კი არა, თვალმოკრულიც არ არის. რთულია მათთან კომუნიკაცია, დაპროგრამებული მანქანებივით საუბრობენ, არ გისმენენ, არ ეჭვდებიან, არ აზროვნებენ, სადაც კი საპირისპირო აზრი ჩნდება ყველგან ეშმაკს ხედავენ..

ასე ყალიბდება რელიგიური ფანატიზმი, რაც არანაკლებ საშიშია ვიდრე ტერორიზმი. ადამიანი მთლიანად დეგრადირდება ფსიქიკურად, სული ცარიელდება, ივსება გაურკვეველი სიმძიმით, მელანქოლიით, ნიჰილიზმით. ღმერთის სახელს ამოფარებულ ადამიანს სძულს ყველაფერი რაც ცოცხალია, გრძნობებითა და ემოციებით აღსავსეა, ყველაფერი რაც მოძრაობს, მოქმედებს, სიხარული სადღაც ქრება და ადგილს იკავებს გულქვაობას ამოფარებული მოჩვენებითი სიმშვიდე.

ეს უაღრესად სერიოზული პრობლემაა, დაპირისპირება და ძალადობა რელიგიის ნიადაგზე არანაკლებია, ვიდრე პოლიტიკურ და ეკონომიკური მიზნებისთვის. ადამიანი ხდება ბრმა იარაღი, ვიღაც შარლატანების ხელში და სულ აღარ ახსოვს რა იყო თავდაპირველი მიზანი მისი რელიგიურობისა, ანუ არსი რელიგიის რაც მდგომარეობს ადამიანის სულიერ ამაღლებასა და როგორც ფილოსოფოსი ამბობს, ადამიანად გახდომაში – სრულად იკარგება.

ნიშანდობლივი ერთი რამაა, სადაც გონება დამოუკიდებლად არ ვითარდება, არ ეძებს, არ ეჭვდება, არ ქმნის, არ აკვირდება, იქ ყველაზე დიადი სათნოებაც კი შეიძლება უდიდეს ბოროტებად გადაიქცეს და მაღლა მიმავალი სული უფსკრულში ჩაეშვას. “როდესაც შინაგანი წყაროები, აზრის შესაძლებლობები დანგრეულია, წერდა მ. მამარდაშვილი, თვით აზრიც ინგრევა, ვინაიდან არსებობს კანონი: ადამიანი მთლიანად საკუთარ არსებაში როდია, ჩვენ საკუთარ თავთან შორიდან მოვდივართ, ძალიან შორიდან. ამ ხნისა და სივრცის მანძილზე, სანამ საკუთარ თავთან მივდივართ, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს- შეიძლება საკუთარ თავს ვერც მივაღწიოთ, იმ სიჩქარის მიხედვით, რომლითაც ვმოძრაობთ.”

უნდა გავიდეთ გონების შეზღუდული სივრციდან და გავაცნობიეროთ, რომ რახან ვარსებობთ, რახან ვაზროვნებთ – ეს უკვე  ნიშნავს, რომ შეგვიძლია თავად შევქმნათ საკუთარი ცხოვრება, გნებავთ ბედი, ისე, რომ წარუმატებლობის, დეპრესიის, სენტიმეტალიზმისა და ნიჰილიზმის ადგილი აღარ დარჩეს.

ამის მიღწევა მოცემული, შეზღუდული გონებით შეუძლებელია, ამას სჭირდება შინაგანი სიღრმეების გაცნობიერება და იქ დაფარული უზარმაზარი ენერგიისა და შესაძლებლობების დანახვა, რაც თავისთავად მოიტანს ფუნდამენტურ, რადიკალურ ცვლილებებს ცნობიერებაში და ავტომატურად აისახება გარეგნულ ქმედებებსა თუ ზოგადად ცხოვრებაზე.

როგორც მ. მამარდაშვილი წერდა “ინდივიდუალური ჭეშმარიტება იმავდროულად უნივერსალურია იმიტომ, რომ, თუკი ადამიანები აზროვნებენ, ისინი იმყოფებიან იმ აზრის ველში, რომელსაც აქვს თვითრეალიზაციის ძალა.” ეს სწორედ ის იდუმალი და მისტიკური ძალაა, რასაც ასე მოელის ადამიანი ზეციდან თუ კოსმოსიდან და სინამდვილეში მისივე სულის ნაწილია, მის სიღრმეებში, ანუ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ფსიქიკის არაცნობიერ ნაწილში არსებობს და მანამ დარჩება ასე, ვიდრე პიროვნება თავად არ გააცნობიერებს მას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი