ნიჰილიზმიდან ,,კოლუმბიურ ჰალსტუხამდე” გულგრილობიდან კართაგენამდე

0
380

საშინელებაა დეგრადირებულ არაფრისმქონე, არაფრისმცოდნე და ყველაფრისმქონე, არაფრისმცოდნე დემონებს შორის დამოკიდებულება.  ერთ-ერთი ასეთი დამოკიდებულების მკვეთრი მაგალითია ლათინური ამერიკა, რომლის მოსახლეობა ტემპერამენტით ახლოს დგას ჩვენთან.

მიუხედავად ტემპერამენტისა, იქაც ბევრია გულგრილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმედოვნებდა, რომ ყველაფერი თავისით გამოსწორდებოდა. ერთი ძირითადი განსხვავება ჩვენს შორის ის არის, რომ ჩვენთან ასეთი დამოკიდებულების სისასტიკე ისტორიულად არ დაფიქსირებულა (ეტყობა, ჩვენს წინაპრებში მცირე იყო გულგრილთა ფარდობითი კონცენტრაცია).

XII საუკუნეში შეიქმნა აცტეკების (ანაგუაკი), ინკების (ტახუანტინსუიუ) და მუისკსოს (ჩიბჩა) სახელმწიფოები. ესპანელების გამოჩენამდე, ამ სახელმწიფოებში საოცარი დამოკიდებულება იყო არისტოკრატიასა და დაბალ ფენებს შორის.

განვიხილოთ, მუისკები (თანამედროვე კოლუმბია) – იქ არისტოკრატთან რაიმე საქმეზე მისული ჩვეულებრივი პიროვნების ქცევის წესი შედეგში მდგომარეობდა – ის აბსოლუტურად შიშველი, ზურგზე ხოხვით უახლოვდებოდა არისტოკრატს, შემდეგ ჩაკუზულ მდგომარეობაში, მუხლებში თავჩარგული, ისმენდა ბრძანებას, ან სთხოვდა რამეს. თვალებში შეხედვაც საკმარისი იყო, რომ მისთვის ცოცხლად გაეძროთ ტყავი; უკეთეს შემთხვევაში მას წყლით სავსე მღვიმეში ჩაგდება ელოდა, სადაც, აბსოლუტურ სიბნელეში, მისი სიცოცხლე გრძელდებოდა მანამ, სანამ წყლის შხამიანი გველი არ მოუღებდა ბოლოს (არ იფიქროთ, რომ ეს ხალხი ველური იყო. მათი ცივილიზაცია დღესაც აკვირვებს მკვლევარებს).

კესადამ ის ტერიტორია დაიპყრო და მას ახალი გრენადა უწოდა, იქაური არისტოკრატის შეშფოთება დამარცხებით კი არ იყო გამოწვეული, არამედ ესპანელის ხელქვეითებთან დამოკიდებულებით.
– რა უცნაურად იქცევი, კესადა?! როგორ ბედავენ ჯარისკაცები შენთან მოახლოვებასა და საუბარს? – იცინიან კიდეც . . .
– წუხდა დაპყრობილი არისტოკრატი.
ინკებს მკაცრი ადმინისტრაციული სისტემა ჰქონდათ (ზნეობის პოლიციის ჩათვლით). აკრძალვას ექვემდებარებოდა ერთი სოფლიდან მეორეში დაუკითხავად გადაადგილება და რიგითი მოქალაქეების განათლება, უმკაცრესი იყო შრომითი ბეგარა. აკრძალული იყო. ამჟამადაც, არისტოკრატიის უბრალო ხალხთან ურთიერთობისას გამოიყენება სისასტიკის ელემენტები – ურჩის დასჯის ასეთ პათოლოგიურ მეთოდს ჰქვია “კოლუმბიური ჰალსტუხი”, რომლის აღწერასაც, უბრალოდ, ვერც ვბედავ. ვაჭარბებთ?  -ვიცით!

მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის ადრე, ჩვენ ვიცით, რა არის გვიან! ბრბოს, ასეთი “არისტოკრატის” ხელმძღვანელობით, გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში წინ უნდა აღუდგეს ჩვენი ნებისყოფა, შემორჩენილი ინტელექტი, ყველა ჩვენს ხელთ არსებული რეზერვი.
ჩვენი ძირითადი ამოცანაა – ძალადობის გარეშე აღმოვფხვრათ არსებული ბოროტება და გულგრილობა.

სწორედ არსებული რეალობის შედეგია ჩვენი სოციალური ყოფის ტრაგედიის ერთ-ერთი საფუძველი, ჩვენში გავრცელებული მომაკვდინებელი სენი – ნიჰილიზმი.  მიზნის მისაღწევად დახარჯული ენერგია, როგორც მოგეხსენებათ, პიროვნების შინაგანი სიცოცხლის უნარიანობის საზომია. ნიჰილიზმი ავტომატურად გამორიცხავს აქტიურობას და სურვილები არარეალურ, უტოპიურ სამყაროში გადააქვს.  

გამოდის, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობისთვის ეს სიცოცხლისუნარიანობის საზომი ერთეული ნულს უახლოვდება. ტრაგედია აქ რომ თავდებოდეს, კიდევ ეშველებოდა რამე, საშინელებაა ის, რომ ნიჰილიზმს გულგრილობისკენ მივყავართ.  ცამდე მართალია ბატონი სტეინბეკი: “არ არიან საშიშნი მკვლელები, რადგან მათ მხოლოდ მოკვლა შეუძლიათ, ნუ გეშინიათ მოღალატის, რადგან მას მხოლოდ ღალატი შეუძლია, გეშინოდეთ გულგრილი ადამიანების, რადგან მათი ჩუმი თანხმობით ხდება ყველა ამაზრზენი დანაშაული დედამიწაზე! ”

ამიტომ შევთანხმდეთ – გულგრილობა ბოროტებაზე უფრო საშინელია. გულგრილობა  ინდიფერენტულობა პირადი, და ზოგადად, პიროვნული დამცირების მექანიზმის შეცნობის მიმართ. ვიმეორებთ, არავითარი წინააღმდეგობა, უდიდეს ბოროტებას შეიცავს მათი ლოზუნგი: “მოგცლიათ, მაინც არაფერი გამოვა!” გულგრილს მშვენივრად ესმის, რომ:
ერი, რომელიც მატერიალურ და სულიერ ფასეულობას არ აწარმოებს, არის – მომხმარებელი, ანუ სხვის ხარჯზე მცხოვრები.

იმასაც ხვდება, რომ მუქთად ვიტამინებს აღარ იძლევიან. გულგრილი იძულებულია დაემორჩილოს სხვის ნებას, ჟინს, ვნებას, შეასრულოს ყველა ბრძანება. რა ჰქვია ასეთ ცხოვრებას, მას ჩვენზე უკეთ მოეხსენება, მაგრამ ეტყობა მისთვის ნეტარებაა წამოგორებულ მდგომარეობაში ყოფნა. მას არ აწუხებს ტერიტორიების დაკარგვა, არავის სთხოვს პასუხს იმ დამცირებისთვისა და გამწარებისთვის, რაც იმ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა გადაიტანა. სხვისი კი არა, საკუთარი უსუსურობაც კი, აღარ აღელვებს.

ის მხოლოდ ფულზე ოცნებობს, მან არ იცის, რომ რაც უკვე მოხდა, ეს დასაწყისია, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ვერ აცნობიერებს, რომ სანამ შემოქმედებითი მწარმოებელი არ გახდება, ანუ ლოგიკური და აქტიური, ყოველთვის საკუთარ სხეულზე იგრძნობს, თუ როგორ ექცევა ძლიერი სუსტს. გულგრილების ჯიში დიდი ხანია გამოყვანილია.

II საუკუნე ჩვ. წ. აღ.-მდე. გულგრილების გულგრილობა ყველაფრის მიმართ, გარდა ფულისა. ვიმეორებ, ნუ გიკვირთ, გულგრილობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

რომი და კართაგენი 

რომი – სიძლიერისა და დაუმარცხებლობის სიმბოლო.
კართაგენი – ვაჭრობისა და უდარდელობის სიმბოლო. აი, აქ, კართაგენში, უდარდელი ხალხის გარემოში იბადება უდიადესი მხედართმთავარი ჰანიბალი – წარმოშობით ფინიკიელი. სწორედ აქ, ფინიკიაში, ქალაქ ბიბლიში იყო გაცხოველებული ვაჭრობა პაპირუსით, რომელიც მაშინ ქაღალდს ცვლიდა. აქედან გაჩნდა სიტყვა “ბიბლია” – წიგნი.
წარმატებულმა ვაჭრობამ კართაგენში ოქრო დააგროვა. ოქრომ მიიზიდა რომაელები. მოხდა საოცრება – უძლეველ, მრავალრიცხოვან რომის არმიას წინ აღუდგა ჰანიბალი. მისმა მცირერიცხოვანმა ჯარმა პირველად შეარყია რომის უძლეველობის მითი. მან დააჩოქა რომაული არმია.

ჰანიბალი რომს მიადგა. მას სჭირდება რეზერვი, მცირე თანხა, რათა რომი აეღო, ამიტომ სამშობლოში გაბატონებულ არისტოკრატიას, ანუ უხუცესთა საბჭოს, დახმარება სთხოვა.
საბჭოზე მოკლე სიტყით გამოვიდა გულგრილთა ლიდერი – ჰანონი. მან გამოთქვა „უნიკალური” აზრი: „თუ ჰანიბალი იმარჯვებს, მაშინ რა საჭიროა დახმარება?! თუ ის მარცხდება, მაშინ რა საჭიროა ასეთი მხედართმთავარი?!“  ეს იყო ცინიზმისა და გულგრილობის გაუგონარი ნარევი.

ჰანიბალი დახმარების გარეშე რჩება. რომი იკრებს ძალას და უკვე რომაელები მოადგნენ კართაგენს. რომაელების პირველი მოთხოვნა – უნდა განადგურდეს კართაგენის უნიკალური ფლოტი! ბრძანება შესრულებულია. უხუცესთა საბჭომ დაწვა ფლოტი. მეორე მოთხოვნა – კონტრიბუცია, უდიდესი ხარკი. აი, მაშინ ატირდა უხუცესთა საბჭო, როცა მიხვდნენ, თუ რა თანხას ითხოვდა რომი. მათი ცრემლების დანახვაზე ჰანიბალმა თქვა – “მაშინ რატომ არ იტირეთ, როცა არმია განადგურდა და ფლოტი დაიწვა, თქვენ ტირიხართ მაშინ, როცა ფული უნდა გადაიხადოთ”.  რომი ითხოვდა და ითხოვდა… 

ჯერ უბრძანეს არმიის დაშლა; მერე ჩამოართვეს იარაღი; უბრძანეს მატერიკის სიღრმეში გადასახლება, რათა ზღვაზე აღარ ევაჭრათ. მხოლოდ უკანასკნელი ბრძანებისას მიხვდა უხუცესთა საბჭო, თუ როგორ ელაპარაკებიან ძლიერები სუსტებს. მიხვდნენ, რომ:
თუ ოქროს ყველაფრის ყიდვა შეუძლია, მაშინ ფოლადს შეუძლია ყველაფერი წაგართვას.
უკვე გვიან იყო წინააღმდეგობა. რომაელებმა შტურმით აიღეს კართაგენი. მაცხოვრებლები ტყვეებად გაყიდეს. ქალაქი დაწვეს. ადგილი, სადაც ქალაქი იყო, თვით კართაგენელებს გადაათხრევინეს და იმ ადგილას დასახლება საერთოდ აკრძალეს.                                             ასე გაქრა ჰანიბალის სამშობლო – კართაგენი. (დავფიქრდეთ).

იმ უამრავ პრობლემათა შორის, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების გადასაწყვეტია, უნდა შევძლოთ, დავინახოთ რა არის პირველადი და რა – მეორადი.

აზრს ვერავინ შეგვაცვლევინებს, ვთვლით, რომ პირველადი პრობლემაა გულგრილობა. ამიტომ ჩვენს ენერგიას, აზრს, გონებას შეძლებისდაგვარად გულგრილობის აღმოფხვრას შევწირავთ. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ყველა იმ პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი, რომელიც ჩვენს ხალხს ანადგურებს.

რაფირინებული განათლება არა არის საჭირო, რათა მივხვდეთ, რომ ეს ავადმყოფობა ადამიანის თანდაყოლილი დეფექტით არ არის განპირობებული, ის შეძენილია.
საზოგადოება თვით ქმნის თავის მომაკვდინებელ ვირუსს – „გულგრილობას”. ეს არის ჩვენი არაადამიანური ყოფის პირველი შესამჩნევი სიმპტომი და ყველა შემდგომი უბედურების ძირითადი მიზეზიც.

ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გულგრილობა უკვე ქვეცნობიერებაშია გადასული. დიახ! ქვეცნობიერების, როგორც უნიკალური ფენომენის უარყოფითად ამუშავებაზე ხანგრძლივი გაუსაძლისი ცხოვრება ახდენს გავლენას. მოკლედ შევეხოთ ქვეცნობიერის მნიშვნელობას.

ჩვენ ქვეცნობიერებას აქვს უნარი, სწრაფად და შეუცვლელად მიიღოს გადაწყვეტილება. რას ვგულისხმობთ ამაში? გახსოვთ, პირველად რომ დაჯექით ავტომობილის საჭესთან? ამ დროს ნერვული აღგზნება, დაძაბვა საკმაოზე მაღალია. გადის დრო, და ყველა ამ კოშმარულ დატვირთვას თავის თავზე იღებს ჩვენი ქვეცნობიერება. ქვეცნობიერება სიტუაციაზე რეაგირებას უკვე მომენტალურად ახდენს, ე.ი. მეხსიერებაში შესაბამისი მაგალითის მოძებნით ავტომატურად გმართავთ.

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი