მირჩა ელიადე -კარმა და სატანჯველის დასაშვები ნორმები

0
783

პირველყოფილი ადამიანი ცდილობს – ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით დაუპირისპირდეს ისტორიას, რომელიც შეუქცევადი, გაუთვალისწინებელი და საკუთარი ავტონომიური ღირებულებებით აღჭურვილი მოვლენების ჯაჭვის სახით არსებობს და განიხილება.

პრიმიტიული ადამიანი უარს ამბობს მასზე და მის „ისტორიად“ აღიარებაზე, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებს მისგან განცალკევებას; მაგალითად, კოსმოსური კატასტროფების, სამხედრო მარცხის, საზოგადოებრივ სტრუქტურასთან დაკავშირებულ სოციალურ უსამართლობების, ან პირადი უსიამოვნებების წინაშე და ა.შ. ის უძლურია. ასევე საინტერესო იქნებოდა, სხვანაირად რომ ვთქვათ, როგორ უმკლავდება უბედურებებს, კატასტროფებს და იმ „ტანჯვა-წამებას“, რომელიც ყოველი ინდივიდის წილზე მოდის და ადამიანთა ყველანაირ ერთობას ეხება.

რას ნიშნავს „ცხოვრება“ ტრადიციული კულტურის ადამიანისთვის? ზეადამიანური მოდელების მიხედვით ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, არქეტიპებთან შესაბამისობაა, ანუ ეს არის თავად რეალურის წიაღში ცხოვრება. ჭეშმარიტად რეალისტური მხოლოდ არქეტიპებია. არქეტიპების შესაბამისად ცხოვრება „კანონის“ დაცვით არსებობის ტოლფასი იყო, რადგან სწორედ კანონი იყო თავდაპირველი ჰიეროფანიის განსახიერება, ანუ კანონი გამოხატავდა ინ ილლო ტემპორე-ს დროინდელი არსებობის იმ ნორმებს, რომელთაც ღვთაებამ ან მითიურმა არსებამ დაუდეს სათავე და, თუმცა პირველყოფილი ადამიანი, როგორც უკვე ვნახეთ, პარადიგმული ჟესტების განმეორებით და პერიოდულად ცერემონიებში მონაწილეობის დროს აუქმებდა, ის მაინც მშვიდობიანად თანაცხოვრობდა კოსმიურ რიტმთან – ჩვენ იმის თქმაც კი შეგვიძლია, რომ ის ამ რიტმში იყო ინტეგრირებული.

რა შეიძლება ყოფილიყო ამგვარი არსებობის ფარგლებში „ტანჯვა“ და „ტკივილი“? არავითარ შემთხვევაში არ არის აზრს მოკლებული განსაცდელი, რომელსაც ადამიანმა მხოლოდ იმიტომ უნდა გაუძლოს, რომ მისი თავიდან აცილება შეუძლებელია, – მაგალითად, ისე, როგორც კლიმატური სირთულეების გადატანა უწევს. როგორი ბუნების ან რა თვალსაჩინო მიზეზით განპირობებულიც არ უნდა იყოს ტანჯვა, მას აზრი ყოველთვის აქვს; ემთხვევა პროტოტიპს თუ არა, ის ყოველთვის იმ დადგენილი წესრიგის და ღირებულებების შესაბამისია, რომელთა უარყოფაც დაუშვებელია.

ბევრჯერ ითქვა, რომ ძველი ხმელთაშუა ზღვის აუზის ხალხების ეთიკისგან განსხვავებით, ქრისტიანობის დამსახურება სწორედ ის არის, რომ მან ტანჯვა ღირებულების დონეზე აიყვანა და უარყოფითი გამოცდილების მაგივრად ტკივილს სულიერების მქონე „პოზიტიური აზრი“ შესძინა.

ეს მტკიცებულება მაშინ არის გამართლებული, თუ საქმე ტანჯვისთვის ღირებულების მინიჭებას ეხება და მაშინაც კი, თუ ტკივილსკენ სწრაფვას გადამრჩენელი მიზანი ახლავს. მართალია, ქრისტიანობამდელი კაცობრიობა ტანჯვისკენ არ ისწრაფოდა და მას არც სულიერი ამაღლებისთვის აუცილებელი განწმენდის ინსტრუმენტის ღირებულებას ანიჭებდა, მაგრამ საზრისს მოკლებულადაც არასოდეს მიაჩნდა ეს იდეა.

ჩვენ აქ, რა თქმა უნდა, ტანჯვაზე, როგორც მოვლენასა და ისტორიულ ფაქტზე ისე ვლაპარაკობთ, სწორედ იმ ტანჯვაზე, რომელსაც გლობალური კატასტროფა, ძალადობრივი მოულოდნელობა ან სოციალური უსამართლობები და ა.შ. იწვევს. მსგავსი სატანჯველის გადატანა, სწორედ იმიტომ იყო შესაძლებელი, რომ ის არ აღიქმებოდა უმიზეზოდ ან შემთხვევით. ეს იმდენად ცხადია, რომ მაგალითების მოყვანაც არ არის აუცილებელი.

როდესაც პირველყოფილი ადამიანი გვალვის გამო მოსავალს კარგავს, ან რაღაც ავადმყოფობის გამო საქონელი ეღუპება, ან კიდევ ბავშვი უხდება ავად, თავად ციებ-ცხელებით შეპყრობილი ცახცახებს, ან ითმენს წარუმატებელ ნადირობას და ა.შ., მან იცის, რომ არცერთი მოვლენა შემთხვევითი არ ყოფილა, მას ესმის, რომ ამაში მაგიური და დემონური ძალები იყვნენ ჩარეული და მათთან მხოლოდ ჯადოქრებს და ქურუმებს შეუძლიათ.

სწორედ ამიტომ ის მიმართავს ჯადოქარს, რათა მაგიური ძალა უვნებელყოს, ან ქურუმს თხოვს, რომ ღმერთების კეთილგანწყობა დაიბრუნოს. თუ მათი ჩარევა შედეგს არ გამოიღებს, დაზარალებულები შესთხოვენ იმ დროისთვის თითქმის მივიწყებულ უზენაეს ღვთაებას, მსხვერპლს სწირავენ და დახმარებას თხოვენ. „შენ, რომელიც ხარ ზემოთ, არ წამართვა შვილი, ის ჯერ კიდევ პატარაა!“ – ევედრებიან მომთაბარე სელკნამები ცეცხლოვანი მიწიდან. „ო, ცუნი-გოიამ, – ეხვეწებიან ჰოტენტოტები, – მხოლოდ შენ ერთმა იცი, რომ არაფერი დამიშავებია!“ ქარიშხლის დროს სემანგის პიგმეები ბამბუკის დანით წვივს იკაწრავენ და სისხლის წვეთებს ყველა მხარეს ასხურებენ და ყვირიან: ტა პედნ! მე გული არ გამქვავებია, მე ჩემს შეცდომებს გამოვისყიდი! აიღე ჩემი ვალი, მე მას გადავიხდი!“

აქვე აღვნიშნოთ ერთი პუნქტი: ე.წ. პრიმიტიული ხალხის კულტში უზენაესი ზეციური არსებები მხოლოდ ბოლო წამს ერეოდნენ, ანუ მაშინ, როდესაც „სატანჯველის“ თავიდან არიდების ყველანაირი მცდელობა ამაო იყო. ასეთი ვითარებების დროს სემანგები აღიარებენ და ინანიებენ ყველა იმ საქციელს, რომელიც მათ ცოდვად მიაჩნიათ. მსგავსი ჩვეუელება სხვა ხალხშიც შეიმჩნევა და საერთოდ, „სატანჯველის“ თავიდან აშორების უკანასკნელ საშუალებად ითვლება.

სატანჯველისგან ხსნის მაგიურ-რელიგიური რიტუალის ყოველი ქმედება ამ უკანასკნელის საზრისს ძალზე ცხადად გამოხატავს: მტრის მაგიური ზემოქმედება, ტაბუს დარღვევა, ბოროტი ძალების ზემოქმედების ზონაში მოხვედრა, ღმერთების რისხვა ან როდესაც სხვა ჰიპოთეზა აღარ განიხილება, სატანჯველის მიზეზი უზენაესი არსების ნება ან მრისხანებაა.

პირველყოფილ ადამიანს და არამარტო მას, ვერ წარმოუდგენია, სატანჯველი, რომელიც არაფრით არის გამოწვეული. ის შეიძლება თავად ადამიანის ბრალი იყოს, ან შეიძლება ბოროტი მეზობლის სურვილი იყოს, მაგრამ სატანჯველს საფუძვლად ყოველთვის რაიმე ბრალი აქ, ყოველ შემთხვევაში რაღაც მიზეზი უდევს, რომელიც მივიწყებული უზენაესი არსების ბუნებასთან არის გაიგივებული, ამიტომ საბოლოოდ ადამიანი იძულებულია, მას მიმართოს.

ნებისმიერ შემთხვევაში „ტანჯვა“ გასაგები ხდება და შესაბამისად მისი გადატანაც შესაძლებელია. პირველყოფილი ადამიანი ყველა შესაძლო მაგიური და რელიგიური საშუალებით იბრძვის, და იმის გამო, რომ ეს „სატანჯველი“ აზრს მოკლებული არ არის, ის მას მორალურად იტანს. სატანჯველის ყველაზე კრიტიკული მომენტი მისი პირველი გამოჩენაა.

რაც უფრო უცნობია მისი წარმოშობის მიზეზი, მით უფრო შემაშფოთებელი და საშიშია იგი. როგორც ჯადოქარი ან ქურუმი აღმოაჩენს იმ მიზეზს, რის გამოც ბავშვი ან საქონელი კვდება, გვალვა ხანგრძლივდება, წვიმები იმატებს, ტყეში ნადირი ქრება და ა.შ., „სატანჯველი“ ადვილად ასატანი ხდება, მას უკვე საზრისი და მიზეზი აქვს, შესაბამისად სისტემაში ჩარევაც შეიძლება და მისი ახსნაც აღარ არის ძნელი.

ის, რაც ჩვენ ზემოთ „პირველყოფილ ადამიანზე ვთქვით, დიდწილად არქაული კულტურის მქონე ადამიანებზეც შეიძლება ითქვას. მართალია, ის მოტივები, რომელთა საშუალებითაც ტკივილი და ტანჯვა მართლდება, ცვალებადია და ყველას სხვადასხვა აქვს, მაგრამ „გამართლება“ ყოველთვის არსებობს. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ტანჯვა განიხილება, როგორც „ნორმიდან“ გადახვევის შედეგი.

ეჭვს გარეშეა, რომ „ნორმა“ სხვადასხვა შეიძლება იყოს ქვეყნის, ხალხის და ცივილიზაციის მიხედვით. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ტანჯვა და ტკივილი არქაულ ცივილიზაციაში არასდროს და არავის მიერ არ აღიქმებოდა როგორც „შემთხვევით“ ან რაღაც აბსურდული.

ამგვარად, ინდოელებში საკმაოდ ადრე გაჩნდა „კარმის“ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის უნივერსალური კანონის გაგება, რომელშიც ის მოვლენები და სატანჯველი გაითვალისწინება, რომელსაც ადამიანი განიცდის და ამავე დროს ტრანსმიგრაციის აუცილებლობას ხსნის.

კარმული კანონის ცოდნის ფონზე ტანჯვა არამარტო აზრს, არამედ პოზიტიურ მნიშვნელობასაც იძენს. ტანჯვა ამჟამინდელ პირობებში არა მხოლოდ დამსახურებულად ითვლება(რადგან ის ხომ წინარე არსებობის დროს ჩადენილი დანაშაულის ან შეცდომის შედეგია), არამედ „სასურველადაც“, რადგან სწორედ ასეთნაირად არის შესაძლებელი კარმული ვალის მიღება ან გაცემა, რომელიც ადამიანს ამძიმებს და მისი მომავალი არსებობის ციკლსაც განსაზღვრავს.

ინდოელების რწმენის თანახმად, ყოველი ადამიანი თავისი ვალით იბადება, მაგრამ ასევე სრული თავისუფლება აქვს, შეამციროს ან გაზარდოს ეს ვალი. მისი არსებობა ვალის აღების და გაცემის გრძელ სერიას წარმოადგენს. თუმცა მისი „ბუღალტერია“ ყოველთვის ნათელი არ არის.

ყველას, ვისაც თუნდაც სულ პატარა ტვინი აქვს, ძალიან მშვიდად შეუძლია აიტანოს ტანჯვა, ტკივილი, თავსდატეხილი უბედურებები, უსამართლობა და ა.შ., რადგან თითოეულ მათგანში იმ კარმული წონასწორობის აღდგენა ხდება, რომელიც წინა არსებობის დროს ვერ მოხერხდა.

სრულიად ნათელია, რომ ინდური ფილოსოფია ცდილობდა ეპოვა და საკმაოდ ადრე აღმოაჩინა ის საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ადამიანს უსასრულო ჯაჭვისგან შეუძლია გათავისუფლდეს. თუმცა, მსგავსი გადაწყვეტილებები არავითარ შემთხვევაში არ შეეხება ტანჯვის საზრისს. პირიქით აძლიერებს მას. ზუსტად ასევე, იოგა და ბუდიზმი იმ პრინციპებიდან გამოდიან, რომ ყველანაირი არსებობა ტანჯვაა, თუმცა ადამიანს ამ ტანჯვის დაუსრულებელი თანმიმდევრობიდან თავის საბოლოო დაღწევა სრულიად კონკრეტულად შეუძლია, რაც ბოლოს და ბოლოს ადამიანური არსებობის არსიცაა. მაგრამ ბუდიზმი, იოგას და სხვა იმ ინდური კონცეფციების მსგავსად, რომლებიც თავისუფლების მოპოვებისთვის იღწვიან, არცერთი წამით არ აყენებს ეჭვქვეშ თავად „ტაჯვის“ აუცილებლობას და „ნორმალურობას“.

რაც შეეხება ვედანტას, მათთვის ტანჯვა ილუზიურია იმდენად, რამდენადაც მოჩვენებითია მთელი – სამყარო – ამ სიტყვის ონტოლოგიური გაგებით – რეალობას არ წარმოადგენენ არც ადამიანური არსებობის თანმხლები ტანჯვა-წამება და არც თავად სამყარო. ლოკაიატის და ჩარვაკის სკოლების გარდა, რომლებიც „სულის“ და ღმერთის არსებობას უარყოფენ და მიაჩნიათ, რომ ადამიანისთვის ერთადერთ მიზანს ტკივილის თავიდან არიდება და სიამოვნებისკენ სწრაფვა უნდა წარმოადგენდეს, მთელი ინდოეთი თავსდატეხილ ყველანაირ უბედურებებსა და ტანჯვა-ვაებას სრულიად განსაზღვრულ აზრს და ფუნქციას ანიჭებდა, იქნებოდა ეს კოსმიური, ფსიქოლოგიური თუ ისტორიული. კარმა იმის გარანტიას იძლევა, რომ ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება, გარდაუვალ მიზეზ-შედეგობრივ კანონთან სრულ შესაბამისობაშია.

მართალია, არქაულ სამყაროში ვერ შეხვდებით კარმის ფორმულაზე უფრო ექსპლიციტურ ფორმულას, რომელსაც ასე ცხადად და ნათლად გამოხატავდეს ტანჯვის „ნორმალურობას“, მაგრამ ყველა სხვა ფორმულად მსგავსი ტენდენციით ხასიათდება და შესაბამისად „ტანჯვას“, ისევე როგორც ნებისმიერ ისტორიულ მოვლენას, „ნორმალურობის“ მნიშვნელობას ანიჭებს.

თითქმის ყველგან შეიძლება შეხვდე იმ არქაულ კონცეფციას, რომლის თანახმადაც ტანჯვა მთლიანად დამოკიდებულია ღმერთის ნებაზე; ის, ამ სატანჯველს ან უშუალოდ საკუთარი ჩარევით მოავლენს, ან შეიძლება ამის უფლება სხვა დემონურ, ან ღვთიურ ძალებს მისცეს. მოსავლის განადგურება, გვალვა, მტრის მიერ გაცამტვერებული ქალაქები, სიცოცხლის ან თავისუფლების დაკარგვა, ნებისმიერი სახის უბედურება, ყველაფერი შეიძლება აიხსნას და გამართლდეს ამა თუ იმ სახით ტრანსცენდენტურ სამყაროში, იქ სადაც ღვთაებრივი მმართველობაა.

შეიძლება დამარცხებული ქალაქის ღმერთი ნაკლებ ძლევამოსილი იყო, ვიდრე გამარჯვებული არმიის ღმერთი, შესაძლოა, ადამიანთა მთელმა კოლექტივმა ან რომელიმე ოჯახმა დაუშვა საკულტო რიტუალში გამოუსწორებელი შეცდომა, შეიძლება საქმეში ჯადოქარი, დემონი, წყევლა ჩაერია. ყველანაირ შემთხვევაში ნებისმიერ კოლექტიურ თუ ინდივიდუალურ ტანჯვას მაშინვე მოეძებნება თავისი ახსნა-განმარტება. და შესაბამისად ტანჯვა მისაღები და ადვილად ასატანი ხდება.

ამას გარდა, ხმელთაშუა ზღვის და მესოპოტამიის რეგიონებში დასაბამიდან ადამიანების უბედურებებს ღმერთებს უკავშირებდნენ. ეს მათ არქეტიპებში ჩართვას ნიშნავდა, რაც იმავე დროს რეალობას და „ნორმალურობას“ განსაზღვრავდა და ადასტურებდა.

თამუზის ტანჯვის, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის უძველესი მითი თითქმის მთელ უძველეს აღმოსავლურ სამყაროში ჰპოვებს გამოძახილს, ხოლო მისი რელიქტები პოსტ-ქრისტიანულ თეოლოგიაშიც გვხვდება. შეგახსენებთ, რომ თამუზის ტანჯვა და მკვდრეთით აღდგომა სხვა ღმერთებისთვის მაგალითი გახდა(მაგალითად, მარდუქი) და, რომელსაც, უეჭველია, ყოველ წელს ბაძავდნენ მეფეების. ხალხის ტირილი და სიხარული, თამუზის, ან ნებისმიერი კოსმიურ-აგრარული ღმერთის ტანჯვის, სიკვდილის და მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოგონებები არქაული აღმოსავლეთის სამყაროს ცნობიერებაზე დიდ ზეგავლენას ახდენდა, რისი მასშტაბიც ჯერ სათანადოდ არცკი იყო შეფასებული. რადგან საქმე მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ადამიანის სიკვდილს მის მკვდრეთით აღდგომა უნდა მოჰყოლოდა, არამედ აქ ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ თამუზის ტანჯვა-წამება თითოეული, კონკრეტული ადამიანისათვის უნდა ყოფილიყო შვების მომტანი და იმედის მომცემი. თამუზის დრამატული ისტორიის გახსნება ნებისმიერი ტანჯვა-წამების გადატანას გაცილებით აადვილებდა.

ეს მითიური დრამა ადამიანებს შეახსენებდა, რომ ტანჯვით ყველაფერი არ მთავრდებოდა და სიკვდილს აუცილებელდა მოჰყვებოდა მკვდრეთით აღდგომა, რომ ყოველგვარი მარცხი ქრებოდა და მას საბოლოოდ უდიდესი გამარჯვება ჩაანაცვლებდა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ თამუზი – ან ამავე არქეტიპის ნებისმიერი ვარიანტი – ამართლებს, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, „მართალთა“ ტანჯვა-წამებას ასატანს ხდის.

ღმერთი თავად არის, რასაკვირველია, „უდანაშაულო“ და „მართალი“, ის სრულიად უცოდველად იტანჯება. მას ამცირებენ, ცემენ, სისხლს ანთხევინებენ, აგდებენ „ჭაში“, ანუ ჯოჯოხეთში. სწორედ ამ დროს, დიადი ქალღმერთი(„მახარობელი“) მასთან მიდის, სიმამაცეს და ამტანობას შთაბერავს და მკვდრეთით აღადგენს. ესოდენ გამამხნევებელი მითი ღმერთების ტანჯვა-წამების შესახებ აღმოსავლეთის ხალხების მეხსიერებამ დიდი ხნით შემოინახა.

ჩვენს ყურადღებას შემდეგი ფაქტი იპყრობს: მსგავსი მითოლოგიური სცენები უკიდურესად არქაული სტრუქტურით წარმოჩნდებიან, რომელიც „ისტორიული“ თვალსაზრისით თუ არა, ფორმის მხრივ მაინც „მთვარისეული“ მითებიდან იღებენ სათავეს, ხოლო მათ სიძველეში ეჭვის შეტანის უფლება ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. საერთოდ „მთვარისეული“ მითებისთვის ცხოვრების ოპტიმისტური ხედვაა დამახასიათებელი: ყველაფერი ციკლური თანმიმდევრობით ვითარდება, სიკვდილს აუცილებლად მოჰყვება მკვდრეთით აღდგომა, კატაკლიზმას – ახალი შესაქმე.

თამუზის შესახებ პარადიგმული მითი ხსენებული ოპტიმიზმის ახალ გამართლებას გვთავაზობს: ამ შემთხვევაში საქმე მარტო ინდივიდის სამუდამო სიკვდილისგან „ხსნას“ კი არ ეხება, არამედ მის მიერ გადატანილ „ტანჯვა-წამებასაც“, – ასეა თუ ისე, მანიქეიზმში და მანდეიზმში თამუზის მითის თეოლოგიური თვალსაზრისით განხილვა ამ მოსაზრების დაშვების უფლებას გვაძლევს. ხსენებული სექტების შეხედულების თანახმად, ადამიანისთვის ნიშანდობლივია, რომ იგი ვალდებულია გადაიტანოს ყველაფერი, რაც თამუზს ხვდა წილად.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი