დიდი რომანი სახელწოდებით „რომი შნაიდერი“

0
233
May 1962, Paris, France --- Austrian-born German actress Romy Schneider and her fiance French actor Alain Delon. --- Image by © Paul Guglielmo/Apis/Sygma/Corbis

არსებობს ლეგენდა, რომ რომის და ალენს პირველი დანახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა. მოგვიანებით რომი შნაიდერი იხსენებდა, რომ როდესაც თვითმფრინავის ტრაპთან ალენი დაინახა, გულის სიღრმეში გაღიზიანდა: “მე დავინახე ახალგაზრდა კაცი – უფრო ლამაზი და მოწესრიგებული, ვიდრე ვისურვებდი”.

ალენი იმდენად ლამაზი იყო, რომ რომი უნებურად მის წინააღმდეგ განეწყო, ნამდვილად შეეშინდა, არ შეჰყვარებოდა იგი. ამ შეხვედრამდე გოგონას მრავალი რომანი ჰქონდა, ალენ დელონისთვის კი სულ ერთი იყო, რას იფიქრებდა მასზე რომი, უკვე ცნობილი მსახიობი. ალენმაც იცოდა საკუთარი თავის ფასი, მაგრამ ვინაიდან რომი მისი პარტნიორი გახლდათ, ალენი მის მიმართ მაინც მეტ თავაზიანობას იჩენდა, რაც რომის აღაშფოთებდა.

ავსტრიელ მსახიობად ჩამოყალიბებულ მშვენიერ როზმარი ალბახტ–რეტის (…მცირე ხნის შემდეგ რომი შნაიდერს) პირველად უხდებოდა მუშაობა საზღვარგარეთ, უცნობ ადამიანებთან, რომელთა მენტალიტეტი მისთვის უცხო იყო. ეს “ტიპი” კი ძალიან აღიზიანებდა გადაღებებზე გამუდმებული დაგვიანებით, ირონიული მზერით, იმით, რომ ულამაზესი რომის მიმართ არასოდეს ამჟღავნებდა აღფრთოვანებას, რასაც აგრერიგად იყო მიჩვეული გერმანიაში. “ალენს ვერ ვიტანდი, ჩვენ შორის მუდმივად ფარული ომი მიმდინარეობდა” – იხსენებდა რომი შნაიდერი. მხოლოდ ჟან–კლოდ ბრიალი ამჩნევდა, რომ ალენის გარეშე რომი მოწყენილი იყო.

ისინი ბრიუსელში დაახლოვდნენ, განსაკუთრებით კი – ვენაში, გადაღებებისას, სადაც რომი ალენს გიდობას უწევდა და პრაქტიკულად გვერდიდან არ შორდებოდა. მაგდა შნაიდერი გაცოფებული იყო, მისი აზრით, რომი ამ ვიგინდარას კისერზე ეკიდებოდა, რომი უკვე მართლაც ვეღარ ძლებდა ალენის გარეშე და მალე პარიზში, მასთან გადასახლდა.
ასე დაიწყო ეს რომანი, რომელიც რომისთვის საბედიწერო აღმოჩნდა და რომელიც მისი უდროო დაღუპვის მიზეზადაც იქცა.

რომის მშობლებს სკანდალი არ მოუწყვიათ, მაგრამ წერილობით მოსთხოვეს ალენს, რომისთან ურთიერთბა დაეკანონებინა, რაზეც ალენმა თანხმობა განაცხადა. მომავალ ნიშნობაზე, რის შესახებაც რომიმ არაფერი იცოდა, უამრავი სტუმარი და პრესის წარმომადგენელი იყო მოწვეული. მოგვიანებით რომი წერდა: “ნიშნობაზე გვქონდა საუბარი, მაგრამ ჯვრისწერაზე – არასოდეს. მე და ალენი ისედაც ცოლ–ქმარი ვიყავით და არავითარი ოფიციალური საბუთი საამისოდ არ გვჭირდებოდა.” იქვე რომი იმ განხეთქილებაზე მიანიშნებდა, რომელიც მასსა და ალენს შორის უკვე არსებობდა.

რასაკვირველია, ამის მიზეზი მათი პროფესია გახლდათ, რის გამოც ისინი გამუდმებით შორს იყვნენ ერთმანეთისგან; ალენს სულ გადაღებები ჰქონდა, მის გარშემო გაუთავებლად ირეოდნენ პროდიუსერები და რეპორტიორები, რომის ყურადღებას არავინ აქცევდა, მას მხოლოდ პოპულარული მსახიობის მეგობარ ქალად მიიჩნევდნენ; ალენისთვის რომის განცდები გაუგებარი იყო, ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და კამათით ავსებდნენ სასიყვარულო პაუზებს.

თავად ალენ დელონი მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით ხსნიდა მათი ურთიერთობის რღვევის მიზეზს: “რომი იმ კლასს მიეკუთვნებოდა, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მძულდა; ჩემთვის შეუძლებელი იყო რომისთვის შემეცვლევინებინა აზროვნება, რომელსაც ოცი წლის მანძილზე გამუდმებით უჭედავდნენ ტვინში. ბუნებაში ორი რომი შნაიდერი არსებობდა: პირველი ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა, მეორე კი საშინლად მძულდა.”

დღეს, როცა ალენი თავად იქცა ამ წრის წარმომადგენლად, რომელიც ადრე ასე აღიზიანებდა, მას შეუძლია კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ობიექტურად შეაფასოს მისი რომისადმი დამოკიდებულება, ის სისასტიკე და უსამართლობა, რომელსაც ოდესღაც საყვარელი ქალის მიმართი იჩენდა. მაშინ კი…. მაშინ მათ მხოლოდ ერთობლივი სამუშაო აკავშირებდათ.

სამნი სიყვარულის ნავში

1961 წელს რომის და ალენს ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. ლუკინო ვისკონტი, რომელსაც მაინცადამაინც გულზე არ ეხატებოდა რომი შნაიდერი, იღებდა ფილმს “როკო და მისი ძმები”. ამ ფილმზე მუშაობისას ალენი და ვისკონტი დამეგობრდნენ. ეს მეგობრობა მხოლოდ შემოქმედებითი ხასიათის არ ყოფილა. ვისკონტის ჰომოსექსუალური ინტერესები ყველასათვის ცნობილი იყო, მიამიტი რომი კი ვერაფერს ამჩნევდა. მისი აზრით, “პიგმალიონი” (ვისკონტი) თავისი “გალატეას” (დელონი) გამო რომიზე ეჭვიანობდა.

თავის მხრივ მაგდა შნაიდერი გერმანულ ჟურნალში წერდა: “რომი დელონს მამაკაცთან იყოფს”. რომი იტანჯებოდა, ვისკონტი თავისი უტყუარი ალღოთი გრძნობდა მის მდგომარეობას; იგი აფასებდა რომის სილამაზეს, ნიჭს, ნებისყოფას, ვისკონტი შესანიშნავი ფსიქოლოგი გახლდათ და გადაწყვიტა, რომი და ალენი სპეექტაკლში ერთად დაეკავებინა. მიუხედავად იმისა, რომ ვისკონტი ბრწყინვალე რეჟისორი იყო, თავს მუდამ თეატრალად მიიჩნევდა.

ეს გადაწყვეტილება ბრძნული და ამავე დროს მაზოხისტურიც იყო; რომის უხაროდა, მაგრამ მაინც შიში იპყრობდა, “ეს თვითმკვლელობა იქნება” – იმეორებდა იგი. რომი მანამდე არასოდეს მდგარა სცენაზე, ფრანგული არც ისე კარგად იცოდა, რომ არაკეთილმოსურნე თეატრალების სარკაზმი არ გამოეწვია; აქამდე თეატრში არც ალენს ეთამაშა, მაგრამ ვისკონტიმ მოახერხა მათი დაყოლიება.

ნუთუ გეშინია?” – ფრთხილად ეკითხებოდა ალენი რომის, იცოდა რა, რომ რომი ამ საყვედურს ვერ აიტანდა. ვისკონტი ხვდებოდა, რომ რომი და ალენი მის ჩანაფიქრს შესანიშნავად განახორციელებდნენ; მან გადაწყვიტა დაედგა სპექტაკლი სახელწოდებით “არ შეიძლება მას გარყვნილი ეწოდოს”, რომელიც და-ძმის ინცესტუალური ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობდა. თავის მემუარულურ წიგნში „ერთი ცხოვრების დღიური”, რომი შნაიდერი დაწვრილებით აღწერდა რეპეტიციებს, იმ განცდებს, რომელთა დამალვაც მას უხდებოდა, როგორც არათეატრალურ მსახიობს.

ვისკონტი რომის მკაცრ მოთხოვნებს უყენებდა და არწმუნებდა, რომ როლს შესანიშნავად გაართმევდა თავს; მართალიც აღმოჩნდა, – რომიმ ბრწყინვალედ შეასრულა ანაბელის როლი აღნიშნულ სპექტაკლში, რასაც ვერ ვიტყვით ალენ დელონზე.

მომავალში რომი შესანიშნავ თეატრალურ მსახიობად ჩამოყალიბდა, ალენს კი საკმაოდ უჭირდა სცენაზე რეპლიკების წარმოთქმა, მოძრაობა, მაგრამ ამას ვისკონტი ყურადღებას არ აქცევდა. ალენმა და რომიმ ერთად 120 სპექტაკლი ითამაშეს და თანდათან ცხადი გახდა, რომ “სიყვარულის ნავი” ჩაძირვას იწყებდა, თუმცა საბოლოო განშორებამდე კიდევ ორი წელი რჩებოდა.

1963 წლის დასაწყისში რომი ჰოლივუდში გაემგზავრა გადაღებებზე. ალენმა იგი აეროპორტში გააცილა. ამერიკიდან პარიზში დაბრუნებულ რომის 40 შავი ვარდი წერილი დახვდა:“ჩვენ დანიშნულები ვიყავით, თუმცა დაქორწინება ვერ მოვასწარით. ჩვენი პროფესია ერთად ყოფნაში ხელს გვიშლის. გიბრუნებ თავისუფლებას და გიტოვებ ჩემს გულს!”

ეს ფიასკო რომის მთელ შემდგომ ცხოვრებაზე აისახა. უფროსი ვაჟის დაღუპვისა და პირველი მეუღლის თვითმკვლელობის შემდეგ, რასაც თირკმლის მძიმე ოპერაცია მოჰყვა, რომიმ სმა დაიწყო, აუტანელი ტკივილების გასაყუჩებლად კი ნარკოტიკებს მიეძალა, ამის გამო ქალიშვილი სარა დედას დროებით დააშორეს.

ულამაზესი ქალი თვალსა და ხელს შუა იღუპებოდა. 1982 წლის 29 მაისს რომი შნაიდერი გულის შეტევით გარდაიცვალა. ალენ დელონი ამ ტრაგედიას ჟურნალ “პარი მატჩის” ფურცლებზე გამოეხმაურა. ეს აღსარება ძალზე მნიშვნელოვანია მისი ადამიანური ბუნების ამოსაცნობად.

მშვიდობით, ჩემო თოჯინა!

“შენ თავაწყვეტილი, დაუმორჩილებელი, მაგრამ მეტად მტკიცე ხასიათის ადამიანი იყავი. ვინ ახსნის – როგორები ვართ ჩვენ, მსახიობები? რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ჩვენ ვთამაშობთ ადამიანებს, რომელთაც საერთოდ არ ვგავართ? იმისთვის, რომ ეს შევძლოთ, დიდი ნებისყოფა და სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაა საჭირო. ეს ძალიან ძნელია, როცა ირგვლივ უამრავი ადამიანი გახვევია და პროჟექტორების შუქი თვალს გჭრის.

შენ ამბობდი, რომ ამ ცხოვრების არაფერი გაგეგებოდა, მაგრამ კინოში ყველაფრის გაკეთება შეგეძლო. არა, სხვები ამას ვერ გაიგებენ. რაც უფრო წარმატებულია მსახიობი, მით უბედურია ის პირად ცხოვრებაში. ამაზე მეტყველებს გრეტა გარბოს, მერილინ მონროს, რიტა ჰეიუორტოს და… შენი ბედი.

ქალისთვის მსახიობობა ძალზე სახიფათო პროფესიაა, ამას ვამბობ, როგორც მამაკაცი და მსახიობი, რომელიც ყველაზე უკეთ გიცნობდა, რომელსაც სხვებზე მეტად ესმოდა შენი. აი, მსახიობები გაგვიგებენ, სხვები კი – ვერასოდეს, მათთვის შენ მითიური არსება ხარ; ცხადია, ეს ასეა, მითიურმა არსებამ იცის, რომ სხვებისთვის მხოლოდ მითა, ფასადია, რომელიც ხან სისია, ხან დედოფალია, ხან თოლია… შინ დაბრუნებული კი რომიდ გარდაიქმნება, ქალად, რომლის ცხოვრება სხვებისთვის შეუცნობელი იყო, რომელზეც უამრავ სისაძაგლეს წერდნენ, აკრიტიკებდნენ, უთვალთვალებდნენ. ეს მითი სრულიად მარტოა და თანდათან ცვდება, და რაც უფრო მძაფრად შეიგრძნობს, მით მეტად ეტანება ალკოჰოლს და დამაწყნარებლებს, რაც ჯერ საშიშ ჩვევად იქცევა, შემდეგ – ცხოვრების წესად, ბოლოს კი – აუცილებლობად და გული ჩერდება, რადგან დაიღალა. ეს იმ ქალის გულია, რომელიც ერთ საღამოს სასმელთან მარტო დარჩა…“

მაშინ ალენს არ დაუწერია, რომ რომიმ თავი მოიკლა. დელონი იხსენებდა, რომ თანაცხოვრების ხუთი წლის მანძლზე რომის იგი თოჯინას ეძახდა. გამოსათხოვარ წერილშიც ასე მიმართა – მშვიდობით, ჩემო თოჯინა! ალენი ფიქრობდა, რომ ამქვეყნად ყველაზე უკეთ იცნობდა როზმარი ალბახტ-რეტის, რომი შნაიდერს, და ძალიან ცდებოდა.

ასე რომ ყოფილიყო, ადვილად ვერ მიატოვებდა და არც 40 შავ ვარდს დაუტოვებდა გამომშვიდობების ნიშნად, რითაც დიდი ტკივილი მიაყენა “თავის თოჯინას”.

ავტორი:ალექსანდრე ელერდაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი