საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაზე Sirha, რომელიც ტარდება ლიონში

0
158

საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაზე Sirha, რომელიც ტარდება ლიონში. მის პარალელურად მიმდინარეობს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატი Bocuse d’Or. საქართველო გამოფენაზე “სუფრის ხელოვნების” თემით, კვების დაწესებულების ბიზნესსააგენტო “გასტრონავტის” ორგანიზებით მიემგზავრება. ახალგაზრდა ქართველი შეფ-მზარეულები წარადგენენ ტრადიციული ქართული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციასა და ავთენტურ ინგრედიენტებს.

ქართული სტენდი მოიცავს ღია და დახურულ სამზარეულოებს. კერძები მომზადდება ღია სამზარეულოში და პროცესი პარალელურად გაშუქდება მოზრდილ ეკრანზე. დაგემოვნება შესაძლებელი იქნება ორ სხვადასხვა ადგილას: ტრადიციული ქართული ტექსტილით გაფორმებული ბალიშებით, ტაბლებითა და დივნით გაწყობილ არესა და ღია სივრცეში, სადაც ქართული სუფრის ინსტალაციაა განთავსებული. გრძელი მაგიდის შუშის ფუძეში მისი მასიური ზედაპირიდან ფესვები ეშვება, რაც ძირძველი ქართული ტრადიციების სიმბოლოს განასახიერებს. მწვანე კედელზე საქართველოს რუკის კონტური, ხოლო სტენდის კედლებზე სუფრასთან ასოცირებული ქართული სიტყვებია დატანილი. ჭერის მოხაზულობები ეხმიანება ხის რიგელების განლაგებას ძველი ქართული ტექნიკით ნაგებ გუმბათოვან ჭერში.

ღვინის დეგუსტაციისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი, რომელშიც ქვევრის ყელის სამი ნიმუშია მოცემული.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი