მერაბ მამარდაშვილი:სიყვარულით ვანადგურებთ მათ, ვინც გვიყვარს, რადგან ეგოისტური ბუნება გვაქვს

0
1988

არც პრუსტს და არც ფოლკნერს, ფაქტობრივად, არ ჰყავთ სახელდებული სიუჟეტური გმირი, არის გმირი, რომლის გვარი, შეიძლება, არც ვიცოდეთ, მათთან დროის ყველა შრე ერთმანეთშია გადახლართული, თხრობა ერთი დროდან თავისუფლად ხტება სხვა დროზე, ყოველგვარი თანმიმდევრული კავშირის გარეშე, რომელსაც კლასიკური რომანების კითხვისას მივეჩვიეთ. არავითარი საზოგადოება, სოციალური მოძრაობა, გნებავთ, ობიექტური სურათი არ არის ასახული. ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა აგებული.

რატომ? და აი, აქ დავუბრუნდები ფოლკნერის ფრაზას, რომლის მოხმობასაც ვაპირებდი. ფოლკნერი ამბობდა, რომ ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, როცა მან არ იცის, როგორია მისი ნამდვილი მდგომარეობა. სად არის ის და რა ხდება მის თავს? უფრო სწორად – როგორ და როდის დაიწყო ის, რაც ახლა ხდება.

მაგალითად, როგორ და როდის დაიწყო ის, რომ სანატრელ პაემანზე მისული, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ის მალე დასრულდეს. რა ხდება? გამოდის, რომ ყველა ამ მდგომარეობას ერთი თავისებურება აქვს: უნდა გამოვარკვიოთ ყველაფერი, კვანძი გავხსნათ.

რომანის ფორმაც ისეთი უნდა იყოს, რომ ამ ცხოვრებისეული გამოცდილების გარკვევაში დაგვეხმაროს. და აქვე, ჯერჯერობით, მოვინიშნავ ერთ მნიშვნელოვან მოსაზრებას. ლიტერატურა, ან ტექსტი არ არის ცხოვრების აღწერა, ან უბრალოდ ისეთი რამ, რაც გარეგანი თვალსაზრისით (თვით ცხოვრებასთან მიმართებაში) მისი სამშვენისია; ის არც ჩვენი საქმიანობის სფეროა, – მნიშვნელობა არა აქვს, ვწერთ, თუ ვკითხულობთ თავისუფალ დროს, არამედ ეს არის იმის ნაწილი, როგორც აეწყობა ან არ აეწყობა ცხოვრება. იმიტომ, რომ საჭიროა გავერკვეთ გამოცდილებაში და ამისთვის აუცილებელია ინსტრუმენტი.

მაგალითად, პრუსტისთვის – და ქვემოთ შევეცდები დაგანახოთ ეს – ტექსტი, ანუ რაიმე წარმოსახვითი სტრუქტურის შედგენა გამოცდილებაში გარკვევის ერთადერთი საშუალებაა; როდესაც საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის გაგებას ვიწყებთ და კონტურები იკვეთება იმის მიხედვით, თუ რამდენად მონაწილეობს ტექსტი მასში, ცხოვრებაში.

ცნობილ ფაქტს მოვიხმობ: კაცმა რომ თქვას, პრუსტი თავის რომანს წერდა სიკვდილთან შეჯიბრის პირობებში, ვინაიდან ასთმით მძიმედ იყო დაავადებული და, მოგეხსენებათ, ასთმა ფსიქოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე რთული დაავადებაა. ასეთი ავადმყოფი ფიზიკურად იტანჯება, რაც ყველაზე მეტად სიკვდილის შეგრძნებას ჰგავს, ვინაიდან სული გეხუთება და სიკვდილიც სადღაც შორს კი არა, აქვეა.

სწორედ ეს დაავადება არგუნა ბედმა პრუსტს (მაპატიეთ, რომ ასოციაციებს მივმართავ და სხვადასხვა გზით მივდივარ, მაგრამ, მგონია, ასე საუბარი სჯობს მეტისმეტად მწყობრ და თანმიმდევრულ ლაპარაკს). ერთი სიტყვით, მოგეხსენებათ, რომ, თუკი ტექსტი ცხოვრების ნაწილია, – არა იმ გაგებით, რომ მას იგივე ადამიანი წერს, რომელიც ამავე დროს ცხოვრობს, სამსახურში დადის, ჰყავს მეუღლე, შვილები და ა.შ. – არა, სხვა რამეს ვგულისხმობ: რაიმეს გარკვევისთვის, საჭიროა, ეს ვითარება რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში, ტექსტის სივრცეში წარმოვიდგინოთ, და მაშინ (თუკი ეს ტექსტი შედგა) ვითარება იცვლება.

მართლაც, ნაბოკოვმაც ზუსტად იგივე გააკეთა – რუსულ ლიტერატურაში საერთოდ არ გვხვდება ამგვარი რამ, მე ვიტყოდი, მსოფლიო ლიტერატურისგან მისი პროვინციულ-პატრიარქალური ჩამორჩენილობის გამო, – ნაბოკოვი კი ამგვარ ექსპერიმენტებს ატარებდა. მაგალითად, ის აღწერს ვითარებას, რომელშიც მისი პერსონაჟი მოხვდა, მან სიტუაციის გამოსარკვევად შეადგინა ტექსტი, საკუთარ არსებას ჩაუღრმავდა და თავისი ცხოვრების ჭეშმარიტი ფაქტი დაადგინა – უახლოესი მეგობარი მისი ცოლის საყვარელია.

ამასთანავე, ბუნებრივია, თუკი ცხოვრება ტექსტის მიხედვით იცვლება, მაშინ ეს ტექსტი უსასრულოა. მისი ბოლომდე დაწერა შეუძლებელია – გასაგებია, რაც ახლა ვთქვი? – ამ აზრით, მაგალითად, ის ვერ იქნება დასრულებული, სრულყოფილი რომანი. და აი, პრუსტს დაწერილი ჰქონდა რომანის დასაწყისი და დასასრული: რომანის დასაწყისში უკვე მოცემულია დასასრულიც.

პრუსტი საკუთარი რომანის აგების პროცესს ტაძარს ადარებდა; მასში ყოველთვის არის ერთი ნაწილის მეორესთან გადაძახილი. თქვენ ხომ ტაძარს თანმიმდევრობით ათვალიერებთ, ერთი შეხედვით შეუძლებელია მთელი ტაძრის აღქმა; ვთქვათ, ჯერ ერთ ნაწილს და იქ რაღაც გამოსახულებას უყურებთ, რომელიც, მართალია, მას ცალკე ადევნებთ თვალს, მაგრამ ცალკე კი არ არსებობს, არამედ ის ტაძრის სხვა ნაწილთან გადაძახილია, რომელსაც რამდენიმე ხანში ნახავთ. პირობითად ამ გადაძახილს სიმბოლური, ანუ ის ტერმინი ვუწოდოთ, რომლითაც სიმბოლისტები სარგებლობდნენ, – correspondances, შესაბამისობანი. (მგონი, თქვენთვის ნაცნობი სიმბოლური შესაბამისობების თემა შემომაქვს.)

ვთქვათ, 50-ე გვერდზე რომელიღაც სცენა აზრობრივი გადაძახილის მატარებელია და თავისი საბოლოო მნიშვნელობით გაუგებარი იქნება იმის გარეშე, რაც 3000-ე გვერდზეა (დაახლოებით რომანის ბოლოს). ასე რომ, დასასრული უკვე დაწერილია. შესაბამისად, დასასრული და დასაწყისი რომანის შიგნით დასაბამს აძლევს თვით პრუსტის ცხოვრების მოვლენებს. მათ შორის სახელგანთქმულ ალბერტინას „სიყვარულის წიგნს“; რომანის ორ ნაწილში ის განსაკუთრებულადაა გამოყოფილი – „ტყვე ქალი“ და „გაქცეული ქალი“.

ეს ნაწილები ცოცხლადაა დაწერილი. პრუსტს მოფიქრებული ჰქონდა რომანის დასაწყისიც და დასასრულიც და საკუთარ რეალური სიყვარულის ისტორიას ხელახლა, სხვა თარგზე ჭრიდა, – სიყვარულს, რომელიც ცხოვრებაში ჰქონდა: მას უყვარდა თავისივე მდივანი ალფრედ აგოსტინელი, რომელიც დაიღუპა, სხვათა შორის, ისევე, როგორც რომანში – ალბერტინა.

მინდა აქვე შევნიშნო, რომ მერე ამ საკითხს აღარ დავუბრუნდე. ალბათ, იცით, რომ პრუსტი ნორმალური სექსუალური ტემპერამენტის მქონე ადამიანი არ ყოფილა. ის ჰომოსექსუალისტი გახლდათ. მაგრამ ის იყო ერთერთი იმ მცირეთაგანი, რომელსაც სიმამაცე ჰყოფნიდა, პირობითად რომ ვთქვათ, თავისი ამ ახირებიდან, ადამიანისთვის დამახასიათებელ ძიებისადმი დაუოკებელ სწრაფვაში, სიყვარულის საერთო და არა ჰომოსექსუალურ ბუნებამდე მისულიყო.

ეს პრობლემა გახლდათ სიყვარული – როგორც ასეთი (ანუ ნორმალური სქესობრივი სიყვარული). მან მოახერხა ზღვრის გადალახვა, გარკვევა და გაგება. ეს იმიტომ, რომ, კაცმა რომ თქვას, იქაც იგივე კანონები მოქმედებს და ზოგჯერ ჰომოსექსუალურ სიყვარულში უკეთ ჩანს სიყვარულის საერთო კანონზომიერებები (ამ უკანასკნელ, ასე ვთქვათ, მიზეზს მოგვიანებით ისევ დავუბრუნდები, გადახრებზე კი აღარ ვისაუბრებ, ვინაიდან მათი ანალიზი სრულიადაც არ არის საინტერესო და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს). ვიმეორებ, პრუსტმა თავისი ძლიერი გრძნობის მთელი ეს მარათონი რომანში კალმით ხელში გაირბინა და თავს ართმევდა ამ ყველაფერს; მოგვიანებით დაინახავთ, როგორ დაძლია პრუსტმა სიყვარულის ძირითადი ელემენტი, რომლის გამოც შეყვარებული ადამიანი ადამიანური კავშირის უნარს კარგავს, კერძოდ კი – მესაკუთრის მანიას ვგულისხმობ.

ის მიხვდა, რომ სიყვარული ურჩხულად გვაქცევს, თუკი ჩვენში მფლობელის ბუნება იღვიძებს. სწორედ ამისგან თავისუფლდებოდა ის. ტექსტის საშუალებით გამოდის, რომ ტექსტი რეალურ ცხოვრებაში მონაწილეობს.

დავუბრუნდეთ იმას, რაც აღვნიშნე, – სიტუაციას. საკუთარი თავის და ნამდვილი მდგომარეობის არ ცოდნის ყველაზე ტიპური სიტუაცია; მაშასადამე, მთავარი ამოცანა საკუთარი „მე“-ს ნამდვილი მდგომარეობის გარკვევაა. პრუსტის რომანი, პირდაპირ რომ ვთქვათ, აჭრელებულია ამგვარი სიტუაციებითაც, სიტყვებითაც, რომლებიც მათ აღწერას ითვალისწინებს. ეს გახლდათ, ასე ვთქვათ, მისი მანია, ის ასე ხედავდა სამყაროს – ამ ინტენსივობის ნიშნით.
მოგეხსენებათ, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს მანიები. ამის გარეშე ვერ დაინახავ იმას, რაც ყოველგვარი მანიის გარეშე, თავისთავად არსებობს. პრუსტის ტექსტიდან ცხადად ჩანს ჩვენი ცხოვრების ერთი ფუნდამენტური კანონი. ის შემდგომში მდგომარეობს: სამწუხაროდ, თითქმის ვერასდროს განვიცდით იმდენად, რომ დავინახოთ, სინამდვილეში რა ხდება. რეალობის სახე დავინახოთ.
მაგალითად, პრუსტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცდა ის არის, რომ სიყვარულით ვანადგურებთ მათ, ვინც გვიყვარს, რადგანაც ეგოისტური ბუნება გვაქვს, გვინდა დავეუფლოთ და ა.შ. მეორე მხრივ კი ყოველთვის არსებობს მოარული ფრაზები, რომლებიც ხელს გვიშლის, რომ რაიმე ინტენსიურად განვიცადოთ. საკუთარ თავს ვეუბნებით: ეს ყველაფერი ასე არ არის; ეს იმას არ ჰგავს, რაც წინათ იყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ყველაფერი გაივლის, მოგვარდება; იმედი ხელს გვიშლის, რომ ახლანდელი მომენტი ინტენსიურად განვიცადოთ და გადავყავართ მომავალში, ხვალინდელში.
ხვალინდელი დღისთვის გადავდებთ ხოლმე. იმედი ხელს გვიშლის – რაში? – რომ ინტენსიურად აღვიქვათ ის, რაც არის. ამავე დროს, ამიტომაა, რომ მსოფლიო ხელოვნებაში დასაბამიდანვე არის ის, რასაც სინამდვილის წმიდათაწმიდა შიშს უწოდებდნენ. როდესაც რეალობა, ან ის, რაც სინამდვილეში არსებობს, გარკვეული ტრავმის შემდეგ წარმოგვიდგება (სამწუხაროდ, ბოლო დროს პოეტებმა დაკარგეს ჩვენში რეალობის წინაშე წმიდათაწმიდა შიშის აღძვრის უნარი); ანუ პოეტი საკმაოდ გრძნობამორეული ან შეძრული უნდა იყოს, რომ სინამდვილე დაინახოს, – ვთქვათ, დედის სახის რეალობა პრუსტის რომანში.
ჩვენ ხომ სინამდვილეში საკუთარ დედებს ვკლავთ. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ვერასდროს განვიცდით საკმარისად, ამას ვერ ვხედავთ. მაგრამ ზოგჯერ პოეტები საშინელ ფიგურებს ხატავენ, რომლებიც ჩვენი განცდის უუნარობას ბოლოს უღებს და ვხედავთ სინამდვილეს. ამავე დროს, იმის თქმაც მინდა, რომ პოეტის ამოცანა ჩვენთვის განცდის მოგვრა კი არაა, არამედ იმის დანახვება, რაც სინამდვილეშია – ჩვენი ნამდვილი მდგომარეობის, ან იმის, რასაც სინამდვილეში ვაკეთებთ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი