აბრაამის პრინციპი და ქრისტიანული რელიგიის ფილოსოფია

0
497

ქრისტიანული რელიგია ეფუძნება ბიბლიას. ბიბლია ამოუწურავი წიგნია, რომელშიც
ყველაფერია ნათქვამი ღმერთისა და ადამიანის შესახებ. მასში ადამიანი პოულობს
გონებრივ შესაძლებლობებს. გავლენის მხრივ ბიბლიაში მოთხრობილ სიუჟეტებს ვერ
შეედრება ვერც ერთი გამოთქმული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრი, აგრეთვე
ისტორიული და მხატვრული შემოქმედების ნიმუშები.

ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ ბიბლიური აბრაამის ცხოვრების მაგალითიც
საკმარისია. მას ადამიანთა შორის სულიერი ცხოვრების დამწყებად მიიჩნევს
იეღოველიც, ქრისტიანიც და მუსლიმიც.

როდესაც წარმოიშვა კამათი ლოტსა და აბრაამს შორის ერთად ცხოვრების
შეუძლებლობის გამო, რადგან მათ დიდძალი ქონება ჰქონდათ, ერთმანეთში ცილობა
ჰქონდათ მათ მწყემსებსაც. მაშინ აბრაამმა უთხრა ლოტს: «ნუ იქნება ცილობა ჩვენში,
ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ» (დაბადება 13,8) და
გააგრძელა «განა შენს წინ არ არის მთელი ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ
წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ” (დაბადება
13,8). აბრაამის ეს მიმართვა შეიძლება ჩაითვალოს ადამიანთა შორის კამათის
შეწყვეტის უნივერსალურ საშუალებად და გამოყენებულ იქნეს ხალხებს შორის
ურთიერთობებისათვისაც. სრულიად სამართლიანად ბევრი მას «აბრაამის პრინციპს»
უწოდებს.

ბიბლიის მიხედვით კაცობრიობის ისტორია დაიწყო ედემში და გაგრძელდა
მესოპოტამიაში. ძველი წელთაღრიცხვით 3000 წელს მესოპოტამია ეგვიპტესთან
ერთად ითვლებოდა აღმოსავლეთის ცივილიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ცენტრად. აქვე, შუამდინარეთში, ახლანდელ ერაყში, მიმდინარეობდა ნოეს ისტორია.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნოეს კიდობანი გაჩერდა არარატის მთაზე (აღმოსავლეთ
თურქეთში).

ბიბლიის გარდა სამყაროს შექმნასა და წარღვნაზე მოთხრობილია ასირიულ და ბაბილონურ წყაროებშიც, რომლებიც მესოპოტამიური წარმოშობისაა. მრავალი რელიგიიდან მხოლოდ ქრისტიანობა იღებს თავის თავზე უფლებებს, როდესაც აცხადებს, რომ ერთადერთი გზა უკვდავებისაკენ ქრისტიანობაა.

ამ რთულ პრობლემას გერმანელი თეოლოგიის პროფესორი ვერნარ გიტა შემდეგნაირად
პასუხობს: არსებობს ერთი ღმერთი, ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა. ბიბლია გარკვევით ლაპარაკობს იმ ღმერთზე, რომელსაც შესწევს ჩვენი ხსნის უნარი. თუ რომელიმე სხვა რელიგიას შეუძლია ადამიანთა ხსნა, ცნობილი იქნებოდა ღმერთის სახელი. ამიტომ აღარ იქნებოდა საჭირო ქრისტეს ჯვარზე გაკვრა. ხსნისათვის აუცილებელი გახდა, რომ ღმერთს საკუთარი შვილი გოლგოთაზე მსხვერპლად შეეწირა.

ჯვარი, რომელზედაც ქრისტე გააკრეს, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს შეცდომებისაგან განბანვის სხვა გზა. ქრისტეს ჯვარზე სიკვდილით ღმერთმა მიუტევა ადამიანს შეცდომები და დაგვანახა, ჩვენი ხსნა მხოლოდ იმაშია, რომ პირადად მივმართოთ ქრისტეს და მთელი ცხოვრება ერთგულად ვემსახუროდ.

ყველა სხვა რელიგიაში ადამიანმა თავი უნდა იხსნას საკუთარი ძალებით. ახალი აღთქმის მიხედვით ღმერთმა ყველაფერი შექმნა შვილის საშუალებით. ადამიანი კი ხსნას ღებულობს მხოლოდ რწმენით. მოციქულთა საქმეში ამიტომაა გაცხადებული: «და სხვის მიერ არავისაგან არის ხსნა; არც კაცთათვის მოცემული სხვა სახელი არის ცის ქვეშ, ვის მიერაც ვიხსნიდით თავს”(მოციქულთა საქმე, 4,12).

სახარება გარკვევით მიგვითითებს, რომ ხსნისათვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა.
მხსნელია იესო ქრისტე – «მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა
მამასთან, თუ არა ჩემს მიერ» (იოანე 14,6). «ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე» (პირველი კორინთელთა მიმართ 3,11).

ცნობიერების შესაქმნელად აუცილებელია გავერკვიოთ იმ განსხვავებაში, რომელიც
არსებობს რელიგიასა და რწმენას შორის, რიტუალსა და ნამდვილ ურთიერთობას
შორის. ადამიანს, რომელიც ღებულობს ქრისტეს როგორც პირად მხსნელს, ეძლევა
უფლება გახდეს მუდმივი საუფლოს მოქალაქე. ბუნებრივია, ასეთი ადამიანის
ცნობიერება განსხვავებულია ათეისტისაგან.

ახალი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში შეიქმნა ახალი რელიგია – ისლამი. სიტყვა
ისლამი ქართულად მორჩილებას ნიშნავს. მისი სამშობლო არაბეთია. არაბული
სამყარო ისლამის ფუძემდებლად მუჰამედს მიიჩნევს. ისლამი იყოფა მთელ რიგ
მიმართულებებად. თითოეული მათგანის მიმდევარი თავს მუსლიმანს უწოდებს.
მუსლიმები წმინდა წიგნად ყურანს მიიჩნევენ.

როგორც ძველი აღთქმაა იუდეველთათვის, ვედები – ინდოელთათვის, ავესტა –
ცეცხლთაყვანისმცემელთათვის, ძველი და ახალი აღთქმა – ქრისტიანთათვის,
ასეთივე ფუნქციას ასრულებს ყურანი მუსლიმებისათვის.

ყურანი წარმოსდგება არაბული ზნისაგან და გაბმით, დეკლამირებულ კითხვას
ნიშნავს. მუსლიმების აზრით, არსებობს ორი ყურანი – ერთი, რომელიც ზეცაშია
ალაჰის ტახტის ქვეშ, ხოლო მეორე მუჰამედის 22 წლის მოღვაწეობის (610-632)
შედეგია.

ყურანი არაბულ ენაზე 500 გვერდს მოიცავს, შედგება 114 თავისაგან და თითოეულ მათგანს სურა ეწოდება. ყველა თავი დამოუკიდებელია. ყურანის საბოლოო ოფიციალური ტექსტი X საუკუნეში დადგინდა. მის დადგენაში მონაწილეობდა 7 ცნობილი ღვთისმეტყველი. XI საუკუნეში მიღებული იქნა ყურანის კითხვის ორი წესი. ერთი დამუშავებული იყო ეგვიპტეში, მეორე კი – ჩრდილოეთ აფრიკაში, რამაც გამორიცხა შეცდომები ყურანის ტექსტის კითხვის დროს. მუსლიმთა სასულიერო პირებმა ყურანი ღმერთის სიტყვად და უცდომელად
გამოაცხადეს: «ყურანი ჩვენი მოვლინებულია ნამდვილად. გადმოსულია ნამდვილად: შენ, მუჰამედ მოგვივლენიხარ მხოლოდ საუწყებლად და გასაფრთხილებლად» (ყურანი, XVIII-106,107).

ისლამის წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა ზოროასტრიზმი, ბუდიზმი, იუდაიზმი და ქრისტიანობა. არაბები ყველა ამ რელიგიას კარგად იცნობდნენ, მაგრამ შექმნეს ახალი.

ისლამის წარმოშობას თავისი მიზეზები გააჩნია. ისლამის წარმოშობის დროისათვის ვრცელდება არაბთა პოლიტიკური ცენტრალიზაციის იდეები. ეს იდეები განსაკუთრებული სიძლიერით აშკარავდება არაბეთის უდიდეს ეკონომიკურ და, ნაწილობრივ, პოლიტიკურ
ცენტრში, სავაჭრო ქალაქ მექაში.

არაბთა სოციალური ერთობის თავდაპირველი ფორმები გვარები და ტომები იყო. ამიტომაც არაბები რელიგიურად დაქსაქსულები იყვნენ. მათში გავრცელებული იყო მრავალ ღმერთიანობა. ცენტრალიზაციის იდეამ ხელი შეუწყო ერთღმერთიანობის წარმოშობას.

კურიშეიტების ტომის ღმერთმა – ალაჰმა გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა არაბთა ტომების ღმერთებს შორის. მუჰამედმა ზუსტად გააანალიზა არაბეთის მდგომარეობა და ღრმა პოლიტიკური მანევრების საშუალებით ყურანის მე-შვეობით სწრაფად გაავრცელა ისლამი. «მესია, იესო მარიამის ძე, მოციქულია ღვთისა და მისი სიტყვა, რომელიც მარიამს შთაუდო, ღვთისაგან მომავალი სულია. მაშ ღმერთი და მისი მოციქულები იწამეთ, და ნუღარ იტყვით, სამება არისო, თავი დაანებეთ… ვინაიდან ღმერთი ერთი არს. დიდება მას; როგორ ეყოლებოდა ძე?» (ყურანი IV, 169).

ქრისტიანთა და მუსლიმთა ღმერთი მარადიულია, ყოვლისმცოდნე და ყოვლის შემძლე. ყველა ადამიანი მის წინაშე თანაბარია. სამყაროში ყველაფერი ღმერთის სურვილით ხდება. ყურანში გაზიარებულია ბიბლიის თითქმის ყველა საფუძველი. ყურანში ხშირად ვხვდებით ბიბლიურ სახელებს. მაგალითად, მოსეს128-ჯერ, აბრაამს 63-ჯერ, იესოს 49-ჯერ, ნოეს 42-ჯერ, მარიამს 34- ჯერ.

ისლამი თვლის, რომ ღმერთმა იუდეველებსა და ქრისტიანებს წმინდა წიგნები გადასცა,
მაგრამ მათ დაამახინჯეს ისინი, ამიტომაც მუსლიმებს მათთან ურთიერთობა ეკრძალებათ: «ოდეს ურჯულოებს შეხვდეთ, ჰოდა! ამოხოცეთ ისე, რომ დიდი ჟლეტა-ხოცვა ჩაიდინოთ, ხოლო დატყვევებულებს გზები ძლიერ შეუკარით» (ყურანი, XLVII-4).

მუსლიმები თავს აბრაამის შთამომავლებად მიიჩნევენ და აღნიშნავენ: «აბრაამ არც ურია ყოფილა, არც ქრისტიანი. ღვთისნიერი და ღვთის ნებას მინდობილი იყო, წარმართთაგანი როდი ყოფილა. ვინც აბრაამის სარწმუნოებას უფრო ემხრობიან, მისივე მიმყოლნი არიან» (ყურანი III-60,61).

ყურანში ცვლილებების შეტანა იკრძალება. წარსულში რელიგიური მრწამსი ნაციონალური ცნობიერების ნაწილი იყო. ყველა ხალხს უყვარდა საკუთარი ღმერთი და ეშინოდა სხვა ხალხის ღმერთების. რელიგიურ საკითხებზე იწყებოდა ომები, დაინგრა და გადაიწვა მრავალი რელიგიური ძეგლი. მასთან ერთად გაქრა მრავალი წერილობითი წყარო. ისტორიამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა.

ახალ ეპოქაში ადამიანი მიხვდა, რომ საჭიროა პატივი მიაგოს სხვის რელიგიას. შრი აურობინდო თვლის, რომ ყველა რელიგია ეხმარება ადამიანს. კერპთაყვანისმცემლობამ ადამიანი სილამაზის დიდი სხივით დაასაჩუქრა, გაუძლიერა მისწრაფება, გახდეს მრავალმხრივ სრულყოფილი. 

ქრისტიანობამ ადამიანს სიყვარულის შეფასების უნარი მისცა. ბუდიზმმა უჩვენა დიდი სიბრძნისა და სისუფთავის გზა. ისლამმა და იუდაიზმმა ჩაახედა რელიგიის ერთგულებაში. ინდუიზმმა ადამიანს დაანახა სულის დიდი და ფართო შესაძლებლობა. ამ უნართა ერთმანეთთან გაერთიანებით შეიქმნებოდა რაღაც უდიდესი, რასაც ეწინააღმდეგება ყოველი რწმენის ინტელექტუალური დოგმა და ეგოიზმი.

ავტორი:სულხან ცაგარელი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი