სალომე ფანჯიკიძე – როლის ფსიქოლოგია

0
527

„ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, – მაქს ფრიშის გენიალურ რომანში მთავარი გმირი გადაწყვეტს იცხოვროს როგორც უსინათლომ. მოირგებს მუქ სათვალეს და სამყაროს უსინათლო ადამიანის პერსპექტივიდან ყურებას/შეგრძნებას დაუწყებს. ძალიან საინტერესო და პარადოქსული მდგომარეობაა, – ხედავს ყველაფერს, მაგრამ უარი უნდა თქვას დანახულზე.

თავდაპირველად აღმოაჩენს, რომ ამ როლმა მისცა მას გარკვეული თავისუფლება, რომლითაც კმაყოფილი იყო, მაგალითად, შეეძლო „არ დაენახა“ მისთვის არასასურველი ადამიანები, სიტუაციები, სარგებლობდა სხვადასხვა შეღავათით, ყურადღებით… მაგრამ მალევე, მას მოუწია მიეღო ის მოცემულობაც, რომელიც ამ არჩეული როლის მეორე მხარეს წარმოადგენდა – მას „არ უნდა დაენახა“ როგორ აცურებდნენ ადამიანები, როგორ კოცნიდა მისი ცოლი სხვა მამაკაცს მის თვალწინ…

ფსიქოლოგიაში არსებობს კლასიკური მაგალითები, რომლებიც აღგვიწერენ ადამიანის ქცევის ისეთ თავისებურებებს, რომელიც ადამიანების უმრავლესობას ახასიათებს. ხშირად გადააწყდებით ფსიქოანალიტიკურ სახელმძღვანელოში “ერთი კაცის ისტორიას”, რომელიც ბავშვობაში მიატოვა დედამ, ხოლო მოზარდობაში, ის სამჯერ დაქორწინდა და სამივე ცოლმა მიატოვა. ანუ ადამიანი, რომელმაც ბავშვობაში ჩამოაყალიბა მიტოვებული ადამიანის იდენტობა, მუდმივად ამ როლით გამოდის ცხოვრების სცენაზე და ერთი და იგივე ეპიზოდს თამაშობს.

ადამიანის მიერ არჩეული როლი ხშირად არაცნობიერია, მაგრამ სრულებით წარმართავს მის ცხოვრებას კონკრეტული მიმართულებით და ტოვებს განცდას, რომ მისი კონტროლი, მის ხელთ არაა.

რატომ შეიძლება გვიჭირდეს იმ როლიდან გამოსვლა, რომელიც არ მოგვწონს,- როგორც დედისგან მიტოვებული კაცის შემთხვევაში, ასევე ყველა ადამიანის ცხორებაში, მნიშვნელოვან განცდებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები, გვიბიძგებს იდენტობის ჩამოყალიბებისკენ. ზოგჯერ ეს არის სევდიანი ადამიანის როლი, დატანჯულის, უარყოფილის, დაბალი თვითშეფასების ან სხვა.

ემოცია, რომელსაც ციკლურად იწვევს არჩეული იდენტობა, ხდება პიროვნების მუდმივი მახასიათებელი, გადაიქცევა ადამიანის შინაგან აუცილებლობად, რომელიც გარემოში უნდა დადასტურდეს გარდაუვლად. ყურადღებაც კი შერჩევითი ხდება – მხოლოდ იმ გარემოებებზე ფიქსირდება, რომელიც დაგვიდასტურებს ჩვენი განცდების მართებულობას, დაგვიდასტურებს, რომ არ გვეშლება ჩვენი არჩეული როლი- ნამდვილად წარუმატებლები ვართ, ან გვაქვს მიზეზი ვიყოთ სევდიანები.

არჩეული როლი, განტენბაინივით, ზოგჯერ გვაიძულებს ჩვენი „მხედველობა“ იყოს შეზღუდული, ვერ დავინახოთ ის რის დანახვაც სინამდვილეში შეგვიძლია, ვტოვებთ ჩვენ სხვა გამოცდილებებს ყურადღების მიღმა, იმის ხათრით, რომ ჩვენი იდენტობა არ დაირღვეს, იდენტობა რომელიც ზოგჯერ საკმაოდ მტკივნეულია და გაუსაძლისიც კი.

არჩეული როლი – ანუ არჩევანი. არჩევანი, რომელიც გავაკეთეთ ჩვენი პიროვნების კონკრეტული გამოვლინების მხარდასაჭერად. მაგრამ სინამდვილეში ჩვენი პიროვნება ხომ მრავალგანზომილებიანია, მას აქვს სხვა უნარებიც, თვისებებიც, რომელიც ჩრდილში დაგვრჩა, არ მივეცით საშუალება სცენაზე გამოსულიყო, არ შევთავაზეთ განსხვავებული სცენარი, რომ მაყურებელს ისიც შეეფასებინა. იქნებ ამ თვისებებმა მოიპოვოს უმაღლესი ჯილდო – ბედნიერება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი