ნონა ხიდეშელი – ცნობიერების ტრანსფორმაცია

0
717

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ეს სამოქალაქო საზოგადოება თავისით საიდანღაც ვერ ჩამოფრინდება.  ყველა ადამიანში უნდა მოხდეს თვითშეგნების ამაღლება, არა ამ სიტყვის ყალბი და გაცვეთილი მნიშვნელობით, ყველა ჯურის იდეოლოგი რომ იყენებს, არამედ თითოეულმა ადამიანმა, თავად უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი და ფუნქცია თავის ქვეყანაში, უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო რაღაც აბსტრაქტული ცნება არ არის, ის ადამიანთა ერთობლიობაა და ორიენტაციაც მათზე უნდა გაკეთდეს.

ქვეყანა არა ქვეყნისათვის, მთელი თავისი ემბლემებით, სიმბოლოებით, ლეგენდებითა და მითებით, არამედ ქვეყანა – ადამიანებისათვის, არა წარსულსა და მომავალში, არამედ დღეს, ახლა, ეს მოითხოვს, დამოუკიდებლად მოაზროვნე, თვითმყოფად ინდივიდს, ვინც თავად ჰქმნის თავის აწმყოსა და მომავალს, როგორც საკუთარი თავისა და  ქვეყნის ბატონ-პატრონი. სხვანაირად ვერასოდეს გამოვალთ ამ მოჯადოებული წრიდან და კვლავ ილუზიით გავაგრძელებთ ცხოვრებას, იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მესია დაიბადება, რომელიც გააბრწყინებს ქვეყანას.

ჩვენ თავად გვეზარება, ან ვფიქრობთ რომ არ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრების მართვა და ამიტომაც გვსურს, ვინმე, ერთმა უნივერსალურმა ადამიანმა იკისროს მთელი პასუხისმგებლობა, კეთილი ინებოს და გამოგვიყვანოს ამ წყვდიადიდან. სხვა რით შეიძლება აიხსნას მუდმივი ბელადებისა და წინამძღოლების მოლოდინი.

მართალია ბევრს ვსაუბრობთ ჭკვიანი სახეებით, მაგრამ რეალურად შემოქმედების უნარი დავკარგეთ, რაღაც რეგრესი განვიცადეთ როგორც ერმა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას გადავეჩვიეთ, წიგნებსა და არქივებში ვეძებთ გამოსავალს, მუდმივად უკან, სადღაც წარსულში ვიხედებით, იქნებ რაიმე ახალი აღმოვაჩინოთ, მზა რეცეპტი ცხოვრების მოწყობისა.

თითოეულმა უნდა შევძლოთ საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა და შევიგრძნოთ საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები და ზოგადად სიცოცხლე. უშუალოდ საკუთარი გამოცდილებიდან ვისწავლოთ, მოძრაობაში მოვიყვანოთ მოდუნებული და მექანიკური გონება, მოვიკრიბოთ სითამამე და გავხდეთ ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანები, ვინც თვითონ ჰქმნის, საკუთარი რისკის ფასად სწავლობს, იღებს გადაწყვეტილებებს და შემდგომ ახორციელებს, სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ცხოვრებას. 

ჩვენ გვჭირდება რაღაც რენესანსის მსგავსი, აღორძინება, ხელახლა დაბადება. ჩვენი ინერტული და გაქვავებული ყოფა ყველაფერში იგრძნობა, უპირველეს ყოვლისა კი აზროვნებაში, (იქნება საერო თუ სასულიერო), ხელოვნებასა თუ მეცნიერებაში. ყველაფერი თითქოს ერთ ადგილას გაჩერებულა და წარსულიდან გამოყოლილი ინერციით  სუნთქავს.

არავითარი სიახლე, არავითარი შემოქმედებითობა, მხოლოდ ძველი და გაცვეთილი. სამოქალაქო საზოგადოებად ქცევა ნიშნავს შევიგრძნოთ ერთმანეთი როგორც ერთი ორგანიზმი, ერთი მთლიანობა, ერთი სისრულე, სადაც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ყოველი ადამიანის სოციალური ყოფა,  სადაც სამართლიანობისა და თავისუფლების პრინციპები  ყველასათვის ერთია, არსებობს დიალოგი ადამიანებს შორის, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ანუ მოაზროვნე და პროდუქტიული მოქალაქეების ერთობლიობა,  რომელნიც მკაფიოდ აცნობიერებენ საკუთარ როლსა და ფუნქციას.

ბევრს ვლაპარაკობთ დემოკრატიაზე, თავისუფალ მედიასა თუ სასამართლოზე, მაგრამ თავისუფლება ჯერ შინაგანად, ადამიანის ცნობიერებაში უნდა მომწიფდეს და გაცნობიერებულ იქნას. მარტო გარეგნული თავისუფლება ყალბია და პროგრესს ვერ მოიტანს.

თავისუფალი მედია ნიშნავს უპირველესად აზროვნების თავისუფლებას, სადაც სუბიექტური ღირებულებები უკანა პლანზეა გადატანილი და წინ შედარებით ობიექტურია წამოწეული, (შედარებით იმიტომ, რომ აბსოლუტური ობიექტურობა ზოგადად ადამიანისთვის მიუღწეველია) ის რაც რეალურია და არა პროპაგანდისტული.

ეს ურთულესი პრობლემაა აზროვნებისთვის, მით უმეტეს იმ ხალხისთვის, ვისაც ამის გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია. ჩვენ ისევ საბჭოური, ტოტალიტარული აზროვნება გვაქვს, არ არის ადვილი იმისგან გათავისუფლება, რაც 70 წელი იბეჭდებოდა ცნობიერებაში, უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანით, რომლის საფუძველიც რა თქმა უნდა შიში და ძალადობა იყო.

აუცილებელია ცნობიერების სრული გარდაქმნა, არა იძულებით ან ახალი ტიპის იდეოლოგიით, არამედ სიღრმისეული ფიქრითა და აზროვნებით, საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებით. 

დამოუკიდებელი რომ გახდე, ჯერ უნდა გაიაზრო რას ნიშნავს დამოუკიდებლად ყოფნა, მენტალურად, ცნობიერად უნდა იყო დამოუკიდებელი, რათა მორიგი ყალბი იდეის ან იდეოლოგიის მსხვერპლი არ გახდე, ხოლო გარეგნულად, ნებაყოფლობით უნდა დაექვემდებარო იმ კანონსა თუ კონსტიტუციას, რაც ნორმალური სახელმწიფოს სამართლიანი მართვის საფუძველია. 

ამას უნდა აცნობიერებდეს ყველა, დაწყებული უმაღლესი ხელისუფალიდან, საზოგადოების ყველა დონეზე. მხოლოდ ასე შეიძლება ჩამოვყალიბდეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, ლიბერალური ფასეულობების ქვეყნად, რომელიც ორიენტირი იქნება თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე და რომლის მიმართულების განმსაზღვრელიც სწორედ ეს მოქალაქე-ინდივიდი, მოაზროვნე და პროდუქტიული ადამიანი იქნება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი