ადამიანის ხელით შექმნილი „გაუმჯობესებული ადამიანი“ – კაცობრიობა ავტოევოლუციის მიჯნაზე

0
289

ადამიანის ხელით შექმნილი „გაუმჯობესებული ადამიანი“ – კაცობრიობა ავტოევოლუციის მიჯნაზე

მსოფლიოში სწრაფი ტემპებით ფორმირდება გენური რედაქტირების დარგი და ჩვენ ფაქტობრივად ვდგავართ ადამიანის გენეტიკური გაუმჯობესების ზღვარზე. კაცობრიობის ისტორიაში 2018 წელი შევა, როგორც წელი, როდესაც ამ ქვეყანას პირველად მოევლინენ გენეტიკურად რედაქტირებული ბავშვები. ჩინეთის შეენჰენის სამეცნიერო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ტყუპ დებს CRISPR/Cas9-ის ტექნოლოგიის დახმარებით, CCR5 გენი მოაშორეს, რამაც ისინი შიდსის ინფექციის მიმართ შეუვალები გახადა.

ამ ფაქტით გამოწვეული რეაქცია მთელს მსოფლიოში, სამეცნიერო საზოგადოების ჩათვლით, მშფოთვარე იყო და უმეტესად – ნეგატიური. ჩინეთის ხელისუფლებამ დროებით აკრძალა კიდეც ადმიანის გენომის რედაქტირების მიმართულებით ნებისმიერი კვლევითი სამუშაოები, მაგრამ გენური რედაქტირების ტექნოლოგიის განვითარების და მისი ადამიანზე გამოყენების შეჩერება შეუძლებელია. საკითხი მხოლოდ ამ პროცესის გაფორმებასა და ახალი ტექნოლოგიური შეჯიბრში პირველობის მქონე ქვეყნის გამოვლენაშია.

CRISPR-ის ტექნოლოგია ახალი და ძალიან მარტივი მეთოდია გენის რედაქტირებისთვის. ეს მეთოდი მეცნიერებს საშუალებას აძლევს დნმ-ის არასასურველი ფრაგმენტი უბრალოდ ამოჭრან ქირურგიული სიზუსტით, მეთოდი  2013 წელს გამოჩნდა (საუბარია ეუკარიტების რედაქტირებაზე, ანუ ცოცხალი ორგანიზმების, რომელთა უჯრედებს ბირთვი გააჩნიათ).

უკვე 2015 წელს პირველად მოხდა ადამიანის ემბრიონის გენომის რედაქტირება. მას შემდეგ ამ მიმართულებით ცდები ტარდებოდა აშშ-ში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში. 2017 წელს პირველად ჩატარდა ზრდასრული ადამიანის გენომის რედაქტირების ოპერაცია.

2018 წლის ზაფხულში ბიოეთიკის ბრიტანულმა საბჭომ ახალშობილების გენეტიკური მოდიფიცირება დასაშვებად სცნო მხოლოდ იმ პირობით, რომ „ის ეთიკურად მისაღები იქნება, თუ ჩატარდება სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის პრინციპების შესაბამისად“. დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო მოსმენებზე სამეცნიერო საზოგადოებამ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შემთხვევაში, ოცი წლის განმავლობაში მსგავსი სერვისი გახდება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ სახელმწიფოს შემოსავლებში პირველი სტატია. და აი, 2018 წელს ჩინეთში დაიბადნენ პირველი რედაქტირებული, „გაუმჯობესებული“ ბავშვები.

„ჩვენ ვდგავართ კაცობრიობის ავტოევოლუციის რეჟიმზე გადასვლის მიჯნაზე“, ეს ციტატა ეკუთვნის ცნობილ პოლონელ მწერალს სტანისლავ ლევს, რომელსაც იგი თავის წიგნში „ტექნოლოგიის ღირებულება“ იყენებს. ეს არის ევოლუცია, რომელიც მიმდინარეობს არა თავდაპირველი ბუნებრივი კანონებით, არამედ მიიმართება ევოლუციის ობიექტის მიერ შეგნებულად, ანუ კაცობრიობის მიერ.

გენური რედაქტირების ტექნოლოგიის შეჩერება დღეს პრაქტიკულად უკვე შეუძლებელია. ამას მოწმობს ჩინეთში განხორციელებული ექსპერიმენტის მაგალითი. ის არ განხორციელებულა რომელიმე, ჩინეთის წამყვან ლაბორატორიაში და ქვეყნის ხელისუფლების რეაქციის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მათთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო. საქმე იმაშია, რომ CRISPR-ის ტექნოლოგია საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია. გენომის რედაქტირებისთვის საჭირო მასალების ღირებულება რამდენიმე ასეულ დოლარს ითვლის, ხოლო თვითონ ოპერაციას რამდენიმე საათი სჭირდება. გენომის წამკითხველი მოწყობილობა (სეკვენატორი) რამდენიმე ათეული ათასი დოლარი ღირს (ყველაზე ძვირადღირებული – მილიონზე ნაკლები).

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით კადრების მომზადება და დარგის შექმნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უკვე XXI საუკუნის მეორე ნახევარში გენური ინჟინერიის საქმეში ტექნოლოგიური სუვერენიტეტის არარსებობა პოლიტიკურ სუვერენიტეტთან შეუთავსებელი იქნება. რომ აღარაფერი ვთქვათ, ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის, მომავლის პრინციპულ საკითხზე. გენური რედაქტირების ტექნოლოგია უკვე 10-20 წლის პერსპექტივაში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხის ზრდის საშუალებას მოგვცემს, პრინციპულად შეცვლის სოფლის მეურნეობას, უსაფრთხოებასა და თავდაცვაში ახალი გამოწვევების მთელს კლასს გააჩენს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ გენური ინჟინერიის შეკავების პოლიტიკა უსუსურია და ბიოკონსერვატიზმის მარცხი, მაგალითებით შეიძლება დასაბუთდეს. როდესაც 1996 წელს, შოტლანდიაში პირველი ცხვრის კლონი – დოლი გაჩნდა, გამოხმაურება საკმაოდ უარყოფითი იყო და სამყარომ ის ძალიან მტკივნეულად აღიქვა. ადამიანის კლონირებისთვის ბილ კლინტონმა სახელმწიფო თანხების ხარჯვაზე უარი განაცხადა, მაგრამ 20 წელი გავიდა და აშშ უკვე ჩართულია ადამიანის ემბრიონის გენეტიკური რედაქტირების ექსპერიმენტებში, მართალია, მხოლოდ კერძო ფულის დახმარებით, მაგრამ თვისობრივად ამით არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ საკვანძო ტექნოლოგიაზე კონტროლი კერძო ხელში აღმოჩნდება.

წარმატებით ვერ დავიკვეხნით გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველი პროდუქტების წინააღმდეგ ბრძოლაშიც. თვითონ ბრძოლის იდეა ეფუძნებოდა იმას, რომ ლაბორატორიული კვლევით უნდა დადგენილიყო, მცენარის გენში იყო თუ არა ხელოვნური ჩარევა განხორციელებული. თუმცა, CRISPR-ის ტექნოლოგია არ ტოვებს კვალს და, შესაბამისად, იმის გამოვლენა, მცენარე ან ცხოველი, საიდანაც შეიქმნა პროდუქტი, იყო თუ არა გენეტიკურად რედაქტირებული, შეუძლებელია. გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება, მისი წარმოების აკრძალვა, იმპორტის აკრძალვა – ყველაფერმა აზრი დაკარგა და ის ფაქტი, რომ რიგ ქვეყნებში მსგავსი ნორმები კიდევ მოქმედებს, იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად უიმედოდ ჩამორჩება სახელმწიფო რეგულირებები გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარებას.

ცალკე საუბრის თემაა, მცენარეების თანამედროვე სელექციის მეთოდები – რადიაციული და ქიმიური სელექცია. „გასაუმჯობესებელი“ მცენარის თესლს ასხივებენ რადიაციით ან მას ქიმიური მუტაგენით ამუშავებენ, რათა მუტაციის სიხშირე აამაღლონ. მიღებული მასალა ითესება და ამონაზარდიდან ხდება სელექციონერისთვის მისაღები ეგზემპლარების გადარჩევა. ამ მეთოდით იქნა მიღებული სასოფლო სამეურნეო კულტურების თანამედროვე ჯიშების 60-80%. ტექნოლოგია 1960-იანი წლებიდან ფართოდ გამოიყენება და მისი მეშვეობით ათასობით ახალი ჯიშია გამოყვანილი, რომელსაც ყოველ დღე ვხედავთ ჩვენს სუფრაზე. პარადოქსი კი ის არის, რომ სელექციის ეს მეთოდი გენმოდიფიცირებასთან შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნევა. არადა, გენმოდიფიცირებისას ცვლილება მიზანმიმართულად ხდება, ხოლო რადიაციული სელექციისას – შემთხვევითობის პრინციპით. ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყარო ნახევარ საუკუნეზე მეტია გენური ინჟინერიის ერაში ცხოვრობს ისე, რომ ამას ვერც კი ხვდება.

ადამიანი საკუთარი თავის შესაცვლელად და გასაუმჯობესებლად გენური რედაქტირების ტექნოლოგიას აუცილებლად გამოიყენებს. CRISPR შეუძლია ადამიანი განკურნოს და მას თავიდან ააცილოს დაავადებების მთელი ჯგუფი. შეუძლებელია უარი თქვა მკურნალობაზე, როდესაც ხელში წამალი გიჭირავს. წარმოუდგენელია დაუშვა საკუთარი თავის, შვილების, მათი შვილების ავადმყოფობა, ტანჯვა და გარდაცვალება იმიტომ, რომ განკურნება არაეთიკურია (არაეთიკურია ადამიანის ბუნებაში ჩარევა).

აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ გენური რედაქტირების მეთოდით, მკურნალობა და ავადმყოფობების პრევენცია, როგორც მასშტაბური დარგი მალე განვითარდება. აღნიშნული ტექნოლოგია უნივერსალურია, ერთი და იგივე ინსტრუმენტით კლინიკური გენეტიკის ექიმს შეეძლება მომავალი ბავშვი დაიცვას გენეტიკური დაავადებებისაგან და ასევე, აამაღლოს მისი ინტელექტიც. უკვე გამოვლენილია გენის სახესხვაობა (KL-VS), რომლის არსებობა IQ-ს საშუალოდ 6 პუნქტით ამაღლებს (ის ასევე ამცირებს კოგნიტური შესაძლებლობების ვარდნას მოხუცებულობაში).

შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, მშობლების მხრიდან ბავშვების გაუმჯობესების მზარდი მოთხოვნა გახდება და დღის წესრიგში დადგება მათი დაკმაყოფილების საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება შავი ბაზარი. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მრავალმილიარდიან დაუკმაყოფილებელ მოთხოვნას, უმკაცრესი აკრძალვებისა და რეგულაციების მიუხედავად, შავი ბაზარი არ გაეჩინოს.

მომდევნო ნაბიჯი – გენეტიკური ოფშორებია. სამედიცინო ტურიზმი უკვე არსებობს და მის მსგავსად შეიქმნება გენური ტურიზმი. მსოფლიოში დე-ფაქტოდ უკვე არსებობს გენეტიკური პლურალიზმი: კლონირება აკრძალულია გარკვეულ ქვეყნებში, მაგრამ არის ქვეყნებში, სადაც დაშვებულია; განსხვავებული აკრძალვებია გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან მიმართებაში სხვადსხვა ქვეყნებში: ზოგი მოყვანას კრძალავს, ზოგი იმპორტს, ზოგან მარკირებაზეა მკაცრი მოთხოვნები; ზოგიერთი ქვეყანა ადამიანის გენეტიკურ რედაქტირებაზე ექსპერიმენტს ატარებს, ზოგან ეს აკრძალულია, მაგრამ საერთო ჯამში, თუ ადამიანი მოინდომებს, მას შეეძლება ვარირება და სასურველი შედეგის მიღება. ტექნოლოგიის სრულყოფის დონისა და „გაუმჯობესებული“ ადამიანების რიცხვის ზრდასთან ერთად, საზოგადოება ნელ-ნელა შეეგუება ყველაფერს. დაიწყება საზოგადოებაში მიღებული დაშვებული საზღვრების ფორმირება, რომელიც, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში შეიცვლება. მშობლებს ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეაჩერებს, რომ მომავალი შვილებისთვის გაუმჯობესებული მემკვიდრეობითი თვისებების გადაცემის შესაძლებლობები გამოიყენონ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უნდა დადგეს არა გენური რედაქტირების ტექნოლოგიის განვითარების შეჩერების, არამედ მისი ფორსირებულად განვითარების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე საუკუნის უკვე მეორე ნახევარში ვერანაირი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა უბრალოდ ვერ გაუძლებს ამხელა რიცხვს ადამიანებისას, რომლებთაც განვითარებაში გადახრები აქვთ, იტანჯებიან ონკოლოგიური დაავადებებით და ა.შ. ძალიან მალე, გაზრდილ ზეწოლას, ყველაზე მაღალგანვითარებული მედიცინაც ვეღარ გაუძლებს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი