ყოფიერება – არაყოფიერება

0
314

ყოფიერება-არაყოფიერება                                                                                                                      რაა ყოფიერება, არსებობა?                                                                                                ყოფიერიდან, არსებულიდან რაა დამოკიდებული ადამიანზე და რა არა?                      არსებულიდან რაზეა დამოკიდებული ადამიანი?

ეს სამი ფუნდამენტური კითხვა ჩვენი ინტერესის ჭრილში ასე გამოისახება:რა შეუძლია ადამიანს?

შემეცნება დაინტერესებულთ ეს უმნიშვნელოვანესი კითხვები დასაბამიდან აწუხებდათ. თავიდან, ერთი შეხედვით, ეს კითხვები მარტივად მოგეჩვენებათ და ჩნდება პრიმიტიული პასუხი – ყოფიერება, არსებობა არის ის, რასაც ვხედავ, რასაც ვგრძნობ, რასაც ვეხები.

– რაა ამაში რთული და გაუგებარი?                                                                                             — მაგრამ გრძნობთ კი ნეიტრონებს? ხედავთ კი სიღატაკის მიზეზებს? შეგიძლიათ სულს ხელით შეეხოთ?                                                                                                                                – დიახ, ჩვენი ხედვა, გრძნობა, შეხება, ცოდნა არა მარტო ფარდობითია, ცვალებადი, არამედ უმეტეს შემთხვევაში – ილუზორული და არასრულყოფილიც.

მხოლოდ ჩვენთან, საქართველოშია შესაძლებელი, ადამიანმა გატაცებით, ენერგიულად იმსჯელოს იმაზე და ამტკიცოს ის, რაშიც დარწმუნებული არ არის, რაც არ იცის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი არსებული მხოლოდ ჩვენი ცოდნიდანაა წარმოებული.

უძველესი დროიდან ყოფიერებაზე, არსებობაზე გამოიკვეთა ორი – მონისტური და დუალისტური მიმართულება. მონისტების აზრით, ყოფიერება არის ღმერთი. არსებობს მხოლოდ ერთი სუბსტანცია – ღმერთი, დანარჩენი ყველაფერი მისგანაა შექმნილი. და ეს აზრი მკვეთრად განსხვავდება იმათი აზრისგან, ვინც ღრმადაა დარწმუნებული, რომ ღმერთმა შექმნა მხოლოდ სამყარო, ყველაფერი დანარჩენი კი მზადდება ჩინეთში.

დუალისტების აზრით კი არსებობს არა მარტო ღმერთი, არამედ მისი საწინააღმდეგო, საპირისპირო სუბსტანციაც.

მაგ:ზოროასტრიზმში არსებობს ბოროტების განსახიერება აჰრიმანი, რომელსაც სიკეთის ქმნა არ შეუძლია და მხოლოდ თავისუფალი შემოქმედებითი სულის, ორმუზდის მიერ შექმნილი სიკეთის განადგურება ხელეწიფება (ეს აჰრიმანი ისე ენერგიულად ანადგურებდა სიკეთეს და გონივრულობას, რომ ალბათ გენეტიკურად ქართული პოლიტიკური სპექტრის ფესვები უნდა ჰქონოდა). აჰრიმანი ბოროტების, ავადმყოფობის, სიღატაკის,… წყაროა, ის ბოროტი სულების, სიბნელისა და სიკვდილის მბრძანებელია. აჰრიმანი ყველაფრის გამანადგურებელი სულია.

დუალისტური მიდგომა თავისივე არსში წინააღმდეგობას მოიცავს. აქ ჩნდება პირველადობის პრობლემა. თუ არაყოფიერი ყოფიერის უარყოფაა, მაშინ ის არ უნდა არსებულიყო ყოფიერებამდე. ამრიგად, არაყოფიერი გამოდის მეორადი, რაც ორი სუბსტანციის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს.

შესაბამისად, როგორც კი იქმნება ყოფიერება, არაყოფიერიც გვევლინება ყველგანშემაღწეველი სიბნელითა და ბოროტებით.

დუალიზმის არსში არსებული ზემოაღნიშნული წინააღმდეგობის მიუხედავად, დუალისტები მაინც ორი სუბსტანციის –  ღმერთისა და სატანის ერთდროულ არსებობას აღიარებენ.

ანტიკურმა ფილოსოფიამ მძლავრი ნაბიჯი გადადგა ყოფიერების ფილოსოფიურ გააზრებაში.

განსაკუთრებით საყურადღებოა პარმენიდეს, დემოკრიტეს, სოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს,… მოსაზრებები. მაგ: პლატონმა შემოიტანა წმინდა ყოფიერების, წმინდა იდეის ცნება. მისი აზრით, წმინდა ყოფიერება, წმინდა იდეა უცვლელია, მუდმივია, მიუღწეველია გრძნობითი აღქმისთვის. მატერიალური სამყარო კი იდეათა სამყაროს, წმინდა ყოფიერების წარმოებულია, ჩრდილია. მატერია მეორადია, ის ქრება, იდეა – არა.

პლატონმა წმინდა ყოფიერებას, წმინდა იდეას ადგილიც კი მოუძებნა. ის ცის ღმერთის, ურანოსის სამყოფელის ზემოთაა. ამ იდეათა სამყაროს სივრცეს პლატონმა ჰიპერურანია უწოდა. სოკრატესა და პლატონის მიერ იდეათა ყოფიერების დამკვიდრებამ უდიდესი როლი ითამაშა ადამიანის ცნობიერების არეალის გაფართოებაში. თავისთავად ცხადია, თუ არსებობს ყოფიერი, როგორც აღვნიშნეთ, უნდა არსებობდეს არაყოფიერიც.

ყოფიერზე, არაყოფიერზე, არაფერზე ყველას თავისი წარმოდგენა აქვს. შევეცადოთ, გავერკვეთ, რას გულისხმობენ ყოფიერში, არაყოფიერში და არაფერში.

არაყოფიერი

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, თუ ყოფიერი ყველაფერია, მაშინ მისი საწინააღმდეგო – არაყოფიერი გამოდის არაფერი. მათი აზრით, არაყოფიერი, როგორც ყოფიერის უარყოფა, არ არის რაღაც. ის არაფერია.

ბუდიზმში ,,არაფერი” განიხილება როგორც სიცარიელე – შუნიატა. და ეს სიცარიელე განსხვავდება დემოკრიტეს ატომებს შორის არსებული სიცარიელისგან. ბუდისტური შუნიატა არის ყველაფრის წყარო და ყველაფრის მიზანი. დემოკრიტეს ცარიელი სივრცე კი აღნიშნავს მხოლოდ სიცარიელეს და სხვას არაფერს.

დემოკრიტეს სიცარიელისგან საკმაოდ განსხვავდება ფიზიკური ვაკუუმი, თუმცა რაღაცით ჰგავს შუნიატას, იმ გაგებით, რომ ფიზიკურ ვაკუუმში რაღაც წარმოიქმნება და რაღაც ქრება.

პლატონს თავისი წარმოდგენა აქვს ყოფიერებაზე. მან შემოიტანა ცნება წმინდა ყოფიერება. ცხადია, წმინდა ყოფიერებაში აზრს კარგავს ცნება ჭეშმარიტება, რადგან წმინდა ყოფიერება თვით ჭეშმარიტებაა. დიახ, სინათლეში სინათლეს, თეთრში თეთრს აზრი არა აქვს.

შესაბამისად, არსებობის ამგვარ გაგებაში ცნება ჭეშმარიტება დაკავშირებული უნდა იყოს რეალურ, მიმდინარე ყოფიერებასთან. ცნება მიმდინარე ცვალებადობას მოიცავს. ხოლო ცვალებადობა აღიწერება იმ ფენომენით, რასაც დროს ვუწოდებთ.

ჩნდება კითხვა: დრო, წარსული ყოფიერია თუ არაყოფიერი?

– წარსული, ერთი მხრივ, ყოფიერია, რადგან წარსული ხომ იყო. მეორე მხრივ, არაყოფიერია, რადგან უკვე აღარაა. მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ განსხვავებაა რაც იყო და აღარაა, იმასა და რაც არ იყო და არაა, იმას შორის. როგორც ამჩნევთ, თვით არაყოფიერი, როგორც არაფერი, მინიმუმ ორი ფერით გამოისახა. გამოდის, რომ არაფერი რაღაც ფერი ყოფილა. ცხადია, რაც იყო და არაა, შეიძლება ჩაითვალოს ყოფიერად, ხოლო რაც არ იყო და არაა, ალბათ ნამდვილად არაყოფიერია.

უფრო დამაფიქრებელია ცნება მომავალი.

მომავალში რაც იქნება, ის ყოფიერად მივიჩნიოთ, რადგან იქნება, თუ არაყოფიერად, რადგან ჯერ არაა? თუ წარსულის, როგორც ყოფიერის მიმართ ჩვენ რაღაც რწმენა მაინც გვაქვს, რომ იყო, მომავალი ყოფიერი უკვე სულ სხვაა. მომავალის რწმენა არც ისე დამაჯერებელია, საეჭვოა. გამოდის, რომ ამ არაფერს რაღაც საჭვო ფერიც დაედო. აწმყოს ყოფიერება ასევე ღრმა გააზრებას მოითხოვს.

მართლაც, რას ნიშნავს დღეს, ახლა, ამ წამს?

აინშტაინის სპეციალური ფარდობითობის თეორიის თანახმად დრო დამოკიდებულია სიჩქარეზე, სხვადასხვა სიჩქარისას დრო განსხვავებულად მიდის. შესაძლოა, კოსმოსური ხომალდით სადღაც გაფრინდე, მოფრინდე და აქ აღარავინ დაგვხდეს შენი ტოლი.

იბადება მორიგი კითხვა: შეიძლება გავზომოთ სიჩქარე სივრცის მოცემულ წერტილში?

ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპის თანახმად, რომელიც დიდი ხანია დისკუსიას აღარ ექვემდებარება, ერთდროულად სიჩქარისა და კოორდინატის, მდებარეობის დაფიქსირება, განსაზღვრა შეუძლებელია.

ამ პრინციპის თანახმად, თუ სიჩქარეს ზუსტად გაზომავ, კოორდინატი, მდებარეობა აღარაა წერტილი, ის ხდება განუზღვრელი, გადღაბნილი, არამკვეთრი. ალბათ ამიტომ აქვს ჰაიზენბერგის საფლავს წარწერა – ის დამარხულია სადღაც აქ. ამ გადღაბნილი სივრცის, კოორდინატის შესაბამისი დრო აღიწერება წარსულით, აწმყოთი და მომავლით.

გამოდის, რომ საკუთარ განუზღვრელობის პრინციპში ღრმად დარწმუნებული ჰაიზენბერგის აზრით, ცნება ,,ახლა” თავის თავში მოიცავს წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც, ე.ი. ყოფიერსაც და არაყოფიერსაც.

ერთდროულად ყოფიერი და არაყოფიერი, ეს უკვე რაღაც, ალისას საოცრებათა სამყაროდანაა. ეს კიდევ არაფერი. მიკროსამყაროში, თუ ძალიან მოინდომებთ, უფრო მეტი აბსურდი – დროის შებრუნების, უკუსვლის შესაძლებლობაც კი არსებობს. და თუ ეს ასეა, მაშინ აქ რაღაც დროის წერტილებზე, წარსულსა და მომავალზე, შესაბამისად, ყოფიერებასა და არაყოფიერებაზე საუბარი საერთოდ, ზრდილობიანად რომ ვთქვათ, უცნაური ხდება.

საქმეს არც ის შველის, რომ პირველადობა დროს წავართვათ და გადავცეთ ყოფიერება-არაყოფიერებას. იბადება ჯანმრთელი კითხვა – რას ნიშნავს ამ პირობებში წარსული, მომავალი? იმას, რომ ორივე ეკუთვნის როგორც ყოფიერს, ასევე არაყოფიერს?

ხოლო ,,ახლა” ეს არის, როგორც აღვნიშნეთ, ნარევი წარსულის, აწმყოსი და მომავლისა, ყოფიერის და არაყოფიერისა. ჩნდება ჯანმრთელი აზრი – რა კარგი, რა ნეტარი იყო ცხოვრება, სანამ დავიწყებდით მსჯელობას არაყოფიერზე.

ჩანართი

რადგან დავიწყეთ მსჯელობა არაყოფიერზე, იძულებული ვხდებით გავიაზროთ ცნება ,,სიკვდილი”, რადგან ცნება სიკვდილი არაყოფიერთანაა გაიგივებული. მართლაც, ყველა შიშით ვფიქრობთ სიკვდილზე და მის გახსენებაზე ცოტა ხასიათი გვეცვლება და ვნერვიულობთ. კითხვაზე – რატომ არ ვნერვიულობთ იმაზე, თუ რა დღეში ვიყავით დაბადებამდე? რა ხდებოდა ჩემს თავს მანამ, სანამ დავიბადებოდი?                                  მეტყვით – დაბადებამდე არ ვიყავი.

კარგი ერთი, მაშინ რატომ ნერვიულობ სიკვდილზე, მერეც ხომ არ იქნები? გთხოვთ, დაფიქრდით, რომ ეს სულაც არ გახლავთ კალამბური. რეინკარნაციაც რაღაც ვერ იძლევა ამ კითხვებზე პასუხს. როგორც მიხსნიან სიკვდილი, ესაა გადასვლა ან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში ან ჩემთვის რაღაც ბუნდოვან წინასწარი დაკავების იზოლატორში, გამანაწილებელში – განსაწმენდელში.

ვთქვათ, გადავედი სამოთხეში. იქ ისეთებს დავინახავ, რომ გაკვირვებისგან ყბა ჩამომივარდება. ეს არაფერი, წარმოიდგინეთ იმათი გაოცება, ვინც იქ მე დამინახავს. 

კარგი, ვთქვათ, გადავიტან მათ იქ ყოფნას და მიმოვიხედავ: სამოთხის ჩიტების ჟღურტული, შტრაუსის ვენის ტყის ზღაპრის ვალსზე ლომისა და ანტილოპას ცეკვა. ელვის პრესლის როკენროლი აკრძალულია, სამაგიეროდ, შეუჩერებლად გალობს ანგელოზთა დიდი საგუნდო დასი და ახლო-მახლო მათი გამომრთველიც არავინაა. ეს ყველაფერი ალბათ ისეთი მოსაწყენი უნდა იყოს, რომ არარსებული სიკვდილი სანატრელი გამიხდება.

ვთქვათ, არ გამიმართლა სამოთხესთან მიმართებაში და მოვხვდი ჯოჯოხეთში, რაშიც ჩემი მამაო ალბათ ღრმადაა დარწმუნებული და იქ დაიწყება ჩემი მრავალფეროვანი წამება. აქ გააზრების ორი ვარიანტი გვრჩება: მაწამებს ეშმაკი და ძმანნი მისნი და ამ სისასტიკეს წინ ვერ აღუდგება ღმერთი, რადგან ვერ ერევა ეშმაკს. ამ შემთხვევაში დავდივართ დუალიზმზე. ორი სუბტანციის არსებობაზე.

ან პარადოქსი – ამ არსებობაში, ყოფიერებაში ღმერთი კეთილია და სიყვარულზე მეჩურჩულება, იქ კი სადისტია. რჩება ერთი – სამოთხე გამოვაცხადოთ არაყოფიერად არაყოფიერში. ჯოჯოხეთი კი პირიქით. ჩვენ ნურაფერში დაგვადანაშაულებთ, ყველაფერი ლოგიკას ემორჩილება.

გამოდის, რომ სამოთხეში ადამიანი ნეტარებას განიცდის იმიტომ, რომ ყოფიერში წესიერი იყო და დაჯილდოვდა, გადავიდა ყოფიერის არაყოფიერში. ჯოჯოხეთში ტანჯვას განიცდის იმიტომ, რომ ყოფიერის ყოფიერში ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო (ცუღლუტობდა) და გადავიდა პირიქით.

ხანდახან ადამიანს გიჩნდება აზრი, რომ ყოფიერება არაყოფიერების უკანონო შვილია და ვერ დაადგენ ვისგან გაუჩნდა არაყოფიერებას, ან პირიქით, არაყოფიერია ყოფიერების უკანონო შვილი და შესაძლებელია დავადგინოთ, თუ ვისგან გაუჩნდა ეს გაუგებრობა ყოფიერს. გაიგეთ რამე?

ვერც მე, მაგრამ რაც მთავარია, საინტერესო და სახალისოა. ყველაფერი გასაგები ხომ არ იქნება?! დავუბრუნდეთ ყოფიერებას თავისი საეჭვო წარსულით, აწმყოთი და მომავლით. ოდესღაც, 5 წლის ბიჭი რომ ვიყავი, დღეს ის მე ვარ? თუ მე ვარ, რატომ არა ვარ ისევე ბედნიერი, როგორიც ვიყავი? თუ მე არ ვარ, რა, ის აღარაა და გადავიდა არაყოფიერში, გაქრა? ეს სამწუხარო მოვლენა მე რატომ არ გამაგებინეს?!

მე ვარ თუ არა ის, რაც ვიყავი, ან მერე ვიქნები, ალბათ თვითიდენტიფიკაციის პრობლემაა, რომელიც ვერავითარი ლოგიკით ვერ იხსნება. რჩება ერთი – უნდა გაქრეს პრობლემა, მე დროში არ უნდა შევიცვალო, რათა აღარ დამჭირდეს თვითიდენტიფიკაცია. დროში მუდმივობა ნიშნავს, აღარაა სიცოცხლე. ე.ი. თუ გინდა საკუთარ თავთან იდენტიფიცირება, უბრალოდ არ უნდა დაიბადო. და ესეც ლოგიკურია.

მაშინ სიკვდილს რაღა მოვუხერხოთ, ამისთანა არასასიამოვნო ფენომენი საერთოდ აზრს კარგავს. მაინც ვეძებოთ გამოსავალი. მაგ: არაყოფიერი გამოვაცხადოთ ყოფიერების უარყოფად. არაფერი კი გამოვაცხადოთ არაყოფიერის არსებობის საშუალებად. სხვა სიტყვებით, არაფერი იმ ყოფიერის საშუალებაა, სადაც არაფერიც კი არაფერია.

რათა გამოვიდეთ ამ აბსურდული ჩიხიდან, შევხედოთ ყოფიერებისა და არაყოფიერების საკითხს მეცნიერული სისტემური ანალიზის ხედვის კუთხიდან.

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი